ილიას ვენეციური ჭაღი, გალაკტიონის კალამი, მერაბ კოსტავას საბეჭდი მანქანა - უნიკალური ნივთები თბილისის მუზეუმებიდან

თბილისის მუნიციპალური მუზეუმების გაერთიანება 2016 წლის 5 აგვისტოს დაფუძნდა. ეს 9 დამოუკიდებელი მუზეუმის (ილია ჭავჭავაძის, ზაქარია ფალიაშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის, გალაკტიონ ტაბიძის, ვახტანგ ჭაბუკიანის, მერაბ კოსტავას და კოტე და სოსო წერეთლების) ერთიანი ინსტიტუციაა. გაერთიანებაში შემავალი მუზეუმების უმრავლესობა მრავალი წელია არსებობს და ქართული კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დამცველია. ამ გაერთიანებაზე, მის მიზნებზე, მუზეუმებში არსებულ პრობლემებზე, უნიკალურ ნივთებზე და სიახლეებზე გვესაუბრება თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორი ნინი სანადირაძე:

- თანამედროვე მსოფლიოში მუზეუმების მისია ძალიან დიდია, დღეისათვის მუზეუმების ფუნქცია არ არის მხოლოდ კულტურული

მემკვიდრეობის ობიექტების შენახვა და დაცვა, არამედ ეს არის კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა. ნებისმიერ მუზეუმში ის უნიკალური მასალაა დაცული, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისთვის, ისე საგანმანათლებლო მნიშვნელობითაც. როგორ მუშაობდა დღემდე მუზეუმები, ან ახლა როგორ მუშაობენ, ეს სრულიად სხვა საკითხია, მაგრამ მუზეუმების გაერთიანების მისია გარდა ნივთების შენახვისა და დაცულობისა, საინფორმაციო სტრატეგიაზეა დაფუძნებული. მუზეუმებში დაცული ნებისმიერი ნივთი, მიუხედავად მისი მატერიალური ფასეულობისა, გახდეს ის მნიშვნელოვანი რესურსი, რომელიც თავის წვლილს შეიტანს საგანმანათლებლო საქმიანობაში, ამასთანავე როგორც ქვეყნის, ასევე კულტურის წინ წაწევაში. მუზეუმში დაცული ნივთები მხოლოდ იმ ადამიანის ისტორია კი არ არის, ვისაც ეკუთვნოდა, არამედ იმ ეპოქის და სფეროს ისტორიაა, როგორც კულტურის მთელი მიმართულების, ასევე ხელოვნების სხვადასხვა დარგის. მხოლოდ ნივთების კარგად დაცულობა აღარ არის თანამედროვე მუზეუმებში მნიშვნელოვანი. თანამედროვე მუზეუმში მნიშვნელოვანია დიალოგი დამთვალიერებელსა და მუზეუმის ნებისმიერ ექსპონატს შორის. მთავარია ის ძირითადი მახასიათებელი, რომლის მეშვეობითაც ადამიანები არა მარტო უნდა მოვიზიდოთ, არამედ ვასწავლოთ... ნებისმიერი ნივთი შეიძლება გახადო უნიკალური მისი ისტორიის მიხედვით.
მუზეუმების გაერთიანებას ბევრი წინააღმდგეობა დახვდა, ცვლილებები ხშირად მტკივნეულია, ხშირად რთულად მიმდინარეობს, მაგრამ ბევრი კარგი ამბავიც გვაქვს. მუზეუმებში თავმოყრილია უზარმაზარი და უძვირფასესი კოლექცია. ხშირად ისმის მცდარი მოსაზრება, რომ მუზეუმების გაერთიანება ფონდებისა და კოლექციების გაერთიანებასაც გულისხმობს, მაგრამ უნდა განვმარტო - მუზეუმების გაერთიანება მხოლოდ სტრუქტურული გაერთიანებაა და არც ერთი ნივთი არ გადაადგილდება, არც ერთი ფონდიდან.


- ახსენეთ, რომ მუზეუმში დაცული ნივთები იმ ეპოქას ასახავს...
- დიახ... ნებისმიერი მუზეუმი თუ ფონდი ეპოქის კონტექსტია და ნათლად გამოხატავს ამა თუ იმ მნიშვნელოვანი ფაქტის სურათს, ნათლად აჩვენებს გარემოებებსაც, რომელთა დაკავშირება და საზოგადოებამდე მიტანაა მნიშვნელოვანი. მაგალითად, ნიკოლოზ ბარათაშვილის მუზეუმში დგას როიალი, რომელიც არ არის ნიკოლოზ ბარათაშვილის პირადი როიალი. თუმცა ძალიან საინტერესოა, როგორც ფაქტი, აჩვენებს და ყვება თბილისის მუსიკალური ცხოვრების ისტორიას.

როიალი ზ ს 

 

ზაქარია ფალიაშვილის მუზეუმში კი კომპოზიტორის პირადი როიალია დაცული. ცნობილია, რომ როიალი შეძენილია თბილისში რუსთაველის, ანუ მაშინდელი გოლოვინის პროსპექტზე. ერთის მხრივ ფაქტი გვიყვება ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრების და შემოქმედების გზას, და მეორეს მხრივ სრულად ასახავს იმ პერიოდის თბილისის სოციალურ-ეკონომიკურ კონტექსტს - იმდროინდელ თბილისში მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზია არსებობდა...
თოჯინების მუზეუმში დაცულია არა მარტო თოჯინები, არამედ 1937-1950 წლების ექსპედიციის მასალები. ქალბატონი თინა თუმანიშვილი თავის გუნდთან ერთად დადიოდა რეგიონებში და ქართული ხალხური თამაშების ისტორიებს აგროვებდა. ასეა გაერთიანებაში შემავალი მუზეუმების ყველა ფონდსა და კოლექციაში. მერაბ კოსტავას მუზეუმში მთელი ეროვნული მოძრაობის ისტორიაა შემონახული. კოტე და სოსო წერეთლების მუზეუში დაცულია სოსო წერეთლის ნახატების სრული კოლექცია, ასევე მათი საგვარეულო ჭურჭელი და ავეჯი და კოტე წერეთლის სამეცნიერო არქივი.
ილია ჭავჭძავაძის სახლ-მუზეუმში სრულადაა შენახული ილია ჭავაჭავაძის ცხოვრების და მოღვაწეობის მასალა, პირადი ნივთები, მემორიალური ექსპონატები, ავეჯი, საარქივო მასალა და სხვა. ხვა უამრავ ნივთთან ერთად არის ძალიან საინტერესო, ვენეციური მინის ქარხნული წესით დამზადებული ცისფერი ჭაღი. გადმოცემის მიხედვით ცნობილია, რომ ილია ჭავჭავაძე სოფელ ქსოვრისში ქსოვრისელი თავადის მიხეილ რატიშვილის და სონა ჯავახიშვილის ქორწილს დასწრებია და ჭაღი საჩუქრად მიურთმევია. ჭაღი მოპოვებულია 1979 წელს ჩატარებული ექსპედიციის დროს მცხეთაში, მუზეუმის დირექტორის მზია ნადირაძის ხელმძღვანელობით.


16 მარტს ზაქარია ფალიაშვილის მუზეუმში გავხსენით დიდი გამოფენა. ოპერა "ლატავრას" 90 წლის იუბილეა და გამოფენილია დღემდე გამოუფენელი ვანო ასკურავას "ლატავრას" ესკიზები - პირველად გამოიფინა, მთელი ამ წლების განმავლობაში ფონდში იყო დაცული... ვემზადებით ახალი პროექტისთვის ზაქარია ფალიაშვილის მუზეუმში, როგორიცაა ჰიმნი... ცოტა ხნის წინ გვქონდა დიდი პრეზენტაცია. პირველი არხის დოკუმენტური ფილმების სტუდიასთან ერთად შეიქმნა არაჩვეულებრივი ფილმი ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრებაზე.

 

ასევე იხილეთ: სახლი, სადაც დაიწერა ზაქარია ფალიაშვილის უკვდავი ოპერები


ძალიან ბევრი გეგმაა ცხრავე მუზეუმში: ვემზადებით ვახტანგ ჭაბუკიანის მოგონებების გამოსაცემად, კოტე წერეთლის სამეცნიერო კონფერენციისთვის, რომელიც შემოდგომაზე გაიმართება. გვექნება სოსო წერეთლის დღიურების გამოფენა. 26 მაისს მერაბ კოსტავას დაბადების დღეს აუცილებლად გამოფენით აღვნიშნავთ. ნიკოლოზ ბარათაშვილის ორასი წლისთავი გვსურს აღვნიშნოთ, წელს ილია ჭავჭავაძის წელია...
რაც შეეხება იმ მემკვიდრეობას, რომელიც თბილისის მუზეუმების გაერთიანებას დახვდა, ნამდვილად არაა მსუბუქი. მუზეუმების უმრავლესობაში დარღვეულია საქართველოს სამუზეუმო ფასეულობათა აღრიცხვისა და დაცვის წესები, ჯერ კიდევ მიმდინარეობს კოლექციათა ინვენტარიზაციის კომისიების მუშაობა. დგინდება კოლექციათა ზუსტი რაოდენობა და კოლექციათა მდგომარეობა. ყველა მუზეუმში ჯერ კიდევ არ დასრულებულა კომისიათა მუშაობაDდა ინვენტარიზაცია... ყველაზე მძიმე ვითარებაა ჯერჯერობით ნიკოლოზ ბარათაშვილის მუზეუმში, სადაც ნივთების დანაკლისი გვაქვს, ასევე დარღვეულია კოლექციების გადმობარებისა და დადგენილი წესით აღიცხვის, შენახვისა და უსაფრთხოების წესი. შესაბამისი ორგანოები იკვლევენ და იმედია, დაადგენენ რა, როგორ მოხდა... გარდა საგანგაშო ვითარებისა, გვაქვს სანტერესო აღმოჩენებიც - როდესაც ფონდებში დიდი ხნის წინათ შენახულმა მასალამ დღის სინათლე იხილა და დამთვალიერებლისთვის გამოიფინა.


მაშ ასე, რამდენიმე უნიკალური ნივთი თბილისის მუზეუმებიდან


ილია ჭავჭავაძის ვენეციური ჭაღი


ვენეციური მინის ქარხნული წესით დამზადებული ცისფერი ჭაღი მრავალკუთხოვანი ფორმის, მრავალკუთხედები სხვადასხვა ზომისაა. ვიწრო ოთხკუთხედებზე ორიგინალური ორნამენტებია ამობურცული, ხოლო განიერზე - წრიული ფორმის ყვავილი, დატოტვილი ფოთლებით – ოდნავ ამობურცული. ახლავს ლითონის ნაწილები, ჩუქურთმებით ამოჭრილი, რომელიც მაგრდება თავსა და ბოლოში მოვიწროვებულ წრიულ ფორმაზე. აგრეთვე ჯაჭვი ჩამოსაკიდებლად. მცხეთის რაიონის ქსოვრისში მცხოვრები ბ. პაპაშვილის მოგონების მიხედვით, ქსოვრისელი თავადის მიხეილ რატიშვილის და სონა ჯავახიშვილის ქორწილს დასწრებია ილია ჭავჭავაძე და ჭაღი საჩუქრად მიურთმევია. ჭაღი მოპოვებულია 1979 წელს ჩატარებული ექსპედიციის დროს მცხეთაში მუზეუმის დირექტორის მზია ნადირაძის ხელმძღვანელობით.

ნახეთ კიდევ მეტი ფოტო და იმოგზაურეთ ილიას სახლ-მუზეუმში


დაირა და ჭედური სტილით შესრულებული წიგნი ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმიდან:

დაირა სადაფით გაწყობილი, კიდეებზე ჩამოკიდებული სპარსული "მონეტებით" შეძენილია მოქ. ბ. ალიხოვისგან.
მაშინდელი თბილისის პირველი საზანდარი იყო ვინმე ალავერდა, რომელიც შესანიშნავად უკრავდა სალამურზე, ჩონგურსა და თარზე. ქეთევან ორბელიანი შენიშნავს: "ალ. ჭავჭავაძის ლექსებს მღეროდა თათარი ალავერდა და მოდიოდა ჭავჭავაძის სახლში". სათარას გარეშე ნ. ბარათაშვილი ქეიფს არ იხდიდა. ი. მეუნარგია იგონებს: "სათარა პირველი მომღერალი იყო მისი დროისა, ბარათაშვილი მისი პირველი თაყვანისმცემელი. დიმიტრი ვეზირიშვილისგან გამიგონია, რომ პოეტს ქართლში სადღაც ეკლესიის კარზე დაუწერია ამ მომღერლის ქება". ტატოს უმცროსი დის, ბარბარე ვეზირიშვილის თქმით: "ბარათაანთ სახლში ჰქონდათ სხვადასხვა საკრავები: დაირა, დიპლიპიტო ჭიანური, თარი, სანთური. ნიკომ არ იცოდა დაკვრა, მაგრამ სიმღერა და მუსიკა ძალიან უყვარდა".


ჭედური სტილით შესრულებული წიგნი: "ნიკოლოზ ბარათაშვილი". იშვიათი ბიბლიოგრაფიული გამოცემა, რომელიც ნიკოლოზ ბარათაშვილის 150 წლის საიუბილეოდ გამოიცა. მხატვარი - ლადო გრიგოლია, თხზულებათა ტექსტი დადგენილია პავლე ინგოროყვას მიერ.

გალაკტიონ ტაბიძის კალამი
შავი ხის კალამი, მოხატულია ყვითელი, აბლაბუდისებური ხაზებით, ბოლოში გაწვრილებულია, აქვს რკინის წვერი, რომელიც მოსახსნელია და მაგრდება კალმის ღრუში. კალამი გადმოცემულია ჭყვიშის გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმის მიერ თბილისის გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმის გახსნასთან დაკავშირებით.


ვახტანგ ჭაბუკიანის სასცენო კოსტიუმი ბალეტიდან "წითელი ყაყაჩო"


ბალეტი "წითელი ყაყაჩო" დაიდგა ლენინგრადის კიროვის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრში 1930 წელს. ჭაბუკიანმა შეასრულა ფენიქსის პარტია. მხატვარ ბორის ერბშტეინის მიერ შექმნილი კოსტიუმი შთამბეჭდავია - ლამაზად გაფორმებულ ძვირფას ქსოვილზე გამოსახულია ფენიქსის ფიგურა და იგი ალეგორიულად გამოხატავს სპექტაკლის ძირითად იდეას.


მერაბ კოსტავას საბეჭდი მანქანა Mercedes Prima

1977 წლის 7 აპრილს მერაბ კოსტავა საბჭოთა უშიშროების სამსახურმა ხელმეორედ დააპატიმრა ანტისაბჭოთა აგიტაციისა და პროპაგანდის ბრალდებით. მერაბ კოსტავას სახლში ჩატარებულ ჩხრეკას სასწაულებრივად გადაურჩა მისი საბეჭდი მანქანა... 1934 წელს გერმანული საბეჭდი მანქანების ქარხნის მიერ გამოშვებულ ამ მოდელს გარდა თავისი იშვიათობისა, საინტერესო ისტორიაც გააჩნია - სწორედ ეს "მერსედეს პრიმა" გახლდათ მიზეზი იმისა, რომ ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 70 წლებიდან მოყოლებული თბილისში "მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის" ანტისაბჭოთა თვითგამოცემის ზუსტი ასლები იბეჭდებოდა და შემდეგ საიდუმლოდ ვრცელდებოდა. საბჭოთა უშიშროების სისტემა მკაცრად აკონტროლებდა და ყოველმხრივ ეწინააღმდეგებოდა თავისუფალი პრესის იატაკქვეშა თვითგამოცემის გავრცელებას.

მიუხედავად ასეთი მკაცრი კონტროლისა, ქართველი დისიდენტები მაინც ახერხებდნენ ფოტოფირზე აღბეჭდილი იატაქვეშა თვითგამოცემების ახალი ეგზემპლარების მოსკოვიდან თბილისში ჩამოტანას. გამადიდებელი შუშის დახმარებით ხდებოდა ფირიდან ტექსტის ქაღალდზე გადატანა, ხოლო შემდგომ საბეჭდი მანქანის საშუალებით მისი აკრეფა და აკინძვა.

ციხის წერილები



მხატვრის ოჯახი
ფერწერული ტილო, 1982 წ. სოსო წერეთლის სადიპლომო ნაშრომი. ნახატი დაცულია მისი სახელობის მუზეუმში. სურათზე გამოსახულია მხატვარი, რომელიც ზის სკამზე. ერთი ხელის სკამის საზურგეზე აქვს ჩამოკიდებული, ხოლო მეორე ხელის იდაყვით მაგიდაზეა დაყრდნობილი. ქალი ზის მხატვრის გვერდით და კალთაში ბავშვი უზის. ნამუშევარი საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ მხატვარს პოზირებას უწევდნენ სოსოს მეგობარი, "თვითმფრინავის ბიჭების" ერთ-ერთი წევრი დათო მიქაბერიძე და აღმოსავლეთმცოდნე მარიკა ჩაჩიბაია. ნახატი შესრულებულია ზეთის საღებავებით.


1983 წლის 18 ნოემბერს მომხდარმა ტრაგედიამ შეიწირა როგორც ახალგაზრდა ბიჭების, ასევე სხვა ადამიანების სიცოცხლე, რაც საქართველოს მოსახლეობისთვის მძიმედ მოსაგონარ ისტორიად დარჩა. მასზე დღემდე გრძელდება მსჯელობა და კამათი. ამ ტრაგედიაში მონაწილე ახალგაზრდები ე.წ. თვითმფრინავის ბიჭები ერთ სამეგობრო წრეს წარმოადგენდნენ. ზოგიერთ მათგანთან სოსო წერეთელს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდა.


თოჯინა "მარინე" 
მოძრავი მექანიკური თოჯინა ამოძრავებს თავს, ხელებს, ფეხებს, თვალებს, უშვებს ბუშტებს. სავარაუდოდ თოჯნის მექანიზმად მეოცე საუკუნეში პოპულარული გერმანული წარმოშობის თოჯინაა გამოყენებული. თოჯინა დამზადდა თინათინ თუმანიშვილის დაკვეთით და ზედამხედველობით. თოჯინის ხასიათი და მოძრაობები საოცრად ერწყმის ერთმანეთს და ქმნის ცელქი ონავარი გოგოს ხასიათს. Mმარინე თოჯინების მუზეუმის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი ექსპონატია.

 

tbilisimuseumsunion.ge

მანანა გაბრიჭიძე

(ფოტოების ავტორები ზვიად როსტიაშვილი და ლუკა ქიტუაშვილი)

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები