„მოარგეთ ინტერიერი თქვენს ხასიათს... მნიშვნელოვანია, რაც მართლა მოგწონთ და არა ის, რაც მოდურია...“ - ინტერიერის დიზაინერის საინტერესო პროექტები და რჩევები მკითხველს

დოდოშკა ჩხეიძის ნამუშევრებმა უკვე დიდი ხანია მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. განათლებით თეატრის მხატვარს ბევრი შთამბეჭდავი და წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული დიზაინის არაერთ სფეროში, იქნება ეს მუსიკალური ფესტივალების, მოდის კვირეულების, პარკების გაფორმება, ინსტალაციები ვიტრინებისათვის თუ საცხოვრებელი და საჯარო სივრცეების ინტერიერის დიზაინი. მისი შემოქმედება ინდივიდუალიზმით გამოირჩევა - ხშირად მის სახასიათო ნამუშევრებს ზღაპრულ სამყაროს ადარებენ.

- ჩემი პირველი შეხება ხელოვნებასთან ფოტოგრაფიით დაიწყო. სწორედ მაშინ აღმოვაჩინე, რომ გულდასმით ვაკვირდებოდი კომპოზიციას, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდი დეტალებს, საგნებს, რეკვიზიტებს. ფოტოს გადაღების დროს მივხვდი, რომ თავადაც მინდოდა კომპოზიციების შექმნა,
თვითონაც შევძლებდი მის აწყობას. არ ვიცი, ალბათ, ეს სხვა ფოტოგრაფებსაც სჩვევიათ, და როდესაც ხელში არ მეჭირა აპარატი, თვალით მაინც განუწყვეტლივ ვიღებდი ფოტოს, ისევ ვაყენებდი კადრს და ეს ჩვევა წლების განმავლობაში გამყვა. ამჟამად ფოტოგრაფიას დავანებე თავი, გადაღებებსაც ჩამოვცილდი და ეს ჩვევაც გამინელდა, სამაგიეროდ, როდესაც ნივთებს ვუყურებ, ყოველთვის ვაკვირდები - სულ მინდა, რაღაც გადავანაცვლო, ჩემებურად გავასწორო ან ფერი შევუცვალო. ჩემთვის ეს პროცესი ძალიან საინტერესოა, მუდმივი მუშაობაა, რომელშიც სულ ჩართული ვარ, რომც ვისვენებდე, ტვინი და თვალი მაინც მუშაობს.


- როგორც ვიცი, თეატრის მხატვარი ხართ. როგორ განვითარდა თქვენი შემოქმედებითი ბიოგრაფია?

- ყველაზე მეტად ყოველთვის თეატრის მხატვრობა მაინტერესებდა, რაზეც ჩავაბარე კიდეც თავის დროზე. თეატრში უზარმაზარი და ჩემთვის საინტერესო სამყარო გადაიშალა, თავისი კოსტიუმებით, დეკორაციებით და ა.შ. ალბათ თეატრის დამსახურებაა, რომ დღესაც ჩემი გონება დეკორატიული მიმართულებით აზროვნებს. მუშაობა სტუდენტობიდან დავიწყე მხატვრად სპექტაკლებსა და ფილმებზე, მაგრამ ყველაზე დიდხანს სარეკლამო რგოლებზე ვიმუშავე. შემდგომ, რაღაც ეტაპზე ჩავთვალე, რომ ჩემი სათქმელი უკვე ვთქვი ამ სფეროში და დიზაინის სხვადასხვა მიმართულებით დავინტერესდი: შევქმენი შოურუმების დიზაინი, ინსტალაციები ვიტრინების გასაფორმებლად, ვიმუშავე მოდის კვირეულებსა და მუსიკალურ ფესტივალებზე, ინტერიერის დიზაინმაც გამიტაცა. მას შემდეგ, რაც ჩემს დასთან ერთად ჩვენი კომპანია ჩამოვაყალიბე, გადაღებებს ჩამოვშორდი, მაგრამ ჩემი საქმიანობა მრავალი მიმართულებით გაიშალა. ცოტა ხნის წინ პროდუქტის დიზაინის განხრითაც დავიწყეთ მუშაობა. პირველი, რითაც დავინტერესდით, ფარდაგების ქსოვაა. ძველი ტრადიციული მეთოდით ნაქსოვი ფარდაგები გავათანამედროვეთ, გვინდა, რომ არ დაიკარგოს ეს კულტურა. ამჟამად ავეჯზეც ვიწყებთ მუშაობას და ნელ-ნელა გვინდა შევქმნათ და წარმოვადგინოთ ჩვენი საავტორო პროდუქცია.

- ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანი პროექტი იყო თქვენთვის ყვავილების გასაყიდი პავილიონი ორბელიანის მოედანზე...

- ჩემი პირველი არქიტექტურული ნამუშევარი იყო და ძალიან საპასუხისმგებლო, რადგან მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტია, თბილისის კოლორიტულ უბანში. მიხარია, რომ მენდნენ და პროექტი წარმატებით განხორციელდა, რასაც საზოგადოების დადებითი გამოხმაურება ადასტურებს.

- კიდევ რომელ პროექტს გამოარჩევთ?

- გულწრფელად, ძალიან მიყვარს მთვარე, რომელიც ახალ წელს მრგვალ ბაღში უცებ ინთება ხოლმე, ზღაპრული განწყობის შესაქმნელად. გამოითქვა სურვილი, რომ ის მუდმივად დარჩენილიყო, თუმცა ჩემი ჩანაფიქრი სხვაგვარია და ვფიქრობ, უფრო ეფექტურია, ასე უცებ ამოვიდეს ხოლმე და მერე გაქრეს, ჯადოსნური, ზღაპრული ელფერი რომ არ დაკარგოს. მთვარე და კიდევ ნათურებიანი გული იყო ჩემთვის საყვარელი პროექტი - დიდი ინსტალაცია "გალერეა თბილისის" ვიტრინაში. ზოგადად გულები ბავშვობიდან მიყვარს და ვაგროვებდი კიდეც, ხან ღრუბლებში ვხედავდი, ხან სად და ხან სად, ამიტომ სულ მინდა ობიექტად ვაქციო. შესაბამისად, ვალენტინობას ძალიან მოუხდა და დიდი და მანათობელი გული გავაკეთე.


- რა არის ხოლმე თქვენი შთაგონების წყარო?

- რამდენჯერაც ამ თემაზე დავფიქრებულვარ, ყოველთვის ბავშვობა მახსენდება - ძალიან მიყვარდა დედას ოთახში მისი ნივთების თვალიერება, ვიხსენებ იმდროინდელ ზღაპრულ, ემოციურ და საინტერესო ეპიზოდებს. განუწყვეტლივ ვუსმენდი სხვადასხვა მიმდინარეობის მუსიკას, რასაც ნამდვილად მივიჩნევ ჩემი შთაგონების წყაროდ, რადგან ყველა მიმდინარეობას თავისი განწყობა მოაქვს, რაც ძალიან მოქმედებს ჩემზე. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მოგზაურობა და სხვადასხვა მასალის, ფერის, ფორმისა და არქიტექტურის თვალიერება. სამუშაო განწყობას მიქმნის ამინდიც, მზე, ბუნება, ყველაფერი მოქმედებს შთაგონებაზე, იდეებზე და არსებული ინფორმაცია ერთად ინსპირაციის წყაროდ იქცევა.



- როგორც ვიცი, საკუთარი სახლის დიზაინიც თავად შექმენით, ხომ ვერ გაიხსენებთ პროცესს?

- ყველაფერი სახლის ყიდვით დაიწყო, სანახავად რომ მივედი, სულ რაღაც ორ წუთში გადავწყვიტე მისი შეძენა. ზოგადად მიყვარს ძველი სახლები, თავისი განუმეორებელი აურით, დიდი ფანჯრებით. ამ შემთხვევაში ხედით მოვიხიბლე, ფანჯრიდან მოჩანდა ულამაზესი ეკლესიის გუმბათები, ქალაქში ჩემი საყვარელი ობიექტი ანძა, რომელსაც ყოველთვის ნებისმიერი რაკურსიდან ვეძებ ხოლმე. მომეწონა მაღალი ჭერი, ხის იატაკი, მაღალი კარები და ყიდვის გადაწყვეტილებაც სწრაფად მივიღე. დღემდე მომწონს ეს ყოველივე და არაჩვეულებრივი შეგრძნებაა, როდესაც ცხოვრობ გარემოში, რომელიც სიამოვნებას განიჭებს.


სახლის დიზაინზე მუშაობისას ბევრი არ მიფიქრია ფერებზე, რადგან ყოველთვის ვიცოდი, რომ თეთრ სახლში მინდოდა ცხოვრება, უბრალოდ ფერები უნდა შემეტანა სხვადასხვა ნივთითა თუ დეკორით და ავეჯით. თეთრად შევღებე კედლები, ჭერი და შემდეგ შევიტანე ფერების ისეთი კომბინაციები, რომლებიც ძალიან მიყვარს: ვარდისფერი, ცისფერი, წითელი და მწვანე, რეალურად ალბათ უფრო ფერადი სახლია. ფერის ფსიქოლოგიას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, ამის გამო საძინებელში მწვანე ხავერდის ფარდები მაქვს, რადგან მშვიდი ფერია და თან ხედს უხდება.

საკუთარ სახლზე მუშაობა კომფორტულია, რადგან ზუსტად იცი რა გინდა და ყველაფერს საკუთარ შეგრძნებებსა და ემოციებზე ამყარებ. როდესაც სხვას უკეთებ დიზაინს, პროცესი რთულდება.


- რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის დამკვეთთან ურთიერთობა?

- უმნიშვნელოვანესია, რადგან პირდაპირ კავშირშია შედეგთან. მიხარია, თუკი ვხვდები, რომ მე და დამკვეთი ერთ რელსებზე ვდგავართ, ერთნაირი გემოვნება გვაქვს, ან თუნდაც ნდობაა ჩემ მიმართ, ამგვარი დამოკიდებულება ძალიან კომფორტულია და შედეგიც კარგი გამოდის. ხოლო თუ ზედმეტი ჩარევა ხდება, შემდეგ იწყება კომპრომისები და დათმობები, რაც ნაკლებად სასიამოვნოა დიზაინერისათვის, თუმცა, რასაკვირველია, დამკვეთის აზრსა და შეხედულებებს აუცილებლად ვითვალისწინებ.

- რა არის პრიორიტეტული სახლის ინტერიერის დაგეგმვისას და რა ნაკლებად?

- საკუთარ სახლზე მუშაობის დროს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მნიშვნელოვანია გამართული დაგეგმარება, იმისათვის, რომ კომფორტულად იცხოვრო. აგრეთვე ფუნქციური დატვირთვა, აღარაფერს ვამბობ ესთეტიკურზე. ზოგადად ყველაფერს თანაბარ მნიშვნელობას ვანიჭებ, ვერ ვიტყვი, რომ რაღაც ნაკლებად პრიორიტეტული შეიძლება იყოს. კარგია, თუკი ყველა ოთახში გვაქვს ფანჯარა, ვსაუბრობ განიავებაზე, ბუნებრივ განათებასა და ინსოლაცაზე.



- საინტერესოდ იყენებთ განათებას, როგორც ბუნებრივს, ასევე ხელოვნურს, - თქვენი აზრით, რა მნიშვნელობა აქვს განათებას ინტერიერში?

- ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როდესაც ახალ სივრცეში შევდივარ, პირველ რიგში ყოველთვის განათებას ვაკვირდები, ჯერ ბუნებრივის შესაძლებლობებს ვაანალიზებ და შემდგომ ხელოვნურის დახმარებაზე ვფიქრობ.

- როგორც აღნიშნეთ, მნიშვნელოვანია ფერთა ფსიქოლოგია, ტენდენციურ ფერებს თუ იყენებთ?



- არსებულ ტენდენციებს დიდად არ ვაკვირდები და ვფიქრობ, რომ კონკრეტულ ადგილს ან კონკრეტულ სივრცეს თავისი ფერი აქვს და ნაკლებ მნიშვნელოვანია, ამ დროს რა არის მოდური. ზოგადად, როდესაც რაღაც ინფორმაციას იღებ, ალბათ თავისთავად გინდა, რომ გამოიყენო, მაგრამ არსებული ტენდენციები წამყვანი არასოდეს არის ჩემთვის და რასაც ათი წლის წინ ვიყენებდი, შეიძლება ახლაც ისევ ის გამოვიყენო, იმავე სიმოვნებითა და ინტერესით.

- თქვენი ნამუშევრები ინდივიდუალური ხელწერით გამოირჩევა, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ რომელიმე კონკრეტულ სტილს განეკუთვნება, რომელ სტილს ანიჭებთ უპირატესობას?

- ბევრი სტილი მომწონს, მაგალითად, მინიმალიზმი, მაგრამ ყველაზე მეტად ალბათ მაინც ეკლექტიკა. როდესაც ვმუშაობ ინტერიერზე, უფრო ხშირად სხვადასხვა სტილს ვიყენებ ერთდროულად, ბევრნაირი სტილის შერწყმა მიყვარს, რაც ძალიან რთულია, მაგრამ საინტერესო და ჩემთვის სასურველ ეფექტს იძლევა. გარდა ამისა, მიყვარს ძველისა და ახლის გაერთიანება, შეიძლება ერთსა და იმავე ინტერიერში გამოვიყენო ანტიკვარიც და ულტრათანამედროვე ნივთები ან ტექნიკა.



- თუ იყენებთ გამწვანებას სახლის ინტერიერში?

- რასაკვირველია და დარწმუნებული ვარ, რომ უდიდეს საქმეს აკეთებს. რაც ბუნებრივია, რასაც ბუნებაში ვხედავთ და გვსიამოვნებს, იქნება ეს მზე, სიმწვანე თუ სხვა რამ, რაც შეიძლება მეტად უნდა შევიტანოთ სახლის ინტერიერში.

- რომელ მასალებს ანიჭებთ უპირატესობას?

- დიდ ყურადღებას არ ვაქცევ ხოლმე მოდურ ტენდენციებს, მაგრამ ბოლო დროს საკმაოდ ტენდენციურია ინტერიერში ბუნებრივი მასალების გამოყენება, რასაც გულწრფელად მივესალმები. გარდა იმისა, რომ ეს მასალები ეკოლოგიურად სუფთაა, თვითონ ესთეტიკაც მომწონს: ხის, ქვის, ყველა ბუნებრივი მასალის. მართალია ტექნოლოგიები იმდენად წინ წავიდა, რომ ხშირად ხელოვნური მასალებიც ძალიან კარგად გამოიყურება ინტერიერში, მაგრამ შეგრძნების დონეზე და ქვეცნობიერად მაინც ბუნებრივი მასალები მუშაობს დადებითად და ბევრი ღირსება აქვს.



- საინტერესოდ და ეფექტურად იყენებთ სარკეებს... როგორ შეიძლება პატარა ფართის ათვისება და გაზრდა?

- ძალიან მომწონს ინტერიერში სარკე, მისი მრავალმხრივი ეფექტის გამო. ჯერ ერთი, სივრცეს ადიდებს, შემდგომ განათებას აორმაგებს და თან ეს შეიძლება გააკეთოს ისე, ვერც მივხვდეთ, რომ სარკესთან გვაქვს საქმე და უცბად ძალიან დიდ სივრცეში აღმოვჩნდეთ. სარკის ეს რაღაც `ჯადოსნური~ შესაძლებლობები მხიბლავს და ხშირად ვიყენებ კიდეც სხვადასხვა ფორმით.

რაც შეეხება პატარა სივრცეს, თეთრი უნდა გამოვიყენოთ, რადგან ირეკლავს შუქს და ალბათ პირველია, რაც შეიძლება გააკეთო სივრცის ვიზუალურად გაზრდისთვის. რა თქმა უნდა, ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, ფორმასაც, პროპორციებსაც, კომპოზიციის განლაგებასაც და რაც მთავარია, სივრცის ათვისებას პოზიტიურად.

- რა შეგიძლიათ ურჩიოთ მკითხველს, თუკი თავად ცდილობს სახლის ინტერიერზე მუშაობას?



- ვურჩევ, რომ მაქსიმალურად მოარგოს ინტერიერი თავის ხასიათს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია გააკეთო ის, რაც გულწრფელად მოგწონს და არა ის, რაც მოდურია და შეიძლება საერთოდ არ ეხებოდეს შენს შინაგან ხასიათსა და განწყობას. გარდა ამისა, ვურჩევ, მაქსიმალურად დიდი დოზით გამოიყენონ ბუნებრივი განათება. თუკი სტანდარტულ ბინებზეა საუბარი, კედლისთვის ღია ფერები შეარჩიონ, და თუკი ფერადოვნება ხიბლავთ, შეიტანონ დეკორით, ავეჯით, რომელიც გულდასმით უნდა შეირჩეს, რომ ერთმანეთს უხდებოდეს.

ზოგადად მიმაჩნია, რომ კარგია, თუკი დიზაინერი მუშაობს ინტერიერზე. იმდენი დეტალია გასათვალისწინებელი, რომ ყველაფერს ვერ შევეხებით რჩევის სახით. თან ყოველივე კონკრეტულ მოცემულობაზეა დამოკიდებული და ბევრი რამ მუშაობის პროცესში იკვეთება.

თეა იაკობაშვილი

კომენტარები

სოფიო 2021-10-04 12:47
მომწონს მისი სტილი. ყველა დეტალში არ ვეთანხმები, მაგრამ არც არის აუცილებელი, რადგან დეტალები ინდივიდუალური უნდა იყოს. ,თავარია, ზოგადად, მისი სტილი ესთეტიური და პრაქტიკულია. ფერების მრავალფეროვნება ძალიან მომწონს. მასიურად გავრცელებულ ბეჟსა და ნაცრისფერს რომ არ იყენებს, ძალიან მომწონს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები