რა აფრთხობს სიყვარულს, როგორ ავაყვავოთ ჩვენი შემოსავალი მწვანე კედლების მეშვეობით, რა შეიძლება გამოიწვიოს არეულმა სამზარეულომ და ბოლოს, როგორ ვიცხოვროთ სიყვარულსა და დოვლათში? თუ როგორ იქნება მოწყობილი ჩვენი საცხოვრებელი ბინა, ფენ-შუის სწავლების მიხედვით, დიდი მნიშვნელობა აქვს. აღმოსავლური სიბრძნის მიხედვით, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი მატერიალური და სულიერი კომფორტისთვის. იმისათვის, რომ სახლში სიყვარული და სიმდიდრე მოვიზიდოთ, საკმარისია რამდენიმე წესს დაემორჩილოთ.
როგორ მოვიზიდოთ სიყვარული
ოთახის პერიმეტრზე განლაგებული ავეჯი ამ შემთხვევაში არ გამოგადგებათ. სტუმრებისათვის ურთიერთობა კომფორტული უნდა იყოს, ეს კი მით უფრო მოსახერხებელია, რაც უფრო მჭიდროდაა განლაგებული ავეჯი.
დაწყვილება
თუ ახალ ურთიერთობებსა და ნაცნობობაზე ოცნებობთ, პრიორიტეტი მიანიჭეთ წყვილ საგნებს. მოერიდეთ ოთახის კუთხეში ცალი სავარძლის განთავსებას. ასევე უარი თქვით ისეთი სურეთის დაკიდებაზე, რომელზეც მარტოხელა ადამიანები იქნებიან გამოსახულნი. ეცადეთ, რომ თქვენ ირგვლივ წყვილების ენერგეტიკა იგრძნობოდეს. წიგნების თარო წყვილი აქსესუარებით დაამშვენეთ, შეარჩიეთ ლამაზი, შეყვარებული წყვილის კედლის სურათი. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი გენიალური - მარტივია!
ბედნიერება ფოტოზე
აღმოსავლურ კულტურაში ძალიან ბევრს საუბრობენ დადებით ენერგეტიკაზე. დადებითი, სასიამოვნო ემოციები, რომელსაც აღძრავენ ადამიანები და გარკვეული საგნები, მაგნიტივით იზიდავენ ახალ-ახალ სიხარულს. იმისათვის, რომ ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დათბეს, ირგვლივ ფოტოები დაკიდეთ, რომლებზეც თქვენი ცხოვრების ყველაზე სასიამოვნო და ბედნიერი მომენტები იქნება აღბეჭდილი. ეს დადებითი ენერგეტიკა თქვენი თანამგზავრი გახდება. მთავარია, არ გადააჭარბოთ და სახლი ფოტოარქივს არ დაამსგავსოთ.
სადაც სიყვარული მეფობს
იმისთვის, რომ მოიზიდოთ სიყვარული, მიხედეთ თქვენი საძინებლის კეთილმოწყობას. ფანჯარასთან ერთმანეთის საპირისპიროდ დადგით ორი სავარძელი. საწოლზე მიმოფანტეთ დეკორატიული ბალიშები. სასურველია საწოლის ორივე მხარეს პატარა ხალიჩების დაფენაც. თუ სტუდიოს ტიპის ბინა გაქვთ, საძინებლის ზონა საერთო ფართიდან ფარდებით გამოყავით.
მრგვალ მაგიდასთან
მარტო საძინებელი არ არის ის ოთახი, რომელიც ადამიანებს სიყვარულისა და ალერსისთვის განაწყობს. ყურადღება მიაქციეთ სასადილო ზონასაც. უპირატესობა მიანიჭეთ მრგვალ მაგიდას, დაიმახსოვრეთ, ის აერთიანებს ოჯახის წევრებს. არ დაღონდეთ იმის გამო, თუ გრაფიკი არ გაძლევთ ერთად შეკრების საშუალებას. მრგვალი მაგიდა თავისთავად ერთიანობის ნიშანია.
როგორ მოვიზიდოთ სიმდიდრე - სუფთა სამზარეულო, სუფთა აზრები
ფენ-შუის მიხედვით, სამზარულო მჭიდროდ არის დაკავშირებული სიმდიდრესთან.
კარადები და მაცივარი ყოველთვის დალაგებული უნდა იყოს. არ დაგავიწყდეთ მაცივრის პროდუქტით შევსება. შემდეგი ნაბიჯი
სუფთა გაზქურა და მაგიდაა. არ გამოგეპაროთ ნამცეცები და ცხიმის ლაქები. ფულს არ უყვარს ცუდი პატრონი.
ცისარტყელას ფერებში
ფერი ხშირად განსაზღვრავს ჩვენს ხასიათს. რატომ არ გამოვიყენოთ ეს ფაქტი ჩვენს სასარგებლოდ? მაგალითად, წითელი ფერი ადამიანს გამბედაობას მატებს და შინაგან ენერგიას ზრდის. იასამნისფერი და მწვანე ფერი აყვავებისკენ გიბიძგებთ. ეს ფერები ძალიან დადებითად მოქმედებს ადამიანის განწყობაზე. რა თქმა უნდა, ისინი ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს დანარჩენ ინტერიერს.
რაც უფრო ლამაზია შემოსასვლელი, მით ახლოსაა ფული
გინდათ ხელი შეუწყოთ თქვენს ოჯახში ფულის შემოდინებას? მაშინ რაც შეიძლება ლამაზად მოაწყვეთ თქვენი სახლის შესასვლელი. გააპრიალეთ კარები, შეაკეთეთ გაფუჭებული ზარი, კარზე ლამაზი, დეკორატიული ყვავილი დაკიდეთ. ეს თქვენც გაგიხალისებთ სახლში მისვლას. ყურადღება მიაქციეთ ასევე იმას, რომ ფეხსაწმენდი შესასვლელში ყოველთვის სუფთა იყოს. სულ მალე ნახავთ, როგორ გაუმჯობესდება თქვენი მატერიალური მდგომარეობა.
ღიმილი წარმატებისთვის
თუ საძინებელი მოწყენილად გეჩვენებათ, დაუმატეთ რაიმე სახალისო აქსესუარი, ხალასი ფერის სანათი, მკვეთრი ფერის ზარდახშა. ეს დაგეხმარებათ სახლში პოზიტივის მობილიზებაში.
არ გაუშვათ წყალი
იმისათვის, რომ თქვენი საბანკო ანგარიშები იზრდებოდეს, ყურადღება მიაქციეთ სახლში ონკანებსა და მილებს. წყალი არსაიდან არ უნდა ჟონავდეს. ფული ხომ წყალთან ასოცირდება. თუ გინდათ, რომ წყალივით არ გაიპაროს, პრობლემები სახლშიც უნდა მოაგვაროთ. ასევე მოერიდეთ საძინებელში ისეთი სურათის დაკიდებას, რომელზეც წყალი იქნება ასახული.
კომენტარები