ერთადერთი საცხოვრებელი სახლი, რომელიც თბილისს მე-17 საუკუნიდან შემორჩა


თბილისში 1803 წელს საცხოვრებელი სახლებისა და მცხოვრებლების აღწერა ჩატარდა, საიდანაც ჩანს, რომ კერძოდ, ავლაბარში 454 სახლი იდგა, სადაც 1075 ადამიანი ცხოვრობდა. ამ სახლებიდან თითქმის არცერთს არ მიუღწევია თავდაპირველი სახით. ყველა მათგანი აღა-მაჰმად ხანის შემოსევისას დანგრეული და მე-18 საუკუნის ბოლოს ხელახლა აღდგენილია. ამ სახლების უმრავლესობა ერთოთახიანი იყო. ქალაქელთა დიდი ნაწილი ორ ან სამოთახიან სახლებში ცხოვრობდა. ხუთზე მეტი ოთახის მფლობელი მთელ ქალაქში ოცი ოჯახიც კი არ ჩანდა.
როგორი იყო აღნიშნული ოთახები გარეგნულად, ანუ რას წ
არმოადგენდა თბილისური სახლი, ამის თაობაზე აღწერა არავითარ მასალას არ იძლევა. სხვა სახის მასალით კი, მე-18 საუკუნის თბილისური სახლები ძირითადად ორი ტიპისა იყო: დარბაზული და შირვანული. ამას დოკუმენტები ასახელებენ. ჩვენამდე არ მოუღწევია ამ ორი ტიპის არცერთ სახლს, თუ არ ჩავთვლით "ფორაქიშვილების დარბაზს" ავლაბარში, დღევანდელი ჩეხოვის ქუჩაზე. მაგრამ ეს დარბაზიც მრავალჯერ გადაკეთდა. იგი გვირგვინმოხსნილია და კედლებში ფანჯრებია ჩატანებული, ამიტომ ის მხოლოდ ნაწილობრივ იძლევა დარბაზის თავდაპირველი სახის წარმოდგენის საშუალებას.

ვახუშტი ბატონიშვილი ქალაქური სახლების შესახებ ამბობს - "სახლნი ნაშენნი არიან ქვა-ტალახითა და გალესილი გაჯით, ზოგთა სპარსული რიგისა (შირვანული სახლი), ზოგთა ქართული (თბილისური დარბაზი)". არსებობს გერმანელი მხატვრის კარლ ცაარის ნახატი, რომელიც ასახავს "ფორაქიშვილების დარბაზის" ინტერიერს.



ამ ძველი ჩანახატიდან ჩანს, რომ დარბაზს ჰქონდა 12-წახნაგოვანი გვირგვინი, ორი მაღალი წვრილი დედაბოძი, კედლის განჯინები და თახჩები. გლეხური დარბაზისაგან განსხვავებით, აქ კერა არ არის. ინტერიერის არქიტექტურა მხატვრულად დასრულებულია და ქართული ხუროთმოძღვრების ჩამოყალიბებულ ნიმუშს წარმოადგენს. დამახასიათებელია აგრეთვე "ფორაქიშვილების დარბაზის" საფეხურისებრი განლაგება რელიეფზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვემო სახლის ბანი ზემოსათვის "ეზოდ" იყო გამოყენებული. 1904 წელს შენობამ სახე მთლიანად შეიცვალა.



"ფორაქიშვილების დარბაზი" მე-17 საუკუნის ერთადერთი საცხოვრებელი სახლია, რომელიც თბილისს დღემდე შემორჩა. იგი ქალაქის ძველ უბანში, სასტუმრო "კოპალას" ეზოში მდებარეობს. დარბაზი 2000 წელს აღადგინა ბიზნესმენმა თორნიკე კოპალეიშვილმა და დღეს ფუნქციონირებს, როგორც სახლ-მუზეუმი. ტურისტსა თუ ნებისმიერ მსურველს, შეუძლია მისი დათვალიერება, რასაც სასტუმროს ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.






ნანული ზოტიკიშვილი
ფოტოების ნაწილი მოგვაწოდა სასტუმრო "კოპალამ"



კომენტარები

Ira 2019-12-21 14:41
რამოდენიმე სახლი კიდევ არის დარჩენილი მეტეხის უბანში მაგ წლოვანების რომლებსაც აღდგენა ესაჭიროება მაგრამ პატრონი არა ყავს არავინ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები