ასი ათას ევროდ შეფასებული კონიაკი, გველი ალკოჰოლურ სასმელში, ხუთასამდე ნაირსახეობა - უნიკალური სასმელების კოლექციონერი თბილისში

კინემატოგრაფიის ფონდის ყოფილი გენერალური დირექტორი ფერდინანდ ლორთქიფანიძე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია ნამყოფი... ათეული წლების წინ მან ალკოჰოლური სასმელების შეგროვება დაიწყო და უმდიდრესი და უიშვიათესი კოლექცია შექმნა... იგი თავად გვიამბობს, თუ რომელი სასმელებია განსაკუთრებით ძვირფასი მისთვის...

- სახლში რემონტის დროს დროს ბარი გავაკეთე, იმ დროს მხოლოდ კონიაკს ვსვამდი და გადავწყვიტე, რომელ ქვეყანაშიც წავიდოდი, იქ ალკოჰოლური სასმელი შემეძინა. 1958 წელს დავიწყე შეგროვება და პირველი სასმელი პეტერბურგში შევიძინე... ყველაზე ძვირადღირებული სასმელი ჩემს კოლექციაში არის ფრანგული – კურვაზიე. Eეს კონიაკი 1896 წელს არის გამოშვებული საიუბილეოდ.
1962 წელს ვიყიდე საფრანგეთში, ხუთლიტრიან ჭურჭელშია და კონკრეტული ფასი არ მახსოვს, თუმცა ”ვოლგისთვის” განკუთვნილი ფული მთლიანად გადავიხადე და ცოტა დამატებაც დაჭირდა... შარშან პარიზში გახლდით და საგანგებოდ შევედი უძვირფასესი სასმელების მაღაზიაში. იქ ვნახე მაგალითად იუგოსლავიის წითელი ღვინო 30 წლის დაძველების, რომელიც 25 ათასი ევრო ღირდა. კურვაზიე 40 წლის დაძველების 35 ათასი ევრო ღირდა ერთი ლიტრი და ადვილი წარმოსადგენია თუ რა ძვირად იქნება შეფასებული ჩემი კუთვნილი კურვაზიე, რომელიც 120 წელზე მეტის არის და საიუბილეოდ არის საგანგებოდ გამოშვებული...

ჩემს კოლექციაში დაახლოებით 500 სახეობის სასმელი იყო, მაგრამ ბოლო წლებში რაოდენობა შემცირდა... კოლექციაში არცერთი ღვინო არ არის და არცერთი ალკოჰოლური სასმელი საბჭოთა წარმოების... ერთი კურიოზიც შემემთხვა: მეგობარმა – რამაზ ყურაშვლმა ძვირფასი საჩუქარი ჩამომიტანა ამერიკიდან და მადლიერების ნიშნად სახლში რომ მოვიწვიე, კოლექციიდან ძვირფასი სასმელი გადმოვიღე. გავხსენით, დავილოცეთ და რომ მოვსვით სასმელის ნაცვლად ჩაი აღმოჩნდა... თურმე ჩემს ქალიშვილს თანატოლები რომ ჰყავდა სტუმრად, გაუხსნიათ, დაულევიათ, შემდეგ ჩაი ჩაასხეს და ისევ კოლექციაში დადეს...

- როგორ აღმოჩნდა თქვენს კოლექციაში გველი ალკოჰოლურ სასმელში?
- იაპონიაში მაჩუქეს... საბჭოთა კავშირიდან დელეგაცია ვიმყოფებოდით იაპონიაში, იქ ერთი გოგონა გადავარჩინე, რომელიც ზღვაში იხჩობოდა და გმირის წოდება მომცეს. მაშინ მაჩუქეს ეს ძვირფასი სასმელიც... ერთ დღეს ბოთლი გასკდა და ძალიან დავიბენი რა უნდა მექნა. მეზობელი შემოვიდა, გველი სხვა ბოთლში გადაიტანა და მორჩენილი სასმელიც რაც დაღვრას გადაურჩა, იმ ბოთლში ჩაასხა. შემდეგ მეზობელს სურვილი გაუჩნდა და ეს სასმელი თვითონაც დააგემოვნა. ძალიან შემეშინდა, რამე არ დაემართოს-მეთქი და სასმელი მეც გავსინჯე. ასე დავლიეთ ორივემ სასმელი, რომელშიც წლების განმავლობაში გველი იყო, მაგრამ გველი არ გვიჭამია... იაპონიაში თურმე წესია, როდესაც ამ სასმელს სვამენ, გველს ჭრიან და სასმელს ზედ აყოლებენ...

კოლექციაში მქონდა ძალიან ძვირფასი კონიაკი, რომელიც მეგობარს - კოლა ჭყონიას ძალიან მოსწონდა და მას ვაჩუქე. ბოთლში იყო მუხისგან აწყობილი სახლი და მართლაც ულამაზესი იყო.
მანანა გაბრიჭიძე

კომენტარები

ვიქტორ 2022-03-23 20:16
1948 წლის გამოშვება კონიაკი 500 გრამიანი გასაყიდი ერთი ბოთლი .ბელი ლისტ...სახელწოდება.

კომენტარის დამატება