არტისტი, რომელსაც მისი შემდეგი პლეადის ყველა ბუმბერაზი მსახიობი აზრს ეკითხებოდა და მისი მემორიალური ნივთები

ქართული თეატრის მშვენება უშანგი ჩხეიძე არაჩვეულებრივი სცენური მომხიბვლელობითა და ფართო არტისტული დიაპაზონით გამოირჩეოდა. ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობია, რომელმაც დიდი კვალი დააჩნია ქართულ თეატრს.

1898 წლის 28 ნოემბერს დაიბადა ზესტაფონის რაიონის სოფელ ფუთში, სადაც ახლა მისი სახლმუზეუმია. მიაბარეს ზესტაფონის კერძო სკოლაში. 1918 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პარალელურად მეცადინეობდა რეჟისორ გიორგი ჯაბადარის თეატრალურ სტუდიაში. თავდაპირველად მონაწილეობდა მუშათა თეატრების წარმოდგენებში. 1920 წლიდან მუშაობდა თბილისის ქართული დრამის, ხოლო 1921 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრში. წარმატებით შეასრულა როლები: ვიქტორი და
არისტო (დ. კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“ და „სამანიშვილის დედინაცვალი“), ელიზბარი (ს. შანშიაშვილის „მათრახის პანაშვიდი“), მეფე ჯიმშერი (ი. გედევანიშვილის „სინათლე“), ინკუბუსი (ს. შანშიაშვილის „ლატავრა“), ფილი კულენი (ჯ. სინგის „გმირი“) და სხვა. 1925 წელს ჩხეიძემ ბრწყინვალედ განახორციელა ჰამლეტის სახე (უ. შექსპირის „ჰამლეტი“) და საყოველთაო აღიარება მოიპოვა როგორც ნიჭიერმა დრამატულმა მსახიობმა. შემდეგ იგი სხვა მსახიობებთან ერთად გადავიდა ახლად დაარსებულ თეატრში (1933 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი), ჯერ ქუთაისში (1928–1930), ხოლო 1930 წლიდან თბილისში. აქ კოტე მარჯანიშვილის დადგმებში უამრავი დასამახსოვრებელი როლი შეასრულა, მათ შორის ურიელ აკოსტა (გუცკოვის„ურიელ აკოსტა“), ყვარყვარე (კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“) და იაგო (შექსპირის „ოტელო“).

სახლმუზეუმი ზესტაფონში

მან ნიჭიერება სხვა სფეროშიც გამოავლინა, მსახიობი შესანიშნავად წერდა. მას ეკუთვნის წიგნები „კოტე მარჯანიშვილი - რეჟისორი და მასწავლებელი“, „მოგონებები და წერილები“, ხოლო მისი პიესა „გიორგი სააკაძე“ მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე ორჯერ, სხვადასხვა წლებში, დიდი წარმატებით დაიდგა.

1953 წელს გარდაიცვალა თბილისში. 1999 წელს უშანგი ჩხეიძის ნეშტი დიდუბის პანთეონიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს.

მაია ნაგლაძე, ხელოვნების სასახლის ხელოვნების ნიმუშთა ფონდის მცველი:
- წლების მანძილზე უშანგი ჩხეიძის სახლ-მუზეუმი თბილისში იმ სახლში არსებობდა, სადაც თავად მსახიობი ცხოვრობდა. მუზეუმის დირექტორი გახლდათ უშანგის და - მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ქალბატონი ნინო. 5 წლის წინ, ხელოვნების სასახლეს გადმოსცეს უშანგი ჩხეიძის პირადი ნივთები: ორი მაჯის საათი, საფულე, პერანგის „ზაპონკები“ და დეკორატიული ბალიშის პირი. ასევე გვაქვს, მსახიობის ორი თეატრალური რეკვიზიტი - დაშნა და ხმალი. ავეჯიდან, ჩვენთან მხოლოდ ერთი, მცირე ზომის კომოდი ინახება.
უშანგის ბიძაშვილებმა, ორმა ასაკოვანმა ქალბატონმა - ელენემ და მარინამ, ხელოვნების სასახლეს ორი სუფრა აჩუქეს. მათი მამა - დავით ჩხეიძე, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი და ერთხანს რუსთაველის თეატრის დირექტორი, უშანგის ბიძა იყო. სუფრების ისტორია უკავშირდება მეფის, სოლომონ მეორის სტუმრობას დავითის ბაბუის ოჯახში. ნადიმი მეფეს თავის ამალასთან ერთად, სწორედ ამ სუფრებზე გაუმართა ქალბატონების დიდმა ბაბუამ. ასე რომ, ჩხეიძეების ოჯახის საგვარეულო რელიკვია, ახლა ჩვენთან ინახება. საკმაოდ დიდ სუფრებს რესტავრაცია ჩავუტარეთ.
უშანგი ჩხეიძე მონაწილეობდა კოტე მარჯანიშვილის ფილმებში „კომუნარის ჩიბუხი“ (კალატოზი), „ქარიშხლის წინ“ (ნიკო) და ნიკოლოზ შენგელაიას „ნარინჯის ველში“(იულონი). დასანანია, რომ ავადმყოფობის გამო, მან ნაადრევად დატოვა სცენა და ადრეც გარდაიცვალა, ის 55 წლისა გახლდათ. უშანგი ჩხეიძის თეატრალური როლების კადრები არ შემორჩენილა. როგორც მსახიობს, მას ხმით ვიცნობ, რომელიც საქართველოს რადიოფონდში ინახება და ჩანაწერი არაერთხელ მომისმენია. ახლაც, როცა ვიხსენებ, უშანგისა და ვერიკოს საოცარი ხმები ჩამესმის სპექტაკლიდან „ურიელ აკოსტა“. უშანგი ჩხეიძე გენიალური მსახიობი იყო.

ხელოვნების სასახლეში დაცული ნივთები

თამარ მაისურაძე, ხელოვნების სასახლის ხელნაწერთა და საარქივო დოკუმენტთა ფონდის მცველი:
- ჩვენთან ინახება მსახიობის წერილები, რომელთა ადრესატები არიან მშობლები, და, მსახიობი ელენე გოგოლევა... არის წერილი პავლე ფრანგიშვილისადმი - ის ეხება ავჭალის აუდიტორიაში ერთობლივ მუშაობას, კომპარტიის პირველ მდივან კანდიდ ჩარკვიანს სწერს ბინის მიღებასთან დაკავშირებით, აკაკი ფაღავას - მისი შემოქმედებითი მუშაობის შესახებ, მიმოწერა ჰქონდა თეატრსა და მის პრობლემებთან დაკავშირებულ თემებზე თამარ ჭავჭავაძესა და ცაცა ამირეჯიბთან და სხვა.
უშანგი ჩხეიძის ერთ-ერთი წერილი ასე იწყება: „ძვირფასო დედ-მამა, პირველად და მეორედ გთხოვთ, თქვენ კარგად ყოფნას. სხვა როგორ ხართ? მამა რას შვება? ... ფული იმიტომ ვერ გამოვგზავნე, რომ ჯამაგირი ერთი თვე დააგვიანეს. მე ცოტა სუსტად ვარ, ბრმა ნაწლავმა დამიწყო ტკივილი. წერილი გამომიგზავნეთ. უშანგი, 1927 წელი“. მსახიობი ხშირად უჩივის სისუსტეს, ბევრგან წერს, რომ „ხანდახან რეპეტიციის დროს, თავბრუსხვევები მაწუხებს და კისრის უკანა მხარე მტკივა.“ ანდა, „დილით ავიკრიფე და წავედი, ზურგი მაწუხებდა.“ მსახიობი როცა მოსკოვში წავიდა სამკურნალოდ, თან გაჰყვა მეგობარი დოდო ანთაძე. კოტე მარჯანიშვილი ანთაძეს სწერს - გეხვეწები, ყოველი მისი მდგომარეობა მომწერეო. იმ დროს ისე ცუდად არის უშანგი, რომ დოდო აღნიშნავს: აღარაფერი აღარ უნდა, ლურჯი წევსო. უშანგი ჩხეიძე სამკურნალოდ სოჭშიც დადიოდა, ამის შესახებ ცნობები არსებობს ტურბაზებისა და სანატორიუმების არქივებში.

უშანგის წერილიდან ნაწყვეტი, მიწერილი დისადმი: „აქ (სოჭი) ცოტა ხანს დავრჩები, ეს დასასვენებელი სახლია, თორემ ისე არაჩვეულებრივად კარგი. 20 თუმანი კიდევ მაქვს. ტუფლები გავატანე მოწყალების დას და იქნებ გაყიდოს, რადგან არ მომწონს. ფულის საქმე როგორ არის? საერთოდ მომწერე, თუ ღებულობ კიდევ პროცენტებს ან როგორ ცხოვრობთ? 1940 წლის 16 დეკემბერი, შენი ძმა უშანგი.“

უშანგი ჩხეიძის წერილებიდან და მის შესახებ სხვების ჩანაწერებიდანაც მივხვდი, რომ ეს იყო არტისტი, რომელსაც მისი შემდეგი პლეადის ყველა ბუმბერაზი მსახიობი აზრს ეკითხებოდა და ამავე დროს, თითოეული მათგანი უვლიდა და ძალიან უფრთხილდებოდა. დათიკო ჩხეიძე მასზე გადაგებულია, დოდო ანთაძე უკვე ვახსენე, სერგო ზაქარიაძე ყოველი სპექტაკლის მერე მასთან მიდის და თავის მოგონებებში წერს: „მე რომ ახლა, უშანგის არ გავუარო და ეს ამბავი არ მოვუყვე (რაღაც კონკრეტული ამბავი), ვერ დავიძინებ.“ მასთან სახლში მიდიოდნენ და როგორც ჩანს, ისიც აკვალიანებდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია.
ყველაზე მეტად ერთი ეპიზოდი მომწონს, სადაც აღწერილია, როგორ მიიღო უშანგი ჩხეიძემ ჰამლეტის როლი. ამის შესახებ უშანგი და სხვა მსახიობებიც წერენ - არავინ იცოდა მარჯანიშვილი როლს ვის მისცემდა და როცა მან კუთხეში მჯდომ უშანგის მიმართა, აი შენ ითამაშებო, ყველანი იმდენად გაოცებულან, რომ თამარ ჭავჭავაძემ წამოიკივლაო. უშანგიც განცვიფრებული იყო, ასეთი ემოციური მომენტი ყოფილა. ზოგს უფიქრია, რომ ის ვერ დაძლევდა როლს, ზოგმა პირიქით გაიფიქრა, მაგრამ როგორც მსახიობი წერდა, მთავარმა იფიქრა, რომ დავძლევდი და ამ როლით, მარჯანიშვილმა მეორედ დამბადაო. უშანგი ჩხეიძემ მართლაც, შესანიშნავად განასახიერა ჰამლეტის სახე.
სპექტაკლში „ოტელო“ უშანგი იაგოს როლს ასრულებდა. იქ იყო ერთი სცენა, სადაც იაგო ქორივით ადგას თავზე ოტელოს. სხვათა შორის, ეს მიზანსცენა (ხელებგაშლილი იაგო) ისე მოეწონა ვახტანგ ჭაბუკიანს, რომ შეუთანხმდა კიდეც ამის გამოყენებაზე თავის ქორეოგრაფიაში.
სიცოცხლის ბოლო წლებში უშანგი ჩხეიძე თითქმის აღარ წერდა, მაგრამ ჰქონდა მომცრო ფორმატის ბლოკნოტები, სადაც უბრალოდ სახეებს ხატავდა. ვიცით, რომ მას მხატვრობის დიდი ნიჭი ჰქონდა. ამ სახეებში ძალიან ბევრგან, კეხიანი ცხვირი დავინახე, რატომღაც ვერიკოს ხატავდა. როგორც ამბობენ, ვერიკო ანჯაფარიძეზე შეყვარებული იყო...

ზესტაფონში არსებული სახლმუზეუმი

ცნობილი ქართველი მსახიობის უშანგი ჩხეიძის მემორიალურ ბინა-მუზეუმში ექსპონირებულია მსახიობის პირადი ნივთები, სასცენო კოსტუმები, მის მიერ განსახიერებული როლებისა და ცხოვრების ამსახველი მრავალფეროვანი ფოტოკოლექცია, პირადი ბიბლიოთეკა და არქივი.


ზესტაფონის სალხმუზეუმში დაცული ნივთები


სახლმუზეუმი ზესტაფონში




ნანული ზოტიკიშვილი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები