სახლის ყიდვას ნუ იჩქარებთ, სანამ ამ საკითხებს არ გაარკვევთ


მომავალი საცხოვრებელი ფართის არჩევის დროს ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, ძალიან კარგად უნდა აწონ-დაწონოთ შემოთავზებული ვარიანტის ყველა პლუსი და მინუსი.
შემოგთავაზებთ რამდენიმე რეკომენდაციას, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ბინის შეძენის დროს, რათა მშვიდად და კომფორტულად იცხოვროთ და საქმე სანანებლად არ გაგიხდეთ.

როგორ შევარჩიოთ კარგი ბინა



პირველ რიგში რაც ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა თქმა უნდა, თანხაა, რამდენი გვაქვს იმისთვის, რომ ვიყიდოთ ბინა. დარწმუნდით, რომ განსაზღვრული თანხა გიჭირავთ ხელში? კი ბატონო, შემდეგი ნაბიჯი ბინის მოძიებაა, მაგრამ კარგი ბინის შერჩევა არც
ისე მარტივი საქმეა.
ჩვენი მთავარი რჩევა იქნება, არ მიეცეთ ეიფორიას, დამშვიდდეთ და საღი გონებით შეუდგეთ ჩანაფიქრის განხორციელებას.
სანამ გამყიდველს დაუკავშირდებით, ჩამოყალიბდით საკუთარ თავში, როგორი ბინის შეძენა გსურთ. რამდენოთახიანი უნდა იყოს, რომელ უბანში, რომელ სართულზე და ა.შ. ისიც კი უნდა იცოდეთ, რომელ მცენარეებს გადმოიტანთ ახალ სახლში და სად მოათავსებთ. ერთი სიტყვით, უნდა შეადგინოთ კონკრეტული გეგმა, ზუსტად უნდა იცოდეთ, როგორი უნდა იყოს თქვენი იდეალური სახლი.


თუ გულმავიწყი ბრძანდებით, გირჩევთ ყველაფერი ჩაიწეროთ, რომ რამე არ დაგავიწყდეთ. დაწერეთ კონკრეტულად რა თანხას განაგებთ და იქვე ჩამოწერეთ თქვენი მოთხოვნები. ეს დაგეხმარებათ გამყიდველთან ურთიერთობაში და მისთვის კონკრეტული დავალების მიცემაში. როდესაც ზუსტად იცი რას ეძებ, საქმე ბევრად მარტივდება.

უფასო ყველი მხოლოდ ხაფანგშიაო, ნათქვამია და მართალიც არის. თუ მოხდა ისე, რომ ბინა ძალიან იაფად შემოგთავაზეს, აუცილებლად კარგად დაფიქრდით და გადაამოწმეთ ყველა დეტალი. დიდი ალბათობით, საქმე რაღაც დამალულთან გაქვთ. შესაძლოა ბინა იყოს ავარიული ან მეზობელმა დიდი რაოდენობით წყალი ჩამოუშვა ან სხვა პრობლემა არსებობს. თუ ეს ყველაფერი გამოირიცხა, დაინტერესდით, მეზობლებთან დაკავშირებით ხომ არ არსებობს რამე პრობლემა.
საამისოდ ყველაზე კარგი ვარიანტია მეზობლებთან გასაუბრება. ჯერ კარის მეზობელს დაუკავშირდით, შემდეგ სადარბაზოში გაიარ-გამოიარეთ, ბოლოს ეზოშიც ჩამოჯექით, გაიკითხეთ ყველაფერი, მოისმინეთ სხვადასხვა მოსაზრება და საბოლოო დასკვნა მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთეთ.

ნებისმიერი ინფორმაცია თავადაც გადაამოწმეთ. თავი არავის მოატყუებინოთ.
ბინის ნახვის დროს აუცილებლად გაითვალისწინეთ სულ პატარა დეტალებიც კი, მაგალითად თუ ფანჯრის გაღება გიყვართ და სუფთა ჰაერის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენიათ, დარწმუნდით, რომ ფანჯრის გაღების შემდეგ სუფთა ჰაერის ნაცვლად სახლში მტვერი და ხმაური არ შემოგივათ. თუ ხედებს ანიჭებთ უპირატესობას, გადაიხედეთ ფანჯრიდან და ნახეთ, რამდენად მოგწონთ დანახული. ასევე დაინტერესდით, რამდენად სქელია კედლები, თუ ზედმეტი ხმაური სერიოზულად გაღიზიანებთ, კედლის იქით მეზობლის დაცემინების ხმა არ უნდა გესმოდეთ.


რაც შეეხება სართულს, საერთოდ პირველი და ბოლო სართული ცივ სართულებად ითვლება ხოლმე. პირვლ სართულზე ასევე დიდია ალბათობა იმისა, რომ თავი იჩინონ მღრღნელებმა თუ სხვა არასასურველმა არსებებმა.

ერთი სიტყვით, კარგად დაფიქრდით, არ აჩქარდეთ, თუ გული ოდნავ მაინც გეთანაღრებათ რამეზე, მოიცადეთ და უკეთეს ვარიანტს დაელოდეთ. საერთოდ, ბინის ყიდვას დრო სჭირდება, ამ საქმეში აჩქარება არ ღირს.
გაითვალისწონეთ ჩვენი რჩევები და გარწმუნებთ, რომ მალე ახალი სახლის ბედნიერი მფლობელი გახდებით.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები