ჯანსუღ ჩარკვიანის ისტორიული სახლი და მისი საყვარელი ნივთები

ჯანსუღ ჩარკვიანი მეუღლესთან ირმა ჩხეიძესთან ერთად პეკინის ქუჩაზე, დიდი ისტორიის მატარებელ სახლში ცხოვრობს. დაოჯახების შემდეგ შვილებიც ამავე უბანში დასახლდნენ, სულ რამდენიმე წუთია საჭირო ერთიმეორესთან მისასვლელად... მშობლიურ სახლში მეგზურობა თაკო ჩარკვიანმა გაგვიწია, საინტერესო ამბებით კი ქალბატონი ირმა და ბატონი ჯანსუღი გვერთვებოდნენ.

კარი ოჯახის დამხმარე ქალმა, რიტამ გაგვიღო, გულითადად შეგვიპატიჟა მოსასვენებელ ოთახში, სადაც ქალბატონი ირმა და ბატონი ჯანსუღი დაგვხვდნენ... სანამ თაკო შემოგვიერთდებოდა, თვალი ინტერიერს მოვავლე... საგამოფენო დარბაზს ჰგავს იქაურობა - კედლები სავსეა სხვადასხვა ცნობილი მხატვრის ნამუშევრებით...

თაკო ჩარკვიანი:
- აქ რასაც ხედავთ,
ყველა მამას მეგობრების ნაჩუქარია, ზოგიერთი მათგანი საავტოროა, ზოგი - სამახსოვრო. შეხვდებით დიდი ზურა ნიჟარაძის, ელიჩკა ახვლედიანის, გიკა მირზაშვილის, დიმა ერისთავის, ტიტე შეყილაძის, ნოდარ მალაზონიას, ოჩიაურის, გულდა კალაძის (ჩემი ნათლიის) და სხვა გამოჩენილი, თუ დამსახურებული ადამიანის ნამუშევრებს... გულდას სადიპლომო ნამუშევარი „შემოდგომა“ ჩვენთან ინახება. დედა ამბობს, მინდა ავუსრულო ის სურვილი, რაც სიცოცხლეში ვერ განახორციელა - ძალიან უნდოდა, რომ ეს ბრინჯაოში ჩამოესხა და იქნებ ჩვენ მაინც მოვახერხოთო... ეს გახლავთ გულდას დედის, თამარ აბაკელიას უიშვიათესი, მელანში შესრულებული კოსტიუმი ქართული ცეკვისთვის. აქვეა ლია სვანიძის „ზამთარი“. ლია ჩვენი მეზობელი იყო, მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობდა. ვიდრე ახალ-ახალი შენობები წამოიჭიმებოდა, ჩვენი სახლის ფანჯრიდან ზუსტად ასეთი ხედი იშლებოდა, როგორიც ლიას ნახატზეა. ეს გახლავთ ვახტანგ ონიანის „სვანეთი“. პატარაობისას ვერ აღვიქვამდი ამ ნამუშევარს, ცოტა მაშინებდა კიდეც. მერე კი მივხვდი, საკაცობრიო სიმარტოვე მაშინებდა... აქვეა დიმა ერისთავის ნამუშევარი, რომელსაც „გაზაფხული“ კი ჰქვია, მაგრამ მე ცოტა სხვა ასოციაციას აღმიძრავს, თითქოს რაღაც მიდის, რაღაც მოდის...



ერთი პერიოდი სადღაც საბურთალოზე ჩუბჩიკას და დიმა ერისთავს ერთად ჰქონდათ სახელოსნო, მამას მივყავდი ხოლმე, დიმა ჩემს პორტრეტს ხატავდა მელანში და საათობით მიწევდა იქ ჯდომა, ესენი კი კარგ დროს ატარებდნენ. დღეს ტკბილად მაგონდება, რომ მქონდა საშუალება, დიდი მხატვრის, დიმა ერისთავის სახელოსნოში შინაურულ გარემოში მეთამაშა... ეს ლია სვანიძის მიერ შექმნილი ჩემი პორტრეტია. ამ კედლებზე ჩემს და ჯანსუღის პორტრეტებს მრავლად ნახავთ... აი, ეს რეზო ადამიას ნამუშევრების კუთხეა, გვაჩუქა და ადგილიც თავად შეურჩია. დედას ცოტა სხვანაირად ჰქონდა განაწილებული, მაგრამ ავტორის სურვილითა და თხოვნით გადააადგილა... საინტერესო გალერეა აქვს ჯანსუღს, ხშირად გამოთქვამდნენ სურვილს, რომ გამოფენა გაგვეკეთებინა, მაგრამ თავი ვერ მოება...

ამავე ოთახში დგას როიალი და პოეტის სამუშაო მაგიდა, რომელსაც თურმე მეუღლის გარდა ვერავინ ეკარება, მხოლოდ ქალბატონ ირმას აქვს მისი მილაგების და ნივთებთან შეხების უფლება, ისიც იშვიათ შემთხვევაში... სწორედ ამ მაგიდას ამშვენებს მერაბ ბერძენიშვილის ნაჩუქარი გიორგი სააკაძის პატარა ძეგლი. „ერთი თავად მერაბთან ინახება სახლში და მეორე მამას, როგორც უახლოეს მეგობარს, მანამ უსახსოვრა, სანამ სააკაძის მოედანზე დაიდგმებოდა“, - აღნიშნა თაკომ...



- მამას სამუშაო მაგიდაზე ასევე საპატიო ადგილი უკავია ბებიაჩემის, ჯანსუღის სიდედრის, მერის ნაჩუქარ სამელნეს, რომელსაც თითქოს ჩიტი აზის, ფურცლის საჭრელს და ქაღალდის საშრობს. რაც შეეხება როიალს, ძველი ინსტრუმენტია, რომელზეც ადრე მე ვუკრავდი, ახლა კი ჩემი შვილი, ირმა გიგანი მეცადინეობს ხოლმე...

ბატონმა ჯანსუღმა მისთვის საამაყო კუთხეში მიგვიპატიჟა, სადაც პოეტის სიგელები და დიპლომებია წარმოდგენილი...

ჯანსუღ ჩარკვიანი:
- რუსთაველის პრემია, სახალხო პოეტის წოდება, ქართული პოეზიის რაინდი და ა.შ. - ეს ისაა, რაც გამორჩეულად გამიხარდა ამ ქვეყანაზე.



მოსასვენებელი ოთახიდან, რომელსაც კაბინეტის ფუნქციაც აქვს შეთავსებული, მისაღებში გადავინაცვლეთ, სადაც ძველებური მაგიდა დგას... ჩარკვიანების ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ ხელოვნების კორიფეები - მწერლები, მხატვრები, რეჟისორები, მსახიობები, მომღერლები... ეს მაგიდაც უამრავ სტუმარს იტევდა...

თაკო:
- აქ რასაც ხედავთ, ყველაფერი ბებიისეული და მერე რესტავრირებულია. სახლიც ბაბუამ მიიღო, როგორც მინისტრმა... მე რომ დავიბადე, ეს სახლი უკვე ჰქონდათ...

ქალბატონი ირმა:
- მამა 26 წელი მინისტრი იყო, დედა - პროფესორი, ვენეროლოგი, ეს მეცნიერების სახლი გახლდათ და ამიტომ მისცეს ჩემს ოჯახს აქ ბინა. ახლა რასაც გეტყვით, კარგი იქნება, თუ ის ხალხიც შეისმენს, ვინც სასახლეებს აგებს... მამაჩემს ხუთოთახიან ბინას აძლევდნენ, მაგრამ უარი თქვა, სამი სული ვართ და ამხელა არ გვჭირდება, მხოლოდ ერთი სათხოვარი მაქვს, გულით ავადმყოფი მეუღლე მყავს და იქნებ დაბალი სართული ეზოს ხედით მოგვცეთო. ჰოდა, სამოთახიანი ბინა მოგვცეს მესამე სართულზე, ეზოს მხარეს.



თაკო:
- ბაბუა არ იყო ნომენკლატურული მინისტრი, ის გახლდათ სპეციალიზებული მინისტრი, რომელიც მისი სპეციალობის, ცოდნის გამო დანიშნეს, კარგი იქნება, თუ ამასაც გაითვალისწინებენ ჩვენი მთავრობის წევრები...

მისაღებში, სადაც ყანწებისა და უძველესი ნივთების კუთხეა მოწყობილი, IV საუკუნის ლარნაკს წავაწყდით...

- როგორც მიხვდით, დედაჩემი ძალიან საინტერესო ოჯახიდანაა და იქიდან გამოყოლილი უამრავი ძველებური ნივთი აქვს. აი, მაგალითად, ეს ლარნაკი IV საუკუნისაა, შესაძლოა რაიმე განსაკუთრებული დატვირთვა არ აქვს, მაგრამ უძველესია. ეს ირმების შერკინებაც ბებიისეულია, საავტოროა, თუმცა არ ვიცი მისი ავტორი და ვერ მოგატყუებთ. ასევე გვაქვს ხანჯლების კოლექცია.



ქალბატონი ირმა:
- თვალსაჩინო ადგილას გვქონდა ხანჯლები, მაგრამ ერთხელ შემოვედი და რას ვხედავ, თაკოს ამხანაგებს ქარქაშიდან ამოუღიათ და თამაშობენ, ძალიან შემეშინდა და მაშინვე ავალაგე. ის ორი, რომელიც ჯანსუღს უჭირავს, ჩვენი ბაბუებისეულია.

ბატონი ჯანსუღი:
- ვგიჟდები ყანწებზე, აქედან ღვინო იშვიათად დამილევია, მაგრამ ერთ ნახვად ღირს, ჯიხვის და არხარის ყანწებია... ასევე მიყვარს ლუდი და კათხები, ე.წ. ბუფეტის თავზე სწორედ ჩემი საყვარელი კათხებია წარმოდგენილი.

თაკო:
- ძალიან სტუმართმოყვარე ოჯახი გვყავდა და დღემდე ასეა. აქ იკრიბებოდნენ ხელოვნების ქურუმები, მაგრამ სმაზე არ იყვნენ ორიენტირებულები, რასაკვირველია, ღვინოსაც მიირთმევდნენ, მაგრამ ეს არ იყო მთავარი, ისინი ერთად ყოფნით, იუმორით იღებდნენ სიამოვნებას. ჯანსუღი ამბობდა, ქართული სუფრა ფსიქოლოგიური მომენტია, როცა ცუდ კაცსაც შეგიძლია „შეაწერო“, წარმოთქვას კარგი სიტყვა სადღეგრძელოს მეშვეობით, რათა მანაც გაიაზროს, რომ შეუძლია იყოს კარგიო... ერთადერთი, რასაც ვდარდობ, ისაა, რომ მაშინ ვიდეო არ იყო და მოგონების გარდა ვერსად აღვბეჭდე, რაც აქ ხდებოდა.

ახლა გაჩვენებთ უმნიშვნელოვანეს ნივთს - გრიგოლ რობაქიძის ჯოხს, რომელსაც გველი აქვს შემოხვეული. ამით დადიოდა სიცოცხლის ბოლომდე და გრიგოლის გარდაცვალების შემდეგ მისმა დამ ჯანსუღს აჩუქა...



აქვე სერვანტის თავზე საინტერესო ისტორიის მქონე ლარნაკი დევს, რომელიც თურმე თიხის ყოფილა, მაგრამ ავტორს ისე შეუღებავს, ისე გაულამაზებია, რომ საერთოდ არ ჰგავს თიხას...

- მოგეხსენებათ, კომუნისტების დროს ბევრს ჩაგრავდნენ... ჰოდა, ასეთი დაჩაგრული და უპატრონო პატიმრის დასახმარებლად მისმა მეზობელმა ჯანსუღს მიაკითხა, როგორც დამსახურებულ ადამიანს, პოეტს, საზოგადო მოღვაწეს. ჯანსუღი ბოლომდე ჩაჰყვა ამ საქმეს და სრულიად უცხო ადამიანს დაეხმარა. მან კი პატივისცემისა და მადლობის ნიშნად, ეს ერთი შეხედვით სრულიად ჩვეულებრივი ლარნაკი არაჩვეულებრივად აქცია, შეღება, გაალამაზა და ზედ ჯანსუღის ლექსი „მწყურვალისათვის მიმატანინე წყალი“ დააწერა.

მისაღებში ბატონი ჯანსუღის ორ ბიუსტს შეხვდებით, ერთ-ერთი მერაბ მერაბიშვილს ეკუთვნის, მეორე ბიძინა ავალიშვილისაა, რომელმაც მოახერხა და ერთ კუნძში ამოტვიფრა პოეტის სახე. აქვეა ძალიან საინტერესო ნამუშევარი, რეჟისორ რობერტ სტურუას მამის მიერ შექმნილი დიდი შოთას პორტრეტი.

პოეტის სახლში „დინამოს“ ფეხბურთელების ავტოგრაფებით დამშვენებული ბურთიც აღმოვაჩინეთ, რომელიც 1981 წლით თარიღდება და იმ დიდ გამარჯვებას უკავშირდება, როცა თასების თასი მოვიპოვეთ.



- ერთხელ „დინამომ“ შეხვედრა მოაწყო ჯანსუღთან. საღამოს „დინამოს“ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელთა ნაწილი ესწრებოდა, მეორე ნაწილი კი „სათადარიგოთა სკამებიდან“ იყვნენ. მისალმებისას საკუთარ თავს წარადგენდნენ - ერთმა უთხრა, დუბლი ვარო, მეორემ, მესამემ, მეოთხემ, მიუბრუნდა ჯანსუღი ლაღად და მოუჭრა - რა განერვიულებთ, ჩვენც დუბლები ვართ, „ასნავნოი“ მთაწმინდაზეა პანთეონშიო.

საინტერესო ისტორიებით დახუნძლულებმა დასასრულ ჰოლიც გადავიღეთ, სადაც წიგნებით სავსე კარადებს ოჯახური ფოტოებიც ამშვენებს, როგორც მასპინძლებმა გვითხრეს, ეს მათი ბიბლიოთეკის მხოლოდ მეოთხედი ყოფილა.
ციცი ომანიძე

კომენტარები

ლალუკა 2017-11-07 09:05
სახლში სადაც სიცარიელაეა, სულშიც სიცარიელეა, სახლი სულია, წარსულია, აწმყო და მომავალია, მაგრამ ამას შენ ვერ გაიგებ ზიპლიპიტო.
giotgi 2017-11-06 22:59
TBILISELI KIARA BOGMIKA XAR VIGAC
თამუნა 2017-11-06 15:16
როცა ყოველი ნივთი შენი ცხოვრების გარკვეულ პერიოდს და საინტერესო ისტორიას უკავშირდება, და, მით უმეტეს, როდესაც ის გამორჩეული, ცნობილი ადამინის ნაჩუქარია, ის "ზიპლიპიტო" არაა ის უკვე შენი ცხოვრების ნაწილია...
თბილისელს 2017-08-30 13:37
ასეთია სწორედ ნამდვილი ძველი თბილისელების ოჯახების უმრავლესობა,თქვენ თუ 4 საუკუნის ლარნაკს და ამ სხვა ხელივნების ნიმუშებს "ზიპლიპიტოებს" უწოდებთ,თქვენი ნებაა,თქვენნაირები კი ცხოვრობენ მდფ და ლამინატის,მეტალოებისა და მეტლახების გარემოცვაში და კედელზეც პოსტერები და რეპროდუქციები უკიდიათ.როცა ეს ყველაფერი მოგდგამს მემკვიდრეობით,უდიერად ვერ მოეპყრობი,ვის როგორი სტილის სახლი აქვს დანატოვარი გააჩნია,თორემ ჩემი სახლი რომელიც ახალია,რადიკალურად განსხვავებული და თანამედროვეა მაგრამ ძველი და ღირებული ნივთებიც იკავებს თავის ადგილს.
სოსო 2017-08-17 10:22
გამოჯანმრთელებას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ ბატონ ჯანსუღს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები