"სოთბის" აუქციონზე 100 ათასად გაყიდული ქართველი მთავრის ასულის ყელსაბამი - როგორ მოხვდა ის ევროპაში


ქართული ხელოვნების ნიმუშები იშვიათად, თუმცა მაინც ხვდება უცხოეთის აუქციონებზე. ერთ-ერთი მათგანი ქარტველი მთავრის ასულის სოფიო ნაკაშიძე-დადიანის ძვირფასი თვლებით შემკული და მინანქრით გაფორმებული ყელსაბამი გახლავთ.

ის სამი წლის წინ სოთბის აუქციონზე 74 000 ფუნტად (100 ატას აშშ დოლარი) გაიყიდა.
სამწუხაროდ, მყიდველის ვინაობა გასაიდუმლოებულია. თუ საიდან მოხვდა ქართველი დიდგვაროვანი ქალბატონის სამკაული აუქციონზე და რა ისტორია აქვს ამ ულამაზეს ნივთს, ამის შესახებ შინს ისტორიკოსი ლადო მირიანაშვილი ესაუბრა:

აუქციონის კატალოგში ყელსაბამი ასე აღწერილი: „ოქროს გულსაკიდი ჯვარი სამყურა დაბოლოებებით, შემკული ზურმუხტით, რუბინებითა და საფირონით, ჯვრის
ცენტრის ირგვლივ დამაგრებული მარგალიტებით. მწვანე მინანქრით დაფარული და რუბინებით გაფორმებული ვარდულებისაგან აწყობილი ყელსაბამი“.

„აუქციონზე გაყიდული ყელსაბამის თავდაპირველი მფლობელის სახელი ცნობილია. ესაა სოფიო ნაკაშიძე-დადიანისა, რომელიც 1860-იანი წლების დასაწყისში სამეგრელოს მთავრის, ნიკოლოზ დადიანი ოჯახში დაიბადა. 1921 წელს სოფიო ოჯახთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. 1924 წელს მისი ვაჟი დაქორწინდა და ს. ნაკაშიძემ რძალს საქორწინო საჩუქრად თავისი ყელსაბამი უსახსოვრა. ოქრომჭედლობის ეს ბრწყინვალე ნიმუში „სოთბის“ აუქციონზე სწორედ
სოფიოს მემკვიდრეებმა გაიტანეს.

სოთბის აუქციონზე გაყიდული ყელსაბამი



– რით არის გამორჩეული ეს ყელსაბამი?

– ეს ნაკეთობა გვიანი XVII საუკუნის ქართული ოქრომჭედლობის გამორჩეული ნიმუშია, რომელშიც შესრულებისა და ხელოსნობის ქართულ ტრადიციებთან ერთად, აღმოსავლური და დასავლური გავლენები აისახა. ყელსაბამი უკიდურესად დახვეწილია და გვიანი შუა საუკუნეების ოქრომჭედლობის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს. სხვათა შორის, „სოთბის“ აუქციონზე გაყიდული ყელსაბამი იმავე სახელოსნოში უნდა იყოს დამზადებული, სადაც საქართველოს ხელოვნების მუზეუმში დაცული ორი ანალოგიური ყელსაბამი და გულსაკიდი ჯვარი დამზადდა.  ამ ორი ყელსაბამიდან ერთ-ერთი სამკაულების ნაკრების შემადგენელი ნაწილია.

საინტერესოა, რომ კიდევ ერთი მსგავსი ყელსაბამი ბრიტანეთის მუზეუმშია გამოფენილი. მის შესამკობად, დანარჩენი სამი ყელსაბამისგან განსხვავებით, სხვა ძვირფას ქვებთან ერთად ბრილიანტებიც არის გამოყენებული.  ბრიტანეთის მუზეუმში შედგენილი აღწერილობის თანახმად, ჯვარი სანაწილეს წარმოადგენს. მასში ჩაბრძანებული წმიდა ნაწილი დღეისათვის დაკარგულია.

ბრიტანეთის მუზეუმში დაცული ყელსაბამი



– როგორ აღმოჩნდა ქართული ოქრომჭედლობის ნიმუში ბრიტანეთის მუზეუმში?

– ამ ჯვრიან ყელსაბამს ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. ის საჩუქარია, რომელიც ევროპელ დიპლომატს ქართველმა ქალბატონებმა აჩუქეს. მუზეუმისთვის ყელსაბამი ნინო უორდროპს შეუწირავს. ნინო ოლივერ უორდროპის ქალიშვილი გახლდათ, რომელიც 1919-1921 წლებში დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური წარმომადგენელი იყო სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში. (ოლივერს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის უცხოეთში პოპულარიზაციის საქმეში. მისი დაწერილია წიგნი „საქართველოს სამეფო“. მანვე თარგმნა„სიბრძნე სიცრუისა“ ინგლისურად).

უორდროპის საქართველოში მოღვაწეობის დროს დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და იტალიამ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოდ აღიარეს. (1920 წლის 12 იანვარი) ამ მოვლენით გახარებულმა ქართველმა ქალბატონებმა გადაწყვიტეს ოლივერ უორდროპისთვის, მადლიერების ნიშნად, საჩუქარი გაეკეთებინათ და ამ მიზნით ოქროს, ძვირფასი თვლებით მოოჭვილი, 130,000 მანეთის ღირებულების ჯვრის საკიდიანი ყელსაბამი შეარჩიეს. იმის გამო, რომ უცხოელ დიპლომატს ასეთ ძვირფას საჩუქარს პირდაპირ ვერ შესთავაზებდნენ, ასეთი გამოსავალი ნახეს: 14 იანვარს ნინოობა იყო, ხოლო ოლივერის მცირეწლოვან ქალიშვილს ნინო ერქვა (დაიბადა 1916 წელს), საჩუქრის მირთმევა ნინოობას დაამთხვიეს, ხოლო მიმღებად პატარა გოგონა გამოაცხადეს. ამ თანხის შესაგროვებლად სახელდახელოდ, ქალთა საზოგადოება დააარსეს და შემოწირულობების შეგროვება. საზოგადოების თავმჯდომარედ ელისაბედ ორბელიანი აირჩიეს. ქალთა საზოგადოებამ თანხა შეაგროვა, ჯვრის საკიდიანი ყელსაბამი შეიძინა და ოლივერ უორდროპს მისი გოგონასთვის გადასაცემად მიართვა. მაშინ დაიწერა, რომ ყელსაბამი გიორგი XII-ის ნაქონი იყო (დღევანდელი ნუმერაციით გიორგი XIII-ის ), თუმცა ეს საჩუქრის მნიშვნელობის გაზრდისკენ მიმართული ხერხი უნდა ყოფილიყო:

ხელოვნებათმცოდნეთა დასკვნით, ამ ტიპის ოთხივე ცნობილი ყელსაბამი არა მე-18, არამედ მე-17 საუკუნის ბოლოთი თარიღდება. ამავე თარიღს ასახელებენ „სოთბის“ ექსპერტებიც.
მანანა გაბრიჭიძე

კომენტარები

zura 2017-07-10 07:53
საჩუქარმა ვერ გვიშველა, ერთა ლიგაში სწორდ ბრიტანეთის პოზიციის გამო დაგვაკლდა ხმები და ამიტომ არ მოგვიღეს, მათი მოტივი ასეთი იყო, თუ მივიღებთ უნდა დავიცდვათ კიდეც ამის თავი კი ჩვენ არ გვაქვსო, ანუ ბრიტანეთს არ სურდა ბოლშევიკურ რუსეთთან დაპირისპირება, მგონი ისტორია მეორდება
-------------- 2017-07-04 14:08
ისე ფაქტია რომზალიან გულუხვი საჩუქრები გვცოდნია საუკუნეებიდან, უცხოელების გულის მოსაგაბედ, ისტორიულსაც ატ ვჯერედებოდით
Tinatini 2017-07-03 12:26
"რუბინები" ქართულად ლალის თვლებია!
ლადო მირიანაშვილი 2017-07-01 09:31
ლალის კომენტარის საპასუხოდ: ტექსტს თუ წაიკითხავთ, მასში არა 1980-იანი წლების ამბები, არამედ 1920 წლის მოვლენაა მოთხრობილი. დოკუმენტში, რომელიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული, ელისაბედ ორბელიანი წერს, რომ „სურს მიულოცოს ოლივერ უორდროპის ქალს ნინოს ძველებური ქართული, გიორგი მეთორმეტის ოქროს ჯვრით“. აქ დადებული კომენტარებიდან ვხვდები, რომ მკითხველები ტექსტს ზერელედ ეცნობიან და, შესაბამისად, მცდარი დასკვნები გამოაქვთ.
ლალი 2017-06-30 17:14
უორდროპი გადამთიელი არ იყო ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი ,,გადამთიელები,, 80 წლებში როცა ცნობილი გახდა ამ ყელსაბამის შესახებ მაშინ დაიწერა რომ იგი ეკუთვნოდა გიორგი 11 ს რატომ ურევთ ისტორიებს?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები