ქართველი ხელოვანის ორიგინალური ნამუშევრები და ბინის უჩვეულო ინტერიერი

ორიგინალური ნივთები და ავეჯი დღეს განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს და შესაბამისადაც ფასობს. მით უმეტეს, თუ იცი, რომ ის ერთადერთი მხოლოდ შენ გექნება და მსგავსს ავტორი არასდროს შექმნის. სწორედ ასეთ ექსკლუზიურ ავეჯსა და სანათებს ქმნის პროფესიით ფინანსისტი ია ფაჩულია. გაგიკვირდებათ და, იამ ხატვა არ იცის, მაგრამ ისე საოცრად ქარგავს, ისე ლამაზად აფორმებს თავის დამზადებულ ნივთებს, თვალს ვერ მოსწყვეტ. იას ინტერვიუსთვის სახლში ვეწვიე, რათა მისი ნამუშევრები ადგილზე კარგად „გამეცნო“. ცალკე სასაუბრო თემაა ინტერიერი, რომელშიც ფერები, ავეჯი, განლაგება ისეა შერჩეული, რომ ნამდვილად იგრძნობა ხელოვანის
ხედვა. აღმოჩნდა, რომ ინტერიერზეც ჩვენს რესპონდენტს უზრუნია, საკუთარი ნამუშვრების შექმნა-გაპიარებაზეც მარტო მუშაობს, ფეისბუქგვერდსაც თავად მართავს და ხუმრობით ამბობს კიდეც, ერთი კაცის ორკესტრი მაქვსო.



- პროფესიით ფინანსისტი ვარ, კომაროვის მათემატიკური სკოლა დავამთავრე. ამ ეტაპზე ვმუშაობ ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში ფინანსურ მენეჯერად, არანაირი კვალიფიციური შეხება ხელოვნების რომელიმე დარგთან არასდროს მქონია, ხატვაც კი არ ვიცი, არც ტექნიკა მაქვს და არც გამოცდილება. ქარგვა შემიძლია, ოღონდ აბსტრაქტული ფიგურების, ან „კაპიროვკით“ ასლის გადაღება. თუ მკითხავთ, საიდან მოვიდა ეს ყველაფერი ჩემთან, გიპასუხებთ, რომ გენეტიკის დამსახურებით. მამაჩემის მხარე - ფაჩულიების ყველა ქალი ხელსაქმით იყო დაკავებული, ან ქსოვდნენ, ან კერავდნენ, ქარგავდნენ. დედაჩემის მხარე კიდევ უფრო მეტად. დედა და მისი დებიც ხელსაქმით გამორჩეულები არიან. მე კერვა არ ვიცი, უფრო ქარგვა-ქსოვისკენ „ვიხრები“. დედას ჩვენს პერიოდში რომ ეცხოვრა, ვფიქრობ, წარმატებული დიზაინერი იქნებოდა. ჩემი ასაკის ხალხს ახსოვს, როგორი სკოლის ფორმები გვქონდა - ყავისფერი, თეთრი წინსაფრით, ბავშვისთვის სრულიად შეუფერებელი ფერები იყო შერჩეული. დედა არასდროს ყიდულობდა მზა ფორმებს, თავად გვიკერავდა იმავე ფერებში, აბა სხვა ფერს ვინ ჩაგვაცმევდა, მაგრამ იმ წინსაფარსაც კი ისეთი ფორმით აკეთებდა, რომ მეც და ჩემი დაც ყოველთვის განსხვავებულები ვიყავით და ყურადღების ცენტრში ვექცეოდით. თუმცა, იმასაც ვიტყვი, რომ მაშინ ძალიან მაღიზიანებდა ის, რომ განსხვავებული ტანსაცმლით ყველასგან გამორჩეული ვიყავი და ამით ვიქცევდი ყურადღებას, მაწუხებდა, მინდოდა, ყველასნაირი ვყოფილიყავი. საბჭოთა კავშირი რომ დაინგრა და მივხვდით, რომ ინდივიდუალიზმი კარგია, მერე დავაფასე დედის ეს მონდომება. ვფიქრობ, ამ ყველაფერმა იქონია გავლენა ჩემზე და მეხმარება, შევქმნა სხვებისგან განსხვავებული ნივთები.



- მრავალფეროვანი საქმით ხართ დაკავებული, ქარგავთ, მუშაობთ ავეჯზე, სანათებზე...



- კი, ასეა, საქმის ამოჩემება ვიცი ხოლმე, მერე მივანებებ თავს და სხვას ვაკეთებ. ბავშვობიდან ვქარგავ, ერთი პერიოდი სულ ვქსოვდი, გაჭირვება რომ იყო და არაფერი იყიდებოდა, მაშინ ხან ჯემპრებს ვქსოვდი, ხან ჟაკეტებს და ვამბობდი კიდეც, რატომ უნდა იყიდო, როცა შეიძლება, შენ თვითონ მოქსოვო-თქო. ახლა ასე აღარ ვარ, მირჩევნია ვიყიდო და ის დრო სხვა რაღაცის კეთებას მოვახმარო. რაც შეეხება ავეჯის საკითხს, უცნაურად დავიწყე ამ მიმართულებით მუშაობა. ძველისძველი კამოდი მქონდა, არ მომწონდა, არადა სათავსო მჭირდებოდა და გადავწყვიტე, რაიმე ფორმით გამეხალისებინა. რომ დავასრულე მუშაობა, ფეისბუქზე დავდე და იმხელა მოწონება დაიმსახურა, რომ გადავწყვიტე, კიდევ მივბრუნებოდი ამ საქმეს. ძალიან მინდა, ვიცოდე ხეზე მუშაობა, მაგრამ ამას ძალა, უფრო კაცის მაჯა სჭირდება, რადგან სირთულესთანაა დაკავშირებული. თუმცა, შესაძლებელია, საკუთარი იდეით შექმნა ორიგინალური ნივთები. ინტერნეტი დიდ ინფორმაციას იძლევა, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რა ტექნიკით შეიძლება ავეჯის განახლება. მეც ასე დავიწყე, ვეძებდი ხერხს, როგორ შემეცვალა ავეჯი. დეკუპაჟი რომ ვნახე, ვიფიქრე, ცოტა უბრალოა შესახედავად-თქო და მომინდა, უფრო დახვეწილი ყოფილიყო, ამიტომ მთლიანი ტილო გადავიტანე ავეჯზე და სულ სხვა ეფექტი შეიძინა. მათ, ვისაც სურს, მარტივად შეუცვალონ იერი უკვე მობეზრებულ ავეჯს, ფეხებისა და სახელურების შეცვლა არაჩვეულებრივი და იაფი გზაა. შესაძლოა, ავეჯი კარგი იყოს, მაგრამ რაიმე მდარე ხარისხის და ვიზუალის ფეხები ჰქონდეს და სულ ეკარგებოდეს იერი. გარდა ამისა, შესაძლოა, მუყაოთი გამოჭრა რაიმე ფიგურა, მიახატო სახელურს და ნახავთ, რომ ეფექტი რადიკალურად შეიცვლება. მთავარია, ადამიანს ჰქონდეს სურვილი და ცოტა შემოქმედებითობა.



ცოტა ხნის წინ სკამს რესტავრაცია გავუკეთე, შემდეგ ზურგი და ფასადი შევუცვალე, ეს არაა ის სკამი, რომელსაც მაგიდას მიუდგამ, უფრო დეკორატიული დატვირთვა აქვს.



- ამასთან ერთად მუშაობთ ორიგინალური ფორმის სანათებზე. მანეკენის და ფეხსაცმლის კალაპოტის ინტერიერში გამოყენების იდეა თქვენ გეკუთვნით?



- სანათების შემთხვევაში იდეა ინტერნეტიდან ავიღე, ვერ დავიბრალებ, რომ ჩემია. პირველად რომ ვნახე, აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი. ქალის სილუეტი თავზე ქუდით ძალიან ორიგინალურად მეჩვენა და დავიწყე ძიება, როგორ გამეკეთებინა. ძალიან ვიწვალე ქუდების შეძენაზე, იმიტომ, რომ არ გვაქვს მრავალფეროვანი არჩევანი, ძირითადი პრობლემა ფერია, სულ სტანდარტული ტონალობისა და ფორმის ქუდებს ვხვდებოდი და ეს არ მაკმაყოფილებდა, ამიტომ ერთის გარდა, ყველა გამოწერილია. მე ნათელი ფერები მომწონს და ალბათ ამიტომაც მქონდა გართულება ფერების სიმცირეზე. როცა სახლს ვაწყობდი და ავეჯს ვყიდულობდი, მაშინ არ იყო არჩევანი და ამიტომაცაა ყველაფერი ყავისფერში, მერე ნელ-ნელა შემოიტანეს ფერადიც... ეს სავარძელი ხელოსანს შევაღებინე და აქ დავდგი, რომ ეს ჩაყავისფრებული გარემო გამოეცოცხლებინა. ეს სანათიც ჩემი პირველი ნამუშევარია და არ ვყიდი.



- ყველაზე მოთხოვნადი რომელია - სანათი მანეკენით, ფეხსაცმლით თუ ბურთებით?



- ფეხსაცმლის კალაპოტის ინტერიერში გამოყენების იდეაც ინტერნეტში ვნახე, თუმცა, სანათებად მისი გაკეთება მე მოვიფიქრე, საწვალებელი კი არის, მაგრამ კეთების პროცესით სიამოვნებას ვიღებ და ეს არ მღლის. რაც შეეხება ბურთებს, ამ სანათის შემთხვევაში ანათებს რკალი, ბურთი სილამაზისთვისაა. ეს ბურთი, რომელიც ტემარის ტექნიკითაა მოქარგული, მინდოდა რაღაცნაირად შემეთავაზებინა მომხმარებლისთვის, ეს ტექნიკა საკმაოდ რთულად სამუშაოა, ორნამენტები სიმეტრიულად ზუსტად ისე უნდა იყოს, რომ ყველა მხრიდან ერთი და იგივე ფიგურა ჩანდეს. პენოპლასტის ბურთზე იხვევა ძაფი და შემდეგ ხდება მოქარგვა, სპეციალური, გეომეტრიულად გათვლილი სქემაა, ყველა მხარეს ერთნაირი უნდა იყოს, ბურთს რომ დაატრიალებ, სურათი არ უნდა ირღვეოდეს. ერთი წელი ამ ბურთებში ვიყავი ჩართული, როგორც კი დრო გამომიჩნდებოდა, ამას ვაკეთებდი, ზოგი სანათებში გამოვიყენე, ზოგი კი კედელზე დეკორის სახით დავკიდე. გაყიდვების თვალსაზრისით, ავეჯზე უფრო მეტი მოთხოვნაა, ვიდრე სანათებზე. აინტერესებთ სანათებიც, მაგრამ ნაკლებ ფუნქციური ნივთების ყიდვას მაინც ერიდებიან.







ციცი ომანიძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები