„ბრძოლის ველი აქ, ჩემს სახელოსნოშია“ - სტუმრად ანტონ ბალანჩივაძესთან

მთელი ბავშვობა ხატვისა და მუსიკის სამყაროში გაატარა: ბებია ლილი გეგელია - მომღერალი, ბებია პანა ჯიბლაძე - მხატვარი, ბაბუა ანდრია ბალანჩივაძე - კომპოზიტორი, მამა ჯარჯი - პიანისტი, კომპოზიტორი და მხატვარი, დედა ქეთი მაჭავარიანი - მუსიკოსი... მისი დიდი ბაბუა მელიტონ ბალანჩივაძე გახლდათ, ხოლო ჯორჯ ბალანჩინი ანდრიას ძმა იყო. თავად მხატვრობის გზას დაადგა და დღეს ცნობილი მხატვარია, ბევრისთვის საყვარელი.
მხატვარ ანტონ ბალანჩივაძის სახელოსნოში ნახატების გვერდით, ბევრ ძველებურ ნივთს ნახავთ. მათ შორისაა შეშის „ფეჩი“, უთო, მაგიდა, კარადა... ამბობს, რომ ეს ნივთები მის სტუდენტებს სჭირდებათ დასახატად.
შეშის „ფეჩი“ კი, ზამთარში გათბობის საუკეთესო საშუალებაა, ადვილია კარტოფილის შეწვაც - შეაგდებ შიგნით და მზად არის. შეკითხვაზე: რა დოზით არის მუსიკა დღეს მის ცხოვრებაში? პასუხი ასეთია - „მუსიკას თან ვატარებ“.

- პროფესია თავად აირჩიეთ, თუ ახლობლების რჩევა გაითვალისწინეთ?
- მამაჩემი იმდენად მაგარი მუსიკოსი იყო, რომ დაკვრა მერიდებოდა, უხერხულობას ვგრძნობდი. მუსიკალურ სასწავლებელში სამი წელი ვიარე, მესამე კლასი დავამთავრე და გამოვედი. მუსიკაში მეცადინეობა ჩემთვის ტანჯვა იყო, რადგან სულ, ყოველდღიურად მუსიკალურ ატმოსფეროში ვცხოვრობდი. ეს არ იყო ჩემი გზა და დღესაც არ მწყდება გული ჩემს არჩევანზე. მამა ამას გაგებით მოეკიდა. მაშინ უკვე ვხატავდი, მიყვარდა ხატვა და ძალიან მომწონდა მამაჩემის მეგობარი მხატვრების ცხოვრების სტილი. ამან გამიტაცა.

- მამა თვითნასწავლი მხატვარი იყო?
-კი, ოღონდ უნიკალური რამ შეძლო. მან თავის მეგობარ მხატვრებთან ერთად, იმდროინდელ ქართულ მხატვრობაში რევოლუცია მოახდინა. ეს იყო პირველი ცდა, როცა გოეთეს ფერთა თეორიაზე მუშაობა დაიწყო მხატვრების ჯგუფმა, სადაც იყვნენ ირაკლი ფარჯიანი, გია ბუღაძე, კოკა რამიშვილი. სოცრეალიზმის ეპოქა, ფაქტობრივად მთავრდებოდა მაშინ და რაღაც ახალი გარღვევა მოხდა. ძალიან მინდოდა მეც მემეგობრა მამას მეგობრებთან. ეს იყო ეტაპი, როცა ბავშვი რომანტიკულ პერიოდს ეცნობა. მამაჩემი რაინდულ ეპოსებზე, რაინდებსა და სხვა გმირებზე მიყვებოდა. მერე რეალურ გმირებს ცხოვრებაში ვეძებდი და ჩემთვის ისინი, იმ დროს მხატვრობაში, მუსიკაში და ა.შ. სხვადასხვა სფეროში ვლინდებოდნენ. მახსოვს, მამაჩემმა მერაბ კოსტავა, როგორც რაინდი გამაცნო. პატარა ვიყავი, ღამის სამ საათზე გამაღვიძა და მითხრა: ახლა შენ ნამდვილი რაინდი უნდა განახოო. 90-იანი წლებია, ლამფის შუქზე გავედით ოთახში, სადაც სამი ადამიანის სილუეტი დავინახე. მერაბ კოსტავა ახალი დაბრუნებული იყო გადასახლებიდან. მან დამიძახა, შუბლზე მაკოცა და მამას უთხრა: კარგი ბიჭიაო! ჩემთვის რამხელა ამბავი მოხდა, წარმოვიდგინე, რომ თავად ლანცელოტი დაბრუნდა...

- სამხატვრო სტუდიაში ვინ იყვნენ თქვენი პედაგოგები?
- მე-9 კლასში, 13 წლისა შევედი სამხატვრო სტუდიაში და სამი წელი ვისწავლე. პედაგოგები იყვნენ ყარამან ქუთათელაძე - აპოლონ ქუთათელაძის ვაჟი და გია გორდეზიანი - წახნაგა, რომელიც თავისი სიმღერებითაც არის ცნობილი. 90-იანი წლები იდგა - გაჭირვება, ომი აფხაზეთში, თბილისში უაღრესად მძიმე სიტუაცია. ის რთული პერიოდი, სტუდიაში სწავლამ გადამატანინა. ზოგჯერ მთელი დღე და ღამე ვმუშაობდით... პირველი, რაც მასწავლეს ყარომ და წახომ, ეს შეშის ჩეხვა და ხერხვა იყო. ზამთრის პერიოდში შეშით ვთბებოდით, ვმღეროდით, ვხატავდით, ვსვამდით და ბევრ რამეს ვსწავლობდით. ძალიან დასამახსოვრებელი დრო იყო.

- თქვენ ნამუშევრებს მამა როგორ აფასებდა?
- ჯარჯის არასოდეს უყვარდა ქება და უბრალოდ კომპლიმენტები. კრიტიკა იყო მისი მხრიდან სასიცოცხლოდ აუცილებელი. ძალიან მკაცრად, ოღონდ ყოველთვის ნახევრად ხუმრობით მეტყოდა სათქმელს და ჩანდა, რომ ამოცანა თვითონ შემოქმედებითი პროცესი იყო. ნახატის ირგვლივ ძალიან საინტერესოდ საუბრობდა. მხატვარს მუდმივად ბრძოლა აქვს, რომ მის ნახატებში ახალი ფორმით დაიბადოს რაღაცა, ამიტომ საჭიროა ბევრი ჟანრი, ბევრი შრე, ბევრი მასალა...

- პირველი პერსონალური და უცხოეთში მოწყობილი გამოფენების შესახებ ვისაუბროთ. რითი იყო ისინი გამორჩეული?
- თბილისის ქარვასლაში მქონდა პირველი პერსონალური გამოფენა, ქალბატონი ლიკა მამაცაშვილი ძალიან ეხმარებოდა ახალგაზრდა მხატვრებს და დღესაც ეხმარება. პერსონალური გამოფენისთვის დიდხანს ვემზადებოდი, ბევრი მეკითხებოდა კიდეც, როდის იქნება, როდის? იყო ცოტა ნერვიულობაც, მაგრამ ნერვიულობა გვერდზე გადავდე და ამ ყველაფერმა ზეიმის ხასიათი მიიღო.
საზღვარგარეთ რაც გამოფენები მქონია, ყველა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პირველი პერსონალური გამოფენა პარიზში შედგა, მერე ინგლისში, ვენაში, გერმანიაში... კონტრაქტი დამიდო ინგლისურმა გალერეამ, რომელმაც თავად წარმადგინა ლუვრში - თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე. მოხდა ისე, რომ ჩემი ნახატები დიდი მხატვრების გვერდით გამოფინეს. მაშინ მივხვდი - შეიძლება, კერძო კოლექციონერმა ერთად გამოფინოს შენი და პიკასოს ნახატები იმიტომ, რომ ორივეს ნამუშევარი აქვს. ე.ი. იმისთვის კი არ უნდა იბრძოლო, რომ ვიღაცის სახელთან ერთად მოხვდე გალერეაში ან მუზეუმში, არამედ მთავარია შენი ხელოვნება დაიხვეწოს და რაღაც ღირებულება წარმოადგინო სამომავლოდ. ამიტომ ბრძოლის ველი აქ, ჩემ სახელოსნოში გადმოვიდა. თბილისში დავბრუნდი და ვმუშაობ, პარიზში რიგითი ხელოვანის ცხოვრება მექნებოდა.

- შინაგანად კმაყოფილი ხართ ხოლმე საკუთარი გამოფენის შემდეგ?
- პირიქით, მგონი, დედამიწაზე არ არსებობს მხატვარი, რომელიც კმაყოფილია. ეს უცნაურია. გარედან ასე ჩანს, ყველა ულოცავს და ა.შ. მაგრამ რეალურად ცოცხალი პროცესი გადადის რეგისტრირებულ შტამპში იმიტომ, რომ გამოფენის დროს მხატვარი სწყდება თავის ნამუშევრებს და მათ სამყაროში უშვებს. ნახატი როცა იყიდება, სადღაც მიდის და მასზე საუბარი უკვე აღარ გამოდის.

- ხელოვანი ყოველთვის ეძებს სიახლეს, თქვენთვის რა არის სიახლე?
- აქ დგას ლილი გეგელიას ნაქონი სავარძლები, ეს მაგიდაც მისია. ამ სკამებზე ისხდნენ გამოჩენილი და ყველასთვის საყვარელი ადამიანები, რომლებიც საესტრადო ხელოვნებას ემსახურებოდნენ. დღეს აქ ჩემი სტუმრები და სტუდენტები სხედან. ამ სახელოსნოში სკამებმა სხვა დატვირთვა და ახალი შინაარსი შეიძინეს. ასე ვუყურებ სიახლეს - რაღაცასთან კავშირში. იგივე მეორდება, მაგრამ ახალი ფორმით ვლინდება. ძველ ფილოსოფოსებს რომ დავესესხოთ, არ არსებობს ისეთი სიახლე, რომელიც არასოდეს ყოფილა. მხატვრისთვის სიახლე თვითმიზანი თუ არის, რეალურად ის ახალს ვერაფერს შექმნის. თვითმიზანი უნდა იყოს, ჩვენს ირგვლივ არსებული კანონზომიერებების, როგორც ბუნების საიდუმლოებების აღმოჩენა ახალი ძალით, თითქოს ჩვენ ვხსნით ამ კანონზომიერებას. ვთქვათ, ახალ ფიზიკურ ან ქიმიურ კანონს რომ ამოხსნიან, ასე უნდა მოვიდეს ახალი აღმოჩენაც მხატვრობაში.

- როგორი განწყობა გაქვთ დღეს, ზოგადად?
- ძალიან განვიცდი, რომ ჩემი ქვეყანა ფაქტობრივად უდაბნოშია და სრულიად უფუნქციოდ დარჩა. შარშან გავაკეთე გამოფენა „მე. უდაბნო“, რომელიც დავით გარეჯში ყოფნის შედეგად დაიბადა და ჩემი განწყობის შესატყვისია. ქართველმა თავისი სულიერი ფუნქცია დაკარგა. მის ახლებურად დაბადებას გარკვეული გზის გავლა სჭირდება, რომელიც მთელმა ქვეყანამ უნდა გაიაროს და ამ გზას, ახლა გავდივართ.








ნანული ზოტიკიშვილი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები