ფერისცვალებას თითქმის ყველა ოჯახში ხილის კურთხევით აღნიშნავენ. როგორ უნდა აღვნიშნოთ სახლში ფერიცვალობა, რომელი ლოცვა წავიკითხოთ და რომელი ხილის კურთხევა ჯობია. გვესაუბრება მღვდელმონაზონი ანდრია (სარია):
- ამ დღესასწაულისთვის მთელი გულით უნდა ემზადებოდეს ეკლესიაში წასასვლელად. ჭეშმარიტი დღესასწაული და სულის ზეციური ზეიმი იქ განიცდება. მოუნათლავი - მოინათლოს, მორწმუნე - ეზიაროს ქრისტეს სისხლსა და ხორცს, მტერს დავუმოყვრდეთ, მოძულეთ შევუნდოთ. გარყვნილება სიწმინდით ჩავანაცვლოთ. ლოთმა, ნარკომანმა და მწეველმა მიატოვოს მავნე ჩვევა. ცოლი და ქმარი დაზავდნენ, ოჯახის წევრები სიყვარულით აღშენდნენ. ყველამ ფერი ვიცვალოთ; ესაა ჩვენი მოწოდება უფლის
- ფერისცვალების დღესასწაულზე ყველანაირი ხილი შეიძლება ვაკურთხოთ? ეგზოტიკურიც? ბანანი და მსგავსი?
- ხილის კურთხევის წესი, ტრადიციის შედეგია, რაც შემდგომში მსახურების ნაწილი გახდა. წმინდა მამათა ნაშრომებში ყურძენზე იყო აკრძალვა, არ შეიძლებოდა 19 აგვისტომდე ამ ხილის მიღება და მიმღებს სულიერი მოძღვარი ეპიტემიას ადებდა. პირველნაყოფები იკურთხება, რაც ჩვენს ქვეყანაში მოდის, ამით უფლისადმი მადლიერებას გამოვხატავთ, თუმცა შესაძლებელია ნებისმიერი ხილის მიტანა და კურთხევა.
- სახლში უნდა მივირთვათ თუ არა ნაკურთხი ხილი?
- ეკლესიაში ნაკურთხი ხილი შეგვიძლია მივართვათ ოჯახის წევრებს და ამით გადავცეთ ის ნაყოფი, რითაც შევიჭურვეთ ტაძარში ლოცვის ჟამს.
- სახლში უნდა შევცვალოთ თუ არა რამე სიმბოლურად?
- ფერისცვალების დღესასწაული ადამიანს ცვლის შინაგანად, უფრო სწორედ ამისკენ არის მოწოდება მართლმკვეთელი ქრისტიანისთვის. გარეგნული მხარე ხელს გვიწყობს შიდა სიხარულისა და განწყობის შესაქმნელად. ეკლესიამ ამ დროისთვის სამღდელო სამოსელის ფერიც კი განსაძღვრა და მღვდელი ტიბიკონის გათვალისწინებით თეთრი ფერის სამოსლით უნდა შეიმოსოს. ჩვენც ანალოგიურად სახლში შეგვიძლია თეთრი ფერით გავაფორმოთ სახლი, სადღესასწაულო იერი მივცეთ, თუ ეს გაგვახარებს. გარედან შემოტანილი სიხარული, სულს აძლიერებს.
თეა ცაგურიშვილი
კომენტარები