ჭაღი ინტერიერის ერთ-ერთი უმთავრესი აქსესუარია და მას ყველა სახლში შეხვდებით. თუმცა ამჯერად ჩვენი ქალაქის ყველაზე გრანდიოზულ ჭაღებს გაგაცნობთ, რომლებსაც უამრავი მნახველი მოჰყავს აღტაცებაში.
რუსთაველის თეატრის ჭაღი
გვიამბობს გია თევზაძე, რუსთაველის თეატრის დირექტორი:
თეატრში ძველი რაც იყო, ყველაფერი შეიცვალა. ჯერ 1949 წლის ხანძარმა გაანადგურა თეატრი, მერე 80-იან წლებში დიდი რემონტის დროს გამოიცვალა ჭაღები... დღეს რაც გვაქვს, 2004-05 წლებისაა, მაშინ დამონტაჟდა. ძველი სტილი მცირე დარბაზის ფოიეში შევინარჩუნეთ, დანარჩენი ყველგან თანამედროვე ჭაღებია. ძირითადად, არის ესპანური და იტალიური წარმოების, ხოლო VIP დარბაზში ავსტრიული სვაროვსკის
სვაროვსკის ჭაღი VIP დარბაზში
ეროვნული სასახლის ჭაღები
გვიამბობს მერაბ მერაბიშვილი, ეროვნული სასახლის მთავარი მხატვარი:
სასახლეში პირადად შევესწარი იმ პერიოდს, როცა ჭაღები გასაწმენდად დაშალეს და რესტავრაციაშიც ვმონაწილეობდი. მაშინ დირექტორი ბატონი გია შალამბერიძე გახლდათ. სარკეებიანი დარბაზის მავრიტანული სტილის სამეული არის ბრინჯაოსი, ბაჯაღლო ოქროთი მოოქროვილი. მათ შორის შუა ჭაღი ძალიან დიდია და მძიმე, დაახლოებით ორ ტონამდეა. ძველად ჭაღები "ადიოდა" და "ჩამოდიოდა", ყოველ დილით მოახლეები სანთლებს ანთებდნენ. სანთლებით განათებული სარკეებიანი დარბაზი ულამაზესი სანახავი იქნებოდა. იცით რაზე იყო გათვლილი? თითო სანთელი უამრავ სარკეს ირეკლავდა. წარმოიდგინეთ, რამხელა სინათლე იდგა დარბაზში.
ჩვენი ჭერი შეკიდულია და იქ ახლაც არის სპეციალური ძგიდეები, სადაც ფოლადის ჯაჭვები იყო დამაგრებული და მათი საშუალებით ხდებოდა ჭაღების ჩამოშვება. ჩემი დაკვირვებიდან ვიცი, რომ ჭაღი წვრილი ჩამოსხმისაა, დეტალებად სხმული ჭვირული (აჟურული) წესით არის გაკეთებული და მერეა მოოქროვილი. რადგან გამდნარი სანთლებისგან ჭაღს წმენდნენ და აპრიალებდნენ, ოქრო ნელ-ნელა გადასცილდა პატარ-პატარა გუმბათებს, სადაც ახლა ნათურებია და ადრე, თითოეული გუმბათის შუაში სანთლები იყო მოთავსებული. იქ, სადაც ადამიანის ხელი არ ხვდებოდა, ჩვეულებრივად შერჩენილია მოოქროვილი დეტალები. ჭაღების გაწმენდა თითქმის სამი თვე გრძელდებოდა. რესტავრატორებს თავზე ვედექი. ყოველი ოქროს ფირფიტა, რომელსაც შავი წერტილები ჰქონდა,ქიმიური ხსნარებით იწმინდებოდა. შედეგად, ჩაბურულმა ჭაღებმა ელფერი შეიცვალა.
51-ე ოთახის ჭაღი ბავშვობიდან მახსოვს, მანდ ფილმი "ქეთო და კოტე" გადაიღეს.
ჩემი პედაგოგებისგან ვიცი, რომ ამ ჭაღის ნაწილი რატომღაც მოხსნეს. მოტივი ის იყო, რომ ხელს უშლიდა გადაღებებს, გრძელი ჭაღი ყოფილა. მისი პირვანდელი ფოტო ხელში არ ჩამვარდნია და ეგებ, არსებობს კიდეც. ახლა ჭაღს პირდაპირ ქანჩი აქვს მოჭერილი და იქ მთავრდება, მაგრამ ასე არ უნდა იყოს. ე.ი. მას მართლაც აკლია ქვედა ნაწილი.
თეატრალურ დარბაზში
რაც არის, ნაპოლეონის ჭაღს ვეძახი, რადგან იმდროინდელი ეპოქის (წელი აწერია და პარიზი) ფრანგული ჭაღია. ეგეც ქვემოთ ჩამოდიოდა.
თეთრი დარბაზის ბროლის ჭაღი ძალიან საინტერესო ნამუშევარია. ერთი დეტალი მოტყდა და ჩემი აღდგენილია, უჟანგავი მასალის მილით შევაერთე, დღესაც იქაა შერჭობილი. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და გავრისკე.
სასახლის მუზეუმის ჭაღი უფრო ფრანგულს ჰგავს, როკოკოს სტილშია. ძველი, ვორონცოვის პერიოდის მოოქროვილი ჭაღია და ძალიან მომწონს.
მარმარილოს დარბაზი არის ე.წ. სადარბაზო შემოსასვლელი. ეს არის დიდი სივრცე, საიდანაც სასახლის სტუმრები შემოდიოდნენ.აქ მუდამ ხალხმრავლობა იყო, მოგროვდებოდნენ და მერე ადიოდნენ ზემოთ.
მარჯანიშვილის თეატრი
გვიამბობს რუსუდან შოშიტაიშვილი, მარჯანიშვილის თეატრის მუზეუმის მცველი:
ჩვენს ხელთ არსებულ მასალებში, კონკრეტულად თეატრის ისტორიაში, ჭაღების შესახებ ცალკე ინფორმაცია არ მოგვეპოვება. ალბათ, თავიდანვე, მათ რაიმე ისტორიული დატვირთვა არ ჰქონიათ. არც ძმები ზუბალაშვილების მიერ აშენებულ, ამ შენობის (სახალხო სახლი) ისტორიაში გვხვდება რაიმე მასალა. ასე რომ, რა წარმომავლობისაა მარჯანიშვილის თეატრის ჭაღები, არ ვიცით, მაგრამ ისტორიული მნიშვნელობისა ნამდვილად არ არის. დაბეჯითებით ვერ გეტყვით, მაგრამ მგონი, არც თეატრის რესტავრაციის დროს გამოუცვლიათ იმიტომ, რომ ძალიან უხდება ინტერიერს და დღესაც მშვენიერი შესახედია დარბაზისა თუ ფოიეს ჭაღები.
ნანული ზოტიკიშვილი
კომენტარები