ფენ-შუის 9 მარტივი ხრიკი, რომელიც სახლს დადებითი ენერგიით აავსებს

ფენ-შუის წესების მიხედვით სახლი პატრონის განსახიერებაა. თუ სახლის რომელიმე ნაწილი მოუწესრიგებელია, ჭუჭყიანია ან არ არის სათანადოდ მოწყობილი, ეს პირდაპირ აისახება სახლის პატრონზე.

შესასვლელი კარი

სახლის შესასვლელი კარი ოჯახის კეთილდღეობაზე და ბარაქაზეა პასუხისმგებელი, ამიტომ ის მოწესრიგებული და ლამაზი უნდა იყოს. იმისათვის, რომ სახლში დადებითი ენერგია შემოუშვათ, უნდა გაანათოთ შესასვლელი და ასევე კარგი იქნება, თუ შემოსასვლელში მწვანე მცენარეს მოათავსებთ.

შესასვლელი

ვიწრო და გადატვირთული შესასვლელი აბრკოლებს სახლში პოზიტიური ენერგიის შემოსვლას. ბევრი ქურთუკი და უამრავი დაყრილი ფეხსაცმელი ნამდვილად არ მოქმედებს დადებითად სახლის ენერგეტიკაზე. ამიტომ
ჯობია ზედმეტი ნივთები დახურულ კარადებში მოათავსოთ.
დაკიდეთ შესასვლელში სარკე და დადეთ ლამაზი თაიგული, ნახავთ, როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება.

სამზარეულო

სამზარეულო ოჯახის ჰარმონიისა და ჯანმრთელობის სიმბოლოა. არ გირჩევთ ნიჟარის და გაზქურის ერთმანეთის მოპირდაპირედ დამონტაჟებას, ამან შესაძლოა ოჯახში უთანხმოებები გამოიწვიოს, რადგან ერთმანეთს წყლისა და ცეცხლის სტიქია უპირისპირდება. ასევე ეცადეთ თავი აარიდოთ წითელი და შავი ფერის ჭარბად გამოყენებას. ეს ფაქტორიც კონფლიქტების წინაპირობად შეიძლება ჩაითვალოს.
ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, სად მდებარეობს გაზქურა. მისი ფანჯრის ქვეშ განთავსება არ არის მიზანშეწონილი. ასე შეიძლება ჰაერს გაატანოთ მთელი თქვენი სიმდიდრე. არც შესასვლელი კარის მოპირდაპირედ ღირს დამონტაჟება.

გაზქურა ყოველთვის სუფთად უნდა გქონდეთ და ეცადეთ გამოიყენოთ ოთხივე ქურა. ნუ მოამზადებთ საჭმელს ერთ რომელიმეზე, ეცადეთ ყოველი მათგანი გქონდეთ მოქმედებაში.
თუ ატყობთ, რომ ოჯახში ისეთი ხვავი აღარ არის, როგორც ადრე იყო, ეცადეთ გაზქურა გააპრიალოთ, როგორ ფენ-შუის სპეციალისტები ირწმუნებიან, ეს პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი რეალური გზაა.

მისაღები

პირველ რიგში ავეჯი მისაღებში ოთახს უნდა შეესაბამებოდეს, არც ძალიან დიდი გაბარიტების უნდა იყოს და არც ძალიან პატარა ზომის. ნივთები ისე უნდა განლაგდეს, რომ შესასვლელი კარი არ ჩაიკეტოს. დივანი და სავარძლებია უმჯობესია ზურგით კედლისკენ იყოს, რათა ოჯახის წევრების საყრდენი ძალა უზრუნველყოს. სიმდიდრის მოსაზიდად კი გირჩევთ კუთხეში ლამაზი სანათი დადგათ. უმჯობესია, თუ ეს კუთხე კარის დიაგონალი იქნება.

სასადილო

მაგიდა და სასადილო ფენ-შუისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია. მაგიდა იქ უნდა მოთავსდეს, სადაც ოჯახის წევრები საკვების მიღებაზე კონცენტრირდებიან. ასე ორგანიზმი მაქსიმალურ სარგებელს მიიღებს. იმისათვის, რომ მოახდინოთ ამ ადგილის ოპტიმიზაცია შეგიძლიათ კედელზე დაკიდოთ სარკე ან მაგიდაზე დადგათ ცოცხალი ყვავილების თაიგული.

საძინებელი

იმისათვის, რომ უზრუნველყოთ მაქსიმალურად კომფორტული გარემო საწოლის თავი კაპიტალურ კედელს უნდა მიაბჯინოთ. ინტერიერი ღია და ნეიტრალურ ფერებში უნდა გაფორმდეს. ძალიან კარგი იქნება ოთახში ნიშა. საწოლის გვერდებზე კარგია ტუმბოების განთავსება, მასზე არომატული სანთლები კი დამატებით სიმყუდროვეს შეგიქმნით.

აბაზანა

აბაზანა ყოველთვის მოვლილი და სუფთა უნდა იყოს. აბაზანის კარი და უნიტაზის თავსახური უმჯობესია ყოველთვის დახურული იყოს, რათა სიმდიდრე არ გაგიფრინდეთ. კარგი იქნება, აბაზანაში ოთახის მცენარეები თუ გექნებათ, შეარჩიეთ ისეთი სახეობები, რომელიც წყალს იწოვს.

ბაღი
ბაღი სახლის წინ უნდა იყოს ყოველთვის მოწესრიგებული და კარგად მოვლილი. ეცადეთ, რომ ღობე ან ჭიშკარი არ იყოს დაზიანებული.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები