„თბილისის ქანდაკებებს რომ გადახედო, ერთფეროვანია ყველა... ჩემი მიზანია, უფრო გაფერადდეს, გალამაზდეს ეს სფერო“ - ხელოვანი ფერადი ქანდაკებებისა და აპლიკაციების სამყაროდან

მოქანდაკე სანდრო გუნია მხატვრების ოჯახში დაიბადა და ისეთ გარემოცვაში გაიზარდა, შეუძლებელი იყო, ხელოვნების სიყვარული არ ჰქონოდა. მისი მეზობლები იყვნენ გოგი ალექსი-მესხიშვილი, მურაზ მურვანიძე, სოლიკო ვირსალაძე. მოგვიანებით გაიცნო გია ჯაფარიძე, რომელიც მისი მეგობარი და შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი შემფასებელია. მიუხედავად იმისა, ოჯახს უნდოდა, სანდრო ექიმი გამოსულიყო, საბოლოოდ მაინც სახვითი ხელოვნებისადმი ინტერესმა გაიმარჯვა. სამხატვრო აკადემიაში იმ რთულ პერიოდში სწავლობდა, თიხიან ხელებს თოვლში რომ იბანდნენ, გასათბობად კი შეშას იყენებდნენ. დღეს სანდრო ის მოქანდაკეა, რომელიც ნამუშვრებს არა კომერციული გათვლებით, არამედ შემოქმედებითი ხედვით ქმნის, შედეგად მისი
ქანდაკებები არის ფერადი, პოზიტიური და ინდივიდუალურად აღქმადი.
 

- 5 წლიდან ვძერწავ, ყოველთვის მქონდა ინტერესი ამ საქმის მიმართ. მამაჩემი თეატრის მხატვარი გოგი გუნია გახლდათ, ბებიაჩემიც (მამას დედა) მხატვარი იყო, ფიქრობდნენ, არ გვინდა ამდენი მხატვარი ოჯახშიო და უნდოდათ, ექიმი გამოვსულიყავი, თუმცა ძერწვა რომ დავიწყე, მამაჩემი მაშინ მიხვდა, ჯობდა, ისევ „ქანდაკებაში“ წასვულიყავი. დაახლოებით მე-7 კლასში ვიქნებოდი, მამამ მიმიყვანა მოქანდაკე ჯუნა მიქატაძესთან, სპორტის სასახლის წინ რომ „მზეჭაბუკია“ მის ავტორთან. მოხდა ისე, რომ ჯუნას ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და ამის გამო გია ჯაფარიძესთან წავედი. თუ მე რამეს წარმოვაგდენ, ან რამე ვიცი, ყველაფერი გია ჯაფარიძემ მასწავლა, მთელი ცხოვრება მისი მადლობელი ვიქნები. ასეთივეა ჩემთვის მურაზ მურვანიძე და გოგი ალექსი-მესხიშვილი, რომლებთანაც ასევე ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს, საათობით ვსაუბრობთ ჩვენს საქმეზე და არა მარტო, როგორც საკუთარ მამას, ასე აღვიქვამ მათ და ასეთი დამოკიდებულბა მაქვს მათ მიმართ. ამ ადამიანების დამსახურებაა ის, რომ მე დღეს თავისუფალი ვარ და ჩემს საქმეს ყოველგვარი ჩარჩოების გარეშე ვაკეთებ. დღეს, ცხოვრებამ მოიტანა თუ სოციუმმა არ ვიცი, მაგრამ ხელოვანების უმეტესობა საქმეს კომერციული თვალსაზრისით უდგება, მე ასე არ ვარ, ნამუშევარი გამეყიდება თუ არ გამეყიდება, ჩემთვის მეორეხარისხოვანია, მთავარია, შევქმნა ის, რასაც მე ვფიქრობ და ვგრძნობ. რა თქმა უნდა, როცა „იყიდები“ ძალიან კარგია, მით უმეტეს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. კი, ჩემი ნაუშევრებიც იყიდება, მაგრამ არა ისეთ ფასად და არა იმ რაოდენობით, რომ ამით ვიცხოვრო.

- მამის სახელმა მოახდინა შენზე გავლენა, მისი ჩრდილი გდევს თუ არა?
- მამაჩემი 2001 წელს გარდაიცვალა, მაგრამ დღემდე მისი სახელი წინ მხვდება, პატივისცემას გამოხატავენ მის მიმართ. დიდი მხატვრის შვილი რომ ხარ, მინიმუმ უნდა აჯობო მას, ყოველთვის მეტს ელიან შენგან და მეც სულ მაქვს ეს განცდა, ნეტა მამა რას იფიქრებდა? როგორი შეფასება ექნებოდა? სამწუხაროდ, პასუხები არ მაქვს... ჯერ სტუდენტიც არ ვიყავი, როცა დაიღუპა. მისი გარდაცვალების შემდეგ ჩავაბარე აკადემიაში ქანდაკებაზე. იქაც კარგი პედაგოგები შემხვდნენ - ვიქტორ ჭუბურიძემ ჩემზე დიდი გავლენა იქონია. აკადემიაში რეფორმების პერიოდში ვსწავლობდი, უნდა გვესწავლა 6 წელი, საბოლოოდ 5 წელი ვისწავლეთ, ცვლილებები იყო და ბუნებრივია, სათანადო ყურადღების ქვეშ ვერ მოვექეცით. ის ჩვენი ნამუშევრებიც ღმერთმა იცის, სად ყრია. აკადემია კი დავამთავრე, მაგრამ რთულ პერიოდში მომიწია იქ სწავლამ, შუქი არ იყო, წყალი არ იყო და თიხიან ხელებს თოვლში ვიბანდით ხოლმე, შეშა მოგვქონდა რომ გავმთბარიყავით... ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვერ ვიტყვი, რომ დიდი ცონდა მომცა იქ სწავლამ, სამაგიეროდ, ძალიან კარგ ადამიანებს შევხვდი, რომელთანაც დღემდე ვმეგობრობ.

- ამ ეტაპზე შენი საქმიანობის ძირითად სფერო ქანაკდებაა...
- კი, ქანდაკება და აპლიკაციები, რომელსაც ფერადი ქაღალდებისგან ვაკეთებ.

- სახლში მუშაობ თუ სახელოსნო გაქვს?
- სახელოსნო უცნაურ ადგილას მაქვს. მიხაილოვის საავადმყოფოს უკან, ძველი მორგის შენობა გვაქვს ნაქირავები მე და ჩემს მეგობარს და იქ ვმუშაობთ. ყველაზე იაფი ეგ იყო (იცინის). სულები დადიან და გვიანობამდე არ ვჩერდებით, ცოტა გვეშინია (იცინის). აპლიკაციებს სახლში ვაკეთებ, მაგრამ ქანდაკება ცოტა „ბინძურია“ , დიდი სივრცე სჭირდება, ამიტომ სახელოსნოში ვმუშაობ.

- ბოლო პერიოდში ქანდაკებამ ექსტერიერიდან უფრო ინტერიერში გადაინაცვლა, რა ტენდენციები და ცვლილებებია ამ სფეროში?
- დიდ ქანდაკებას დიდი სივრცე და დიდი ადგილი სჭირდება, ამის პირობები რომ არ არის, შესაბამისად ვაკეთებ იმ ზომას, რასაც ვერევი.

- შენი ხედვით მუშაობ ქანდაკებაზე, თუ გქონია შემთხვევა, როცა მომხმარებლის იდეით შეგიქმნია?
- არა, ვცდილობ, ხელოსნური შეკვეთები არ ავიღო, მირჩევნია, ჩემი ხედვით შევქმნა ნამუშევარი, ვიდრე ვიღაცას „ფანტანი“ დავუდგა ეზოში. ჩემი ქანდაკებები უფრო განკუთვნილია ბაღებისა და პარკებისთვის, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2, 3 მეტრს. ვფიქრობ, არ არის აუცილებელი, ბაღში მაინცდამაინც გარდაცვლილი პოეტის ძეგლი იდგეს, რომელიც იქნება ბრინჯაოსგან გაკეთებული. თბილისის ქანდაკებებს რომ გადახედო, ერთფეროვანია ყველა, მასალაც ყველგან ბრინჯაოა, რომელიც ორგანული მეტალია და შხამს, ნეგატივს, უბედურებას რაც ქვეყანაში ხდება, იწოვს, შედეგად თითქოს ყველა ქანდაკება გაშავებული და დამთრგუნველია. ეს ქანდაკებები 30 წლის წინ ძალიან მაგარ ნამუშევრებად ითვლებოდა და იყო კიდეც. დღეს კი რომ უყურებ, რაღაცნაირად გეშინია, თითქოს მთელი ქვეყნის უბედურება აქვს შეწოვილი. მოჭამა ამ სტილმა თავისი თავი, 40-50 წლის წინ კარგი იყო, მაგრამ ახლა აზროვნება იცვლება, გაიხსნა საზღვრები, ვიღებთ უამრავ ინფორმაციას და გვეცვლება ხედვა, გემოვნება. მაშინ როცა არსებობს უამრავი ლამაზი ფერი, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ და არ უნდა გამოვანათოთ ქალაქი ფერებითა და ფორმებით? წლებთან ერთად გამოვდივართ საბჭოთა სოც-რეალიზმიდან, ვხვდებით, აუცილებელი არაა, ვინმე მოკვდეს, რომ ძეგლი დავუდგათ და ეს კარგია. ჩემი მიზანია, უფრო გაფერადდეს, გალამაზდეს ეს სფერო, შესაძლებელია განზოგადოებული ფორმის ქანდაკებები შეიქმნას, რომელსაც ყველა ადამიანი ინდივიდუალურად აღიქვამს. მე ჩემს ქანდაკებებს სახელებს არ ვარქმევ, სამმა ადამიანმა რომ შეხედოს, ყველა სხვადასხავგვარად აღიქვამს და სამივეში დადებით ემოციებს გამოიწვევს. ჩემს გარდა კიდე ბევრი, ნიჭიერი მოქადაკეა, რომელთაც დიდი წარმატებები აქვთ, ეყიდებათ ნამუშევრები და არაჩვეულებრივად მუშაობენ. ხვალინდელი დღე უფრო იმედიანია ამ მხრივ. რაღაც პერიოდი ეს სფერო სულ ჩამკვდარი იყო, ამაშუკელი, ბერძენიშვილი და მათი თაობა რომ წავიდა, მერე გაჩერდა თითქოს ყველაფერი, პერიოდიც ცუდი იყო და შემოქმედებისთვის არავის ეცალა, პურის ფულისთვის იბრძოდა და შრომობდა ყველა, ახლა გამოცოცხლდა, სიახლე იგრძნობა და ვიმედოვნებ, ქანდაკება გადარჩება.


- სანდრო, როგორც გვითხარი, აპლიკაციებსაც ქმნი, იდეა საიდან გაგიჩნდა და რამდენად მოთხოვნადია?
- აპლიკაციების კეთება ძალიან სპონტანურად დავიწყე, ღამით ბავშვთან ერთად რაღაც გამოვჭერი, მივაწებე მაცივარზე, მეორე დღეს შევხედე, მომეწონა და გადავწყვიტე, მეცადა ამ სფეროში ბედი. მომივიდა იდეა, გამეკეთებინა “ვენერა”. რომ დავასრულე, სახლში დავკიდე, ვუყურებდი და ძალიან ვერთობოდი. არანაირი მოლოდინი არ მქონია, მაგრამ ვინც ნახა, ყველას მოეწონა და მივხვდი, რომ კარგი იქნებოდა, თუ ფერადი და სხვადასხვა ფაქტურის ქაღალდებისგან გავაგრძელებდი აპლიკაციების კეთებას. დავიწყე ფერადი ქაღალდების ძიება, აღმოჩნდა, რომ არ იშოვება, მაქსიმუმ საკანცელარიო მაღაზიაში ბავშვებისთვის განკუთვნილი 5-ფერიანი ფურცლები ნახო. როცა მივხვდი, ფერები მაკლდა, დავიწყე მოძიება სხვადასხვა ადგილას, ელიავაზე, სარეკლამოებში, მეტიც, შოკოლადში რომ ფოლგაა, ისიც კი გამომიყენებია, ჟურნალიდანაც ამომიჭრია... მუშაობის პროცესში გაირკვა, რომ ბევრს მოსწონს ჩემი აპლიკაციები, მათ შორის ჩემს გურუ პედაგოგებს: გოგის,მურაზს, რაც რასაკვირველია, სტიმულია ჩემთვის. აპლიკაციებზე მოთხოვნაც უფრო მეტია და კარგადაც იყიდება. არც ამ შემთხვევაში ვღალატობ ჩემს პრინციპებს და ერთსა და იმავეს არ ვაკეთებ, ვცდილობ, არ განვმეორდე. ორმაგიც რომ გადამიხადონ, არ გავაკეთებ. იმიტომ იხდის ადამიანი ფულს ნამუშევარში, რომ უნდა მხოლოდ მას ჰქონდეს. მეც პატივს ვცემ ამ დამოკიდებულებას და ვქმნი ერთს და ერთადერთს.



ციცი ომანიძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები