სტუმრად „შერეკილეთში“ - ხელოვანი ოჯახის სახლი ხეზე, საბაღო კერამიკის ნიმუშები და ჩონჩხის მოძრავი ფიგურა

რკინის ჭიშკრის შეღებისთანავე ძაღლი გვეგებება. დობი კეთილგანწყობილია, კუდს აქიცინებს, წინ მიგვიძღვის და არ გვშორდება, აქ ყოველთვის ბევრი ხალხი ირევა და ალბათ სტუმრებს შეჩვეულია. ყვითელი ვარდების თაღისა და სუროს კედლის მიღმა გამწვანებული სივრცე გხვდება. მცენარეებს შორის გზა კრამიტითაა მოპირკეთებული, ხის მწვანე სავარძელს სუკულენტები „შესევია“, მიწაზე ლოკოკინები და საყვავილე ქოთნებზე ფლამინგოს ფიგურები „დასახლებულან“. საბაღო კერამიკის ორიგინალური ნიმუშები ეზოში საინტერესო სანახაობას ქმნის. აქვეა მაგიდები და სკამები, ბუხარი და პატარა სახლი თუთის ხეზე, რომლის მყუდრო გარემოში, სამზარეულოცაა და სააბაზანოც. სახლს აივანიც აქვს, რომლის მოაჯირზე
ჰამაკია გაბმული. შეიძლება შიგ მოთავსდე და მზეს მიეფიცხო. ამავე ტერიტორიაზეა საწარმო-სახელოსნოები, რომლის ფასადები სხვადასხვა კერამიკული ნამუშით არის მორთული. ერთგან სკამზე ჩონჩხის ფიგურაც ჩამომჯდარა, არ გაგიკვირდეთ და არ შეშინდეთ, როცა გვერდით ჩავლისას მოძრაობას დაიწყებს...


მართალია თბილისში ხარ, თუმცა დედაქალაქში დეფიციტური სიმწვანე აქ მოხვედრილს საპირისპიროს გაფიქრებინებს. სივრცე სახელწოდებით „შერეკილეთი“, ხელოვანი ცოლ-ქმრის მაია გაბადაძისა და გენა ეკიზაშვილის ხელითა და იდეით არის შექმნილი.

ერთმანეთი სამხატვრო აკადემიაში გაიცნეს. მაია მხატვრული მინის ფაკულტეტზე სწავლობდა, გენა მაშინ უკვე ლექტორი იყო და მის კურსს კერამიკას უკითხავდა. აკადემიის დასრულების შემდეგ შეუღლდნენ. ამ წყვილის გარშემო ყველა მხატვარია, მათ შორის შვილებიც. თითქმის 30 წელია ერთად უძღვებიან საქმეს. მათი შვილები სალომე და მარიამიც თავის ძალებს ცდიან კერამიკაში.



ეზოდან ინტერიერში შედიხარ და თაროებზე ცოლ-ქმრის შექმნილი კერამიკული ნიმუშები გხვდება. აქვეა მაგიდა კერამიკული ფილებით, სუვენირები, ქალბატონი მაიას ხელით მოხატული ხის სავარძლები, მინის ვაშლები, ლურჯი სუფრის თემაზე შექმნილი ქოთნები...

მაია გაბადაძე:

- „ნახალოვკაში“ ამ ტერიტორიაზე უწინ საცდელი ქარხანა იყო, დაგვხვდა არეულ-დარეულობა და უწესრიგობა. მას შემდეგ, რაც ეს ადგილი შევიძინეთ და გადმოვედით, ნელ-ნელა დავიწყეთ გასუფთავება. თუთის ხემ გაფუჭება რომ დაიწყო, გადავჭერით, ჯერ მასზე გადმოკიდებული ბაღის გაკეთების იდეა გამოჩნდა, მერე - სახლის. ყველას უკვირდა, რა უნდა შუა ქალაქში სახლს ხეზეო, მაგრამ იდეა სისრულეში მაინც მოვიყვანე. ჩემი მეუღლის მეგობარს, არქიტექტორ ვაჟა ორბელაძეს ვთხოვე, კონსტრუქცია გაეკეთებინა. ჩანახატი შექმნა, რაღაც-რაღაცები შევცვალე და სახლიც ავაშენეთ. ის 2-3 ადამიანზეა გათვლილი, თუმცა ახლობლები ოთხიც დავრჩენილვართ.


რაც შეეხება ეზოს, რამდენიმე სივრცედაა დაყოფილი. გვაქვს დიდი დასასვენებელი ადგილი ფუნქციური ბუხრით. ხოლო ობიექტზე, სადაც ჩონჩხის ფიგურაა ქოლგით, ნამდვილი ჩონჩხი მინდოდა, მაგრამ ვერ ვიშოვე, მერე რუსეთიდან ჩამომიტანეს პლასტმასის „მულაჟი“. დავდგი სკამი, მაგიდა, დავკიდე ქოლგა და ასე შევქმენით ცალკე განსხვავებული ადგილი. ვცდილობ ეზოში სხვადასხვა მცენარე გავახარო. ერთ-ერთი გამხმარი ხისგან სტუდიისთვის სავარძელი გავაკეთე და ხელით მოვხატე. შორიდან ყველას ტყავის მასალის ასოციაციას უქმნის. ბევრი ასეთი სკამი მაქვს გაკეთებული, სამომავლოდაც ვგეგმავ კერამიკული სავარძლების დამზადებას.

- უწინ თიხა თითქოს მხოლოდ ჭურჭელთან ასოცირდებოდა, ახლა საკმაოდ მრავალფუნქციურია, დიდი დატვირთვა აქვს ინტერიერშიც...



- თიხას დიდი შესაძლებლობები გააჩნია და მას როგორც გამოყენებითი, ისე დეკორატიული დატვირთვა აქვს. გაგვიკეთებია კერამიკული მაგიდები, სავარძლები, ხელსაბანები, ფილები, ქანდაკებები... უწინ უფრო მეტად იყო აქტუალური კერამიკული პანოები, ახლა კერამიკის ხალიჩებსაც ვაკეთებ და ისინი უკვე რამდენიმე ადამიანს აქვს მისაღებ ოთახებში. ბოლო ხანს ბევრი ანდობს სახლის ინტერიერის მოწყობას დიზაინერებს. ზოგიერთი მათგანი, ვისაც არ სურს, ინტერიერში სტანდარტული კედლებით ჩააბაროს შეკვეთა, მიმართავს კედლის კერამიკული ფილებით გაფორმებას. კერამიკული კედლები უკვე გვხვდება როგორც სასტუმროებსა და რესტორნებში, ისე სახლებსა და ბინებში. ვფიქრობ, განსხვავებული ფილები კედლებზე ორიგინალობას სძენს ინტერიერს.





...არაერთი წელია ქალბატონი მაია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენაზე მუშაობს. მისი კრამიტით გადაიხურა საპატრიარქოს სამრეკლო, წლების წინ: გელათი, გრემი, დავითგარეჯა. მას და მის მეუღლეს მონაწილეობა აქვთ მიღებული განახლებული თბილისის სამხატვრო აკადემიის ვიტრაჟების აღდგენაშიც. მინის სპეციალისტი სამხატვრო აკადემიაშიც ასწავლის და შინაც.

განსაკუთრებით დატვირთული გამოდგა ბოლო თვეები - პანდემიის პერიოდი, როცა თბილისში ჩარჩენილმა ტურისტებმა და არა მხოლოდ მათ, თიხაზე მუშაობის ტექნიკის შესწავლის სურვილი გამოთქვეს. როგორც ამბობენ, თიხას დადებითი ენერგია აქვს და როგორც ჩანს, ეს საქმე ბევრს დაეხმარა შინ ჩაკეტილობისა და სოციუმისგან მოწყვეტით გამოწვეული დეპრესიისგან თავის დაღწევაში.



ქალბატონი მაიას სახელოსნოებში როგორც ისტორიული ქართული კრამიტის, ისე კერამიკის წარმოება ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ბევრ სხვა ნივთთან ერთად, აქ ღვინის ჭურჭელიც მზადდება და იხატება ვაზის თემითა და ძველი ქართული ორნამენტით, რომელიც სხვადასხვა არქეოლოგიური გათხრისას აღმოაჩინეს. ღვინოს თავადაც აყენებს და ასევე ლიქიორებს ამზადებს, თუმცა ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რაც მაია გაბადაძის ინტერესებს შორისაა და რასაც მისი ხელი სწვდება. ჟურნალისთვის „შინ“ გადაღებულ ფოტოებზე მაია გაბადაძის შექმნილი ბაღის დიზაინის გარდა, მინის, თიხისა და ხის ნივთების მხოლოდ მცირე ნაწილია წარმოდგენილი...

პ.ს. ზურგს უკან რკინის ჭიშკარი ხმაურით რომ იხურება, ფიქრობ: „რა კარგია, რომ ამ ქვეყანაში ასეთი პროფესიონალი, თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული და მშრომელი ადამიანები ცხოვრობენ!“

ანა კალანდაძე

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები