ფესტივალი „ვარდების წვიმა“ ვარსკვლავთცვენის ფონზე და, ყველა დაბრკოლების მიუხედავად, გრანდიოზულად ჩატარდა

საგურამოს ვარდების ბაღი"როუზ არტი", ლანდშაფტის დიზაინერ ცირა ოქროპირიძის ხელმძღვანელობით, წლებია მასპინძლობს "ვარდების წვიმის" სახელწოდებით, უკვე ტრადიციად ქცეულ საგაზაფხულო ფესტივალს. წელს ფესტივალი კიდევ უფრო გრანდიოზული და შინაარსიანი იყო და რაც მთავარია, საქველმოქმედო - ფესტივალის მიზანი იყო, სოლიდარობის ფონდთან ერთად შეგროვილი შემოწირულობებით დახმარებოდა ლეიკემიით და სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს 0-დან 22 წლამდე.

ფესტივალი 2022 წლის 28 მაისს გაიხსნა. ჟღერდა საესტრადო მუსიკა და პოეზიის ნიმუშები. 4 ივნისი - ასევე მუსიკისა და პოეზიის საღამო გაიმართა - ”ნანა ცინცაძე და მეგობრები". 6 ივნისს - ლილი იოსელიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო - რეჟისორის
100 წლის იუბილეს მიეძღვნა.  ხოლო 12 ივნისს ფესტივალი გრანდიოზულად დაიხაურა კლასიკური მუსიკის საღამოთი, რომელშიც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები მონაწილეობდნენ. ამავე დღეს შედგა ირმა გურიელის ახალი კრებულის “საქართველო, სიმღერავ ჩემო” პრეზენტაცია.

ფესტივალის მუსიკალური ხელმძღვანელი გია მაჭარაშვილი გახლდათ, ავტორი და ორგანიზატორი კი ცირა ოქროპირიძე. 

ფესტივალის ყველა დღე ვარდების ფურცლების გარდა, ვარსკვლავცვენითაც გამოირჩეოდა, რადგან მოწვეულ სტუმრებს შორის მრავლად იყვნენ ქართული თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობები, ყველასთვის საყვარელი მომღერლები და პოეტები. 

მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალის დღეებს დაემთხვა საგურამოში სეტყვა, მასპინძლებმა შეძლეს, ამ გამოწვევასაც გამკლავებოდნენ და 12 ივნისს ვარდების სამეფომ ჩვეული ბრწყინვალებით უმასპინძლა მოწვეულ საზოგადოებას. 







კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები