"საქართველოში ცოტა მუშაობს ამ ტექნიკით... ეს ერთგვარი თერაპიაა" - 3D ორიგამის და ქვილინგის ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები ქართველი ხელოვანისგან

ორიგამი ქაღალდისგან სხვადასხვა ფიგურების კეთების ტრადიციული, იაპონური ხელოვნებაა. საქართველოში არც ისე ხშირად გვხვდება მსგავსი ნამუშევრები. მარიამ კოპაძე იმ მცირე ხელოვანების რიცხვს მიეკუთვნება, ვინც ამ ტექნიკით საუცხოო ნამუშევრებს ქმნის. 

მარიამი ქარელის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე. დაინტერესებულია გრაფიკული დიზაინით და ანიმაციებით. ამბობს, რომ ძალიან გაუმართლა ოჯახში, რომელიც ყველაფერში მხარს უჭერს და ხელს უწყობს.
პროფესიის, გატაცების და მომავალი გეგმების შესახებ მარიამ shin.ge-ს ესაუბრა.


- ხატვის ნიჭი ცოტა გვიან აღმოვაჩინე საკუთარ თავში. მას შემდეგ, რაც სამხატვრო
სტუდიაში მივედი, მივხვდი, რომ ხატვა არის ის საქმე, რომელიც არასდროს მომბეზრდება. საკუთარი თავი მაპოვნინა ჩემმა ხატვის მასწავლებელმა, რუსუდან გელაშვილმა. მან ჩემში ის ადამიანი გააღვიძა, რომელსაც ამდენი წელი ღრმად ეძინა. მიმიღო, მასწავლა და აბიტურიენტობის დროსაც, ჩემთან ერთად იბრძოდა ჩემი მიზნების მისაღწევად. რა თქმა უნდა, შრომამ შედეგიც გამოიღო. განსაკუთრებით მიყვარს პორტრეტების ხატვა. ვცდილობ ყველა ნამუშევარში ჩემი ემოცია ჩავდო.



- საოცარ ნამუშევრებს ქმნით ქაღალდით. ეს ტექნიკა როგორ შეისწავლეთ და რამდენად რთულია?
- რაც შეეხება 3D ორიგამის და ქვილინგს, ორივე ტექნიკაში ვარ თვითნასწავლი. ქვილინგის ნამუშევრის ფოტოები სრულიად შემთხვევით სოციალურ ქსელში შემხვდა, უცხოელ ადამიანს ჰქონდა აწყობილი და გადავწყვიტე მეცადა. რა თქმა უნდა, პირველ ჯერზე იდეალური არ გამომსვლია, მაგრამ რამდენიმე ცდის შემდეგ უკვე მივხვდი, რომ ვვითარდებოდი და ბევრად უკეთესი გამომდიოდა. საქართველოში იშვიათია ამ ტექნიკით აწყობილი ნამუშევრები, ამიტომ ვცდილობ რომ ბევრ გამოფენაში მივიღო მონაწილეობა, სხვადასხვა რეგიონებში და უფრო მეტი ადამიანი დავაინტერესო. საკმაოდ რთული ასაწყობია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არის ერთგვარი თერაპია, რომელიც აძლიერებს ისეთ უნარებს, როგორებიცაა ნებისყოფა და გამძლეობა.


- შეგიძლიათ თქვენი პირველი ნამუშევარი გაიხსენოთ?
- პირველად ყურძნის მტევნის დამზადება მოვინდომე. ნამუშევარმა დიდი მოწონება და გაოცება დაიმსახურა, როგორც გამოფენებზე, ასევე სოციალურ ქსელებში. ხალხის შეფასება და აზრი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. მეძლევა უდიდესი მოტივაცია, რომ შევქმნა უფრო და უფრო მეტი ნამუშევარი. ყოველთვის ვცდილობ, რაღაც ახალი ვისწავლო და ყოველდღე უფრო მეტად განვავითარო საკუთარი თავი.



- დაახლოებით რა დროა საჭირო იმისთვის, რომ კომპოზიცია დაასრულოთ?
- გააჩნია კომპოზიციის სირთულეს, ზოგს სჭირდება ნაკლები დრო, ზოგს რამდენიმე დღეც ჰყოფნის. უმეტესად გვიან ღამით, 12 საათის შემდეგ მიწევს ნამუშევრების აწყობა, რადგან დღის პერიოდში დრო არ მაქვს. ბევრჯერ აწყობის პროცესში დამთენებია კიდეც.


- რომელიმე თქვენს ნამუშევარს გამოარჩევთ?
- ერთის არჩევა ცოტა რთულია, მაგრამ, ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევრებია სალვადორ დალის, გალაკტიონ ტაბიძის და შოთა რუსთაველის პორტრეტებია, ასევე გოგონა მარგალიტის საყურით.



- სამომავლო გეგმებიც გაგვანდეთ…
- სამომავლოდ, რა თქმა უნდა, უამრავი გეგმა და ჩანაფიქრი მაქვს, სწავლასთან ერთად მინდა გავაგრძელო ჩემი საქმეც და საკუთარი ორგანიზებით მოვაწყო უამრავი გამოფენა, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთაც.











მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები