მე ვარ და ჩემი ნაბადი - დაფრინავდნენ თუ არა ნაბდებით ქართველი მთიელები

ქართულ ეროვნულ სამოსზე საუბრისას ჩვენ კიდევ ერთხელ, სრულიად განსხვავებული კუთხით შევეხეთ საკუთარი ქვეყნის საუკუნოვანი ისტორიისა და ტრადიციების მატარებელ წარსულს, რამაც მოულოდნელად ახალი ღმოჩენების გზაზე დაგვაყენა. შევნიშნეთ, რომ ქართული სამოსის სხვადასხვა ელემენტის მოხმარება მრავალფუნქცურად იყო შესაძლებელი, ზოგიერთ შემთხვევაში სრულიად უნიკალური და წარმოუდგენელი დანიშნულებითაც კი. თუკი მსუბუქი იუმორით განვაგრძობთ, არ შეიძლება არ გაგვახსენდეს გამოთქმა: „მე ვარ და ჩემი ნაბადი“, რადგან სწორედ ნაბადზე და მისი გამოყენების გასაოცარ შესაძლებლობებზე მოგითხრობთ. ფართო საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი ნაბდის მოხმარების მრავალფუნქციურობა, მაგრამ ცოტას თუ სმენია, რომ უწინ ნაბდის
გამოყენებით ფრენაც კი შეეძლოთ მთიელებს.

ნაბადი მოთელილი მატყლისგან დამზადებული, წინ გახსნილი და უსახელო წამოსასხამია, მთლიანი ზურგითა და განიერი კალთებით. დანიშნულების მიხედვით, არსებობდა: მოკლე და გრძელი, მსუბუქი და მძიმე, მოკლე და გრძელბეწვიანი. ნაბადი აუცილებელი სამოსი იყო მხედრისა, რომელიც მას და ცხენს ავდრისგან იცავდა.

ნაბდის მოთელვა მეტად შრომატევადი საქმიანობაა, მასში შედიოდა: მატყლის რეცხვა, ჩეჩვა, გაწვერგულება და მოთელვა. ნაბდის წარმოების ქართული ხალხური ტრადიცია ბოლო დრომდე კარგად იყო შემონახული საქართველოში.

XIX ს-ში საუკეთესო ნაბდის წარმოებით განთქმული იყო ჩრდილოეთ კავკასია, ყაბარდო-ჩერქეზეთი, დაღესტანი და ოსეთი. საქართველოში - იმერეთი, სამეგრელო, სვანეთი და დუშეთი.



გვესაუბრება ხელოვნებათმცოდნე და ეთნოგრაფი გიორგი გიგაური:

- ნაბდის სხვადასხვა დანიშნულებაზე მსმენია, მაგრამ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ მისი დახმარებით ფრენაც შეიძლებოდა.

- ნაბადს რამდენიმე დანიშნულებით იყენებდნენ, თუკი ის კარგად იყო მოთელილი, ფეხზე დგებოდა. ნაბდის შესახებ მთელი ნაშრომებიც კი არსებობს, მაგრამ ის, რომ მას საფრენადაც იყენებდნენ, ეს ცოტას თუ სმენია.

- სად და როდის შეიტყვეთ ამის შესახებ პირველად?

- 1986 თუ 1987 წელს ხევსურეთში ყოფნისას ეთნოგრაფიულ მასალას ვაგროვებდი. სოფელ აკუშოში გიორგი ლიქოკელი გავიცანი, რომელსაც ძალიან საინტერესო ჩანაწერები აღმოაჩნდა ხევსურთა ყოფა-ცხოვრების, რჯულის წესების, „კაცურ-კაცობის ეთიკისა“ და კიდევ სხვა უამრავი საგულისხმო და ჩემთვის მნიშვნელოვანი თემების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ქართულ-კავკასიურ ეთიკას უკვე კარგა ხანია ვიკვლევ და წიგნის გამოცემაც მაქვს განზრახული.

გიორგი ლიქოკელს ბევრი ჩანაწერი ჰქონდა და ბევრიც ზეპირად ახსოვდა, იგი მეტად წუხდა იმის გამო, რომ ბევრი ჩანაწერი დაკარგა, მას ამ საფრენ საშუალებაზეც ეწერა: „მტერ რომ კოშკ-ციხეებს ისე მოადგებოდა, რომ ვერავინ გადარჩებოდა, მაშინ ბავშვებს და მოზარდებს უშვებდნენ „აფრანავით“ ჯიშის და გვარის გადასარჩენად“. გამოდის, რომ დღევანდელი „სქაიდაივინგით“ ძველ საქართველოშიც იყვნენ დაკავებული, რაც ქრთველთა უზარმაზარ ცოდნასა და გამოცდილებაზე მიუთითებს. ჩანაწერებში აღწერილი იყო ნაბადი და მისი დამზადების ტექნოლოგია. როდესაც მტერი ალყაში აქცევდა კოშკს, ისე რომ მაცხოვრებლებს გადარჩენის შანსი აღარ ჰქონდათ, ბავშვებსა და მოზარდებს ნაბდით უშვებდნენ ხოლმე კოშკიდან, ეს ღამით ხდებოდა და მათ უკვე ჰქონდათ საჭირო წვრთნა გავლილი, რადგან ჰაერის მიმართულებას უნდა გაჰყოლოდნენ და გარკვეულ ადგილას დაშვებულიყვნენ.

გიორგი ლიქოკელის ჩანაწერების მიხედვით, ძველ მეომრებს მთიდან მთაზე გადაფრენა და კოშკიდან ან ციხიდან მსუბუქი ადამიანის „აფრანავით“ დაშვება შეეძლოთ. როგორც ზემოთ აღვნიშნე, გამოდის, რომ ძველმა ქართველებმა იცოდნენ საფრენი საშუალებების გამოყენება, რაც დღევანდელი „სქაიდაივინგის“ არქეტიპია.

„სქაიდაივინგის“ პირდაპირი თარგმანი ცაში ყვინთვას ნიშნავს. ის გულისხმობს თავისუფალ ვარდნას თვითმფრინავიდან გადმოხტომის შემდეგ პარაშუტის გაშლამდე, დროთა განმავლობაში სპორტსმენებისთვის სულ უფრო მიმზიდველი გახდა თავისუფალი ვარდნის შეგრძნების გახანგრძლივება, „სქაიდაივინგს“ ბევრი განშტოება გაუჩნდა და იგი სპორტის ერთ-ერთ სახეობად ჩამოყალიბდა. ამჟამად უკვე ტარდება შეჯიბრებები, სადაც მონაწილეებმა გამარჯვებისათვის უნდა განავითარონ დიდი სისწრაფე ვარდნის დროს და გააკეთონ აკრობატული მოძრაობები, რაც მათგან კარგ ფიზიკურ მომზადებასა და სხეულის უნაკლოდ ფლობას მოითხოვს.

- ხევსურეთის გარდა კიდევ სად იყენებდნენ „აფრანავს“?

- ამბობენ, რომ „აფრანავს“ თუშებიც იყენებდნენ, ხოლო გურიასა და აჭარაში „მარჭიხოლი“ ყოფილა გავრცელებული. სვანეთშიც ჰქონდათ მსგავსი გამოცდილება, მხოლოდ იქ ტყავების დახმარებით ხდებოდა სიმაღლიდან დაშვება. ძალიან საინტერესო იქნებოდა ლეგენდარული გენერლის კაპიტონ ნაჭყებიას არქივის შესწვლა.

მასალაზე მუშაობისას ჩვენ კაპიტონ ნაჭყებიას შვილის - ბატონ ოთარ ნაჭყებიას ინტერვიუს გავეცანით. გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

„იბერებს „დელტაპლანი“ ოდითგან ჰქონდათ. იგი თვალის დახამხამებაში იკვრებოდა სამწყმსო კვერთხებით, რომლებსაც თავსა და ბოლოში კავისებური კაუჭი ჰქონიათ. ამ კვერთხს ქიას ეძახდნენ. მისი მეშვეობით დიდ მტაცებელსაც კი მარტივად უგრეხდნენ კისერს. ქიისგან სამკუთხა, ექვსკუთხა, რვაკუთხა მარჭიხოლი (ლაზურად - მერცხალი) იკვრებოდა. კვერთხით შეკრულ ჩარჩოზე მარ-ზე თხლად მოთელილი ნაბადი ან აბრეშუმი (აფრაშუმი) იყო გადაკრული. შუმი მეგრულად ნიშნავს სმას, შუმილი – ლოთს, ლაზურად კი გაბედულს. ლოთი (ლოტი) იმ ფრინავს ეწოდებოდა, ვინც ამგვარ კონსტრუქციას მართავდა.



„პილოტის კომბინეზონის“ ამოცნობა არ გაგვიჭირდება „ხორუმის“ და „განდაგანას“ მოცეკვავის ბანდაჟური ტიპის სამოსში „ჩაქურაში“, რომელსაც უკან, საჯდომზე მეტად უცნაური, გამობერილი ბალიშის ფორმა, ხოლო სახსრებთან - სამკლავურები და სამუხლეები აქვს დატანებული, ისინი უთუოდ დამჭერის როლს ასრულებდნენ და უზრუნველყოფდნენ „რბილ დაშვებას“. ამავე ცეკვის შემსრულებელთა ილეთებშიც პირდაპირ არის ასახული ფრენისა და მისი უზრუნველყოფისათვის საჭირო რხევითი მოძრაობები – ბუქნი, გასმა, მხრების რხევა, კოშკის მსგავსი კონსტრუქციის შეკვრა „ხორუმში“ სამი მოცეკვევის მიერ მხრებზე შედგომით და სხვა. უძველეს „აფრანავში“ „მფრინავი“ ისე ჯდებოდა, როგორც ფუტკარი ფიჭაში – იგი აუცილებლად უნდა ყოფილიყო მოზარდი ან მჩატე ადამიანი“.

- როგორც ჩანს, „აფრანავსა“ და „მარჭიხოლს“ განსაკუთრებით საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში იყენებდნენ?

- დიახ, მეტწილად მაღალმთიან რეგიონებში. აღსანიშნავია, რომ შოთა რუსთაველის სიტყვები, რომელიც „ვეფხისტყაოსანში“ გვხვდება: „მასვე წამსვე დაიკარგა, გადაფრინდა ბანი-ბანსა“ - სინამდვილეს აღწერს.

- „აფრანავის“ ან „მარჭიხოლის“ გამოყენების რაიმე განსაკუთრებულ შემთხვევას ხომ ვერ გაიხსენებთ?

- II მსოფლიო ომის დროს, 1943 წელს ქერჩში, გერმანელებმა ალყაში მოაქციეს ჩვენი მეომრები. სწორედ ამ დროს გამოიყენა გენერალმა კაპიტონ ნაჭყებიამ წინაპართა გამოცდილება, მან მსგავსი საფრენი კონსტრუქციები შექმნა და 70-80 მეომარი ალყაშემორტყმული ციხესიმაგრიდან ზღვაზე გადაეშვა. უმთვარო ღამე იყო, გერმანელები ზღვიდან შემოტევას არ ელოდნენ, სროლა რომ დაიწყო, ძალიან დაიბნენ და ისე წააგეს ბრძოლა, რომ ვერც მიხვდნენ, რა ხდებოდა.

- სადემონსტარციო კონსტრუქცია ხომ არ შეუქმნია ვინმეს?

- 1949 წელს, ყაზბეგში, აუგიათ ასეთი კონსტრუქცია და რომელიღაც კოშკიდან საჩვენებელი გადაფრენა გია არაბულმა განახორციელა. მნიშვნელოვანია, რომ უძველეს საქართველოში საბრძოლო ხელოვნების უზარმაზარ ცოდნას ფლობდნენ, ამიტომაც იგებდნენ ამხელა ომებს, ყველაფერს დიდი პასუხისმგებლობითა და ჭკუით ეკიდებოდნენ.

- ხომ არ გეგმავთ სამომავლოდ მსგავსი კონსტრუქციის შექმნას საჩვენებლად?

- მსგავსი კონსტრუქციის შექმნა და საჩვენებელი გადმოხტომის განხორციელება ჩვენი დიდი ხნის სურვილია. დიდი სიხარულით მივესალმებით ყველა ენთუზიასტსა და ამ პროექტით დაინტერესებულ პირს, ყველას, ვინც მხარს დაგვიჭერს. ვფიქრობთ, ამგვარი პროექტი დააინტერესებთ, როგორც ქართული ავიაციის წარმომადგენლებს, ასევე ეთნოგრაფებს, ისტორიკოსებს, ქართული საბრძოლო ხელოვნების მკვლევრებსა და სხვა უამრავ ადამიანს.



- რა არის საჭირო საცდელი, სადემონსტრაციო პროექტის განსახორციელებლად?

- სპეციალური მომზადებაა საჭირო, ვარჯიში, პირდაპირ ხომ არ გადმოხტება ვინმე, ასევე უნდა შეირჩეს სათანადო ადგილი. საერთოდ რაღაც სტრუქტურა უნდა შეიქმნას, შეიკრას კონსტრუქცია, მოითელოს სათანადო ნაბადი.

- როგორ ნაბადზეა საუბარი - ჩვეულებრივზე თუ განსხვავებული ტექნოლოგიებით დამზადებულზე?

- ჩვეულებრივზე ცოტა უფრო დიდი ნაბადი უნდა მოითელოს და მასში თოკები უნდა ჩააყოლონ, თოკები კანაფის უნდა იყოს. ნაბდებს დღესაც შესანიშნავად თელავენ თუშეთში. მე არაერთხელ ვესაუბრე ქართული საბრძოლო ხელოვნების სპეციალისტებს, რომლებმაც დიდი ინტერესი გამოთქვეს და თანადგომასაც დაგვპირდნენ. დარწმუნებული ვარ, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ძალიან საინტერესო და მრავალმხრივ მნიშვნელოვან შედეგს მივიღებთ.

თეა იაკობაშვილი

კომენტარები

მანანა 2018-12-12 21:56
ნაბადი საოცარი ნაბადი
დავითი 2018-12-11 02:19
შესანიშნავი სტატიაა - საინტერესო! თუ შეიძლება ნაბადზე და მის წარმომავლობაზე უფრო დაწვრილებით გაკეთდეს სტატია? მადლობთ გვერდს და ავტორს!

კომენტარის დამატება