ექსკლუზიური კერამიკული ფილებით შექმნილი ორიგინალური სივრცე ქართველი ხელოვანისგან

მხატვარ-კერამიკოს გიორგი ტაბლიაშვილის ხელით მოხატული ფილებით გაფორმებული ნებისმიერი ინტერიერი ყოველთვის გამორჩეულ იერსახეს იძენს. ამ ტექნიკით ექსტერიერის გაფორმებაც შესაძლებელია - სხვადასხვა ზომის, მრავალფეროვან თემებზე შექმნილი კერამიკული პანო მაშინვე „აცოცხლებს“ ერთი ფერის ბანალურ კედელს. მხატვარ-კერამიკოსი ინდივიდუალური სტილისტიკითა და ხელწერით გამოირჩევა, ნივთები ექსკლუზიურია და თემატურად საკმაოდ მდიდარი. მისი კერამიკული სამყარო ბევრ სხვადასხვა მიმართულებას „იტევს“: დაწყებული დეკორატიული და გამოყენებითი ნივთებით - ჭურჭლით, ავეჯის გაფორმებით დასრულებული.

- გიორგი, მიუხედავად იმისა, რომ სამხატვრო აკადემია კერამიკის მიმართულებით გაქვს დამთავრებული, საზოგადოება გიცნობს როგორც ფერმწერს, გრაფიკოსს, ილუსტრატორსა და საერთაშორისო
სამხატვრო არტფესტივალის „ხატე საქართველოსთვის“ დამფუძნებელს. ახლა ისევ კერამიკას მიუბრუნდი და საინტერესო სიახლეები წარმოადგინე...




- კერამიკით ბავშვობიდან დავინტერესდი და შემიყვარდა. ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან, აკადემიაში ჩაბარებამდე ალდე კაკაბაძის, რეზო და გია იაშვილების მოწაფე ვიყავი. ვფიქრობ, კერამიკა გამორჩეული დარგი და თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალებაა. პარალელურად ყოველთვის ვხატადი, სამხატვრო სკოლებში დავდიოდი. სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ ისეთი პერიოდი დაემთხვა, ხელსაყრელი პირობების არარსებობის გამო ბევრმა კერამიკაზე მუშაობა ვეღარ შეძლო, მუშაობა შეწყვიტა და მათ შორის მეც ვიყავი. თუმცა, ბოლო დროს კერამიკაში გაჩნდა ახალი ტექნოლოგიური საშუალებები და ბევრმა კვლავ განაახლა ამ მიმართულებით მუშაობა, შექმნა თავისი კომპანია, მათ შორის ვარ მეც და დაახლოებით ერთი წელი ინტენსიურად ვმუშაობ.





- თავიდანვე რა იყო შენი პრიორიტეტი? რაზე აკეთებ აქცენტს?

- ჩემი პრიორიტეტი თავიდანვე არა მარკეტინგული ნაწილი, არამედ საქმისადმი წმინდა შემოქმედებითი მიდგომა გახდა. შეიძლება ითქვას, ვერიდები ყოველგვარ „პაპსას“ და მაქსიმალურად ვცდილობ, თითოეული ფილა თუ ნივთი იყოს საავტორო და ნამდვილი ხელოვნების ნიმუში. აქედან გამომდინარე, ორი ერთნაირი ნამუშევარი არ არსებობს. ვმუშაობ ჭურჭელზე: ლარნაკი, თეფში, ჭიქა და ა.შ. მაგრამ ჩემი მთავარი მიმართულებაა კერამიკული ფილებით კედლის გაფორმება, რაც მინდა, სამომავლოდ კიდევ უფრო განვავითარო.

- მეტი გვიამბე ერთფეროვანი კედლების ხელით მოხატული კერამიკული ფილებით გაფორმებაზე...




- დასავლეთ ევროპაში, უმთავრესად პორტუგალიასა და ესპანეთში, კედელზე მოხატული ფილებით შესრულებულ კომპოზიციას „აზულეჟო“ ჰქვია. იმავე ტექნიკით შესრულებული ნიმუშები არაბეთსა და სპარსეთშიც ცნობილია, მაგრამ ჩვენთან ფაქტობრივად ამის გამოცდილება არ არსებობს. ვფიქრობ, საქართველოში ამ მიმართულების დიდი პოტენციალია და ამიტომ სურვილი მაქვს, აქტიურად გავაკეთო მსგავსი სტილის ნამუშევრები. თითოეულ ფილაზე სხვადასხვა ნახატია, რომლითაც შესაძლებელია ერთიანი კომპოზიციის შექმნა. ამ შემთხვევაში კიდევ ერთი პრიორიტეტი ისაა, რომ თითოეულ ფილაზე არის საკუთარი, ინდივიდუალური ნახატი და ის ერთადერთია. შეიძლება გამოყენება როგორც ინტერიერში, ასევე ექსტერიერში - შენობაზე. კერამიკული ფილების მეშვეობით, ადამიანს შეუძლია ჰქონდეს ინდივიდუალური და ერთადერთი სამზარეულო ან აბაზანა. კერამიკა ეფექტურია და ფილაზე რომელიმე ჩემი ფერწერული ტილოს თემის გადატანა შთამბეჭდავი გამოდის. მცირე ხნის წინ მუშაობა დავასრულე ინტერიერში, ორმეტრიანი კედლის პანოზე, რომელზეც ერთიანი სიუჟეტია „ვეფხისტყაოსნიდან“, კერძოდ როსტევანისა და ავთანდილის ნადირობის სცენა. მასშტაბური ნამუშევრის შექმნისას, მაგალითად, თუ ცხენის ფიგურა მაქვს დასახატი, კერამიკული საღებავებით რამდენიმე ფილაზე ვასრულებ და როგორც მოზაიკა, ისე ეწყობა.





- რაც შეეხება ავეჯს, შექმნილი გაქვს კერამიკული ფილებით გაფორმებული მაგიდები...

- ანალოგიურად ხდება ავეჯის შემთხვევაშიც, მაგიდები კერამიკული ფილებით ფორმდება. ამ ეტაპზე მაგიდები რკინის ფეხებზეა დამზადებული, თუმცა კერამიკას ხე ძალიან უხდება და მომავალში მინდა მაგიდას ხის მასალაც დავამატო.



საერთოდ, კერამიკა ფართო სპექტრს მოიცავს, შესაბამისად, მაგიდების გარდა, კერამიკული ფილებით კარადის მორთვაც მაქვს დაგეგმილი. კერამიკას უზარმაზარი პოტენციალი აქვს და შემოქმედებითი კუთხითაც ძალიან საინტერესოა, რადგან ყველა ნამუშევარი წინასწარ ამოუცნობი, განუჭვრეტელია და ჩემთვის ეს პროცესი მისტიკურია.

ანა კალანდაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები