ორი დღე და ათასი დაუვიწყარი მოგონება - მოგზაურობა ყაზბეგში

ცხოვრებაში ხომ არის დღები, პერიოდი, როცა ძალა გეცლება და გინდა ყველაფერს გაექცე, ნაცრისფერი დღეები და წუთები ცოტათი მაინც გაიფერადო. ჩვენც გადავწყვიტეთ ყოფით პრობლემებს გავქცეოდით და ზღვად წამოსულ ნეგატივს, დაძაბულობას ყაზბეგში დავემალეთ.
ორი დღე, მხოლოდ ორი დღე და ათასი დაუვიწყარი მოგონება, უთვალავი, ზღვა ემოცია, საოცარი ფერი - აი, რა მოიტანა ყაზბეგმა. მინდა ჩემი ჩანაწერი უფრო ინფორმაციული იყოს, ვიდრე ხატოვანი.

ყველაზე მეტად იცით რა მიტაცებს? სრულიად მოულოდნელად, რაღაც საუცხოოს, შთამბეჭდავს, რომ აღმოვაჩენ ხოლმე. ეს ორი დღე კი სწორედ ასეთი მოულოდნელობებით იყო აღსავსე.

თბილისიდან ყაზბეგისკენ გზად მიმავალმა მანქანიდან შემთხვევით ძველი მანქანების სადგომი შევნიშნეთ და გაჩერება გადავწყვიტეთ. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ძველი ავტომობილების „სასაფლაო“, უჩვეულო მუზეუმი აღმოვაჩინე ფასანაურში. ალბათ ეს ადგილი ბევრისთვის ნაცნობია, მაგრამ ჩემთვის მართლაც აღმოჩენა იყო. ჟანგმოკიდებული, ძველი მანქანის ხილვა არავის გაუკვირდება, მაგრამ აი, ხავსმოკიდებული მანქანები, სადაც ხეები და ბუჩქებია წამოზრდილი, ნამდვილად საკვირველი და მისტიური სანახავია. კოლექცია ჯიმშერ პატაშურს ეკუთვნის, რომელსაც 100-ზე მეტი ძველი მანქანა ყავს. ამ უჩვეულო კოლექციაში ნახავთ საბჭოთა დროინდელ პაბედებს, ვოლგებს, ზიმებს, ჩაიკებს, სხვადასხვა ანტიკვარულ მანქანებს, მსუბუქ რეტროავტოებს. ასევე არის დიდი პიკაპები, ძველი დროის პოლიციის მანქანები და სამხედრო ტექნიკაც კი. ალბათ ყველას გახსოვთ „ჯარისკაცის მამა“. როცა გიორგი შვილის საძებნელად ფრონტზე მიემართება, ერთ ძველს მანქანაზე შემოსვამენ მეზობელები და მერე მთელი სამეზობლო აწვება, რომ დაიქოქოს. სწორედ ეს მანქანა ინახება დღეს ამ კოლექციაში. აქვე ნახავთ, ოპელის ფირმის მანქანას, რომლითაც სავარაუდოდო ჰიტლერი, მისი მეუღლე და ძაღლი გადაადგილდებოდნენ. ასე, რომ ყაზბეგისკენ თუ აიღებთ გეზს, ეს ადგილი აუცილებლად მოინახულეთ.


პირველი რაც ყაზბეგში უნდა ნახოთ, გერგეტის სამებაა. საუცხოო და იდუმალი ადგილი, რომელიც ერთი ნახვით გაჯადოებს და გაყვარებს თავს. ტაძარი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე აუგიათ. ტაძრის აგების ზუსტი თარიღი უცნობია. დაახლოებით აშენებული უნდა იყოს XIV საუკუნის 30-იან წლებში. სამშენებლო ქვა მოჰქონდათ ორი კილომეტრის დაშორებით, სოფელ ღეჭიდან.


დასასვენებელი კოტეჯების გვერდზე გზა ადის, რომელიც ელიას ეკლესიამდე მიგიყვანთ. ელიადან მე და ჩემი შვილი ფეხით გავემართეთ. რთული გზა იყო, მაგრამ რაღაც წინ მექაჩებოდა . ჰოი საოცრებავ, ჩვენს თვალსწინ ისეთი ხედი გადაიშალა დავმუნჯდით. ალპური ყვავილების ულამაზესი მდელო და ჩანჩქერი, რომელსაც ახლაც არ ვიცი რა ჰქვია. ამ აზვირთებული კლდეების და მთების ძირში ვიდექი და თავი ხან უსუსური, ხანაც უძლეველი მეგონა.


ყაზბეგიდან ისე არ წამოხვიდეთ, უძველესი სოფელი სნო არ მოინახულოთ. სწორედ ამ სოფელში დაიბადა და გაიზარდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე. მისი სახლი დღემდე დგას სოფელში. დღეს იქ მონაზვნები ცხოვრობენ. იქვეა სნოს ძველისძველი ციხე. სოფელში შეგიძლიათ მოინახულოთ პატრიარქის რეზიდენცია, რომელიც მისი სახლიდან ცოტა მოშორებით არის აშენებული. სოფელში ჯერ კიდევ მრავლადაა შემორჩენილი ქვით ნაშენები სახლები და გალავნები, ვიწრო ქუჩები, რომლებიც თითქოს საუკუნეების წინ გამოგზაურებს.

როცა სოფლისკენ ავიღეთ გეზი, გზად საოცარ სანახაობას წავაწყდით. ტრიალი მინდორიდან, უზარმაზარ ლოდებზე ამიტვიფრული ვაჟას, ილიას, ყაზბეგის, თავად მაცხოვრის და სხვათა სახეები გვიმზერდნენ. რა თქმა უნდა მანქანა გავაჩერეთ. იქვე პატარა ჯიხური იდგა, საიდანაც ასაკოვანი მამაკაცი მოკრძალებით გვიმზერდა. გამოლეპარაკე. ამ ყველაფრის შემქმნელი, მხატვარი მერაბ ფირანიშვილი აღმოჩნდა. მასთან საუბარი და ურთიერთობა ერთი საიმოვნება იყო. რა თქმა უნდა შანსი ხელიდან არ გავუშვი და ინტერვიუ ჩავწერე. მის ნამუშევრებზე უფრო ვრცლად იქ მოგიყვებით.

მოგვიანებით ბატონმა მერაბმა წმინდა გიორგის სალოცავთან წაგვიყვანა, უფრო სწორედ ნიშთან. თავად სალოცავი მთის გადაღმა იყო. როგორც ჩვენმა მეგზურმა მოგვიყვა, წლების წინ, აღდგომიდან 90-ე დღეს, აქ ხალხმრავალი, საოცარი დღესასწაული იმართებოდა. დღეს ეს ტრადცია მივიწყებულია და ხალხი სალოცავში აღარ ამოდისო, გვითხრა გულდაწყვეტილმა. ნიშის თავზე უზარმაზარი კლდე იყო აღმართული. გავოცდი, როცა კლდეზე ნასახლარები დავინახე. როგორც ბატონმა მერაბმა გვითხრა, ლეკიანობის დროს სწორედ ასეთ რთულად მისასვლელ ადგილას აგებდნენ მოხევეები სახლებს, რათა ოჯახები დაეცვათ. ცოტა სევდიანი იყო ნასახლარი, რომელიც ყველაფრის მიუხედავად მაინც მეიდურად დაგვყურებდა თავზე.








მერი ბლიაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები