ფერადი დეკორი და თეთრი კედლები - ესპანური სახლების სიმყუდროვის საიდუმლოება


ესპანელებს სახლების გაფორმებასა და მოწყობასთან დაკავშირებით განსაკუთრებული მიდგომები აქვთ.
მათი ინტერიერის თავისებურება ძველისა და ახლის ჰარმონიული შერწყმაა. ძალიან უყვართ მკვეთრი, კაშკაშა დეტალები და ამავდროულად სისადავე, თანამედროვე სტილი, თუმცა არც ეთნიკურობას ივიწყებენ. კლასიკურ სტილში გაფორმებული ესპანური სახლი გულისხმობს დიდ, პანორამულ ფანჯრებს, მასიურ ხის ავეჯს, კერამიკულ ფილებს, მოხატულ კედლებსა და ჭედურ სანათებს.

სახლის მოსაპირკეთებლად, როგორც წესი, იყენებენ ბუნებრივ, ეკოლოგიურად სუფთა მასალებს - ხე, კორპი, ქვა, გრანიტი და ა.შ.

გაფორმების დროს ყველაფერი მაინც საცხოვრებელი სახლის ფართზეა დამოკიდებული. თანამედროვე სახლები ძირითადად მინიმალისტურ სტილშია მოწყობილი,
მაგრამ ესპანური ხასიათი მაინც შენარჩუნებული, რაც გამოიხატება მაგალითად მობათქაშებულ კედლებში. ასეთი კედლები ესპანელებს ძალიან მოსწონთ და უყვართ.
რაც შეეხება ფერს, ამ შემთხვევაში კონსერვატიულები არიან, ძირითადი ფერებია თეთრი ან ღია, პასტელის ფერები. თვლიან, რომ ეს სიმყუდროვის მთავარი საწინდარია.

დიდი ზომის ფანჯრები უმეტესად ხის არის. მის გასაფორმებლად არ იყენებენ მძიმე ფარდებს. თვლიან, რომ ფარდის გარეშე სივრცე ბევრად ჰაეროვანი და მსუბუქია, ასევე მყუდრო. მზისგან დასაცავად დარაბებს იყენებენ, რაც ძალიან უხდება მინიმალისტურ ინტერიერს, თუმცა უარს არ ჟალუზებზე ამბობენ.
ესპანურ სახლებში შეხვდებით ასევე ძალიან ბევრ ნიშას, სადაც აკეთებენ თაროებს ან კარადებს. ძალიან უყვართ თაროებზე დეკორატიული ნივთების განთავსება.

კედლებზე, ოთახებში ან ნახატებია განთავსებული ან გობელენი. შესასვლელში კი მასიური სარკე.
ძალიან უყვართ ესპანელებს დეკორატიული ნივთები, ბალიშები, სხვადასხვა აქსესუარები. უფროსი თაობა სახლის გაფორმების დროს კლასიკურ სტილს ანიჭებს უპირატესობას, ახალგაზრდობა კი უფრო მინიმალიზმისკენ იხრება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები