"თითოეული შენობა გვაჩვენებს როგორც არქიტექტორის სახეს, ასევე მომავალი მეპატრონისაც" - გამოცდილი არქიტექტორის რჩევები

არქიტექტორ გიორგი ნოზაძეს არაერთი საინტერესო პროექტი აქვს განხორციელებული. ამ ხნის მანძილზე საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა და მისი პროექტები დიდ მოწონებას იმსახურებს. გიორგი დიზაინის დაგეგმვაზე, სივრცის განაწილებაზე და მისი საქმიანობის სხვა დეტალებზე გვესაუბრა.

- პროფესიით არქიტექტორი გალავართ. საკუთარი საპროექტო კომპანიაც მაქვს. მანამდე რამდენიმე არქიტექტურულ ფირმაში ვმუშაობდი, სადაც შევიძინე შესაბამისი გამოცდილება. ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად გამოვყოფ დამკვეთთან ურთიერთობასა და მისი ნდობის მოპოვებას, რაც საჭიროა მაღალი ხარისხის არქიტექტურული პროექტის შესაქმნელად. ვინაიდან ბევრ დამკვეთს საკუთარი მოსაზრება და სურვილები აქვს, რაც არ შეესაბამება თანამედროვე არქიტექტურას. ნდობის მოპოვების შემდეგ
კი არქიტექტორს შეუძლია თავისუფლად იმუშაოს პროექტზე, თავისი ცოდნის, გამოცდილებისა და ფანტაზიის მაქსიმუმი ჩადოს, რის შემდეგაც იქმნება სრულყოფილი არქიტექტურა. 

- რამდენად საინტერესოა თქვენი პროფესია და როგორ მოხვდით ამ სფეროში?
- მიმაჩნია, რომ ყველა შემდგარი არქიტექტორისთვის, ეს პროფესია არა მხოლოდ საინტერესო, არამედ ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს არის ჰობიც, გართობაც, „კაიფიც“ - არაფერი შეედრება იმ გრძნობას, როცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, საკუთარ პროექტს, შრომის შედეგს ნახულობ.

- რა სახის პროექტებზე მუშაობთ?
- იქედან გამომდინარე, რომ საცხოვრებელ სახლს უფრო მეტი აშენებს, ვიდრე სხვა ფუნქციის მქონე შენობებს, ჩემს პროექტებშიც, ძირითადად საცხოვრებელი სახლები დომინირებს. თუმცა, ამავდროულად, გვიწევს სხვადასხვა ფუნქციური შენობების პროექტირება.

- როგორია თანამედროვე არქიტექტურული დიზაინი და რა არის დღეს ტრენდული?
- დავიწყოთ ინტერიერის დიზაინით: თანამედროვე დიზაინში არის უფრო მეტი გახსნილი სივრცეები, თავისუფალი, ნათელი და კომფორტული გეგმარება. ასევე მოთხოვნადი და ჩემი აზრით, ეფექტურია, თანამედროვე და ძველი სტილის ერთმანეთში შერწყმა. რაც შეეხება ექსტერიერის დიზაინს, შენობის ფასადი მაქსიმალურად უნდა იყოს მორგებული კონკრეტულ გარემოს, უნდა იყოს გამორჩეული და განსაკუთრებული არსებულ განაშენიანებაში, ვინაიდან მოხდეს არქიტექტურის დახვეწა და ჩანაცვლება მოძველებული შენობებებისა და ტენდენციის. თითოეული შენობა გვაჩვენებს როგორც არქიტექტორის სახეს, ასევე მომავალი მეპატრონისაც.

- რას ურჩევთ ადამიანებს, რომლებიც სახლის მშენებლობას უნდა შეეჭიდონ, თავდაპირველად რა გაითვალისწინონ და რას მიაქციონ ყურადღება?
- მოკლე პასუხი მაქვს ამ კითხვაზე: შეარჩიონ გამოცდილი არქიტექტორი და ბოლომდე მიენდონ და გაითვალისწინონ არქიტექტორის რჩევები, რათა შენობამ გაუძლოს საუკუნეებს არქიტექტურული თვალსაზრისით.

- როცა სივრცე პატარაა, ამ დროს როგორ ხდება დაპროექტება, რას ანიჭებთ უპირატესობას სივრცის მოსაგებად?
- პროექტის არქიტექტურულ-სივრცითი გადაწყვეტა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. როცა საპროექტო სივრცე პატარაა, თავდაპირველად უნდა მოხდეს შენობის სწორ ადგილას განთავსება, თვითონ შენობა კი უნდა ვეცადოთ, რომ არ დავამძიმოთ მასიური მასალებით, ვიზუალურად უნდა იყოს შედარებით მსუბუქი და ჰაეროვანი.

- როგორ ხდება გარე ფასადის მოპირკეთება და ყველაზე მოთხოვნადი და ხარისხიანი საშუალება რომელია?
- ფასადის მოპირკეთება დამოკიდებულია შენობის სივრცით მოცულობასა და კომპოზიციურ გადაწყვეტილებაზე. დღესდღეობით ყველაზე აქტუალური და ამავდროულად ხარისხიანი არის დეკორატიული ლესვა და ღებვა, ფრაგმენტულად დამუშავებული ბუნებრივი ქვის, აგურის, მაღალხარისხიანი ხის პანელების გამოყენება. ასევე აქტუალურია მინისა და ლითონის ურთიერთმონაცვლეობა.

- რა ზიანი შეიძლება გამოიწვიოს ცუდად შერჩეულმა მასალებმა და რამდენად რთულია შემდეგ ამის გამოსწორება?
- აქ მნიშვნელოვანი ისაა, მშენებლობის რა ეტაპზე იქნება გამოყენებული უხარისხოდ შერჩეული მასალა. მშენებლობის პროცესში, განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს შენობის კონსტრუქციული მზიდი ელემენტების მაღალხარისხიანი მასალით უნაკლოდ შესრულებას. ამ ყველაფრის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, შეცდომის გამოსწორება დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. თუ მზიდი ელემენტები შესრულებულია ხარისხიანად, სხვა მცირედი პრობლემების გამოსწორება, ყოველთვის შესაძლებელია. თუმცა დღესდღეობით არ არის რთული, ხარისხიანი მასალების მარტივად შერჩევა.

- ინტერიერის დაგეგმვის დროს რას ითვალისწინებთ და როგორ ანაწილებთ სივრცეს?
- ინტერიერის დაგეგმვის დროს სავალდებულოა არ დარჩეს აუთვისებელი სივრცე. თითოეულ ფართს უნდა ჰქონდეს საკუთარი ფუნქციური დატვირთვა და იყოს მაქსიმალურად კომფორტული.

მერი ბლიაძე

კომენტარები

სამწუხაროდ! 2022-02-12 07:56
შესანიშნავი პროექტებია, მაგრამ... მილიონერი თუ არა ხარ, ვერ აიშენებ ასეთ სახლს :((

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები