ფანჯრის ტრადიციული გაფორმება გულისხმობს სქელი და თხელი ფარდის წყვილს, მაგრამ ეს ერთადერთი ვარიანტი არ არის.
ვისაც მობეზრდა თავისი ოდნავ შელახული ფარდა ან სურს ინტერიერს უფრო ორიგინალური იერი მიანიჭოს, ვთავაზობთ რამდენიმე ალტერნატიულ ვარიანტს.
ფარდები ნელ-ნელა გადადის მოდიდან და ადგილს გაფორმების სხვა სახეებს უთმობს. ზოგიერთი დიასახლისი კი უფრო კარდინალურ გადაწყვეტილებას იღებს და ფანჯარას საერთოდ ცარიელს ტოვებს სკანდინავიური სტილის მაგალითზე. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავადაც ასე უნდა მოიქცეთ. ტრენდები ხომ იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე ჩვენ რემონტს ვაკეთებთ. თუ მოგწონთ ფარდები, არავითარ შემთხვევაში თქვათ
თუ მაინც გადაწყვიტეთ ფარდებზე უარის თქმა, შემოგთავაზებთ მისი ჩანაცვლების ალტერნატიულ გზებს:
დარაბები
გასაკვირია, თუმცა ფაქტია, რომ დარაბა, რომელიც არავის ახსოვდა, ხელახლა დაიბადა და თავიდან იწყებს სიცოცხლეს. უფრო მეტიც, დარაბამ ფასადიდან სახლში გადაინაცვლა და შესანიშნავად ალამაზებს ინტერიერს. შიდა დარაბებს, რომელიც ახლა პოპულარობის პიკზეა, შატერსებს უწოდებენ. თანამედროვე ინტერიერის გაფორმების დროს ხშირად მოგხვდებათ თვალში დარაბა-ჟალუზი, რომელიც ხმელთაშუა ზღვის ინტერიერთან ასოცირდება. შატერსები ძირითადად ჰორიზონტალური ფორმის გახლავთ და ხის ფერი. დარაბა ფარდის ნაცვლად საკმაოდ თამამი და ორიგინალური გადაწყვეტილებაა. ეს იდეალური ვარიანტია ალერგიების დროს, კარგად ფანტავს შუქს, მოსავლელად არის ძალიან მარტივი და კარგად ინარჩუნებს სითბოს და იცავს ხმაურისგან.
ჟალუზი
ჟალუზი ძალიან ბევრი ადამიანისთვის პლასტმასთან და ოფისთან ასოცირდება. არადა, თანამედროვე ვარიანტები ბევრად დახვეწილი და ეფექტურია, ამიტომ, არც არის გასაკვირი, რომ ჟალუზმა ოფისიდან სახლში გადაინაცვლა.
თუ გადაწყვეტთ, რომ ფარდა ჟალუზით უნდა ჩაანაცვლოთ, ყურადღება მიაქციეთ ბამბუკის, მეტალის, ხის ჰორიზონტალურ მოდელებს. დღის განმავლობაში, თუ მზე არ ანათებს და შუქი არ შემოდის, ჟალუზი შეგიძლიათ ასწიოთ და ის პრაქტიკულად უხილავი გახადოთ.
ჟალუზის მთავარი პლუსი მისი უნივერსალობაა, ის ერთნაირად კარგად და ეფექტურად გამოიყურება როგორც მისაღებში, ისე სამზარეულოსა და საძინებელში.
რულონური ფარდა
რატომ რულონური ფარდა? დავიწყოთ იმით, რომ ის ბევრად ბიუჯეტურია, ვიდრე დარაბა ან ჟალუზი. გარდა ამისა, ის შესანიშნავად ასრულებს თავის ფუნქციას, არანაკლებ, ვიდრე სხვა ვარიანტები. მით უმეტეს, რულონური ფარდების ძალიან დიდი არჩევანია და ამ მხრივ მათი შერჩევაც უფრო გაგიადვილდებათ. ამასთან, არის ძალიან გამძლე და პრაქტიკული.
იაპონური პანელი
ნაკლებად ცნობილია, თუმცა სხვა ვარიანტებს არაფრით ჩამოუვარდება. ის მზადდება ქსოვილისგან. არის ძალიან მსუბუქი და ჰაეროვანი. კონსტრუქცია წარმოადგენს ვერტიკალურ ქსოვილს, რომელიც სპეციალური კარნიზის საშუალებით მოძრაობს ჰორიზონტალურად.
ვიტრაჟი და ფერადი შუშა
ფანჯრის გაფორმების უჩვეულო და ორიგინალური ვარიანტია ასევე ფერადი შუშა. როგორც წესი ის უფრო მუზეუმებში, სხვადასხვა შენობებში გვხვდება, საცხოვრებელ სახლებში - ნაკლებად. თანამედროვე დიზაინი კი მშვენივრად იყენებს ამ სახის გაფორმებს სახლის ინტერიერში და შედეგიც საკმაოდ შთამბეჭდავია. ის შეიძლება გაკეთდეს როგორც აბაზანაში, ისე საძინებელში ან ნებისმიერ სხვა ოთახში. თუ მინების შეცვლა არ შეგიძლიათ, ალტერნატივად სპეციალური, წებოვანი ფირები უნდა გამოიყენოთ, რომლებიც მინებზე იდეალურად წებდება.