"ოცნება ავისრულე ამ ეზოს გაშენებით... ზუსტად ვიცოდი, როგორი იქნებოდა ჩემი მომავლის ბაღი" - თბილისურ ეზოში მოწყობილი წალკოტი

საკუთარი ხელით გაშენებული ბაღი ხშირად ბევრ ისტორიას ინახავს — შრომის, სიყვარულის, ექსპერიმენტების, ზოგჯერ - პატარა იმედგაცრუებების და გამარჯვებების ამბებს. სწორედ ამ ამბავს მოგვიყვება ჩვენი რესპონდენტი მაია გაგეტაშვილი-გოგოლაძე. ქალბატონმა მაიამ თბილისში საკუთარი ხელით შექმნა ულამაზესი ეზო, სადაც ყოველი კუთხე სითბოსა და ზრუნვას ასხივებს.


- ჩემი ბაღის გაშენება დაიწყო პირველივე დღეს, როგორც კი ამ ადგილას გადმოვედით. ყოველთვის მინდოდა ჩემი პატარა ეზო მქონოდა და ჩემი ხელით გამეშენებინა ბაღი. ზოგადად მცენარეების სიყვარული ბავშვობიდან მოდის. ეს ჩემთვის ჰობი უფროა, რომელიც არ ნელდება. რაც დრო გადის,
უფრო მეტი და განსხვავებული მცენარის შეძენა მინდა. თუმცა, უკვე მიჭირს დარგვა, გადაივსო ეზო. თავიდან ვარდების სიყვარულმა გამიტაცა და ამასობაში 350 ძირი შემიგროვდა. რამდენიმე წელში მივხვდი, რომ მხოლოდ ვარდებით ვერ შევქმნიდი სილამაზეს, სიმყუდროვეს და ყველა სეზონზე სიფერადეს. ამიტომ, ნელნელა დავიწყე ვარდების შემცირება და მარადმწვანე წიწვოვნებით ჩანაცვლება. ძალიან მიყვარს და ეზოს უხდება ფოთლოვანი მცენარეები, მაგალითად ნეკერჩხლები, რომლებიც ამასობაში ბევრი მომიგროვდა და ყველა სეზონზე განსაკუთრებულ სილამაზეს სძენს.


- რის მიხედვით არჩევთ მცენარეებს და როგორ უვლით?

- ყიდვის დროს, აუცილებლად ვითვალისწინებ, რამდენად მდგრადია დაავადებების მიმართ მცენარე. არ მიყვარს წამლების გამოყენება. მხოლოდ მაშინ ვიყენებ, როცა მცენარეს პრობლემა აქვს. ასეთი მცენარე მაგალითად ემონიუსია, რომელიც ხშირად ავადდებოდა.
ამიტომ მომიწია ამოღება და ასე მარტივად მოვაგვარე პრობლემა.


- როგორ დაიწყეთ ეზოს გაშენება? გქონდათ კონკრეტული გეგმა თუ ყველაფერი ნელ-ნელა ჩამოყალიბდა?

- ხშირად ოცნებები ხდება. მე ვფიქრობ, რომ ჩემი ბავშვობის სურვილი და ოცნება ერთად ასრულდა. ყოველთვის მქონდა ბაღის გაშენების სურვილი. წარმოდგენილი კონცეფციით. ზუსტად ვიცოდი, როგორი იქნებოდა ჩემი მომავლის ბაღი, სადაც შევქმნიდი სრულ ჰარმონიულ სიმშვიდეს და ეს გამომივიდა. მცენარეების დიდი სიყვარულით, უდიდესი შრომით, რომელიც ჩემს მთავარ პროფესიად ვაქციე.

როდესაც ეს ადგილი შევიძინეთ და გადმოვედით საცხოვრებლად, კარგად შევისწავლე გარემო, ჩემი ხელით გავაკეთე მონახაზი, ჩამოვწერე მცენარეთა დასახელებები, სადაც ყველაზე დიდი ადგილი ვარდებს დავუთმე. ასევე, მინდოდა მქონოდა სხვა მცენარეებიც. ბევრი სირთულე მქონდა. რამდენჯერმე მომიწია გადაკეთება. შევამცირე ვარდები, გავზარდე წიწვოვნების რაოდენობა. მაქვს საკოლექციო მცენარეები, სხვადასხვა სელექციონერების შექმნილი.


- თქვენი ბაღი რაიმე კონკრეტული თემატიკით ან სტილით გამოირჩევა?

- ვთვლი, რომ ჩემი ბაღი სკანდინავიური სტილისაა. ყველაზე დიდი აქცენტი სივრცეს მივანიჭე. მთავარი ხე ატლანტას კედარია, დილის მზის სხივები მის თაღში გროვდება და თანაბრად ნაწილდება.


- რამდენად მნიშვნელოვანია ეს ეზო თქვენთვის და რას გაძლევთ ის?

- ბაღი ჩემთვის სრული ჰარმონიაა. მხიბლავს როგორც სიმშვიდე, ისე ხმაური.
მიხარია და ბედნიერივარ, როცა ჩემს ბაღში მსტუმრობენ და დადებით ემოციებს გამოხატავენ.


- როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატებული მებაღისთვის – ცოდნა, სიყვარული თუ მოთმინება?
- წარმატებული მებაღე ვერასოდეს იქნები, თუ არ გაქვს მოთმინების უნარი. სანტიმეტრებით გამიზომია პაწაწინა ნერგი, რომელიც ხედ გამიზრდია. რა თქმა უნდა, ცოდნა და უნარი სჭირდება, რომელსაც ყოველწლიურად ვიმაღლებ სხვადასხვა ტრენინგით. სიყვარულის გარეშე შეუძლებელია მოთმინება. ყველას, ვისაც კი შეხება აქვს მებაღეობასთან წარმატებულ მებაღეობას გისურვებთ.









მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება