ახალგაზრდა მოქანდაკის შემოქმედებითი გარემო - სტუმრად ლევან ბუჯიაშვილის ორიგინალურ ბინაში

იშვიათად მინახავს საქმეზე ისე შეყვარებული ადამიანი, როგორც ლევან ბუჯიაშვილია. განათლებით არქიტექტორია, თუმცა ამ მიმართულებით არასდროს უმუშავია და წლებია, თავისი ცხოვრება ქანდაკებას დაუკავშირა. თუმცა, თავს „ჟეშტიანჩიკს“ ეძახის და მისი იუმორი ცალკე საუბრის თემაა. სულ თავის საქმეზე ფიქრობს და ბევრს მუშაობს სახელოსნოში, ფაქტობრივად დღის უმთავრეს ნაწილს იქ ატარებს. იმ ადგილს სახელიც კი უწოდა - „ბუტკა“. მისი მეორე „სამფლობელო“ კი ის ახალი ბინაა, რომელიც თავისი გემოვნებით მოაწყო, ყველა დეტალი მისი შერჩეულია და ნაწილიც საკუთარი ხელით გაკეთებული. ბინის საინტერესო ინტერიერის გამო, მასთან სტუმრობა გადავწყვიტე.



- დიდუბეში ძალიან ლამაზი ეზო მაქვს, სადაც ჩემი ნამუშევრები მაქვს გაშლილი და დღის უდიდეს ნაწილს სახელოსნოში ვატარებ. ყველა ჩემი ნამუშევარი „ბუტკაში“ იქმნება. რაც შეეხება ბინას, საბურთალოზე შევიძინე კორპუსის პატარა ფართი, 44 კვადრატული და გადავწყვიტე, ჩემი დიზაინით მომეწყო და ქანდაკებებით გამეფორმებინა. ორი ძირითადი ოთახია, მისაღები და საძინებელი. მისაღების ნაწილი უკავია სამზარეულოს, რომელიც ბარით არის გამოყოფილი. ძალიან მომწონს, „გაცრეცილი“, „გაცვეთილი“ ფაქტურები, შერეული მასალა და ტექნიკა, ამიტომ მინდოდა, ბინაში ასეთი მასალებისგან შექმნილი ნივთები მქონოდა, ჩემს ქანდაკებებს რომ უხდება. მგონი, გამომივიდა კიდეც.

- როგორ ფიქრობ, მცირე ფართის რემონტის დროს, რა უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა?



- პირველად მომიწია პატარა სივრცეზე დიზაინის გაკეთებამ. ასეთ დროს ბევრი რამის გათვალისწინება გიწევს, რადგან ლამაზთან ერთად, ბინა პრაქტიკული უნდა გამოვიდეს. ოთახების კედლები ღია ფერისაა, რაც მეტი სივრცის ასოციაციას ქმნის. ავეჯსა და სხვა ნივთებს ფართის ნაწილი „მიაქვს“ და ამიტომ სივრცის სითეთრეს დიდი მნიშვნეობა აქვს. თეთრი კარკასი ვიყიდე, გალესილი კედლებით, ასე რომ არ ყოფილიყო, ინტერიერში უფრო მეტ ბეტონის ელემენტს დავტოვებდი. ამ შემთხევაში ეს მხოლოდ ჭერთან დაკავშირებით მოვახერხე, ორივე ოთახში ბეტონის ჭერია და აბაზანაშიც, ერთ-ერთ მონაკვეთზე, რომელზეც სპილენძის ჟირაფის ფიგურაა დამონტაჟებული.

- მისაღები ოთახის ერთ ნაწილი, აივნის მხარეს, თეთრ-ლურჯი შეფერილობისაა...



- დიახ, ეს ჩვეულებრივი შპალერია, რომელიც დეკორაციად გამოვიყენე. გაცრეცილი ფაქტურისაა და შევუხამე ცისფერ კაფელს, რომელიც სამზარეულოს კედელზეა. ყავისფერი და ცისფერი ერთმანეთს უხდება. თითბრის მასალით შევფუთე რიგელი, ის ბრინჯაოსფერია და ვთვლი, რომ ეს ფერი ჩემს ქანდაკებებსაც უხდება და დეკორსაც.

- მისაღებ ოთახში შავი რადიატორებია დამონტაჟებული, რაც აქამდე არსად მინახავს...

- დიდხანს ვეძებე შავი რადიატორი, მაგრამ როგორც ჩანს, პრობლემატურია. ყველგან თეთრი იყიდება, ამიტომ შევაღებინე შავად - არაპრიალა საღებავით. მინდოდა, გარკვეულწილად რეტრო სტილი მისცემოდა, კარგი გამოვიდა და მომწონს. ფარდებიც ინტერიერის შემადგენელი ნაწილია. რადგან პატარა ბინაა, სიმყუდროვის შესაქმნელად თხელი - თეთრი და მეორე, შედარებით სქელი მასალის, ყავისფერი ფარდა შევარჩიე, რაც, ვფიქრობ, სიმყუდროვეს ქმნის ოთახში და ცისფერ შპალერსაც უხდება.

ლევან ბუჯიაშვილი სხვადასხვა მასალით მუშაობს: სპილენძი, ბრინჯაო, ხე, ქვა და თემატურადაც არ იზღუდება. თუმცა, ყველაზე მეტად მაინც ქალის სხეულის და ფიგურების კეთება იზიდავს.

ყველაფერი პლასტილინით ძერწვით დაიწყო, შემდეგ ხეზე გამოთლით გააგრძელა. 15 წლიდან უკვე იცოდა, როგორ იცხოვრებდა. ბოლო წლებია, მის შემოქმედებაში თითბრისგან შექმნილი ნამუშევრებიც გაჩნდა, რომლებიც ჩარჩოშია მოქცეული და შორიდან ნახატს ჰგავს.



საზოგადოებამ მოქანდაკე მაშინ გაიცნო, როცა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მისი 50 მინიატიურული ქანდაკება ჩამწკრივდა. მომცრო პიედესტალებზე, რომლებიც უწინ სარდაფების სავენტილაციო ფუნქციას ასრულებდა, ლევანის ქანდაკებები „დასკუპდნენ“. მანამდე კოჯრის გზაზე დადგეს თუნუქში შესრულებული რამდენიმე ფიგურიანი ანსამბლი „მაგდანას ლურჯა“. მშრალ ხიდთანაც „იპოვით“ მის ქანდაკებას „უცნობი მხატვარი“ და არაერთი კაფე-ბარის ინტერიერშიც, სადაც ლევანის მიერ სხვადასხვა მასალისგან შექმნილი ფიგურებიც დგას და იქაურობასაც ეტყობა მისი ხელი. ამ მოქანდაკის ნამუშევრებს გადააწყდებით არაერთი ადამიანის სახლსა და ეზოში...

- ლევან, დაასახელე სამი ძირითადი „ნიშანი“, რაც შენს ბინას უნდა ჰქონოდა?

- სადმე რომ შედიხარ, რაღაც ხომ უნდა დაგამახსოვრდეს? ვფიქრობ, ამ სივრცეში ასეთია ჩემი აბაზანა. ასევე მნიშვნელოვანია მისაღები, სადაც დიდ დროს ატარებ და სამზარეულო, რომელიც კომფორტულთან ერთად, პრაქტიკულიც უნდა იყოს.



გეტყვით, როგორ დავიწყე ბინის რემონტი: პირველ რიგში შევიძინე ბრინჯაოს ონკანები და საშხაპე კომპლექტი. შემდეგ - მეტლახი და კაფელი სამზარეულოსათვის, რომელიც ასევე „გაცრეცილი“ ფაქტურისაა. დანარჩენი ყველაფერი მათ მოვარგე, თუმცა, საკმაოდ ძნელი იყო.

- როგორც წესი, ონკანები და სხვა მსგავსი დეტალების შერჩევა, რემონტის მეორე ნაწილია და ალბათ ამიტომ იყო რთული...

- დიახ, თუმცა, ასეთ დეტალებს ვაქცევ ყურადღებას. ეს ონკანები ძალიან სპეციფიკურია და არ მინდოდა, ამოვარდნილი ყოფილიყო საერთო სივრციდან. გაზქურაც და გამწოვიც ისეთი შევიძინე, რომ ბრინჯაოს ელემენტები ჰქონოდა.

- გამოდის, ის მასალა, რაზეც მუშაობ, გინდოდა, შენს ბინაშიც ყოფილიყო...

- ეს ყველაფერი ჩემს ხასიათს კარგად ერგება, სულ ამ თემებზე ვფიქრობ და შინაც სიმყუდროვეს მიქმნის. ოთახებისთვის ჭაღებიც სპილენძისა გავაკეთე - მილებითა და თხლად დაჭრილი ფურცლებით. დივნის წინ მიდგას მაგიდა და კედელზე დამონტაჟებული მაქვს ტელევიზორი, რომლის გარშემო ჩემი ის ქანდაკებებია, რომლებიც ყველაზე მეტად მიყვარს და განსაკუთრებით ძვირფასია ჩემთვის. მათგან გარკვეულ დადებით ენერგიას ვიღებ. მგონი ტელევიზორი ჩართული რომ არის, არც ვუყურებ, რადგან სულ ქანდაკებებს ვათვალიერებ. ვფიქრობ, რა უნდა გავაკეთო ხვალ და ზეგ, სულ ჩემს სამყაროში ვარ (იღიმის). მგონი არ არსებობს არც ერთი მწერი და ცხოველი, მე რომ ქანდაკება გაკეთებული არ მქონდეს. რამდენიმე ქანდაკება მაქვს საძინებელშიც, ხოლო ლოგინის ორივე მხარეს ტუმბაზე ასევე ჩემი გაკეთებული სანათები დგას. ამ ბინაში თავს ისევე კარგად ვგრძნობ, როგორც ჩემს სახელოსნოში.

- აბაზანა ცალკე თემაა ამ ბინაში. ისიც შენს სტილშია გადაწყვეტილი და საერთოდ, როგორ მოვიდა ეს იდეა?

- როგორც უკვე ვთქვი, აბაზანის ერთი კედელი ბეტონის დავტოვე. ის სპეციალური ხსნარითაა დაფარული, რომ წყალმა არ გააფუჭოს. აბაზანის კაფელი ჟანგისფერია. თაროები სპილენძის კარკასია და ბეტონია დასხმული, ისიც გამძლეობისთვის სპეციალური ხსნარითაა დაფარული. თაროებზე აწყვია ჩემი ქანდაკებები და მათ შორის ბევრი შიშველი ქალის ფიგურაა. ვამბობ ხოლმე, ძალიან ინტიმური აბაზანა მაქვს-მეთქი. რაც შეეხება სპილენძის ჟირაფს, როგორც კი სააბაზანოს კარს შეაღებ, ის მაშინვე თვალში მოგხვდება. დადებითი ტიპია, კარგი პლასტიკა აქვს და მომწონს ეს ცხოველი. რადგან აბაზანაშიც პატარა ფართი იყო, სტანდარტული საშრობი არ ეტეოდა, ამიტომ ისიც სპილენძით, ჩემი დიზაინით გავაკეთე. ზოგადად, ჟანგიანი რკინის ფაქტურა მომწონს. პირსაბანი ნიჟარის თავზე სარკის ჩარჩო, სანათები და საპნის დასადები ჩემი გაკეთებულია. ონკანისა და ნიჟარის ფეხი ბრინჯაოა, თავად თხელი და სადა ფორმის ავარჩიე. უნიტაზთან და სარეცხის მანქანასთან ბალანსი რომ ყოფილიყო, ისიც თეთრია. საერთოდ, აბაზანის შემთხვევაშიც იმავე პრინციპით ვიმოქმედე, ვფიქრობ, ყველაფერი ერთმანეთს უხდება და არაფერია ამოვარდნილი. როცა პატარა ფართია, არ შეიძლება ოთახები სხვადასხვა სტილში იყოს გადაწყვეტილი, დიდი სივრცე კი იძლევა ამის საშუალებას და შეიძლება კაბინეტი სხვა სტილში გადაწყვიტო, მისაღები სხვაში და ა.შ.

- ორი სარკე გაქვს, დერეფანში და საძინებელში. როგორც კი ბინაში შემოდიხარ, კარიდანვე კედელზე ხედავ ჩარჩოში მოქცეულ შენს ნამუშევარს და ამავე სტილშია მისაღებში „თხის“ ფიგურა...



- დივნის თავზე, ანუ ტელევიზორის კედლის მოპირდაპირე მხარეს, თხა „მყავს“. სპილენძისაა, ტანზე თეთრი დეტალები კი თეფშის ნამსხვრევებია. ფონი თითბერია. ზუსტად არ ვიცი, რა ჰქვია, ბარელიეფს ჰგავს, მაგრამ ისინი სხვა მასალისგან კეთდება. დერეფანში იმავე ტექნიკით შესრულებული „თეთრი ყვავი“ კიდია კედელზე. როგორც კი შემოდიხარ, მას ხედავ. ძალიან მომწონს, თითქოს მე ვარ თეთრი ყვავი (იღიმის).

- გამოდის, ავტოპორტრეტია...

- ჰო, ასე გამოდის (იღიმის). სხვა ამგვარი ნამუშევრები არ მინახავს და პირველად მე გავაკეთე. რამდენიმე წლის წინ გამიტაცა ასეთმა ნამუშევრებმა და დღემდე ძალიან ბევრი მაქვს გაკეთებული. თეთრ კედელს უხდება, მაგრამ ვფიქრობ, განსაკუთრებით ბეტონს, რადგან მეტალი და ბეტონი ერთად ჰარმონიაში არიან.

- შენი არაერთი ნამუშევარია როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო სივრცეში. სახლებსა და ბინებში შენი მცირე ზომის ფიგურების განთავსების ტენდენციამ იკლო თუ იმატა?

- ერთი პერიოდი უფრო ექსტერიერის მოწყობაზე ზრუნავდნენ და ეზოში დასადგმელად მიჰქონდათ ჩემი ნამუშევრები, ბოლო პერიოდში ბინებისთვისაც იძენენ. ვთქვათ, მუსიკოსების ფიგურები, რომლებსაც ძირითადად ტელევიზორის გვერდით აწყობენ, ან ქალის ფიგურები, რომლებიც მისაღებ ოთახში შესვლისთანავე მოგხვდება თვალში. ვფიქრობ, ჩემი ბინაც ამის კარგი მაგალითია. პატარა ქანდაკებებს შეუძლია ეფექტი მოახდინოს. ამ შემთხვევაშიც ქვა, ბრინჯაო და სპილენძი მაქვს გამოყენებული. ის ნივთები, რომლებიც თაროებზე დავაწყვე, სხვადასხვა წლებში მაქვს შექმნილი და არ გამიყიდია, ალბათ ამ ბინისთვის ვინახავდი (იღიმის). ახლა აქ რომ არაფერი ეწყოს, ჩვეულებრივი კედელი იქნებოდა, მაგრამ პატარა ფიგურები სივრცეს ავსებს და ინტერიერში სიმყუდროვის განცდას ქმნის. ვფიქრობ, სახლის მოწყობის დროს, ეს დეტალები გასათვალისწინებელია. კარგია, რომ ეს კულტურა ჩვენთან ნელ-ნელა იკიდებს ფეხს. ზოგს სჯერა მითების და ბაყაყებს ყიდულობენ, რადგან ის ბარაქის სიმბოლოა, ფლამინგო - ბედნიერების და ა.შ. თუმცა, ყველაზე ხშირად მაინც სახლის ინტერიერისთვის მუსიკოსებისა და ქალის ფიგურებს არჩევენ.

- როგორ ფიქრობ, ინტერიერის მოდა არსებობს?

- ყველაფერი გემოვნებით იწყება. ადამიანს ნებისმიერ ფართში შეუძლია მისთვის კომფორტული სივრცე შექმნას. ვიღაცას შეიძლება მოეწონოს მინიმალისტურ სტილში გადაწყვეტილი სახლი, ღია კედლებითა და დიდი შუშებით, მაგრამ ვიღაცისთვის ის შეიძლება არაკომფორტული იყოს. ჩვენ აგური გვიყვარს, სითბოსთან არის დაკავშირებული და ისტორიულად ასე მოგვყვება, ამიტომ ბევრი ისეთ გარემოს ამჯობინებს, სადაც კედლებზე აგურის დეტალებია. ინდივიდუალურია ეს ყველაფერი.

- დაბოლოს, ისიც მითხარი, თუ ადევნებ თვალს, სად „მიდიან“ შენი ნამუშევრები?

- ძირითადად ევროპაში მიდის, თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში თბილისშიც უამრავ ადგილასაა. რადგან ბევრი გამოფენა მქონდა ევროპაში, იქ ბევრი ჩემი ნამუშევარი გაიყიდა, თბილისური გამოფენებიდანაც ძირითადად უცხოელებს მიაქვთ.

ანა კალანდაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები