თბილისელებმა და თბილისში ჩამოსულმა სტუმრებმა კარგად იციან, ე.წ. მშრალი ხიდის ბაზრობის შესახებ. რა ნივთს არ ნახავთ აქ - განსაკუთრებულს და არაფრით გამორჩეულს, ძვირფასსა და უბრალოს; ერთი შეხედვით, თითქოს გამოუსადეგარსაც, თუმცა როგორც გავიგე, ყველა ნივთს შეიძლება თავისი მყიდველი ჰყავდეს.
ბაზრობის ერთ- ერთ გამყიდველს გავესაუბრე. იგი გახლავთ პედაგოგი ოთარ ჩხაიძე, საშუალო სკოლაში 24 წელი მუშაობდა, სამეურნეო დარგში დირექტორის მოადგილე იყო და შრომის საათები მიჰყავდა. როცა სკოლიდან დაითხოვეს, ამ ბაზრობაზე „დასაქმდა“. ვთხოვე, გასაყიდი ნივთების შესახებ დაწვრილებით მოეყოლა.
- მეფის იმპერიის და საბჭოთა პერიოდის
- მარკების ფასების შესახებ მითხარით?
- დიდი არაფერი, 10- 20 თეთრი ღირს. ჩვეულებრივის გარდა, გერმანული მარკებიც არის. ზოგს საკოლექციოდ უნდა, ან ბავშვებისთვის, ხან მთელი ოჯახი მოდის შესარჩევად. მარკები ისეც მაქვს და ალბომებშიც, სადაც ცალ- ცალკეა ჩადებული და უფრო ლამაზია დასათვალიერებლად. მთავარი მყიდველია, მინდა დავაინტერესო.
- ძირითადად, რას ეძებს მყიდველი?
- ვის მარკები, ვის ქაღალდის ბონები უნდა. არის რუსული ფული - ჩერვონცები, 1919 წლის ათას მანეთიანები, საქართველოს რესპუბლიკის ბონი...
ამ დროს ვიღაცამ „გერმანიაზე გამარჯვების“ მედლის ფასი იკითხა. ბატონი ოთარი დაფიქრდა და უპასუხა, 20 ლარიო. კაცს ძალიან გაუკვირდა და წავიდა. აი რა მითხრა რესპონდენტმა: ეგ აქ მუშაობს, უნდოდა იაფად მიმეცა, რომ მერე თვითონ ძვირად გაეყიდაო.
- ნებისმიერი წვრილმანი თუ აქსესუარი, რაც სახლში აქვს ადამიანს, შეიძლება მოიტანოს და თქვენ თუ არა, ვიღაც იყიდის, ასეა? ე.ი. ფასეულია თუ არა ნივთი, ამას მნიშვნელოობა არა აქვს?
- ფასეული არის ოქრო... საერთოდ, ყველანაირ საქონელს თავისი ფასი აქვს. მაგალიათად, დაუმუშავებელი ქარვა, რამდენიც არ უნდა ვაფასო ერთი გრამი 10 ლარად - არ გაიყიდება. ამისი ფასი არის 80 თეთრი, 1 ლარი, ლარი და 20 თეთრი. ესაა მისი რეალური ღირებულება. ავიღოთ ალუმინის სამკერდე ნიშანი „სოციალისტურ შეჯიბრში გამარჯვებულისთვის“, 1 ლარი ღირს, მეტს არავინ მომცემს. დიდი ფასი რომ დავადო, წლობით მექნება და ვერ გავყიდი.
- საზოგადოებისთვის უცნობი ადამიანების ფოტოები და წერილები გაქვთ, რატომაა ისინი საინტერესო?
- თუნდაც სიძველის გამო, წერილებით კი ადამიანების ცხოვრების ეპიზოდებს და ისტორიებს ეცნობი. ერთი წერილი 1936 წელს სოხუმიდანაა თბილისში გამოგზავნილი, ქმარი მეუღლეს თითქოს უბრალო ამბებზე სწერს, მაგრამ იმდენი სითბო და სიყვარული ჩანს...
ამ დიდი ზომის ფოტოზე 1920- იანი წლების თბილისის საზოგადოებაა აღბეჭდილი. ეს ხალხი აქ მოღვაწეობდა, ე.ი. იმ დროინდელი თბილისის სახეები იყვნენ. მაშინ, მოგეხსენებათ, მოსახლეობის დიდი რაოდენობა არ ცხოვრობდა დედაქალაქში.
სხვათა შორის, ამჟამად არსებული სასტუმრო „ივერიის“ ადგილზე ქართველი გენერალი ანდრია ხუნდაძე ცხოვრობდა. დიდი სახლი ჰქონია, ამბობენ რუსი მეუღლე ჰყავდაო. მთელ ქალაქში გენერლის იასაულები დადიოდნენ და მოსახლეობას ეხმარებოდნენ.
- გენერალი ქველმოქმედი ყოფილა.
- კი, აქებდნენ, ყველა ეროვნების ხალხი ემადლიერებოდა. დღესაც შემორჩენილია მისი სურათები. ერთხელ მომიტანეს მისი ოჯახისა და თავად ანდრია ხუნდაძის გარდაცვალების ფოტოები, რომლებიც გავასხვისე.
- რაიმე განსაკუთრებული ფოტოები ხომ არა გაქვთ?
- ბაზრობაზე ვიღაცამ მომიტანა, შევიძინე და სახლში მაქვს, გასაყიდად არ გამომაქვს. ეს არის უნიკალური და ისტორიული ფოტოები. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გერმანელების გასამართლების ამსახველი ფოტოებია.
- უცხოელები რას იძენენ ხოლმე, რა უფრო აინტერესებთ?
- აინტერესებთ მონეტები, სხვადასხვა ქვეყნის ბანკნოტები, ქართული სამკერდე ნიშნები. კომუნისტების დროს უამრავი რაოდენობით გამოდიოდა, მაგალითად ყაზბეგის, ფოთის, გორის, ბორჯომის, ბათუმის და ა.შ. ქალაქების სამკერდე ნიშნები. უცხოელებს ესენი მოსწონთ და ყიდულობენ.
ბატონ ოთარს უცნობმა ადამიანმა ჰკითხა: საათს არ იბარებთ? მან საათს დახედა და უთხრა: კარგია, მაგრამ მე მექანიკური მაინტერესებს.
- ბატონო ოთარ, ახლა მექანიკური საათებია მოდაში?
- მიყვარს მექანიკური საათები. ჩვენთან მოდაში ის არის, ვისაც რა უყვარს!
ნანული ზოტიკიშვილი
კომენტარები