უხეში შეცდომები, რომლებიც ყველაზე დიდ ოთახსაც დააპატარავებს


დიდი ზომის ოთახი ვიწროდ, მოუხერხებლად და არაკომფორტულად თუ მოგეჩვენათ ე.ი. მისი მოწყობის დროს უხეში შეცდომები დაუშვეს. როგორ შეიძლება სივრცის გაზრდა მარტივი დიზაინერული ხრიკებით?

პირველი ფაქტორი, რამაც შეიძლება ოთახი დააპატარაოს, დაბალი კარნიზია, რაც ვიზუალურად  ჭერის დადაბლებას იწვევს. უმჯობესია კარნიზი რაც შეიძლება მაღლა, ჭერთან განთავსდეს, რათა კედელი სხვადასხვა ელემენტებად არ დაიყოს. იდეალური ვარიანტი უხილავი კარნიზია, როდესაც ის ჭერის ნიშაშია ჩამალული.

ასევე მნიშვნელოვანია ფანჯრის ტექსტილი, სქელი, მრავალფენიანი ფარდები შესაძლოა ერთი შეხედვით ლამაზადაც კი გამოიყურებოდეს, თუმცა სივრცეს შთანთქავს და ამძიმებს. ლაკონური, სადა ფარდები ამ
შემთხვევაში შესანიშნავი გადაწყვეტილებაა.


მუქი ფერი შთანთქავს სინათლეს, ამიტომ გადახედეთ თქვენს ინტერიერს, იატაკს, ავეჯს, კედლებს, შესაძლოა რომელიმე ელემენტი შეგიძლიათ ღია ფერით ჩაანაცვლოთ, მათ შორის, ისეთი დეტალებით, რომელიც სინათლეს აირეკლავს. შესაძლოა ღია ფერები ერთი შეხედვით მოსაწყენად მოგეჩვენოთ, თეთრი საავადმყოფოს პალატას წააგავს, ხორცისფერი - სასტუმროს ნომერს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ღია ფერი ინტერიერის გაფორმებისთვის საუკეთესო ბაზაა. მშვიდი ფონი მკვეთრი აქცენტებით გააჯერეთ და იდეალურ შედეგს მიიღებთ.

ასევე ძალიან საინტერესოა მოსაპირკეთებელი მასალა, შპალერი ან ფილები. ალბათ თავადაც დაკვირვებიხართ და დაგვეთანხმებით, რომ წვრილი პრინტები და ნახატები შეზღუდულ სივრცეში, იქნება ეს შპალერი თუ იატაკის ფილა, კიდევ უფრო აპატარავებს სივრცეს. მსგავსი ეფექტის თავიდან ასაცილებლად უპირატესობა მსხვილ პრინტს მიანიჭეთ. ღია ფერი და აბსტრაქტული გამოსახულება მცირეგაბარიტიანი ბინისთვის იდეალური ვარიანტია.

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ დიდი ზომის ოთახს დიდი ზომის ავეჯი სჭირდება, რეალურად კი ავეჯის ზომა უნდა იყოს ოპტიმალური, რომ მაგალითად, დიდი ზომის დივანი სივრცის მთავარი ელემენტი არ გახდეს და არ შთანთქას იგი.

ეცადეთ შესანახი სისტემები ისე მოაწყოთ, რომ ოთახი არ გადატვირთოთ ზედმეტი ტუმბოებითა და კარადებით. ამისთვის ისეთი ავეჯი უნდა შეარჩიოთ, რომელსაც შენახვის ფუნქციაც ექნება, მაგალითად უჯრებიანი საწოლი, სათავსოიანი პუფები და ა.შ.

და ბოლოს, ძალიან ხშირად მხოლოდ განათების შეცლა საკმარისია იმისთვის, რომ მოსაწყენი, ბნელი და პატარა ოთახი საინტერესო ინტერიერად იქცეს, ამისთვის მხოლოდ განათების სისტემის შეცვლა არის ხოლმე საკმარისი. ერთი სტანდარტული ჭაღი ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს, ზონალური განათება კი ის არის, რაც ყველა თანამედროვე ინტერიერში უნდა არსებობდეს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები