1-ლი შეცდომა: მეტისმეტად ბევრი წვრილმანი ერთ ოთახში
თუნდაც სიყვარულითა და სტილის გრძნობით შეკრებილი აქსესუარები და მოსართავები ვიზუალურ ქაოსს იწვევენ და ქმნიან განცდას, რომ ოთახში მეტისმეტად ბევრი რამ ხდება და ერთბაშად, თვალიც რომ დაასვენოთ, სიმშვიდე განიცადოთ, არ გადაიღალოთ ზედმეტ ნივთებზე რეაგირებით და ყურადღების კონცენტრირებით, ერთი ჟანრის სამი ნივთით შემოიფარგლეთ და მაქსიმუმ ორი თემით, მაგალითად, მოხატულობითა და ფერით.
მე-2 შეცდომა: "მეშჩანური" გარემო
ალბათ გინახავთ ოთახი, სადაც იგრძნობა, რომ პატრონი ცდილობს, ყველაფერი გამოიტანოს "გამოფენაზე".
ან მეტისმეტად ერთფეროვნებაზეა აქცენტი - ერთი სტილის არის დეკორის ყველა ელემენტი, ერთ
თუ თავად ვერ აკეთებთ სწორ არჩევანს, ჰკითხეთ რჩევა სპეციალისტებს, გაეცანით სათანადო ლიტერატურას, მოიძიეთ ინტერნეტში საინტერესო ვარიანტები და შემდეგ ჯობს, უფრო მინიმალისტურ სტილზე შეაჩეროთ არჩევანი.
მე-3 შეცდომა: ავეჯის მკაცრად კედლის გასწვრივ განლაგება
როდესაც ავეჯს ოთახის პერიმეტრზე განათავსებთ, ამით საკუთარ თავს ართმევთ შესაძლებლობას, მყუდრო გარემო შექმნათ ცენტრში განთავსებული სკამების, სავარძლებისა და დივანისგან, და საერთოდაც, ასეთ შემთხვევაში ოთახს გადააქცევთ დამლაგებლების სავარჯიშო პოლიგონად. რა თქმა უნდა, კედლის გასწვრივ დალაგებული კარადები, დივანი, სავარძლები მოსახერხებელია და იოლიც, არაფერს ეჯახები და ბევრი თავისუფალი სივრცე რჩება. მაგრამ ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა. თანაც, ინტერიერის მიბჯენილი ელემენტები კედლებთან მისასვლელს ზღუდავს. არადა, კედლების გამოყენება შეიძლება სხვადასხვა მიზნით. ოთახის სხვადასხვა დანიშნულების მიხედვით ზონირებისთვისაც ამგვარად განთავსებული ავეჯი სულაც არ არის მოსახერხებელი.
მე-4 შეცდომა: კედლების თეთრად შეღებვა
ეს ყველაზე საკამათო, თამამი და დამაინტრიგებელი პუნქტია ამ მინირეიტინგში. ერთი მხრივ, თეთრი კედლები ახლა მოდურია, ბევრის მიერ მოწონებული სკანდინავიური სტილისთვისაც დამახასიათებელი და მას პროფესიონალებიც გვირჩევენ. მეორე მხრივ _ ფერების გამოყენება ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტური საშუალებაა, შექმნა ინდივიდუალური, ცოცხალი სივრცე. თუ არ ხართ მზად დიდი ექსპერიმენტებისთვის ერთი რომელიმე კედელი აირჩიეთ და მასზე ჩაატარეთ ცდები. იქნებ, სულაც არ გსურთ თეთრი კედელი და სხვა ფერი უფრო გსიამოვნებთ, მეტად უხდება ავეჯს. თქვენ მიერ არჩეულ სტილს. დიზაინერები მეტი სითამამის, ინდივიდუალურობისა და გამომსახველობისკენ გვიბიძგებენ.
მე-5 შეცდომა: მოდის ბრმად მიყოლა
გამოცდილი დიზაინერები გირჩევენ, მოდას მიჰყვეთ წვრილმანებში, და არა მთლიან ინტერიერში. სხვა შემთხვევაში თავიდან ვერ აიცილებთ, მიიღოთ აქტუალური, მაგრამ სრულიად უგულო ინტერიერი რომელიც სულ რამდენიმე წელიწადში პირდაპირ იყვირებს: "ეს გასული სეზონია".
მოდაშია ზოლები? ეცადეთ, ჯერ ბალიშებით ან ფარდებით დაიწყოთ და მთელ სახლზე არ გადაიტანოთ ეს მოდა. უპირველესად მოდას კი არა, საკუთარ პრიორიტეტებსა და სურვილებს მიაქციეთ ყურადღება. შეიძლება, რაღაც ძალიან იყოს მოდური, მაგრამ არ შეესაბამებოდეს თქვენს სახლს, თქვენს გემოვნებას, თქვენს სურვილებს, თანაც, მოდა ხშირად იცვლება და მზად ხართ, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ცვალოთ ინტერიერი?
გახსოვდეთ, მთავარია, დაიცვათ პროპორციები, სახლი იყოს ჰარმონიული, მშვიდი, მყუდრო და ლამაზად გაფორმებული.