ვისი სახლების დათვალიერებას შეძლებთ ჟურნალ "შინ"-ის ზაფხულის ნომერში

ზაფხული "შინ"-ის საიუბილეო სეზონია, აქედან გამომდინარე - ყოველთვის უფრო ცხელი და განსაკუთრებული. ეს უკვე მეოთხე ზაფხულია ჩვენი ერთად ყოფნის, რომელსაც "შინ" სათანადოდ გაგილამაზებთ.
ჟურნალის ახალ, მე-17 ნომერში, რომელიც უკვე იყიდება, შეგახვედრებთ ძალიან საინტერესო მასპინძლებს, რომელთა სახლებიც ნამდვილად გახდება თქვენი შთაგონების წყარო.

დაათვალიერებთ პროდიუსერ ნატო დუმბაძის სახლს, რომელიც მთლიანად დიასახლისის ჩანაფიქრის მიხედვით მოეწყო. ესტუმრებით მსახიობ ონისე ონიანს, რომელმაც 22 საცხოვრებლის გამოცვლის შემდეგ საკუთარი სახლი აიშენა და ორიგინალური ინტერიერით მოგვხიბლა. ექიმმა კოტე მათითაშვილმაც თავისი "ციხესიმაგრის" კარი გაგვიღო, კომპოზიტორმა ნუნუ გაბუნიამ კი მოგონებებით სავსე სახლში
გვამოგზაურა.
რა თქმა უნდა, ვესტუმრეთ ხელოვანებსაც, რომლებიც თავიანთ საცხოვრებელ სივრცეს საკუთარი ნამუშევრებით აცოცხლებენ - ვესტუმრეთ ვანო აბულაძეს სახლ-სახელოსნოში, ნიკა კოჭლამაზაშვილს, ნათელა იანქოშვილის სახლმუზეუმიც მოვინახულეთ. 

გამოგზაურებთ უძველესი და ტრადიციების მქონე სახლებში - ამჯერად ვახვახიშვილები გვიმასპინძლებენ თელავში.

გამოცდილი დიზაინერები აგიხსნიან, როგორ შეარჩიოთ სწორად ინტერიერის ფერები და როგორ დაიცვათ ზომიერება ბინის მოწყობისას. ქალბატონი კი, რომელმაც მეუღლესთან ერთად გემოვნებიანად მოაწყო ბინა, რემონტის საიდუმლოებებს გაუმხელს მკითხველებს.

მოგამარაგებთ პრაქტიკული რჩევებით, თუ როგორ მოაწყოთ აგარაკის ეზო ზედმეტი დანახარჯების გარეშე, რა უნდა იცოდეთ დაწნულ ავეჯზე და რატომ არ უნდა გადაყაროთ ძველი ავეჯი. რა ნაკლი და უპირატესობა აქვს ჟალუზებს და რამდენი სახეობის კერამიკული ფილა არსებობს სინამდვილეში.

რა თქმა უნდა, არც მწვანე ზონას ვივიწყებთ - ცნობილი მევარდე გიამბობთ, როგორ უნდა მოაწყოთ ცოცხალი ღობე და საჩრდილობელი ვარდებით. გასწავლით, როგორ უზრუნველყოთ ოთახის მცენარეების მორწყვა, როცა შვებულებაში წახვალთ.

დავათვალიერეთ აღორძინებული პაპის მარანი ახალსოფელში, ფოტოგრაფმა გიორგი შერმაზანაშვილმა კი თავისი შესანიშნავი ფოტოებით გვამოგზაურა საქართველოში.

ერთი სიტყვით, წინ გელით კვლავ ბევრი რამ საინტერესო, შთამბეჭდავი, გამოსადეგი და თავშესაქცევი. რასაკვირველია, "შინ"-ის ტრადიციულ საჩუქრებთან ერთად. გაატარეთ ბედნიერი ზაფხული ჩვენთან, "შინ"-თან ერთად.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები