როგორ ცხოვრობს გერმანიაში წარმატებული ქართველი მხატვარი და რა გეგმები აქვს საქართველოში

ეს მხატვარ ბაჩო ჭამელაშვილის სამყაროა, სამშობლოს და ადამიანების სიყვარულით გაჟღენთილი. ხატვა ადრეულ ასაკში დაიწყო. შემდეგ მისი ცხოვრება ქანდაკებებს დაუკავშირდა. ბატონ ბაჩოს გერმანიაში სამი პერსონალური გამოფენა ჰქონდა. მიღებული აქვს მონაწილეობა რამდენიმე ჯგუფურ გამოფენაში და სხვადასხვა დროს არაერთი სახელოვნებო პრიზი გადაეცა. მისი ნამუშევრები შესულია მსოფლიო მხატვართა კავშირის ბაზაში.

- ფანქრები, ფუნჯები და ფერები, როგორც მშობლები მიყვებიან, იმ ასაკიდან გახდა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, რომელსაც ჩემი მეხსიერება ვერ იხსენებს. დედას დღესაც აქვს შემონახული საბავშვო ჟურნალები, სადაც ჩემი ნახატებია დაბეჭდილი. ასე შემიყვანეს 6 წლის
ასაკში ხატვის სკოლაში, სადაც ჩემს საყვარელი საქმის პროფესიულად დაუფლებას შევუდექი.
სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, მთლიანად გადავერთე ქანდაკებაზე. იმიტომ არა, რომ ქანდაკების ფაკულტეტი დავამთავრე. უბრალოდ ქანდაკება უფრო დიდ შრომას, ენერგიას და დროს მოითხოვს და აქ უფრო ვიკლავდი ჩემს მოთხოვნილებებს. თითქოს ის, რისი გადმოცემაც მინდოდა ძერწვის და თლის პროცესში, რასაც დიდი ჯაფა ესაჭიროება, მხიბლავდა და მაკმაყოფილებდა. ჩემი ქანდაკებები ძირითადად ბრინჯაოშია შესრულებული.
ხატვა უმთავრესი ფაქტორია იმისთვის, რომ ქანდაკება აკეთო, სწორედ ააგო, სწორედ გაანაწილო და კომპოზიცია იყოს სრულყოფილი.

- დღესდღეობით მოღვაწეობთ გერმანიაში. როდის და რატომ მიიღეთ უცხო ქვეყანაში წასვლის გადაწყვეტილება?
- 2013 წელს ბადენ-ბადენის გალერიიდან მივიღე მოწვევა, სადაც გამოფენაზე უნდა წარმომედგინა ჩემი ქანდაკებები. გამიხარდა, რომ ჟიურიმ შეარჩია ჩემი ნამუშევრები. ჩემი ხელოვნებით დაინტერესდა ცნობილი გალერისტი პეტერ ზომერფელდი. გერმანიაში, რა თქმა უნდა, ოჯახთან ერთად გავემგზავრე. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასე ხანგრძლივად მომიწევდა დარჩენა. გამოფენამ წარმატებით ჩაიარა და აქ დაიწყო ჩემი პროფესიული კარიერის სხვა ეტაპი. პეტერთან მეგობრობამ და ურთიერთობამ დიდი გამოცდილება შემძინა. არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩემთან ერთად მონაწილე უნიჭიერესი მხატვარი ეკა ფერაძე, რომელიც ბერლინში ცხოვრობს და არა მარტო გერმანიაში, ევროპაში და საქართველოშიც ცნობილია მისი შემოქმედება. ორი ქართველი ვიღებდით მონაწილეობას გამოფენაში, სადაც თითქმის მთელს მსოფლიოდან იყვნენ მხატვრები და მოქანდაკეები მოწვეულნი. ეს ემოცია არასდროს გაქრება და არ განელდება ჩემს ცხოვრებაში.
გამოფენის მსვლელობისას მივიღე რამდენიმე გალერიისგან მოწვევა. ვიღებდი შეკვეთებს, მოკლედ, მოვხვდი იმ გარემოში, სადაც აფასებენ შრომას და ხელოვნებას. ასე შემოვრჩი ოჯახთან ერთად. ბავშვებმა გააგრძელეს სწავლა სკოლაში, საიდანაც მალევე გადავიდნენ გიმნაზიაში. ჩემი მეუღლე პროფესიით ხელოვანია, ამავდროულად გახლავთ ჩემი შემოქმედების მკაცრი კრიტიკოსი და პიარ მენეჯერი. ვფიქრობ, ამ თანხვედრამ მოგვიტანა წარმატება უცხო ქვეყანაში.
გერმანიაში ქანდაკებასთან ერთად ფერწერასაც წარმოვადგენდი. შევქმენი საკმაო რაოდენობის ფერწერული ნამუშევრები. ჩემი საკუთარი სტილი მაქვს არჩეული, არ ვხატავ მხოლოდ ერთი მიმართულებით, კომპოზიციურად სხვადასხვა დინამიკა იკითხება ჩემს შემოქმედებაში.

გერმანიაში შექმნილ ყოველ ნახატში იგრძნობა სევდა, რომელიც ჩემს სამშობლოსადმი ნოსტალგიას ასახავდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ფერთა გამა და შესრულების ტექნიკა ასახავდა იმედს.

- ძირითადად მაინც ქალებს ხატავთ...
- ხშირად მეკითხებოდნენ, თუ რატომ ვხატავ ძირითადად ქალს. ქალი ყველაზე ლამაზი არსებაა, რომელიც სევდას და იმედს თავისებური სილამაზით და სინაზით გადმოსცემს. სწორედ ეს ქალი გადმოსცემდა ჩემს ნოსტალგიას, მიპყრობდა სევდა და ამავდროულად ტილოზე დადებული ფერთა გამა იმედით მავსებდა.

- ყველაფრის მიუხედავად, ალბათ უცხო ქვეყანაში გატარებული წლები არ იყო მარტივი...
- პირველი დღიდან ვიცოდი, რომ ვერანაირი გარემო და მასში არსებული სარგებელი ვერ მიმატოვებინებდა ჩემს ქვეყანას, მაგრამ ვდარდობდი შვილებზე, ვაი, რომ ისე მოიხიბლონ უცხო ქვეყნით, სამშობლოს არჩიონ აქაურობა-თქო. არ გვასვენებდა ეს ფიქრები მე და ჩემს მეუღლეს, მაგრამ საბედნიეროდ, ასე არ ფიქრობენ. უნივერსტეტის დამთავრების შემდეგ დაბრუნდებიან სამშობლოში. ახლა თუ რაიმე დროს მოიხელთებენ, იმ დროს აუცილებლად საქართველოში ატარებენ, რაც გვაიმედებს, რომ მათი გადაწყვეტილება არ შეიცვლება.

- ევროპის არაერთ ქალაქში გქონიათ გამოფენა. რითი განსხვავდებიან დამთვალიერებლები? ალბათ ყველგან განსხვავებული ემოციით და თვალით აფასებენ თქვენს ნამუშევრებეს...
- გამოფენებში მონაწილეობა და მიღებული გამოცდილება ყველა ხელოვანი ადამიანისათვის აუცილებელია. სივრცე, სადაც უამრავი ხელოვანი ადამიანის ნამუშევრებია წარმოდგენილი, სადაც დამთვალიერებელი გამოხატავს თავის შთაბეჭდილებებს თუნდაც კრიტიკულს, ეს აჯანსაღებს და პოპულარულს ხდის შემოქმედებას. კიდევ უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანია გამოფენები, როდესაც სხვადასხვა ქვეყნიდან ჰყავს დამთვალიერებელი. მათი ემოციების გაზიარება ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია. სასიამოვნოა, როდესაც დამთვალიერებელი ხდება შენი ნამუშევრების თაყვანისმცემელი და ელოდება ყოველ ახალი ნამუშევრის შექმნას, რათა მისი საკუთრება გახდეს, დამეთანხმებით, ეს დიდი მონაპოვარი და მიღწევაა. თუმცა, გულწრფელად გეტყვით, ყოველი ნახატის თუ ქანდაკების გასხვისება რამდენადაც სასიხარულო შეიძლება იყოს ჩემთვის, რაღაც დოზით მტკივნეულიცაა. საოცარ მონატრებას განვიცდი ხოლმე გასხვისებულ ნახატზე. იმ შემთხვევაში, თუ მეპატრონე ხდება ქართველი და თან ნამუშევარი საქართველოში უნდა გამოემგზავროს, ამ დროს არ განვიცდი, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩემი ნამუშევარი სახლში ბრუნდება.

მეუღლესთან ერთად

- ხართ მსოფლიო მხატვართა კავშირის წევრი. ალბათ ძალიან საამაყოა ეს თქვენთვის.

- სრულიად მოულოდნელად მივიღე წერილი მსოფლიო მხატვართა კავშირიდან, რომ ჟიურიმ გადაწყვიტა, ჩემი შემოქმედების ამსახველი ფოტო მასალა და ინფორმაცია შეეტანათ ბაზაში. 2016 წლიდან ვარ მსოფლიო მხატვართა კავშირის წევრი, რაც ნიშნავს, რომ მხატვართა კავშირის ბაზაში შესულია ჩემი შემოქმედება. გარდა ამისა, ჩემი ნამუშევრები დაჯილდოებული და გამარჯვებულია სხვადასხვა ნომინაციებში.

- აღსანიშნავია, რომ გერმანიაში ქალაქ დარმშტადში ოჯახთან ერთად დააარსეთ ქართული კულტურის ცენტრი. მოგვიყავით ცენტის და ქართველი ემიგრანტების შესახებ, ვინც ამ ცენტრის წევრები არიან... რას საქმიანობთ და რა აქტივობებში ხართ ჩართული?
- ჩემი გერმანიაში ცხოვრების პერიოდში მიღწეული პროფესიული მიღწევები და განვითარება შემიძლია დადებითად შევაფასო. ერთ დღესაც ვიგრძენი, რომ ერთი და იგივე მოვლენების გამეორება დაიწყო, თითქოს აღარ იყო საინტერესო დაუსრულებელი გამოფენები. შეიძლება ითქვას, რომ ახალს ვეღარ ვღებულობდი და იგივე წრეზე ვტრიალებდი. ვიფიქრე, უნდა დასრულებულიყო ასეთი ინტენსიური გამოფენები. საკმარისი იყო მხოლოდ ჩემს შემოქმედებაზე საუბრები, ქება და დიდება. უკვე მოსაბეზრებელიც კი ხდებოდა ეს და კარგავდა ინტერესს. იმის მეტ გამოცდილებას ვეღარ მივიღებდი, რაც უკვე მიღებული მქონდა. ვფიქრობდი რა შემეძლო ჩემი პროფესიით, განსხვავებული და სასარგებლო გამეკეთებინა. როცა ჩემი აზრი ოჯახს გავუმხილე, აღმოჩნდა, რომ ისინიც იგივეს ფიქრობდნენ. ჩემმა მეუღლემ კი ძალიან საინტერესო პროექტის იდეა მოგვაწოდა. ასე დავიწყეთ და დავააარსეთ გერმანიაში მე და ჩემმა ოჯახმა ქართული კულტურის ცენტრი. ხელოვნების სახლი, სადაც წარმოვადგინეთ ჩვენი გემრიელი ქართული ღვინის სხვადასხვა სახეობები, გავხსენით ქართული ლიტერატურის სტენდი, სადაც ქართული ნაწარმოებები გერმანულად იყო ნათარგმნი. გალერეაში წარმოდგენილი იყო ჩემი შემოქმედება, გარდა ამისა, ბევრი ქართული საინტერესო საღამო ჩავატარეთ.

ყველაზე მთავარი კი არის ხელოვნების კურსი აქ მცხოვრები ქართველი ბავშვებისათვის. ჩემი მეუღლე სრულიად უფასოდ ასწავლიდა და აყვარებდა ბავშვებს ქართულ წერა-კითხვას, ლიტერატურას და ქართულ ტრადიციებს. ჩემი ქალიშვილი ბავშვებს აცნობდა და ცდილობდა შეეყვარებინა საქართველოს ისტორია და ხელოვნების ისტორია. მე ხაზვას და ხატვას ვასწავლიდი. ბავშვებთან მუშაობამ მართლაც გამაოცა. სხვა ემოცია და სიყვარული მაკავშირებს ამ ბავშვებთან, გასაოცარია და საამაყოა მართლაც მათ მიერ გამომჟღავნებული სიყვარული საქართველოსადმი. ვერ გადმოგცემთ სიტყვებით იმ განცდას, როდესაც ისინი საქართველოს ჰიმნს მღერიან. საოცარია მათ გაბრწყინებული თვალები. ხელოვნების სახლი ყველა ქართველისათვის ქართული სახლი იყო, მათი სიყვარულის დამსახურება იყო ის სითბო, რომელიც ამ გარემოში სუფევდა.
სამწუხაროა, რომ დღევანდელი პანდემიიდან გამომდინარე ჩვენი ხელოვნების სახლი და მისი ყველა პროექტი შეჩერებულია. ველოდებით სიტუაციის დასტაბილურებას და რეგულაციების გაუქმებას.

- თქვენს სახელოსნოში გეგმავთ სამხატვრო ბარის გახსნას. როგორ გაჩნდა იდეა და რა ელოდება თქვენთან მოსულ სტუმრებს?
- დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე ვიმყოფები თბილისში. ყოველთვის გვქონდა სურვილი მე და ჩემს მეუღლეს, თბილისში დაგვეარსებინა paintbar-ი, რაც ძალზე პოპულარულია უცხოეთში. აქ საზოგადოებას შეეძლება თავისუფალი დრო გაატარონ ხატვაში მეგობრებთან, ოჯახთან ან ახლობლებთან ერთად. ხატვის დროს, როდესაც ფუნჯი და პალიტრა შენს განკარგულებაშია და თან პროფესიონალი მხატვარი გაძლევს მითითებებს, არაჩვეულებრივი საშუალებაა განიტვირთო სტრესისგან, დაიბრუნო ხალისი და გაიუმჯობესო განწყობა. მაგიდებზე განთავსებული იქნება არა თეფშები, არამედ ფუნჯები და ტილოები. თუმცა ჩვენ სტუმრებს შევთავაზებთ სასმელსაც, როგორც ალკოჰოლურს, ისე უალკოჰოლოს.
ბარის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს კულტურულ საზოგადოებრივ შეკრებებს, განიტვირთონ პრობლემებისგან და ხატვის პროცესი გახდეს მათთვის ერთ-ერთი საუკეთესო დასვენების, განტვირთვის და თერაპიის საშუალება. საღამოს დასასრულს კი სტუმარი თავის შექმნილ ფერწერულ ნამუშევარს სახსოვრად წაიღებს.

- სამომავლო გეგმებიც გაგვანდეთ...
- დღესდღეობით სამწუხაროდ, რთულია დაგეგმო ხვალინდელი დღე. იმედი მაქვს და ყველას უნდა გვჯეროდეს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, პოზიტიური განწყობა აუცილებლად აისახება ჩვენს ხვალინდელ დღეზე.


მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები