"ჩვენი სახლი არის ჩვენი ანარეკლი, ამიტომ უნდა გვქონდეს ის, რაც მოგვწონს და როგორც ვიგრძნობთ კომფორტულად თავს" - ინტერიერის დიზაინერის საჭირო რჩევები

ინტერიერის დიზაინის შექმნა მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმეა. ამ დროს აუცილებელია ყველაფერი კარგად დაგეგმოთ და არ დატოვოთ ადგილი შეცდომებისთვის, რადგან შემდეგ წლების განმავლობაში მოგიწევთ ცხოვრება ამ სივრცეში. მაინც როგორ უნდა შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი ინტერიერი, რა დეტალებს მივაქციოთ ყურადღება რემონტამდე და რატომ არის მნიშვნელოვანი, ჩვენი საცხოვრებელი სახლის მოწყობა სპეციალისტებს ვანდოთ, ამ და სხვა საინტერესო საკითხზე არქიტექტორი, ინტერიერის დიზაინერი ნინო ყავლაშვილი გვესაუბრა.

- პროფესიით არქიტექტორი ვარ. როცა მეკითხებიან ჰობის შესახებ, ვპასუხობ რომ, ჩემი პროფესია არის ჩემი ცხოვრებაც და ჰობიც. ეს არის პროფესია, რომელიც
დროისა და ენერგიის 100%-ს მოითხოვს. მიტაცებს ორი რამ, ხატვა და მუსიკა და ეს ორიც ჩვენი პროფესიის განუყოფელი ნაწილია.

- როგორ მოხვდით ინტერიერის სფეროში?
- ინტერიერზე მუშაობა დავიწყე სწავლის დასრულებისთანავე. პროფესიით არქიტექტორი ვარ და ვთვლი, რომ შენობა ერთი ორგანიზმია. არ არსებობს ცალკე ექსტერიერი და შემდგომ ცალკე ინტერიერი. ექსტერიერიდან გამომდინარე მოდის ინსპირაცია ინტერიერზე. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ არქიტექტორებს განათლების ფართო არეალიდან გამომდინარე, გვაქვს სივრცის განსაკუთრებული ხედვა და უნარები, რაც მოგვცემს საშუალებას ინტერიერში დიზაინი იყოს როგორც ესთეტიური, ისე ტექნიკური მხარით გამართული.

- რა არის თქვენი პროფესიის ყველაზე დიდი აზარტი და ხიბლი?
- ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების ბედნიერებაა. ამაში ჩვენს პროფესიას უზარმაზარი როლი უკავია. არქიტექტურა, ინტერიერის დიზაინი, ეს არის სფეროები, რომლებიც ჩვენ გვაძლევს საშუალებას შევცვალოთ ადამიანების ცხოვრება და მასში დადებითი ემოციები შევიტანოთ. რენდერის ნახვისას დამკვეთი რომ გეუბნება, ზუსტად ის არის, რაც წარმომედგინა და იმაზე მეტიცო, ამაზე მეტი რა ხიბლი შეიძლება ჰქონდეს პროფესიას, ვერც კი წამომიდგენია. ყველაზე სასიამოვნო შენი ნააზრევის რეალობაში ხილვაა. უყურებ პროცესს, როგორ ხდება ფოტოში ასახული იდეა სინამდვილე, ადამიანების ცხოვრების ნაწილი.

- ინტერიერის დიზაინში სისტემატიურად იცვლება ტენდენციები. საქართველოში დღესდღეობით როგორი სტილი და დიზაინია მოდური?
- დღეს საქართველოში მეტად დომინირებს ნეოკლასიკური სტილი, რომელსაც ახასიათებს კედლის მოლდინგები, უხვი დეკორი, თუმცა არა ჭარბი რაოდენობით, ნათელი ფერები, ძირითადად ხავერდის ავეჯითა თუ ელემენტებით, სარკეებით და ა.შ. კვლავ აქტუალურია დამჯდარი ფერები და მინიმალისტური პრინტები. გარდა ამისა, აქტუალობას არც სკანდინავიური მინიმალიზმი და ინდუსტრიული სტილი კარგავს.

- ადამიანები ხშირად აზიარებენ საკუთარი სახლის ინტერიერის ფოტოებს სოციალურ ქსელში. ბოლო პერიოდში თითქოს ძალიან დაემსგავსა ბინები ერთმანეთს. ერთი სტილი, ფერები, დეკორაცია, ავეჯის განლაგება და ა.შ. როგორ ფიქრობთ, რა არის მიზეზი?
- ზოგადად ამაში გასაკვირი არაფერია. ადრეც ასე იყო, უბრალოდ დღეს ინტერნეტსივრცე გვაძლევს საშუალებას, რომ ეს სურათი ღიად დავინახოთ. ინტერიერის დიზაინიც ტანსაცმლის ინდუსტრიასავით ტენდენციურია. ადამიანები ყვებიან ტენდენციებს, მოდას. სწორედ ეს განაპირობებს სივრცეების მეტნაკლებად ერთ ხასიათს. ტანსაცმელშიც ხომ ასევეა, სერიული წარმოების მაღაზიები აწარმოებენ ცნობილი ბრენდების ანალოგ ან მსგავსს მოდელებს და შემდგომ ეს ყველაფერი გამოდის ქუჩაში. ასევეა აქაც, ჩვენს სფეროშიც. ადამიანები მიჰყვებიან ტენდენციებს, ეს ყოველთვის ასე იყო. სწორედ ამან განაპირობა სხვადასხვა სტილის სხვადასხვა ეპოქაში დომინირება. გარდა ამისა, მიზეზი ისიც არის, რომ ჩვენს ბაზარზე ხშირად მისაწვდომი ბიუჯეტის ფარგლებში რთულია განსხვავებული მასალის თუ მეთოდის (შესრულების ტექნიკის) პოვნა და ადამიანები მარტივი ინტერნეტ პლატფორმების დახმარებით ცდილობენ შეიქმნან მოკლე დროში და ბიუჯეტური დანახარჯებით ტრენდული ინტერიერი.

- როგორ მოიქცეს მოვახერხოთ, რომ ბინა განსხვავებული, ორიგინალური, დახვეწილი იყოს და სხვას არ ჰგავდეს?
- ბინის განსხვავებულობას თავად ადამიანები ქმნიან. არ უნდა დაივიწყონ საკუთარი ინდივიდუალიზმი და ნივთებიც სწორედ ამ ინდივიდუალიზმით უნდა აარჩიონ. ერთი და იგივე ტიპის თეთრკედლებიან სახლში იმდენივე განსხვავებული ინტერიერის მიღებაა შესაძლებელი, რამდენი ადამიანიცაა დედამიწაზე. ზოგადად სახლის გაინდივიდუალურებას სჭირდება დრო. ახალგარემონტებული სახლი თითქოს შაბლონურია, დროთა განმავლობაში კი იხვეწება, იძენს მესაკუთრეების ხასიათს აქსესუარების, მერე შეძენილი ნივთებისა თუ ცვლილებების შედეგად. ერთადერთი რასაც ვურჩევ ყველას, არის მაქსიმალური სითამამე და მოუსმინეთ საკუთარ თავს. ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების და სურვილების ასრულების, რაოდენ გიჟურადაც არ უნდა გეჩვენებოდეთ. სწორედ მსგავს რამეებში, რაც სიგიჟეებად შეიძლება მოგვეჩვენოს, იმალება ჩვენი ინდივიდუალიზმი. მოდა ის არის, რაც მოგვწონს და გვიხდება ჩვენ, იგივეა აქაც. ჩვენი სახლი არის ჩვენი ანარეკლი, ამიტომ უნდა გვქონდეს ის, რაც მოგვწონს და როგორც ვიგრძნობთ კომფორტულად თავს.
 აუცილებლად წინასწარ ჩამოწერეთ საჭიროებები, არ იჩქაროთ. ყველაზე მეტი დრო ამ საჭიროებებისა თუ სურვილების შეგროვებასა და გაფილტვრას დაუთმეთ. ეს გახდება ერთგვარი რუკა შემდგომი შესრულების დროს.

- თქვენ როგორი სტილს, ფერებს, განათებას ანიჭებთ უპირატესობას? რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია განათებას ინტერიერში?
- ჩემი სტილი ასაკთან ერთად შეიცვალა. სტუდენტობისას ინდუსტრიული სტილის მოტრფიალე ვიყავი (მუქი ფერები, უხეში ფაქტორები, ბეტონი და ა.შ.), რომელიც სახლზე უფრო სახელოსნოს მოაგაგონებდათ, ალბათ. შემდგომ ჭარბად მინიმალისტურ სტილს ვემხრობოდი. დღეს ჩემს იდეალურ გარემოს თბილისურ ბინაში ვხედავ, მაღალი ჭერით, თბილი ნეოკლასიციზმით გაჯერებულს, ბევრი წიგნითა და ნახატებით, მცენარეებით, რაც შეიძლება მეტი სინათლითა და ქართული, მეცხრამეტე საუკუნის თბილისური სტილის ფანჯარა-დარაბებით, ზუსტად ვიცი, ჩემი სახლი, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე აღარ გამოვიცვლი, ასეთი იქნება.
განათება ინტერიერში გადამწყვეტ როლს ასრულებს. განწყობას სწორედ ის ქმნის. ამიტომ მნიშვნელოვანია განათების სწორად შერჩევა იმის მიხედვით, თუ რა დროს ვატარებთ სახლში და დროის რომელ მონაკვეთში რა გვჭირდება. განათებას შეუძლია 180 გრადუსით შეცვალოს გარემოც და განწყობაც.

- თუ ბინა პატარაა, ასეთ დროს როგორ ვიქცევით? როგორ არის შესაძლებელი სივრცის მოგება?
- პირველი არ ვიქნები, ვინც იტყვის, რომ პატარა ბინებში მთავარი და აუცილებელი სივრცის რაციონალური გამოყენებაა. ზუსტად უნდა განისაზღვროს საჭიროებები, რომ ზედმეტ რაღაცებში არ დაიკარგოს სივრცე. სივრცის ვიზუალურად გაზრდისთვის აქაც მთავარ როლს განათება და სწორად შერჩეული დეკორი თამაშობს. ვერ ვიტყვი, რომ აუცილებელი მხოლოდ ნათელი ფერებია, უამრავი მაგალითი გვაქვს მუქ თუ აქცენტურ ფერებში იდეალურად გადაწყვეტილი პატარა ბინებისა, სადაც სივრცის დაკარგვის შეგრძნება საერთოდ არ რჩება.

- ალბათ ბევრს უნდა, რომ მისი ინტერიერი დიზაინერმა დაგეგმოს და განახორციელოს, თუმცა თანხის გამო თავს იკავებს. რეალურად რა ხდება ამ მხრივ, მართლა ასეთი ძვირი სიამოვნებაა დიზაინერის მომსახურება?
- ინტერიერის დიზაინი კომპლექსური პროფესიაა. ის მოიცავს პროცესს დიზაინიდან მის სრულად განხორციელებამდე. ავეჯი, მასალები, შესრულების მეთოდები, ტექნიკური მხარე, განათების სწორი დაგეგმვა, გათბობა და ა.შ. ვისაც რემონტი თავად გაუკეთებია, კარგად იცის ეს რას ნიშნავს. დიზაინერები სწორად ვეხმარებით ადამიანებს იდეებისა და სურვილების გაფილტვრაში, საჭიროებების გამოკვეთაში. ჩვენ ერთგვარი პირადი მენეჯერები ვხდებით გარკვეული დროის მანძილზე ამ ადამიანებისათვის. დიზაინერთან თანამშრომლობისას წარმოუდგენელია ისეთი შეცდომის დაშვება, რომელსაც მერე ინანებთ და იტყვით, ნეტა ასე გამეკეთებინა, შევცდიო. ყველაფერს ნახულობთ წინასწარ და ამასთან არგუმენტირებულად იგებთ რა რატომ გამოვა და რა ფასად, ან რატომ არ გამოვა. ღირებულება იზრდება სამუშაოს მოცულობის მიხედვით, გააჩნია რას ითხოვს დამკვეთი. მხოლოდ დიზაინის ამსახველ ფოტოებს, მასთან ერთად ტექნიკური ნაწილის დაგეგმვასა და ნახაზებს თუ უფრო მეტს, საავტორო ზედამხედველობას სარემონტო სამუშაოების დროს, რაც გულისხმობს ხელოსნებთან ურთიერთობას და იდეის ზუსტად განხორციელების კონტროლს, მასალების შერჩევას დამკვეთის ნაცვლად თუ დამკვეთთან ერთად, მოკლედ ყველა მიმდინარე პროცესში ჩართვას 0-დან გასაღების ჩაბარებამდე.

- და, ბოლოს, იქნებ ის ოქროს წესი გაუზიაროთ ჩვენს მკითველს, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ინტერიერის დაგეგმვამდე?
- ბინისა თუ ამა თუ სივრცის შეძენამდე, ყურადღება მიაქციეთ, რა გჭირდებათ და რისი მიღება გსურთ მისგან. მესმის, რომ შესაძლოა ინტერიერის დიზაინერის სრული სერვისით სარგებლობა ვერ შეძლოთ, თუმცა არ დაინანოთ სივრცის დაგეგმარებისთვის მიმართოთ სპეციალისტს. ბიუჯეტურ დანახარჯში მიიღებთ მნიშვნელოვან სამუშაოს, რომელიც დაგეხმარებათ სწორედ იმ გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც გჭირდებათ და რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ ინანებთ.

მერი ბლიაძე

კომენტარები

NINO 2021-09-16 13:11
მე ძალიან მომწონს იაპონური მინიმალიზმი. თუმცა ძვირადღირებული სიამოვნებაა, რადგან ეს ინტერირიერი გამორიცხავს მდფ-ის და ლამინატის ავეჯს. ავეჯი, დეკორი, ჭურჭელი. ტექსტილი და სხვა ეკოლოგიურად სუფთა და მაღალი ხარისხის მასალისგან უნდა იყოს.....

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები