ფანჯრის რაფები კომფორტისთვის - ჩამოჯექით ან წამოწექით

დგება სეზონი, როცა გარეთ სასეირნოდ გასვლა უამინდობის გამო არ გვსურს. გვირჩევნია, ცხელი ჩაის ჭიქით ხელში თბილად მოვკალათდეთ ფანჯარაში საყურებლად. ფანჯარასთან იდეალური მოსასვენებლის მოსაწყობად რამდენიმე იდეას გთავაზობთ.


კომფორტული მოსასვენებლის მოწყობა მისაღებ ოთახშიც შეიძლება, საძინებელშიც და სამზარეულოშიც. თუ ფანჯარასთან გათბობის მილი გადის, მისთვის ვენტილირების ჩარჩოს კონსტრუირება მოგიწევთ. სამაგიეროდ, ფანჯარასთან წიგნის წასაკითხად ან ქალაქური პეიზაჟის საყურებლად მოკალათებულს აღარ შეგცივდებათ.
ფანჯარასთან კომფორტული ადგილის მოსაწყობად რამდენიმე ვარიანტი არსებობს.

ყველაზე გავრცელებული ვარიანტი - ინგლისური: დაბალ, გამოსაწევუჯრებიან ტუმბოზე დააფინეთ რბილი ლეიბი და ბალიშები მოუწყვეთ. გვერდებზე წიგნის ღია თაროები

განათავსეთ. ახალშექმნილი ინტერიერი ოთახის ავეჯს ფერებში უნდა ეხამებოდეს. ამერიკულ ინტერიერში ასეთი ვარიანტი ხშირად აგარაკებზე გვხვდება და ძირითადად, თეთრი ფერის.

მეორე ვარიანტი - ტახტი ფანჯრის ნიშაში მოათავსეთ. თუმცა, ამგვარი კონსტრუქცია სახლის მშენებლობისას უნდა იქნეს გათვალისწინებული. ნიშის ორივე მხარეს ღია თაროები გექნებათ, გამოსაწევუჯრებიან ტახტს კი რბილი მუთაქები და ბალიშები დაამშვენებს. ასეთი ვარიანტი უფრო სააგარაკო სახლის საძინებელს მოუხდება. სადაც მყუდროდ, სიჩუმეში თბილად მოკალათდებით და წიგნს წაიკითხავთ.


ფანჯარასთან დასადგამი ტახტის ფერი ინტერიერის გამასა და სტილს შეუთავსეთ. ტრადიციული თეთრი ფერი მუდამ ელეგანტურად და მდიდრულად გამოიყურება. ნატურალური ხის ავეჯი "ქანთრი" სტილს მოუხდება. ლამაზი ტექსტილი - პლედი და ბალიშები კომფორტის აუცილებელი ატრიბუტებია. თქვენი ნებაა, რომელ სტილს აირჩევთ რომანტიკულს, გლამურულს, მოკრძალებულ-დახვეწილს, თუ თანამედროვეს.


ყველაზე მეტად ფანჯარასთან ჯდომა ბავშვებს უყვართ. ისინი ინტერესით აკვირდებიან ან წვიმის წვეთებს, ან თოვლს ფიფქებს. ზოგჯერ თოჯინურ თეატრს ან სამალავს აწყობენ. ასე რომ, ასეთი მყუდრო ტახტი თანჯარასთან საბავშვო ოთახშიც შეგიძლიათ მოაწყოთ. როცა საქმე ბავშვებს ეხება, კომფორტისა და სითბოს გარდა, უსაფრთხოების ზომებიც უნდა იყოს დაცული. უჯრებიანი ტახტში თეთრეულის შენახვა შეგიძლიათ, თაროებზე წიგნებისა და სათამაშოების, ხოლო, თუ ტახტთან ლამაზ ფარდებსაც ჩამოკიდებთ, თქვენს პრინცესას მყუდრო კუთხეს მოუწყობთ.


ფუნქციური და მოხერხებული დასასვენებელის მოწყობა სააბაზანოშიც შეგიძლიათ, დერეფანშიც და კიბეზეც. მთავარია, ტახტი თავისი ტექსტილით ოთახის ინტერიერს შეესაბამებოდეს.


რბილი ტახტი სამზარეულოში ოჯახის ყველა წევრის საყვარელ ადგილად გადაიქცევა. სადაც შეიძლება ყავის დალევა, ჟურნალების კითხვა, ან ქუჩაში მოთამაშე ბავშვებისთვის თვალყურის დევნა. ტახტის უჯრებში უამრავი ნივთის შენახვა შეიძლება. თავად უჯრები შეიძლება ან ვერტიკალურად აიხადოს, ან ჰორიზონტალურად გამოიღოს.
თუ საკმარისი ადგილი გაქვთ, მოსასვენებელი კუთხე კიბეზე მოაწყვეთ. აქ შეგიძლიათ ღია თაროები დაალაგოთ და ბიბლიოთეკა მოაწყოთ მათთვის, ვისაც წიგნის კითხვა ფანჯარასთან უყვარს.


იმედი გვაქვს, ფოტოების თვალიერებისას თქვენც გაგიჩნდათ უამრავი იდეა და ბინაში ან აგარაკზე ფანჯარასთან მყუდრო მოსასვენებელს მოიწყობთ, სადაც ან განმარტოებას შეძლებთ, ან ოჯახის წევრებთან ერთად კომფორტულად მოკალათდებით.

 

 

 

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები