რა უნდა იცოდეთ, თუ სტამბოლში აპირებთ მოგზაურობას, ტესტირებიდან სანახავი ადგილების ფასების ჩათვლით - ყველაზე პრაქტიკული რჩევები და გზამკვლევი ჩვენგან

სტამბოლში პირველად 2019 წელს ვიმოგზაურე და განსაკუთრებული შთაბეჭდილებაც მოახდინა ჩემზე. ორი სიტყვით შემიძლია დავახასიათო: მისტიური და შთამბეჭდავი. წამოსვლის წინ ვთქვი, რომ აუცილებლად დავბრუნდებოდი. შემდეგ იყო პანდემია და ორ წლიანი პაუზა. დღეს კი მსოფლიოში არსებული ვითარების ფონზე, თურქეთი ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელმაც მინიმალური შეზღუდვების ფონზე, ფართოდ გახსნა კარები ტურისტებისთვის. მეც ორ წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ თურქეთისკენ, კერძოდ კი სტამბოლისკენ ავიღე გეზი.
დღეს სტამბოლი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებაა, ამიტომ გადავწყვიტე ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ. რა თქმა უნდა, პანდემიის გამო არაერთი დეტალია შეცვლილი, რომელთაც
სტატიაში დეტალურად გაგიზიარებთ.

ბილეთები მოგზაურობამდე ერთი თვით ადრე, 250 ლარად შევიძინე. სასტუმრო კი სულთანაჰმედი მოედანთან, ექვსი დღით, სულ რაღაც 170 ლარად დავჯავშნე. ასე დაიწყო ჩემი თავგადასავალი ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ქალაქში.


გოგჩენის აეროპორტიდან ქალაქში ყველაზე მარტივად ე.წ ჰავაბასით მოხვდებით, რომელიც აეროპორტის მოპირდაპირე მხარეს ჩერდება და ტაქსიმამდე 27 ლირა (7-8 ლარი) ღირს. იქვე ტაქსიმზე შეიძენთ სამგზავრო ბარათს (ისტანბულქარდს), რომელის ღირებულება 7 ლირაა. ბარათით რომ ისარგებლოთ, აუცილებელია მასზე ის ჰეს კოდი გაააქტიუროთ, რომელიც გამომგზავრებამდე მოგენიჭათ. მითითებულ ვებ-გვერდზე შეგყავთ თქვენი მონაცემები, რის შემდეგაც შეძლებთ სამგზავრო ბარათის გამოყენებას. საზოგადოებრივი ტრანსპორტი საკმაოდ გაძვირებული დამხვდა. თუ პირველი ვიზიტის დროს ტრამვაით მგზავრობისას 2,5 ლირას ვიხდიდი, ახლა 4,80 ლირა ღირდა. ასე იყო მეტროს, გემის და ავტობუსის შემთხვევაშიც. ფასები ორმაგად არის გაზრდილი როგორც მაღაზიებში, ისე კვების ობიექტებზე და მუზეუმებში.

ვალუტის კურსი ლართან მიმართებაში ყოველდღიურად იცვლება. ჩემი პირადი გამოცდილებით გირჩევთ საქართველოდან დოლარი წაიღოთ და იქ დაახურდაოთ. 100 დოლარში დაახლოებით 850 ლირას იყიდით. ფული არ დაახურდაოთ აეროპორტში და ტურისტულ ადგილებში. კარგად დაითვალეთ ფული ვალუტის ჯიხურთან, შესაძლოა თქვენი გაცურება მოინდომონ.
არ იქირაოთ მანქანა, თუ ძვირფასი დროის საცობებში გატარება არ გსურთ. სტამბოლის ქუჩებში უსაშველო და დაუსრულებელი საცობებია, ასეთი თბილისში არც დაგესიზმრებათ. ასევე, შეეცადეთ არ იმგზავროთ ტაქსით, რადგან ძალიან ძვირია. თან მძღოლები ხშირად იტყუებიან ტარიფებს და ტურისტებს თითქმის სამმაგ ფასს ახდევინებენ.

სტამბოლი უსაშველოდ დიდი და სანახაობებით მდიდარი ქალაქია. ამიტომ აქ ყოველი წუთი ძვირფასია და ის გონივრულად უნდა გაანაწილოთ. გირჩევთ, გამგზავრებამდე შეადგინოთ მონახაზი, გეგმა, დღეების მიხედვით ჩამოწეროთ სანახაობების ჩამონათვალი. მოიძიეთ ინფორმაცია მუზეუმების სამუშაო დღეების, ადგილმდებარეობის შესახებ. ამით ძალიან ბევრ დროს დაზოგავთ.

გაითვალისწინეთ, რომ თურქეთის არც ერთ აეროპორტში არ არის უფასი ვაიფაი, არც ქალაქის უბნებში. უფასო ვაიფაით სარგებლობა მხოლოდ კაფეებში და სასტუმროში შეგიძლიათ. თუ ქალაქში გადაადგილების დროს გუგლს იყენებთ, რაც გიმარტივებთ გადაადგილების შესაძლებლობას და დროის მოგების შანსს გაძელევთ, აუცლილებლად უნდა შეიძინოთ ინტერნეტ პაკეტი. ამისთვის საჭიროა, შეიძინო სპეციალურად ტურისტებისთვის განკუთვნილი თურქული ნომერი. მე არჩევანი თურქსელზე შევაჩერე. ტაქსიმზე მდებარე ერთ-ერთ ოფისში შევიძინე ინტერნეტ პაკეტი, რომელიც 200 ლირა ღირდა და 20 გიგაბაიტი ინტერნეტი ირიცხებოდა. ნომერს მხოლოდ 3 თვე აქვს ვადა.

აია სოფია

ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, აუცილებლად სანახავი ადგილების ჩამოთვანალს გაგიზიარებთ. სტამბოლში სტუმრობისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ აია სოფია და ლურჯი მეჩეთი, ასევე თოფქაფის სასახლე. სამივე მათგანი სულთანაჰმედის მოედანზე მდებარეობს და ერთ დღეში შეძლებთ მათ მონახულებას. იქვეა ბაზილიკა ცისტერნა, თუმცა სარემონტო სამუშაოების გამო ამჟამად დაკეტილი დაგვხვდა. აია სოფიას მიმდებარე ტერიტორიაზეა გულჰანეს ულამაზესი პარკი, სადაც დამღლელი დღის შემდეგ განტვირთვას, გემრიელი სიმითის და ჩაის მირთმევას, ასევე ლამაზი ყვავილებით და თვალწარმტაცი ბუნებით ტკბობას შეძლებთ.

თოფქაფი

სტამბოლში სტუმრობისას აუცილებლად გაისეირნეთ ბოსფორზე, თუმცა არ მოტყუვდეთ და ბოსფორის კრუიზი არ შეიძინოთ, რომელიც 50 ლირამდე ღირს. სტამბოლის თითქმის ყველა უბანში არის ნავსადგური, საიდანაც საზოგადოებრივი გემები მოძრაობს სხვადასხვა უბნის მიმართულებით. გემზე ასვლისას ჩვეულებრივ იხდი ისტანბულქარდით და ბოსფორზე მგზავრობ მაქსიმუმ 4 ლირად. მე პირადად ემინონუდან გავემგზავრე და ულამზესი სანახაობით დავტკბი. გემებს ყოველთვის მიაცილებენ თოლიები, ამიტომ მათთვის სიმითის შეძენა არ დაგავიწყდეთ.

აუცილებლად მოინახულეთ გრანდ ბაზრი. აქ გამართული ვაჭრობა ცალკე ხელოვნება და სანახაობაა. ყველა მომღიმარი სახით გესალმება და თავისი პროდუქციის გასასინჯად გეპატიჟება. ბაზარში თქვენ ყურადღებას მიიქცევს ძვირადღირებული, საუცხოო ფერებში გაწყობილი ხელნაკეთი ხალიჩები, რომელთა ერთი კვადრატული მეტრის ფასი 2 000 ევროს აჭარბებს, მადისაღმძვრელი ტკბილეული, სურსათ-სანოვაგე, სხვადასხვა არომატის, ყვავილის, მცენარის, ხილის ჩაი. ბაზრის სავიზიტო ბარათია ულამაზესი ფანრები, რაც განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ბაზარს. მინდა გაგაფრთხილოთ, ბაზარში საექსკურსიოდ ნამდვილად ღირს მოსვლა, აი, საყიდლებზე რა მოგახსენოთ – ფასები აქ მეტად მაღალია. თან ფრთხილად უნდა იყოთ, აქაური ვაჭრები ისე არიან დახელოვნებული, რომ თავისუფლად შეუძლიათ ორ წუთში 250-ლირიანი ჩაი ისე გაყიდინონ, თვალის დახამხამება ვერ მოასწროთ.

ულამაზესი სანახავია გალათას კოშკი. ეს არის ადგილი, საიდანაც ხელის გულზე იშლება მთელი სტამბული, მისი სიდიადე და ღირსშესანიშნაობა. ამიტომ არც გაბედოთ სტამბულიდან ისე წამოსვლა, რომ კოშკზე არ ახვიდეთ და სტამბულის სუნთქვა არ შეიგრძნოთ, მის იდუმალ ხმას არ მოუსმინოთ.

გალათას ხიდი

ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა დოლმაბაღჩეს სასახლემ. ალბათ, ის სტამბულის ყველაზე „არათურქული“ არქიტექტურული ღირსშესანიშნაობაა. სასახლე ბაროკოს სტილშია აგებული და თურქეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ რეზიდენციას წარმოადგენს. სასახლე ბოსფორის ევროპულ სანაპიროზე მდებარეობს და აქ განლაგებული პავილიონები ნამდვილად მოგაჯადოებთ. როგორც კი სასახლის ეზოში შედგამთ ფეხს, სუნთქვა გაგიხშირდებათ და თქვენს გულისცემას გაიგონებთ. სასახლე აგებულია 1842-1853 წლებში, აბდულ-მეჯიდისთვის, რომელსაც აღარ მოსწონდა თოფქაფის შუასაუკუნეების სასახლის კომპლექსი და ბაროკოს სტილის სასახლე სურდა.

სასახლის მშენებლობა ხუთი მილიონი ოსმალური ოქროს ფუნტი, დღევანდელი 35 ტონა ოქროს ექვივალენტი დაჯდა. თოთხმეტი ტონა ოქრო, ოქროს ფირფიტების სახით, იქნა გამოყენებული სასახლის ჭერის მოვარაყებაში.

იხილეთ უფრო ვრცლად სასახლეზე:

თურქი სულთნების უმდიდრესი სასახლე, რომლის მხოლოდ ჭერისთვის 14 ტონა ოქროა გამოყენებული - „შინ“-ის ჟურნალისტის გასეირნება დოლმაბაჰჩეში

თუ ფერადი ქუჩები გიზიდავთ, აუცილებლად გაისეირნეთ სტამბოლის უძველეს უბანში - ბალათზე. ასევე, ემინონუდან მარტივად მოხვდებით გემით უსკუდარში, სადაც ქალწული კოშკის ულამაზესი ხედით დატკბებით.

ფლორიას აკვარიუმი, ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ადგილია სტამბოლში. აკვარიუმში შესვლისას პირველი, რაც გხიბლავს იდუმალი მელოდიაა, რომელიც აღფრთოვანებას ასმაგად ამძაფრება. მიაბიჯებ წყალქვეშა სამყაროში და შენს წინ არხეინად დაცურავენ ულამაზესი, ათასფერი თევზები, ზვიგენები, საუცხოო წყალმცენარეები. აქ ყველაზე მძაფრად შეიგრძნობ იმ სილამაზეს, რაც ოკეანის ფსკერზეა.

დამღლელი დღის შემდეგ კი ისღა დაგრჩენიათ, გალათას ხიდზე მდებარე ულამაზეს კაფეებს ესტუმროთ, უგემრიელესი ზღვის პროდუქტები დააგემოვნოთ და საოცარი ხედით დატკბეთ. ჩაი და ყავა – გემოვნებით...

და ბოლოს, სტამბულთან ახლოს მდებარეობს კუნძილი ბუიუკადა (პრინცის კუნძულები), რომელიც განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა. ამ კუნძულებზე მოსახვედრად კაბატასის ნავსადგურიდან ბორანს უნდა გაჰყვეთ. მგზავრობა სულ რაღაც 11 ლირა ღირს (ტურით წასვლა გაცილებით მეტი, დაახლოებით 200 ლირა დაგიჯდებათ). კუნძულზე მისასვლელად დაახლოებით ორი საათია საჭირო, ამიტომ თადარიგი ადრევე დაიჭირეთ და დილითვე გაემგზავრეთ). ბორანი ოთხ კუნძულზე ჩერდება. ბოლო და ყველაზე შთამბეჭდავი ბუიუქადას კუნძულია. ბუიუქადა ნიშნავს „დიდ კუნძულს“ და ის მარმარილოს ზღვაში მდებარე პრინცის ცხრა კუნძულიდან ყველაზე დიდია.

იხილეთ მეტი პრინცის კუნძულებზე:
მდიდრების კუნძული, სადაც თურქულ სერიალებს იღებენ - ექსკლუზივი "შინისგან"

ეცადეთ ბორანზე ისეთი ადგილი დაიკავოთ, საიდანაც ლამაზი ხედი იშლება. საოცარია, როცა ხედავ, როგორ მიაპობს ბორანი უზარმაზარ ტალღებს, თავზე კი თოლიები დაგფარფატებენ. მათ უკვე ჩვევად აქვთ ღია გემბანზე გამოფენილი მგზავრებისგან „ძღვენის“ მიღება. ბავშვებივით არიან განებივრებული, გელოდებიან სიმითს, ან სხვა სანოვაგეს როდის გადაუგდებ. არაფერი შეედრება ბორანზე მოდუღებულ ჩაის, ყავას, რომელსაც საოცარი ხედის ფონზე, სრულ ნეტარებაში მიირთმევ.





მერი ბლიაძე

კომენტარები

ბიბო 2023-03-04 00:37
სტამბულის სამგზავრო კარტა გახრა 50 ლირა. გადაადგილება საზ.ტრანსპორტი იწყება 10 ლირიდან და ადის 24 ლირამდე. აკვარიუმი ღირს 400 ლირა. 01/03/2023
ტოტო 2022-07-05 14:42
კარგი ინფორმაციაა.
გულიკო 2022-02-12 20:23
ეს რომელი წლის ფასებია?დღეს დღეობით საბიჰა გოგჩედან ტაქსიმამდე 37.50 ღირს მგზავრობა.სამგზავრო ისტანბულ კარტა 10 ლირა.მგზავრობა მეტრო ავტობუსი 5.50
პს.ანია 2021-10-27 11:43
ისე კარგად აღწერე ყველაფერი რარა იქ წავსულვარ და რაღა ონლაინ დამითვალიერებია
კიდევ მადლობა
ანია 2021-10-27 11:41
შენ გაიხარე!
არასდროს ვყოფილვარ
ახლა მხართეძოზე წამოვგორდები და მივყვები შენს ადგილებს და ონლაინ ვნახავ, არც ბილეტის ფული დამეხრაჯება არც დავიღლები, ჩემს ნებაზე როგორც მინდა დავათვალიერებ, ასე არ სჯობს?! რატომ უნდა დავიღალო როცა იქ სიარულით როცა შემიძლია ონლაინ ყველაფერი კოხტად დავათვალუერო, აგერ თურქული მაღაზიიდან ამოვიტან მაგათ ჩაის და ტუქრულ ტკბილეულეობას მეტი სიმზაფროსთვის, თუმცა არ მიყვარს მაგათი ტკბილეული, ანუ რაც და როგორც მინდა ჩეს ნებაზე ისე მივირთმევ, თან დავათვალიერებ ყველაფერს ონალინ დატვალიერება არ სჯობს განა, შენს ბენაზე რომე ხედსშიც გინფდა იქიდან სეხედავ დაახვევ წინ წახვალ!
თქვენ კი ვისაც მაინცდამაინც იქ განცდები და სიარული გნებვათ გაგიმარჯოთ!
მადლობა მერი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები