15 მაისი ქართული კინოს დღეა - ეს ისტორია უნდა იცოდეთ

15 მაისი - ქართული კინოს დღეა

...ერთ დღეს ფოტოსურათი, რომელიც მანამდე კედელზე უძრავად ეკიდა, ან ალბომებში ინახავდნენ, ამოძრავდა.

''გაცოცხლებული წამები'' მაყურებელს პირველად ძმებმა ოგიუსტ და ლუი ლუმიერებმა წარუდგინეს. პირველი კინოჩვენება მათ 1695 წლის 26 დეკემბერს პარიზში, კაპუცინების ბულვარზე მდებარე ''გრანდ კაფეს'' ფეშენებელურ საბილიარდოში გამართეს და სეანსი სულ 20 წუთს გაგრძელდა. ამის შემდეგ მაყურებელმა ერთი-მეორის მიყოლებით იხილა ძმების ფილმები: ''კედელი'', ''გაწუწული მებაღე'', ''მუშების გამოსვლა ლუმიერების ფაბრიკიდან'', ''ბავშვის საუზმე''...

1898 წლის შემოდგომაზე თბილისში, სათავადაზნაურო თეატრში, ''ლუმიერების სინემატოგრაფის'' ჩვენება გაიმართა. 1912 წელს კი
უკვე
ქართული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გვქონდა, რომლის ავტორი გახლდათ ვასილ ამაშუკელი. ''ქართველი მგოსნის აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში, 21 ივლისიდან 2 აგვისტომდე, 1912 წელი'' - ასეთია ფილმის სრული დასახელება...

*** დოკუმენტური ფილმი ***
ვასილ ამაშუკელი 1886 წლის გაზაფხულზე ქუთაისში დაიბადა. დაწყებით განათლებას სათავადაზნაურო გიმნაზიაში იღებდა, სკოლიდან დაბრუნების შემდეგ დროს ნაცნობ-მეგობრების სახელოსნოებში ატარებდა, სადაც ჭედავდა, კერავდა და ხის მასალაზე მუშაობდა. ბავშვობაში ხატვა იტაცებდა, ამ ხელოვნების დასაუფლებლად ვასილ ბალანჩივაძის სამხატვრო სასწავლებელში შევიდა, მოგვიანებით კი სწავლა მოსკოვში, ერთ-ერთ სამხატვრო სასწავლებელში განაგრძო. მოსკოვში მარტოხელა ხელმოკლე სტუდენტის ცხოვრება რთული გამოდგა და უფინანსობის გამო, ვასილ ამაშუკელი იძულებული გახდა, სწავლისთვის თავი დაენებებინა. და იქვე, საარსებო საშუალების მოსაპოვებლად, მანუფაქტურის ფაბრიკაში დაიწყო მუშაობა.

ვასილ ამაშუკელი

ყოველდღიური რუტინა დღითი დღე მომაბეზრებელი ხდებოდა. ვასილ ამაშუკელის ერთადერთი ''გართობა'' ის იყო, როცა საღამოობით ''სუხარევის კოშკთან'' მოხეტიალე მსახიობების წარმოდგენა-სანახაობებს ესწრებოდა. ამ ადგილას მას ყველაზე მეტად ''ჯადოსნური ფარანი'' იტაცებდა. ის დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა მოძრავ სურათებს და მათი ამოძრავების გზებსა და საშუალებებზე ფიქრობდა. სულ მალე ვასილ ამაშუკელმა ასეთი სურათები ეკრანზე ''გაცოცხლებული'' იხილა, ეს კინო იყო და მას შემდეგ კინოთეატრ ''კინო-ელექტრიკის'' მუდმივი სტუმარი გახდა.

იმ პერიოდში კინოთეატრში ვინმე ფეოდორ ივანიჩი მუშაობდა. კინოსურათების წარმოება-ჩვენების საქმეში უკეთ რომ გარკვეულიყო, ამაშუკელმა მას სთხოვა, თანაშემწედ აეყვანა და თან უფასო სამსახური შესთავაზა. მოხუცი მექანიკოსი დათანხმდა. 6 საათის შემდეგ, ქარხნიდან მოსული დაღლილი ამაშუკელი ივანიჩს ფარულად შეჰყავდა სეანსებზე და ფილმის ჩვენებას ასწავლიდა. ივანიჩი ხშირად ტოვებდა ვასილს საპროექციო ჯიხურში მარტოს. ამაშუკელი გვიანობამდე ტრიალებდა საპროექციო აპარატთან, მაგრამ ერთ დღესაც ჩაალაგა თავისი მცირე ბარგი, საყვარელი საქმე, სამსახური მიატოვა და მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა.

ძმის რჩევითა და დახმარებით, ქუთაისიდან ვასილი ბაქოში გაემგზავრა, სადაც სწავლა ელექტროტექნიკუმში განაგრძო. სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ ის თეატრალური მოღვაწის, კოტე მესხის, მისი ძმისა და პოლიტიკური არასაიმედოობის გამო საქართველოდან ბაქოში გადასახლებული პედაგოგის, ილია გეპნერის მიერ გახსნილ კინოთეატრ ''ელექტრო-ბიოგრაფში'' მექანიკოსად მიიწვიეს.

საქმეში დახელოვნებულმა ამაშუკელმა საკუთარი კინოსურათების გადაღებაზე დაიწყო ფიქრი. უკვე ბევრს გაუჩნდა აზრი, რომ ქართულ კინოთეატრებში არა უცხოური, არამედ ეროვნული ნაწარმიც უნდა გამოჩენილიყო. მათ შორის ''ელექტრო-ბიოგრაფშიც'' იყო საჭირო ადგილობრივი სურათების ჩვენება. 1908 წლის დასაწყისში ამაშუკელი და გეპნერი მოსკოვში გაემგზავრნენ, რათა იქ ფილმების გადასაღებად ახალგამოშვებული ''გომონის'' ხმოვანი აპარატი შეეძინათ. მოსკოვში ყოფნისას ამაშუკელი რუს მექანიკოს დიმიტრი ვოლკოვს დაუახლოვდა და სამთვიანი პრაქტიკული მეცადინეობის შემდეგ მისგან ზედმიწევნით შეისწავლა გადამღები აპარატის ყველა ნიუანსი.

ბაქოში დაბრუნებული ვასილ ამაშუკელი ადგილობრივების ყოველდღური ცხოვრების ამსახველი პატარ-პატარა დოკუმენტური სურათების გადაღებას შეუდგა. 1908 წლის ზამთარში აკაკი წერეთლის საიუბილეო შეხვედრა გაიმართა. ახალგაზრდა კინოოპერატორმა ამაშუკელმა ამ მოვლენის ფირზე დაფიქსირება განიზრახა, მაგრამ ვერ შეძლო. ბაქოს ტექნიკური კანტორა ''ალადინი'', სადაც ვასილ ამაშუკელი ფირებსა და სხვადასხვა კინომოწყობილობას ყიდულობდა, ბელგიელ კომერსანტ პირონეს ეკუთვნოდა. მას სწორედ აკაკის იუბილეს გადაღების დროს არ ''აღმოაჩნდა'' თავისუფალი ფირი და შესაბამისად, ამაშუკელმა ის საღამო ფირზე ვერ ასახა. რეალური მიზეზი კი ასეთი იყო: პირონე, როგორც მაშინდელი კერძო კინომწარმოებელთა უმრავლესობა, გასაქირავებლად იძენდა სექსუალურ-პორნოგრაფიული შინაარსის ფილმებს, რადგან ასეთ სიუჟეტებს მეტი მაყურებელი მოჰყავდა კინოთეატრში და შესაბამისად, მეტი შემოსავალი მოჰქონდა. ამ ჟანრის რამდენიმე ფილმი პირონემ იმ პერიოდში ბაქოში მოღვაწე ქართული თეატრალური დასის რეჟისორ კოტე მესხსაც გაუგზავნა. მესხმა ფილმების ნახვისთანავე ფირით სავსე ყუთს ფეხი გაჰკრა და მათ მომტანს დაუყვირა, წაიღე და შენს პატრონს თვალებში მიაყარე, მე აქ გარყვნილების ბუდე კი არ მაქვს, არამედ თეატრი _ ხალხის განსავითარებლად და აღსაზრდელადო. კოტე მესხზე გაბრაზებულმა პირონემ ვასილ ამაშუკელს ფირი არ მიჰყიდა, შეიძლება იმიტომაც, რომ კონკურენციის შეეშინდა, რადგან იცოდა, თუ ვასილი პორნოგრაფიულ სურათებზე უფრო ღირებულს შექმნიდა, მის ბიზნესს საფრთხე დაემუქრებოდა.

1910 წელს ქუთაისში დაბრუნებული ვასილი ახალი კინოთეატრის, ''რადიუმის'' მთავარი მექანიკოსი ხდება. ვასილ ამაშუკელი წერდა: ''...ისეთ ფილმებს ვუჩვენებდით, რომელთა 80% ჩემს სულიერ მოთხოვნილებებს ვერ აკმაყოფილებდა. უგემურ, უაზრო, უხამს დადგმებს, რომელთა მთავარი დანიშნულებაც მხოლოდ ფულის მოგება იყო''.
ამ მიზეზით, მან დაიწყო ქუთაისში მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღება. 1912 წელს კი რამდენიმეწლიანი ჩანაფიქრის ასრულებაც შეძლო.

დაიგეგმა, რომ აკაკი წერეთელს ეტლით უნდა მოევლო რაჭა-ლეჩხუმი და მოგზაურობა 12 დღეს გასტანდა. ვასილ ამაშუკელი კი ამ ვოიაჟს ფირზე ასახავდა. საამისოდ საჭირო თანხის მოძიება არ იყო მარტივი, ამაშუკელმა კინოთეატრ ''რადიუმის'' მფლობელებს ტიხონ ასათიანსა და პავლე მეფისაშვილს მიმართა. მათ ყოყმანი დაიწყეს, ხარჯი ბევრი იქნება, შემოსავალი კი არაფერიო, მაგრამ ოპერატორმა შეძლო მათი დარწმუნება და ''რადიუმის'' მფლობელები ფილმის დაფინანსებაზე დაითანხმა.

...ქუთაისში, 21 ივლისს, დილის 7 საათზე, სასტუმრო ''გრანდ ოტელთან'' აკაკი წერეთლის ყვავილებით მორთული ეტლი იდგა, რომლის დაქირავება დღეში ათი მანეთი დაჯდა. ეტლს გარს ხალხი ეხვია. სავარძელზე მჯდარი ჭაღარა პოეტი ირგვლივ მყოფებს უღიმოდა და ხელს უქნევდა. უკვე ''გამოცდილი'' კინოოპერატორი აკაკის რაჭა-ლეჩხუმში გაჰყვა.

ფილმის პრემიერა კინოთეატრ ''რადიუმში'' გაიმართა, რომელსაც უამრავი მაყურებელი დაესწრო. დიდი ინტერესის გამო, ყოველდღიურად ოთხ სეანსს უჩვენებდნენ. ''რადიუმის'' მფლობელებს ფილმმა რამდენიმე ათასი მანეთის მოგება მისცა, ამაშუკელს კი ჯილდოდ ექვსი თუმანი ერგო.

მას შემდეგ ამაშუკელი ქუთაისში დარჩა და 92 წლის ასაკში იქვე გარდაიცვალა.
ფირს პირველი რესტავრაცია 1954 წელს ჩაუტარდა, 2009 წელს კი შეიქმნა ახალი ციფრული ვერსია. 2013 წელს ქუთაისში პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის ''აკაკის მოგზაურობის'' ავტორის ვასილ ამაშუკელის ძეგლი გაიხსნა. ძეგლი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, კინოთეატრ ''საქართველოს" მიმდებარე ტერიტორიაზე იმ ადგილზე განთავსდა, სადაც ფილმის ''აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში'' პირველი კადრები გადაიღეს.

*** მხატვრული ფილმი ***
პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი ''ქრისტინე'' 1916-1918 წლებშია გადაღებული. შავ-თეთრი მუნჯი ფილმის რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა გახლდათ, მაგრამ ამ საქმეში არანაკლები წვლილი მიუძღვის პირველ ქართველ პროდიუსერ გერმანე გოგიტიძეს. სწორედ მას ეკუთვნის ქართული ფილმის გადაღების იდეა, ფინანსებიც მან მიიზიდა, ''ქრისტინეს'' ბოლო სცენების ავტორიც გახლავთ.

ალექსანდრე წუწუნავა

1904 წელს თბილისში უკვე რამდენიმე კინოსალონი ფუნქციონირებდა, სადაც 50-60 კაცი ეტეოდა. 1905 წელს კი მუშთაიდის ბაღში 150-ადგილიანი ღია კინოთეატრი აშენდა, 1907-ში ''აპოლო'' გაიხსნა და მას სხვა კინოთეატრებიც მოჰყვა.

კინოპროდუქცია ბევრნაირი იყო, ევროპაში შექმნილ ისტორიულ და დრამატულ ფილმებთან ერთად, კრიმინალურ, ეროტიკულ და პორნოგრაფიული შინაარსის ფილმებსაც უჩვენებდნენ. საზოგადოებაში ხელოვნების ამ დარგისადმი ინტერესი დღითიდღე იზრდებოდა. იმ პერიოდში ფილმებს მუსიკალურად უშუალოდ კინოსეანსის დროს, ცოცხლად აფორმებდნენ. სცენასთან განთავსებულ ფორტეპიანოს მუსიკოსი მიუჯდებოდა და სხვადასხვა მელოდიას ასრულებდა...

გერმანე გოგიტიძე მეუღლესთან ერთად

1910 წელს საფრანგეთიდან საქართველოში იურისტი გერმანე გოგიტიძე დაბრუნდა და მეუღლესთან ერთად, ოზურგეთში დასახლდა. კინოსა და თეატრზე შეყვარებულმა კაცმა ოზურგეთში თეატრის აშენება გადაწყვიტა და 1914 წლის ზაფხულში ოზურგეთელებს 300-მაყურებლიანი თეატრის შენობა ჰქონდათ. გოგიტიძე იქ დამდგმელი რეჟისორიც იყო, მსახიობიც, რეკვიზიტორიც და ბილეთების გაყიდვაზეც თავად ზრუნავდა. მოგვიანებით სპექტაკლის წარმოდგენებთან ერთად კინოჩვენებების დაწყება გადაწყვიტა და დარბაზს ''ილუზიონი'' უწოდა. ფილმის წარმოდგენებმა კარგი შემოსავალი მოიტანა. ერთხელაც გერმანე გოგიტიძე საკუთარ კინოდარბაზში იტალიურ, სოციალურ თემაზე შექმნილ ფილმს უყურებდა, როცა ახალი იდეა დაებადა - რატომ არ უნდა გვქონოდა ჩვენი, ეროვნული კინო?!

გოგიტიძის არჩევანი ეგნატე ნინოშვილის მწვავე სოციალურ დრამა ''ქრისტინეზე'' შეჩერდა, რადგან ეს ლიტერატურული ნაწარმოები მაშინ დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
სიუჟეტი რევოლუციამდელ საქართველოში ვითარდება და 17-18 წლის გლეხი ქალის ქრისტინეს ტრაგიკულ ამბავს მოგვითხრობს. ღარიბი გოგონა აზნაურისგან დაორსულდება. შეურაცხყოფილი ქალი ვეღარ უძლებს ოჯახის, გარშემო მყოფთა საყვედურებს და თავის დახრჩობას გადაწყვეტს, თუმცა გამვლელი გადაარჩენს. ქრისტინე უკანონოდ გაჩენილ ბავშვს მშობლებთან ტოვებს და ქალაქში მიდის, სადაც საროსკიპოში მოხვდება. ქრისტინეს ფსიქოლოგიური, მორალური მდგომარეობა ნელ-ნელა მძიმდება და საბოლოოდ ქალს ავადმყოფობასა და მათხოვრობაში ამოხდება სული.

XIX საუკუნის მიწურულს და XX საუკუნის დასაწყისში კინოს არავინ აღიქვამდა ხელოვნების დარგად და სერიოზულად არ უყურებდნენ, ამიტომ მეცენატები და ბანკირები ამ სფეროს განვითარებაში ფულის ჩადებისგან თავს იკავებდნენ. გოგიტიძემ დაფინანსების თხოვნით ბევრს მიმართა, გადამღები აპარატის შოვნაც ჭირდა, ამიტომ იდეის განსახორციელებლად მრავალ სირთულეს წააწყდა. მის ყველა ნაბიჯს დეტალურად თუ მივყვებით, შეიძლება გაოცდეთ და იფიქროთ, როგორ არ თქვა უარი გოგიტიძემ ჩანაფიქრზე, თუმცა, როგორც ჩანს, ძლიერი ადამიანი გახლდათ და ბოლოს მაინც მოახერხა სპონსორების მოზიდვა. ფილმის რეჟისორად ალექსანდრე წუწუნავა მოიწვია, გადაწყდა, რომ ''ქრისტინეს'' სამხედრო ოპერატორი ალექსანდრე შუგერმანი გადაიღებდა, ხოლო მხატვრობაზე დიმიტრი შევარდნაძე იზრუნებდა.

მოსკოვში ნასწავლი წუწუნავა ჯერ ჭიათურაში დგამდა სპექტაკლებს, შემდეგ თბილისში, ზუბალაშვილების სახალხო სახლში. ამას მოჰყვა სხვადასხვა ქალაქში დადგმული წარმოდგენები, 1918 წელს წუწუნავა თბილისის ოპერის ხელმძღვანელიც გახდა.
ალიოშა წუწუნავას, მას ყველას ასე ეძახდა, სარეჟისორო სცენარი უკვე მზად ჰქონდა, როცა მასა და პროდიუსერს შორის უთანხმოება ჩამოვარდა. მთავარი გმირის როლის შემსრულებელთან დაკავშირებით მათი აზრები ერთმანეთს არ ემთხვეოდა. გერმანე გოგიტიძეს სურდა, ქრისტინეს როლი ახალგაზრდა მსახიობს, 20 წლის ანეტა ქიქოძეს შეესრულებინა, რომელიც იმ პერიოდში ამ როლს თეატრში უკვე ასრულებდა, ხოლო წუწუნავა ანტონინა აბელაშვილის კანდიდატურას უჭერდა მხარს, რომელიც 35 წელს იყო გადაცილებული. ნინოშვილის გმირის ასეთი ასაკი ფილმში არ მოსწონდა გოგიტიძეს, მაგრამ წუწუნავამ მაინც თავისი გაიტანა. კონოსამყაროში ჭორად დადიოდა, რომ წუწუნავასა და ანტონინას რომანი ჰქონდათ და სწორედ ამიტომ დაამტკიცა რეჟისორმა საყვარელი მსახიობი ქალი როლზე.

გადაღებები გურიაში რამდენიმე თვე მიმდინარეობდა, ბოლოს თბილისში ჩამოვიდნენ. ფილმში მსახიობები, ერთი შეხედვით, ცოტა უცნაურად გამოიყურებიან, რადგან თვალის გარშემო ადგილი ყველას ჩამუქებული აქვს. ასეთი ''გრიმი'' ოპერატორის მოთხოვნით გაკეთდა, რადგან იმდროინდელი ფირი სახეს განსაკუთრებით განათებულად წარმოადგენდა. ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით ვერ თანხმდებოდნენ ოპერატორი და რეჟისორი, შუგერმანი პროდიუსერსაც არ მოსწონდა, მაგრამ ახალი თანამშრომლის მოსაძებნად მას არც დრო ჰქონდა, არც რესურსი და არც ფული. ფილმის გადაღება უკვე სრულდებოდა, როცა წუწუნავა როსტოვის თეატრში მიიწვიეს მთავარ რეჟისორად და მან დატოვა როგორც გადასაღები მოედანი, ისე თბილისი.

გერმანე გოგიტიძე მარტო დარჩა. იმ დროს საქართველო დატოვა შუგერმანმაც და პროდიუსერი იძულებული გახდა, ფილმი თავად დაემთავრებინა. ''ქრისტინეს'' ბოლო სცენების გადაღებას ხელი ალექსანდრე დიღმელოვმა, ანუ დიღმელაშვილმა მოჰკიდა. ორთაჭალის, რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიისა და პავილიონების გარდა, ფილმის ერთი სცენა დღევანდელი მარჯანიშვილის თეატრის სხვენშიცაა გადაღებული. ახლა უკვე რეჟისორს, ასისტენტსა და არაერთი შავი სამუშაოს შემთავსებელ გოგიტიძეს იქ საკუთარი ხელით აჰქონდა დეკორაციები.

1917 წლის შემოდგომაზე გოგიტიძემ ფირები გაამჟღავნა და ოზურგეთში, საკუთარ კინოთეატრში შეინახა. დამონტაჟებას აპირებდა, როცა 1918 წლის გაზაფხულზე საქართველოში ვითარება დაიძაბა. თურქებმა აჭარისა და გურიის რეგიონები დაიკავეს. სხვებთან ერთად, ოსმალებმა გოგიტიძის სახლ-კარი და თეატრის შენობაც დაწვეს. შესაბამისად, განადგურდა ''ქრისტინეს'' ფირებიც.

თბილისში დაბრუნებული გოგიტიძე დოკუმენტური ფილმების გადაღებით დაკავდა. ერთ-ერთის მონტაჟის დროს, ''ქრისტინეს'' ნეგატივების ნაწილი აღმოაჩინა, თუმცა, ეს საკმარისი იყო იმისათვის, რომ ფილმი აღედგინა. თავად დაამონტაჟა, სავარაუდოდ, დიღმელოვის დახმარებით.

1919 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლისთავზე, გაზეთ ''ერთობის'' პირველ გვერდზე განთავსებული რეკლამა თბილისში, კინოთეატრ ''აპოლოში'', მაყურებელს ოთხმოქმედებიანი დრამა ''ქრისტინეს'' სანახავად ეპატიჟებოდა. ქართული ფილმის მიმართ, ბუნებრივია, ინტერესი დიდი იყო. თბილისის კინოთეატრებში ჩვენების შემდეგ გოგიტიძემ ''ქრისტინე'' სინემატოგრაფიულ ლენტზე გადაიტანა და საქართველოს რეგიონებში გატანა დაიწყო. პროდიუსერი თავად ჩადიოდა სოფელ-ქალაქად და ამა თუ იმ ადგილას ფილმის ჩვენებას ორგანიზებას უწევდა.

პირველი ქართული მხატვრული ფილმი ''ქრისტინე,'' რომლის ქრონომეტრაჟი თავდაპირველად 50 წუთი იყო, მოგვიანებით კინოდრამატურგმა კარლო გოგოძემ აღადგინა. 2003 წელს კი ''ქრისტინეს'' ციფრული ვარიანტი შეიქმნა. ასე რომ, როცა ''ქრისტინეს'' ავტორად ალექსანდრე წუწუნავას მოვიხსენიებთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ გერმანე გოგიტიძე. ფილმის პროდიუსერი 1945 წელს ''საეჭვო კავშირების'' გამო დააკავეს და გადაასახლეს. პატიმრობის შემდეგ ის თბილისში ცხოვრობდა და აქვე გარდაიცვალა. რაც შეეხება ალექსანდრე წუწუნავას, თეატრალურ მოღვაწეობასთან ერთად ის კინემატოგრაფიული საქმიანობითაც დაკავდა და ავტორია ფილმებისა: ''ვინ არის დამნაშავე'', ''ხანუმა'', ''ორი მონადირე'', ''ჯანყი გურიაში''. მის სახელს უკავშირდება პირველი ქართული ოპერა ''აბესალომ და ეთერის'' დადგმაც. ალექსანდრე წუწუნავა 1955 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა და დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ანა კალანდაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები