ყველა სახლს აქვს თავისი სული და სურნელი. ამ სახლში მხოლოდ ერთი ადამიანი ცხოვრობს, თუმცა ჩვენ სტუმრად ორთან ვიყავით – ლია სტურუასა და ელგუჯა ამაშუკელთან, მიუხედავად იმისა, რომ დიდ მოქანდაკესა და პოეტს აქ ერთად არც უცხოვრიათ.
ბაზალეთის ქუჩაზე, ლამაზ და მყუდრო ბინაში, პოეტი ლია სტურუა მეუღლის – მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელის გარდაცვალების შემდეგ გადავიდა. ჩვენს ძველ სახლში ელგუჯას შემდეგ რა გამაჩერებდაო, – ამბობს პოეტი. გადმოვიდა მარტო, მაგრამ არა მეუღლის გარეშე... ყველა ოთახს ბატონი ელგუჯას ქანდაკებები და ნახატები ამშვენებს. როგორც ქალბატონი ლია იხსენებს,
მისი მეუღლე პორტრეტებს არ ხატავდა, არ უყვარდა ნატურიდან ხატვა, ამბობდა: ნატურა – ცოცხალი და რეალისტური – ხელს მიშლის, რომ პირობითი შევქმნაო. ქანდაკებებზეც ასე მუშაობდა – ნატურის გარეშე. ერთადერთხელ დაუყენებია წინ ადამიანი – გეიდარ ფალავანდიშვილი – ვახტანგ გორგასლის ძეგლზე მუშაობისას. ერთ ჩვეულებრივ დღეს კი თავისი მეუღლე დაუხატავს. „საათზე ნაკლებ დროში დახატა. თვითონ არ მოსწონდა, ამბობდა, უკეთესი მინდოდა გამოსულიყოო“, – იხსენებს ლია სტურუა. თავად მას ეს პორტრეტი ძალიან უყვარს და თავის სამუშაო ოთახში უკიდია. მანამდე კი ქალბატონ ლიას ლექსების პირველი კრებული („ხეები ქალაქში“) საკუთარი ნამუშევრით გაუფორმა: „მაშინ ერთად არ ვიყავით, უბრალოდ, ვიცნობდით ერთმანეთს. ჩემი ლექსები რომ წაიკითხა, შემომთავაზა, მე გაგიფორმებ წიგნსო. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. მას შემდეგ, გარდაცვალებამდე, ჩემს ყველა წიგნს ელგუჯა აფორმებდა“.
ამავე ოთახში, პოეტის სამუშაო მაგიდასთან ახლოს დაინახავთ თავად ელგუჯა ამაშუკელის ავტოპორტრეტს – ერთგვარ „შარჟს“, როგორც მას ქალბატონი ლია უწოდებს. აქვეა პოეტის კიდევ ერთი პორტრეტი, ლორეტა შენგელიას ნამუშევარი...
როგორც ამბობს, არ უყვარს უმოქმედო დეკორაციები, ამიტომ დღემდე ვერ ეგუება მისაღებ ოთახში უფუნქციოდ დარჩენილ ბუხარს, რომელსაც დაშენების გამო საკვამური აღარ აქვს.
„ტყვიების ზუზუნი“ და პარიზი, როგორც თავშესაფარი
90-იანი წლები. უშუქობა. ბინა მცხეთისა და აბაშიძის ქუჩების კვეთაზე. მე-12 სართული. როგორც ქალბატონი ლია იხსენებს, ადამიანი ცუდად რომ გამხდარიყო, სასწრაფო ვერც ამოვიდოდა და ვერც საკაცეს მოატრიალებდა კიბის კუთხეში. „ასეთ პირობებში ავადმყოფ დედაჩემს ჩემთან ხომ ვერ გადმოვიყვანდი, ამიტომ მე დავრბოდი ჩემი სახლიდან მის სახლამდე, ქუჩაში ტყვიები ზუზუნებდნენ. მეუბნებოდნენ, შეიძლება, ცოცხალი ვეღარც დაბრუნდეო, მაგრამ რა უნდა მექნა! ელგუჯასაც უჭირდა კიბით ამოსვლა. ამბობდა ხოლმე: არ შეიძლება, ქუჩაში დავიძინოო?.. რუსეთის მხატვართა კავშირმა საჩუქარი გაგვიკეთა – წელიწადში ორი თვით, იანვარსა და თებერვალში, პარიზში დავდიოდით მივლინებით. პირველად რომ ჩავედით და სახელოსნოში შევედით, ელგუჯამ აღტაცებით თქვა: „რა ბედნიერებაა, ვიმუშავებ, ე.ი. ვიმუშავებ!“ აბა, თბილისში როგორ უნდა გემუშავა ზამთარში?! მე ვერ ვწერდი გაყინული ხელებით და ქანდაკების კეთება როგორია?! პატარა ქანდაკებების უმრავლესობა სწორედ პარიზშია შექმნილი და მე ისინი განსაკუთრებულად მიყვარს“.
ხელისუფლება და ურთიერთობა „კაგებესთან“
თავისუფალ ხელოვანს თავისუფლად მოქმედების საშუალება ყოველთვის არ ჰქონია. შემოქმედებითი ცხოვრების განმავლობაში ცოლ-ქმარს არაერთი დაბრკოლება შეხვდა. როგორც ლია სტურუა იხსენებს, ელგუჯა ამაშუკელს ძალიან დიდხანს არ ჰქონდა სახელოსნო. „ხან ტრამვაი-ტროლეიბუსების პარკში მუშაობდა, ხანაც – გაუქმებულ ეკლესიაში, ხან ფარდულს უშენებდნენ... გორგასლის ძეგლზე რომ მუშაობდა, სწორედ ფარდული აუშენეს მეტეხის ტაძართან. ცოტა ხნით საზღვარგარეთ წასვლამ მოუწია. უკან დაბრუნებულს ფარდულიც დანგრეული დახვდა და თავისი ნამუშევარიც – თურმე, მტკვარში გადაეგდოთ... არავინ იცის, ვინ გააკეთა, მაგრამ მტერს რა დაულევს ადამიანს...“
ერთხელ ელგუჯა სხვა პიროვნებაში არევიათ და ამის გამო კინაღამ დიდ ხათაბალაში გაეხვა ხელოვანი. შეცდომის მიზეზი საკმაოდ უბრალო იყო – მისი მოსახელე და მოგვარე გუჯი ამაშუკელი. მას და ომარ მხეიძეს თურქეთში გაუცურავთ. გუჯი მალევე დაბრუნებულა უკან, მაგრამ მისი მოქმედება „კაგებეს“ არ გამოჰპარვია. ერთხელ ელგუჯა პარიზში უნდა წასულიყო, მაგრამ არ გაუშვეს და „კაგებეში“ დაიბარეს, გამოკითხვა მოუწყეს. თავიდან ელგუჯას წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ხდებოდა. მერე მიხვდა, რომ გუჯიში აერიათ. თურმე ძლივს დაარწმუნა, ყველაფერი გაირკვა, მაგრამ პარიზში მაინც არ გაუშვიათ.
მეორედ რომ დაიბარეს „კაგებეში“, ის და ლია უკვე ერთად იყვნენ. „რუსი პოეტი ალექსანდრ გლეზერი ჩემს ლექსებს თარგმნიდა ხოლმე, საქართველოშიც ხშირად ჩამოდიოდა და ვმეგობრობდით. ერთხელაც, იტალიაში მივდიოდით, როცა ელგუჯა „კაგებეში“ დაიბარეს და ჰკითხეს: საიდან იცნობთ გლეზერსო. გაიგეს, რომ ვმეგობრობდით, ამის მიუხედავად, იტალიაში მაინც გაგვიშვეს, მაგრამ ასეთი არაფერი მინახავს – ერთ კაცზე ორი „კაგებეშნიკი“ მოდიოდა. საბაჟოზეც მაშინ გაგვჩხრიკეს პირველად“.
კიდევ ერთი ამბავი „ქართვლის დედის“ ძეგლს უკავშირდება. ფოტო ისეთი რაკურსით გადაიღეს, რომ „ქართვლის დედის“ ხმალი ლენინის კისერზე იყო მიდებული. მაშინ საქალაქო კომიტეტის მდივანი გიორგი გეგეშიძე იყო. მოქანდაკეს დიდი ძალისხმევა დასჭირდა მის დასარწმუნებლად, რომ „ქართვლის დედის“ სხვა ადგილას გადატანა არაფერს შეცვლიდა – გადამღები კვლავ მოძებნიდა სასურველ რაკურსს.
„ყველას რაიმე აქვს სახსოვარი“
„გალაკტიონს აქვს ლექსი: „ყველას რაიმე აქვს სახსოვარი“. ალბათ, ადამიანს ასეთი სახსოვარი უნდა ჰქონდეს ვინმესგან“, – აღნიშნავს ლია სტურუა და იგონებს მეუღლის მიერ ნაჩუქარ ყველაზე ძვირფას საჩუქრებს:
„სიმბოლისტებს ვიკვლევდი და ძალიან მინდოდა, რომ არტურ რემბოს წიგნი მქონოდა. არსად არ იყიდებოდა, ვერც ბუკინისტებში იპოვა ელგუჯამ. ბოლოს, ერთ თავის ამხანაგს მოპარა, წააწერა: „ლიას არტურისგან“ და მაჩუქა.
დაახლოებით, იმავე პერიოდში ელგუჯა კუბაში წავიდა, საიდანაც ვერცხლის ჯვარი ჩამომიტანა. აღმოჩნდა, რომ იგი ცნობილ ესპანელ გიტარისტს, ანდრეს სეგოვიას ეკუთვნოდა. ძალიან მნიშვნელოვანი საჩუქარი იყო ჩემთვის.
ამათ ფონზე სამაჯური და ოქროს ბეჭედი რა სახსენებელია. ელგუჯამ ესენი მაჩუქა და თავისი ხელოვნება დამიტოვა. ის იყო ადამიანი, ვისაც პირველს ვუკითხავდი ჩემს ლექსებს და ის მათ მთელი არსებით გრძნობდა. სხვა ადამიანთან, თუნდაც, ძალიან კარგთან, მე ვერ გავძლებდი და ვერ ვიცხოვრებდი. მას ჩემი ლექსების ესმოდა, მე – მისი ნახატებისა და ქანდაკებების. მეუბნებოდა ხოლმე, შენ ისე გრძნობ ამ ქანდაკებებსა და ფერწერას, ნეტავ, შენნაირი რამდენიმე ხელოვნებათცმოდნე გვყავდესო...“
ასეა – ამ სახლში მხოლოდ ერთი ადამიანი ცხოვრობს, თუმცა ჩვენ სტუმრად ორთან ვიყავით – ლია სტურუასა და ელგუჯა ამაშუკელთან, მიუხედავად იმისა, რომ მოქანდაკესა და პოეტს აქ ერთად არც უცხოვრიათ...
მარიამ ტურძილაძე