ვინ ცხოვრობდა ფირუზისფერ სახლში - ორი შენობა თბილისსა და ბორჯომში, რომლებიც საოცარ ისტორიას ინახავენ


1892 MIRZA RIZA KHAN - ასეთ წარწერას საქართველოში მხოლოდ ორი ძველი სახლის გარე ფასადზე ნახავთ. ერთ-ერთი ცნობილი სანატორიუმი „ფირუზაა“, რომელიც ბორჯომში მდებარეობს და გამვლელ-გამომვლელს თავისი სილამაზით დღესაც თვალს ჭრის. თვალს ჭრის - პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან სპარსული სტილით ნაშენები სახლის აივნის ჭერი, თვლებითა და სარკეებითაა მოპირკეთებული, მათზე არეკლილი მზის სხივები ულამაზეს ათინათებს წარმოქმნის.

მეორე სახლი, თბილისის ერთ ძველ უბანში, ჭონქაძის ქუჩაზე დგას. არც ეს სახლი გახლავთ ჩვეულებრივი. თვალის ერთი შევლებითაც შეამჩნევთ სპარსული სტილის ელემენტებს და როგორც კი სადარბაზოში შედგამთ ფეხს, მაშინვე შეგიპყრობთ

იდუმალი განცდა. სადარბაზო უჩვეულო, ოვალური ფორმისაა და განსაკუთრებით მისი ჭერი იქცევს ყურადღებას. ლამაზად ამოჭრილი, მოჩუქურთმებული თაღიდან მზის სხივები აღწევს და სწორედ ეს ქმნის იდუმალ განწყობას.

სახლის გვერდით ქვის თაღია, რომელიც სახლის მსგავსად, სპარსული სტილითაა ნაშენები. თაღზე და სახლზე ერთი და იგივე ადამიანის სახელია ამოტვიფრული - დანიშ მირზა რიზა ხანი.

ბორჯომის "ფირუზა"

სწორედ ეს ადამიანი აკავშირებს ამ ორ სახლს ერთმანეთთან. ბორჯომის ცნობილი „ფირუზა“ მისი დასასვენებელი იყო, ხოლო ჭონქაძის სახლი - სპარსეთის საკონსულო, სადაც სპარსეთის ელჩი, მირზა ხანი მუშაობდა და ცხოვრობდა.

მას თბილისში კარგი სახელი ჰქონდა გავარდნილი. ვერ ნახავდით ადამიანს, რომელიც მასზე ცუდს იტყოდა. მირზა მეტად კეთილშობილი, პატიოსანი და ჰუმანური კაცი ყოფილა და გაჭირვებულებსაც ხშირად ეხმარებოდა. საქართველოში კი ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე გაცილებით ადრე მოხვდა. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა თბილისში რუსულის სასწავლებლად ჩამოვიდა.

მირზა ხანი



პანსიონში, სადაც მირზა ხანი ცხოვრობდა და სწავლობდა, რუსულის გაკვეთილებზე პატარა ბიჭი - ვანო ალიხანოვი დადიოდა. მას ყოველ ჯერზე კანფეტები მოჰქონდა და თავის მეგობრებს უნაწილებდა. მათ შორის, მირზასაც. ერთხელ, როდესაც მირზას კანფეტი მისცა, ერთმა გოგონამ, რომელიც ასევე ქალბატონ სტასიულევიჩის მოსწავლე იყო და რატომღაც ანტიპათიურად იყო განწყობილი მირზას მიმართ, ვანოს უსაყვედურა: „შეიძლება თათრისთვის კანფეტების მიცემა?“

პატარა ვანო გოგონას მიუბრუნდა და უპასუხა: „როგორ არ მივცე მას კანფეტები? ოდესმე ის ელჩი გახდება და თბილისში იცხოვრებს. მერე თავის სახლში გადაიხდის შაჰის დაბადების დღეს, ფეიერვერკებს მოაწყობს და ტკბილეულით გამიმასპინძლდება“.

გავიდა 20 წელი. მირზა ხანი კვლავ დაბრუნდა თბილისში, მაგრამ ამჯერად შაჰის ბრძანებით. ის ჯერ თბილისის გენერალური საკონსულოს მდივანი იყო, მოგვიანებით კი კონსულის თანამდებობა მიენიჭა. როდესაც მან პირველად დააპირა აღენიშნა შაჰის დაბადების დღე, პატარა ვანოს სიტყვები გაახსენდა. მოაწყო ბრწყინვალე წვეულება, მსახურებს ვანო ალიხანოვი მოაძებნინა და სახლში მიიწვია. ისინი ერთად უყურებდნენ აივნიდან ფეიერვერკებს და ტკბილეულს მიირთმევდნენ. სწორედ ამ მომენტში გაუმხილა მირზამ ვანოს თავისი ვინაობა და ის სიტყვებიც გაახსენა, რომელიც სასწაულებრივად აუხდა.



ამ შენობაში, რომელიც ახლა ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლია, მირზა ხანი წვეულებებს აწყობდა, სადაც იმდროინდელი ელიტა იყრიდა თავს. მისი ცხოვრება საბედისწერო მოვლენებით იყო აღსავსე. ერთხელ, საკონსულოში, სადაც ცხოვრობდა კიდეც, გვიან დაბრუნდა და შესასვლელში, იატაკზე გაშხლართული თავისი შიკრიკი - მამად ალი დაინახას. მირზამ მისი იქ ყოფნის მიზეზი მსახურს ჰკითხა და გაიგო, რომ მამად ალის ცოლთან უჩხუბია და სახლიდან წამოსულა. მის ლოდინში სკამზე ჩასძინებია და იატაკზე ჩამოცურებულა. მირზა ხანი გაბრაზდა და მისი გაღვიძება დააპირა, მაგრამ ჰუმანურობამ სიბრაზეს სძლია და გადაიფიქრა. გარეთ ყინავდა და გასაგდებად შეეცოდა.

მირზა თავის ოთახში ავიდა დასაძინებლად და კარი გასაღებით შიგნიდან ჩაკეტა. ძილში ცუდად გახდა. თავის ძლიერმა ტკივილმა წამიერად გამოაღვიძა, მაგრამ ფეხზე ადგომა ვერ შეძლო. მხოლოდ ერთხელ წამოიყვირა და გონება დაკარგა.

ბორჯომის "ფირუზა"



როდესაც გონს მოვიდა, უკვე დილა იყო. მირზა თავისი სახლის ბაღში იწვა და თავთან მამედ-ალი ედგა. როგორც აღმოჩნდა, მსახურს ღუმლის მილი ადრე გადაუკეტავს და გამონაბოლქვი მირზას ოთახში დაგროვილა. ბედზე მისი ყვირილი მამედ ალიმ გაიგო, კარი წიხლით შეამტვრია და გადაარჩინა. მირზამ გააცნობიერა, მამედ ალი ღამით სახლიდან რომ გამეგდო, ახლა მკვდარი ვიქნებოდიო...

ერთხელ, ქუჩაში, საშინელ სიცხეში მუშა დაინახა, რომელიც თაკარა მზეზე, მშენებლობაზე მუშაობდა. მირზა დაინტერესდა, რამდენს იღებ დღეშიო, ბიჭმა უპასუხა - ხუთ კაპიკს მიხდიანო. თურმე ამ ფულს სწავლისთვის აგროვებდა. მირზამ მას ყოველთვიური ხელფასი დაუნიშნა, სანამ სწავლას დაამთავრებდა...

ბორჯომის "ფირუზა"

ეს საოცარი თავგადასავლები მირზა ხანმა თავის მემუარებში აღწერა და წიგნადაც გამოსცა.

თბილისში ბევრი ძველი, უნიკალური შენობაა და ყველას თავისი, განსაკუთრებული ისტორია აქვს. ჩვენ კი ხშირად ისე ჩავუვლით, ვერც კი ვამჩნევთ. არ ვუკვირდებით დეტალებს, რომლებშიც წარსული იმალება...

თეა ინასარიძე

კომენტარები

ირმა 2022-01-19 19:36
გამოეცით ასეთი უნიკალური ისტორიული შენობების (თბილისის მაშტაბით) წიგნი თავისი ანოტაციებით.უდაოდ სასიკეთოდ წაადგება თბილისელებს და არამარტო.
ირა 2022-01-19 15:36
ეს სანატორიუმი ბორჯომში ნამდვილად არის, პარკის შესასვლელთან, ფირუზა კი სხვაა ისიც ლამაზია ცოტა ქვემოთ არის.
მაია 2020-06-07 01:55
პირველ ფოტოზეც ბორჯომია
natela 2017-04-15 02:50
esaa sanatoriumi FIRYZA [kofili} kalak borjomshi
natela 2017-04-15 02:49
am suratebze gamosaxulia borjomshi arsebuli kofili sanatoriumi :FIRYZA"danarcheni teksti agarc mainteresebs albat isetive simartlea, rogors suratebi gdaamaocmet da ise dabechdeyt

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები