სახლში მხოლოდ კომფორტისა და სიმყუდროვე არ კმარა. თუ საცხოვრებელს დადებითი მუხტი არ გააჩნია და მასში სასიკეთო აურა არ ტრიალებს, ვერც მისი ბინადრები აღივსებიან დადებითი ენერგიით და ვერც ბედნიერებას იპოვნიან ასეთ სახლში. როგორ მოვიზიდოთ ჩვენს სახლებში ბარაქა და კეთილდღეობა, როგორ ავიცილოთ უარყოფითი ენერგია და საერთოდ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ სახლში ბედნიერების მოსაპოვებლად, ამის შესახებ ასტროლოგ მიხეილ ცაგარელს ვესაუბრეთ.
- ზრუნვა სახლის ადგილმდებარეობიდანვე იწყება. ადამიანის პირად ასტროლოგიურ რუკაზე კარგად ჩანს, თუ რომელი ზონაა მისთვის დადებითი და უარყოფითი ჯანმრთელობისთვის, კარიერისთვის და ასე შემდეგ... პირველ რიგში უნდა შეირჩეს ის ადგილი, სადაც წარმატების მეტი შანსი აქვს! უნდა დადგინდეს, ადრე ამ სახლის ადგილას ხომ არ იყო სასაფლაო, ჭაობი და ასე შემდეგ... ხომ არ არის ის ზონა გეოპათოგენური,
თუ თქვენი საცხოვრებელი კორპუსი ხუთსართულიანია და ცხრასართუულიან შენობებს შორის არის მოქცეული, ჩათვალეთ რომ დაღუპული ხართ! კარიერაში წინ ვეღარ წახვალთ, დღე და ღამეც რომ იმუშაოთ! დიდი მნიშვნელობა, აქვს რომელ მხარეს არის შემოსასვლელი კარები და რა ფერით არის შეღებილი! ზოგის წარმატების ფერი წითელია, ზოგის ლურჯი და ასე შემდეგ... თუ ვერ ღებავთ, მაშინ არსებობს სიმბოლოები. ეს არის არა მხოლოდ ჩინური სიმბოლოები, არამედ რაც ჩვენც კარგად ვიცით - ნალის სიმბოლო, ლომის თავი, ასეთი ატრიბუტები უამრავია...
სარკე
დიდი მნიშვნელობა აქვს თუ სად მდებარეობს სარკე... თუ შესასვლელის პირდაპირ მხარეს არის, ეს ძალიან ცუდია! სარკე იქედან მთელ თქვენს იღბალს გაიტანს!ძალიან უყვართ აბაზანაში ოთხივე მხრიდან სარკეები, რაც კატეგორიულად დაუშვებელია! გვქონდა ასეთი შემთხვევა და ადამიანს დაეწყო წნევები, გულის არითმიები, თავს იმდენად საშინლად გრძნობდა, საავადმყოფოშიც კი მოხვდა... მას ჩვენი დაჟინებული თხოვნით აბაზანაში ყველა სარკე მოვახსნევინეთ და მხოლოდ ერთ მხარეს დავტოვეთ. ეს ადამიანი გაბედნიერდა... ეს ხომ პატარა დეტალია მაგრამ სერიოზული მნიშვნელობა აქვს! სარკეს ძალიან მაგიური ძალა აქვს და ოთხი მხრიდან არაფრით არ შეიძლება დაიდგას! ვერცერთი არქიტექტორი ამას ვერ გირჩევთ, რადგან არ იცის!
დადებითი ველი
შემდეგი დეტალია თქვენი სახლის გეომაგნიტური ველი. საქართველოშიც იყო ჩვენებური ფენ-შუის პრინციპები ოდითგანვე. როდესაც ახალ სახლს ააშენებდნენ, პირველად ძაღლი შედიოდა და მასპინძელი აკვირდებოდა. ძაღლი სადაც დაწვებოდა, იქ იყო დადებითი აურა. დაკვირვება რამდენიმე დღეს ხდებოდა და რომელ ოთახშიც ძაღლს მოსწონდა ყოფნა, იქ საძინებელს ათავსებდნენ და ასე შემდეგ... რუსები უფრო კატებს იყენებდნენ. კატას სადაც მოსწონდა, იქ უფრო უარყოფითი ენერგია იყო და კატის მიხედვით იგებდნენ ამას!
თუ სახლში ადრე უბედურება მოხდა
თუ თქვენს სახლში ადრე ვინმე ცხოვრობდა, კარგად უნდა გაირკვეს, ვინ იყო იგი რამდენად იღბლიანი... ძალიან ცუდია, თუ იმ სახლში უბედურება მოხდა, რადგან სახლში უარყოფითი ენერგიაა! პირდაპირ რომ ვთქვათ, სახლში სიკვდილის ენერგიაა... იქ ზუსტად უნდა დადგინდეს, სახლის რომელი ზონაა სასიკვდილო, და მოხდეს იმ ადგილების ნეიტრალიზაცია! ადამიანი ფაქტიურად დღე და ღამე სასიკვდილო ენერგიაში ტრიალებს და გამოყენებული უნდა იქნას ის მეთოდები, რომლებიც ჩვენ ვიცით - გამოლოცვა, მღვდელმა რომ აკურთხოს ბინა, ადამიანმა რომ დაიაროს ბინა და გაწმინდოს აურა ჩინური ზარების მეშვეობით... ზარის ხმის ძალიან ეშინია უარყოფით ენერგიას! არსებობს გამანეიტრალებელი ქვები, მინერალები, სპეციალური ატრიბუტები...
საძინებელი
საძინებელში ზოგს ნიშა აქვს და იმის ქვეშ სძინავს. ეს ყოვლად დაუშვებელია, ადამიანი აუცილებლად უიღბლო იქნება და ვერც მიხვდება მიზეზსს! ნიშის ქვეშ ყველაზე მეტი უაყოფითი ენერგია გროვდება... არაფრით არ შეიძლება საძინებელში მეტალის გაჩერება... ერთ-ერთ ჩვენს ცნობილ რეჟისორს ტრენაჟორები ედგა და სანამდე არ გავატანინეთ, ვერაფრით იძინებდა. მეტალის ენერგია ძილს ძალიან აფრთხობდა... მნიშვნელობა აქვს საძინებლის ფერსაც.
ბავშვების საძინებელში ძალიან კარგია სალათის ფერი. უფროსების საძინებლისთვის კარგია ცისფერი ტონი, კრემისფერიც, ოღონდ არ უნდა იყოს ძალიან ჭუჭყიანი კრემისფერი. თეთრიც ნეიტალური ფერია, არაფერს აფუჭებს, მაგრამ განსაკუთრებულს ვერაფერს მოგიტანთ... ვენერასაც აქვს თავის ფერები: თუ გინდათ სიყვარულმა იბუდოს, ცისფერ-ლურჯი ტონები აუცილებლად უნდა იყოს თქვენს საძინებელში! დიდი მნიშვნელობა აქვს თუ რა ქვას ატარებთ. ძალიან ხშირად ამ სამკაულებს საძინებელ ოთახში ინახავენ და ეს ძალიან ცუდია! ქვა ასტროლოგიურად არ არის შერჩეული და ის ქვა რომ საძინებელში დაიდება, ძალიან ცუდ ენერგიას აფრქვევს!
სახლის მოწყობა
ვინც ოჯახში ყველაზე იღბლიანია და ან ოჯახის უფროსია, იმის მიხედვით აწყობენ ოთახებს... ზოგჯერ ოჯახში იღბლიანებიც არიან, კარიერაც აქვთ, კარგი შემოსავალიც, მაგრამ ბავშვი არ ჰყავთ. ამ დროს ირკვევა, რომ ამ ადამიანების საძინებელი გეოპათოგენურ ზონაშია. ან იქედან სხვა ოთახში გადადიან, ან დამცავი ატრიბუტების მთელი ჯგუფი დგება... მათ შორის ერთ-ერთი დამცავი არის სპილოს ქანდაკება, რომელიც ინდოეთში და ჩინეთში გამრავლების უმთავრესი სიმბოლოა!
როდესაც ბავშვის კაბინეტის მოწყობა გვინდა, აქ უნდა გავითვალისწინოთ რომ ტვინის მუშაობას შესანიშნავად ასტიმულირებს ნარინჯისფერი. ტვინის მთავარი მმართველი პლანეტა მერკურია და შესაბამისად მერკური ნარინჯისფერ ტონს გვაძლევს...
სამზარეულო
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საკვებ წერტილს! სწორად უნდა იყოს შერჩეული ადგილი და ფერი. არ უნდა იყოს ისეთი ფერი, რომელიც მადას ახშობს! არც ისეთი გვარგებს, რომელიც მადას აცხოველებს! ძალიან წითელი ფერი აცოფებს და ადამიანი ვერ ხვდება, სულ რატომ შია! უკეთესია - ვარდისფერი, სალათის ფერი, და ღია ტონები... კუჭს კირჩხიბი მართავს და მისი ფერია მწვანე, რომელიც ძალიან კარგად უწყობს ხელს საკვების გადამუშავებას! ტვინი მთლიანად გამორთული უნდა იყოს
და კუჭმა მშვიდ ვითარებაში გადაამუშაოს საკვები!
არ შეიძლება ტელევიზორის წინ ჭამა, ლაპარაკი და პოლიტიკაზე პოლემიკა ჭამის დროს! თუ ადამიანს ჭამის დროს ეძინება, ეს ნიშნავს რომ არასწორად მიირთვა... ძალიან კარგად და დიდხანს უნდა ვღეჭოთ! შემოქმედმა ჩვენ მოგვცა გარკვეული რაოდენობის ჰაერი და საკვები! რაც უფრო სწრაფად ამოვწურავთ ჰაერს და საკვებს, მით უფრო ნაკლები დრო გვრჩება ამ სამყაროში... რაც უფრო დიდხანს გავაგრძელებთ, მით უფრო დიდხანს ვიცოცხლებთ!
მანანა გაბრიჭიძე
კომენტარები