რატომ შეიძლება გღლიდეს საკუთარი სახლი - მიზეზები, რის გამოც დაღლილობა გეუფლებათ სახლში

სახლი ის ადგილია, სადაც ადამიანი ენერგიით იმუხტება, სულიერ და ფიზიკურ სიმშვიდეს ეუფლება, დადებითი ემოციებით ივსება. თუ გრძნობთ, რომ ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი თქვენ არ გეხებათ, ე.ი. თქვენს სახლში ყველაფერი წესრიგში არ არის.


არასწორი ტემპერატურა

თუ თქვენს სახლში ძალიან ცხელა, ძალიან ცივა ან სინესტე იგრძნობა, ეს აუცილებლად იქონიებს გავლენას თქვენს ხასიათზე. აუცილებლად აკონტროლეთ თქვენი სახლის ტემპერატურა, რათა თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოთ და იქ შესვლა გსიამოვნებდეთ.



სუფთა ჰაერის ნაკლებობა

ადამიანები დროის უმეტეს ნაწილს სახლში ატარებენ, სახლი კი სხვადასხვა სუნით ივსება, ეს სუნი შეიძლება
იყოს როგორც სასიამოვნო, მაგალითად საჭმლის, ისე - უსიამოვნო. ორივე შემთხვევაში აუცილებელია სახლის რაც შეიძლება ხშირად განიავება, თქვნ სუფთა ჰაერს უნდა გრძნობდეთ. ეს თქვენი კომფორტის საწინდარია.



წვრილმანი დეტალები

დროთა განმავლობაში ჩვენს სახლში უამრავი უსარგებლო ნივთი გროვდება, რომელთაც ჩვენ თითქოს ვერ ვამჩნევთ, რეალურად კი ისინი ჩვენს სიმყუდროვეს არღვევენ. კარგად მიმოიხედეთ, დაუკვირდით ნივთებს და რაც არ გჭირდებათ და ზუსტად იცით, რომ აღარ იხმართ, მოიშორეთ, გაათავისუფლეთ სივრცე. დაგვერწმუნეთ, ეს თქვენს განწყობაზე დადებითად აისახება.



არეულობა

ძალიან ძნელია წესრიგის შენარჩუნება სახლში, როდესაც გყავთ ბავშვები, მიუხედავად ამისა, დაუკვირდით, სად არის ყველაზე ხშირად არეულობა. ეცადეთ განტვირთოთ ეს ადგილები. მოაშორეთ სახლიდან ძველი ჟურნალები და ბავშვების დამტვრეული სათამაშოები, ყველაფერი ის, რაც აღარ გჭირდებათ და ეცადეთ ყველა ნივთს საკუთარი ადგილი გამოუყოთ, მოწესრიგებული სახლი თქვენი კომფორტის ერთ-ერთი გარანტიაა.



მოუხერხებელი საძინებელი

საძინებელი სახლში ყველაზე მყუდრო და მოხერხებული ადგილი უნდა იყოს. იქ მუდმივად სისუფთავე უნდა სუფევდეს. ეცადეთ რაც შეიძლება ხშირად გაანიავოთ იგი და ყოველთვის დალაგებული გქონდეთ. საწოლი ყოველთვის ალაგებული უნდა იყოს. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს, სად განათავსებთ მას. დაუკვირდით, ღამე თავს კომფორტულად უნდა გრძნობდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს კარგ განწყობას აუცილებლად საფრთხე დაემუქრება.



ცუდი განათება

ასევე ცუდად მოქმედებს ადამიანზე ცუდი, არასწორი განათება. ეს განსაკუთრებით ზამთარში იგრძნობა. ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენს სახლში დღისით და ღამითაც საკმარისი სინათლე იყოს.



კედლების ფერი

სახლში სიმყუდროვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კედლების ფერი. ეცადეთ, თქვენი სახლის კედლები თბილ და კომფორტულ ფერებში გადაწყვიტოთ, რომ სულიერი სიმშვიდის მოპოვება შეძლოთ, მოერიდეთ მკვეთრ და კაშკაშა ფერებს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები