როგორ ეხმარება მებაღეობა ფსიქიკას და ამცირებს სიმსივნეების განვითარების რისკს

თუ ცხოვრების წესს შევცვლით და კვებასაც დავარეგულირებთ, რისკი შეიძლება ოთხჯერ შევამციროთ.
ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმსივნეებს შორის, სწორი და მსხვილი ნაწლავის სიმსივნეა და ძირითადად ის 50 წელზე უფროს ადამიანებს ემართებათ. თუმცა ბოლო დროს დაავადება გაახალგაზრდავდა და ახალგაზრდა პაციენტებიც არ არიან ცოტანი. დაავადების რისკს ზრდის არასწორი კვება, მჯდომარე ცხოვრების წესი, ალკოჰოლისა და თამბაქოს დიდი ოდენობით მოხმარება. ამავდროულად, ზოგიერთი ჩვევის შეცვლა ხელს შეუწყობს რისკის შემცირებას.

იმოძრავეთ
ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაც ნაწლავების სიმსივნეების განვითარებას უწყობს ხელს, მჯდომარე ცხოვრების წესია. რაც მეტ დროს ვატარებთ მჯდომარე
მდგომარეობაში, მით უფრო ძლიერია ანთებითი პროცესები ორგანიზმში და მით მეტია დაავადების განვითარების რისკი. თუ თქვენი სამუშაო მოითხოვს დიდხანს ჯდომას, საათში ერთხელ გააკეთეთ შესვენებები, გაიარ-გამოიარეთ, გაავარჯიშეთ სხეული. ეცადეთ, სამუშაოს შემდეგ ბევრი იაროთ ფეხით.

მეტი დრო გაატარეთ მზეზე
კვლევამ, რომელშიც 13 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, აჩვენა, რომ ნაწლავების სიმსივნის განვითარების რისკი დაკავშირებულია D ვიტამინის დეფიციტთან. რასაკვირველია, მზის პირდაპირი სხივები დაუცველ კანზე ასევე საშიშია, თუმცა თუ დამცავ საშუალებებს გამოიყენებთ და ხშირად იქნებით ჰაერზე, მზიან ამინდში, განსაკუთრებით დილის 11-12 საათამდე და საღამოს 5-6 საათიდან, ეს ძალიან სასარგებლოა.

იმუშავეთ ბაღ-ბოსტანში
მიწაზე მუშაობა სასარგებლოა იმიტომ, რომ აქ ფიზიკურადაც აქტიურია ადამიანი, ჰაერზეც ატარებს დროს და განწყობაც დადებითი აქვს, რადგან ხილ-ბოსტნეულს, ყვავილებს უვლის და იქიდან დადებითი ენერგეტიკა მოდის, თან სასარგებლო საქმეს აკეთებს და მისი შრომის შედეგს ხედავს. თუ იმდენი მოგყავთ ბოსტნეული, რომ იკვებებით კიდეც თქვენი მოსავლით, ეს კიდევ უკეთესია.

მიირთვით ბევრ უჯრედისი
მსხვილმარცვლოვანი პროდუქტებუ, ბურღულეული, ახალი ხილ-ბოსტნეული, ბარდეული და სხვა პროდუქტები, რომლებშიც ბევრი უჯრედისია, სულ უნდა იყოს თქვენს საკვებ რაციონში. ისინი ხელს უწყობს არა მხოლოდ ნაწლავების კარგ მუშაობას, არამედ სიმსივნეების რისკსაც ამცირებს.

თავი დაანებეთ მოწევას
მოწევა არა მხოლოდ ფილტვების სიმსივნის რისკს ზრდის, არამედ ნაწლავების სიმსივნისაც. რაც მეტია მწეველის სტაჟი, მით მეტი დრო სჭირდება ორგანიზმს აღსადგენად. ამიტომ ეცადეთ, დროულად მოიშოროთ თავიდან ეს მავნე ჩვევა.


ზომიერად სვით ყავა
აღმოჩნდა, რომ ზომიერად მიღებული კარგი ყავა ნაწლავების სიმსივნის განვითარების რისკს ამცირებს.

აკონტროლეთ წონა
რაც მეტად აქვს ადამიანს ჭარბი წონა, მით მეტი აქვს მსხვილი ნაწლავის პოლიპების განვითარების რისკი. პოლიპები იმდენად საშიში არ არის, მაგრამ თუ დროულად არ მოიცილებთ, შეიძლება ავთვისებიანად გარდაიქმნან. ამიტომ ეცადეთ, აკონტროლოთ წონა და თუ ჭარბი წონა გაქვთ, ამოწმეთ ხოლმე ნაწლავების მდგომარეობა.

შეამცირეთ ალკოჰოლი
ყოველდღიურად 3-4 ჭიქა ალკოჰოლი მკვეთრად ზრდის ნაწლავების სიმსივნეების განვითარების რისკს. ნაწლავური ბაქტერიები ალკოჰოლს კანცეროგენ აცეტალდეჰიდად აქცევენ, რაც შედეგად სიმსივნეს იწვევს. თუ ზრუნავთ სიმსივნის პროფილაქტიკაზე, ალკოჰოლის რაოდენობა შეზღუდეთ.

კომენტარები

იკა 2020-05-07 11:51
ლამაზი ბაღია, მაგრამ პატარა პრინცესა უფრო ლამაზია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები