ქართველი მხატვრის მიერ შექმნილი უნიკალური ჭადრაკი ოქროთი და ალმასებით

"ძირითადი მასალაა ვერცხლი, აღმოსავლეთის მხარეს უფრო მოოქროვილია, პატარა ალმასებიც არის, რადგან ვიფიქრე, რომ მეფესაც და დედოფალსაც შეეფერებოდათ ბრილიანტი, ალმასი... დაფა მარმარილოა შავი და თეთრი"... - მხატვარი ია გიგოშვილი თავის მიერ შექმნილ განსაცვიფრებელ ჭადრაკზე გვიამბობს, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო ოსტატების მიერ შექმნილ შედევრებს არაფრით ჩამოუვარდება. ამ საოცარი ნამუშევრის შესახებ მსახიობ ნიკა თავაძის ფეისბუქ-სტატუსიდან შევიტყვეთ. სწორედ მან ამცნო საზოგადოებას, რომ მისმა დამ და ცნობილი მსახიობის - იზა გიგოშვილის ქალიშვილმა იამ მართლაც უნიკალური ნამუშევარი შექმნა...

- ამ ჭადრაკის შექმნა უცხოელი დამკვეთის იდეა გახლდათ... სიმართლე

გითხრათ, მე ჭადრაკსაც არ ვთამაშობ და არასოდეს არანაირი კავშირი ამ სფეროსთან არ მქონია. დამკვეთს ჩემი ნამუშევრები მოსწონდა და ჩათვალა, რომ შემეძლო ამოცანა კარგად შემესრულებინა. როდესაც დამიკვეთა, პირველ რიგში ესკიზები, ჩანახატები გავაკეთე, პლასტელინით შევასრულე და ვაჩვენე. საბედნიეროდ, ძალიან მოეწონა... რადგან მხატვრის შესრულებულია, სრულიად განსხვავებულია. თავიდანვე ასე ჩავთვალე, რომ რადგან მე დამიკვეთა, სრულიად განსაკუთრებული უნდა შემექმნა. ნებისმიერი მხატვარი, ვინც კი ამ საქმეს ხელს მოკიდებს, თავისებურად შექმნის, ჩემი იდეა კი იყო "ვეფხისტყაოსნის" მოტივებიც ყოფილიყო... გამოფენასაც ასე დავარქვი - "თამარის მზითვები" (დაახლოებით ორი წლის წინ მქონდა გამოფენა)... საქართველოში მოგეხსენებათ ტრადიცია გვქონდა, ქალს მზითევში "ვეფხისტყაოსანს" და ჭადრაკს ატანდნენ. ამაში იყო რაღაც სიბრძნე ჩვენი წინაპრების, რადგანაც ჭადრაკი ცხოვრებისეული თამაშია - სტრატეგიას, მოთმინებას და ბევრ რამეს გვასწავლის. "ვეფხისტყაოსანი" კი ყველამ ვიცით, რასაც წარმოადგენს. ვთვლი, რომ ძალიან საინტერესო ტრადიცია გვქონდა და კარგი იქნებოდა მისი აღორძინება... ჩემს მიერ შექმნილი ჭადრაკი უფრო შუა საუკუნეების სტილშია შესრულებული. იდეა მქონდა, ერთი ნაწილი ფიგურების ყოფილიყო დასავლეთის და მეორე აღმოსავლეთის. საუკუნეების მანძილზე ასეა, რომ დასავლეთი და აღმოსავლეთი ერთმანეთს ებრძვის...

- საქართველოს დასავლეთს და აღმოსავლეთს გულისხმობთ?
- საქართველოსაც და საერთოდ ზოგადად აღმოსავლეთი და დასავლეთი მუდმივად დაპირისპირებულია. ისტორიულად ვიცით სამწუხაროდ ომებიც რომ ყოფილა... გადავწყვიტე, რომ აღმოსავლეთის დედოფალი ყოფილიყო ახალგაზრდა (ნახევარმთვარე რომ აქვს თავზე) და მეფე მოხუცებული, ბრძენი... რატომღაც ჩავთვალე, რომ აღმოსავლეთს მოხუცებული, ბრძენი მეფე უფრო შეეფერება. დასავლეთის დედოფალს აქვს ნიღაბი ხელში, რადგანაც ის ყოველთვის თამაშობს და თავის ნამდვილ სახეს მალავს. უფრო დიპლომატიური სახის დედოფალია. მეფე კი ახალგაზრდა და ჯან-ღონით სავსეა.
მუშაობის პროცესში მეც დიდი სიამოვნება მივიღე... საერთოდ დაკვეთა მხატვრებისთვის მოსაწყენი სამუშაოა, მაგრამ რადგანაც დამკვეთისგან სრული თავისუფლება მქონდა, ძალიან საინტერესო სამუშაო იყო!


- რა მასალა გამოიყენეთ?
- ძირითადი მასალაა ვერცხლი, აღმოსავლეთის მხარეს უფრო მოოქროვილია, პატარა ალმასებიც არის, რადგან ვიფიქრე, რომ მეფესაც და დედოფალსაც შეეფერებოდათ - ბრილიანტი, ალმასი... დაფა მარმარილოა, შავი და თეთრი. მქონდა ჩანაფიქრი, სპილოს ძვალი გამომეყენებინა, მაგრამ აკრძალული ყოფილა. ძალიან ბევრი სპილო გაანადგურეს მასალის გამო და სპილო უკვე თითქმის წითელ წიგნშია შეტანილი! აფრიკის ქვეყნებში აკრძალეს სპილოს მოკვლა და მე ვთვლი, რომ ეს ძალიან მისასალმებელი ნაბიჯია! მაგიდაც განსხვავებულად არის შესრულებული. თითო ფეხი სხვადასხვანაირი აქვს - კაკალი, წაბლი და ძვირფასი ხის მასალებია გამოყენებული. სათითაოდ ყველა ფიგურას თავის უჯრა, კოლოფივით აქვს, რომელიც ტყავით არის დაფარული.


- ასეთ ძვირფას ნამუშევართან განშორება არ გაგიჭირდათ?
- რასაკვირველია, ძალიან გამიჭირდა! თუმცა დამკვეთისგან თანხმობა მაქვს, რომ გამეორება ყოველთვის შემიძლია! ვაპირებ გავაკეთო, რადგან პატარა შვილიშვილი მყავს გოგონა. მინდა, რომ მას ბებიასგან სახსოვრად ჰქონდეს რაღაც და ჭადრაკი მზითვად წაიღოს...
მე დამიკავშირდა დავით გურგენიძე, რომელმაც თავისი ავტორობით შექმნილ ჭადრაკის შესახებ წიგნში ჩემი ნამუშევრის ფოტოებიც შეიტანა. 
არსებობს უცხოური წიგნი, რომელიც ჭადრაკის ფიგურებს მიეძღვნა. საუკეთესო შედევრებია შეტანილი იმ ოსტატების მიერ შექმნილი, რომლებმაც ისტორიული ფიგურები შეასრულეს... ძალიან მერიდება ამის თქმა, მაგრამ ჩემს მიერ შექმნილი ჭადრაკი იმ ნამუშევრებს არაფრით ჩამოუვარდება.

ია გიგოშვილის გრაფიკა

მანანა გაბრიჭიძე

კომენტარები

ლია ქარაბაკი 2017-06-06 22:54
მართლაც არაჩვეულებრივია. წარმატებები
თბილისელი 2017-06-03 23:42
საინტერესო ნამუშევარია კარგი გადაწყვეტით.
ნინიკო მორბედაძე 2017-05-31 21:53
ია !. ნამდვილად შედევრი შეჰქმენი!!! აუცილებლად გაიმეორე :)
ia gigoshvili 2017-05-29 15:29
დიდი მადლობა !

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები