იმ ადგილას, სადაც პირველად გაკოცებ, სახლს ავაშენებო, - 81 წლის წინ უთქვამს მიხეილ ჭიაურელს ვერიკო ანჯაფარიძისთვის და დანაპირებიც შეასრულა.
სახლი ფიქრის გორაზე წლების განმავლობაში არა მხოლოდ საცხოვრებელი, არამედ უამრავი ხელოვანის თავშეყრის ადგილი იყო. მოგვიანებით აქ გაიხსნა ერთი მსახიობის თეატრი “ვერიკო”, რომელსაც მაყურებელი არასდროს აკლდა...
სოფიკო ჭიაურელი და კოტე მახარაძე ერთი მსახიობის თეატრში პირველივე დღეებიდანვე მონოსპექტაკლებს წარმოადგენდნენ. სოფიკოს გარდაცვალების შემდეგ კი, ერთ წელიწადში, თეატრმაც შეწყვიტა ფუნქციონირება. არადა, მაყურებელს ბევრი შთამბეჭდავი სპექტაკლი ახსოვს, წლების განმავლობაში აქ მაყურებელს თავიანთ შემოქმედებას აზიარებდნენ: მურმან ჯინორია,
მიხეილ ჭიაურელის სახლ-მუზეუმი 1979-1992 წლებში სოფელ დიღომში არსებობდა. 1992 წლის 23 სექტემბრიდან კულტურის ამ კერამ ბინა დაიდო თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის ქუჩა #16-ში. აქ, 1935 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მიხეილ ჭიაურელი ოჯახთან - მეუღლესთან, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობდა.
1992 წლიდან პირველი სართული მთლიანად დაეთმო სახლ-მუზეუმის ექსპოზიციას, რომელიც სრულყოფილად ასახავდა ორი დიდი ხელოვანის - მიხეილისა და ვერიკოს შემოქმედებას.
1987 წელს კოტე მახარაძემ ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის ერთი მსახიობის თეატრი დააარსა. 1992 წლამდე ის ავლაბარში, ფერისცვალების სახელობის ტაძრის შენობაში ფუნქციონირებდა, 1996 წლიდან კი თეატრი უბინაობის გამო, ფიქრის გორაზე ზემოაღნიშნული სახლ-მუზეუმის ორ დარბაზში განთავსდა. მაშინ ექსპოზიციის ნაწილი შეიცვალა, მაგრამ კედლებზე გამოფენილი სურათები და ფოტომასალა შენარჩუნდა, დაცული იყო ვერიკო ანჯაფარიძის ოთახიც.
მუზეუმი დამთვალიერებელს ემსახურებოდა, მაგრამ ახლა მას ეს ფუნქცია აღარ აქვს. როგორც ნიკუშა შენგელაიამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, სავარაუდოდ, მომავალში მას კვლავ მიეცემა მუზეუმის სახე, მანამდე კი არაოფიციალურად და, ასე ვთქვათ, შინაურ გარემოში უმასპინძლებენ ყველა მსურველს, ვისაც ხელოვანი ოჯახის საცხოვრებლისა და სამუშაო გარემოს გაცნობა მოესურვება.
ამ სახლისა და ჭიაურელ-ანჯაფარიძის ოჯახის ამბავი ასე დაიწყო: ვერიკო და მიშა პირველად ერთმანეთს საგარეჯოში შეხვდნენ. იქ გიორგი ჯაბადარს თეატრალური სტუდია ჰქონდა გახსნილი. 24 წლის მიხეილ ჭიაურელი ვერიკო ანჯაფარიძესთან პირველ შეხვედრას ასე იხსენებდა: “მოდიოდა ქალი დიდი ნაბიჯებით. ეცვა აბრეშუმის გრძელი კაბა. ვერ გაიგებდი, თვალებით ვის უყურებდა, ოდნავ მოზრდილი ცხვირი, უწესრიგოდ, ფაფარივით გადმოყრილი თმა... ყველას მოგვესალმა და მომეჩვენა, რომ განსაკუთრებული ყურადღებით მე შემომხედა. მე მას პირველად ვხედავდი... და ვხედავდი მხოლოდ მას. ეზოში, მწვანეზე ჩამოვსხედით ყველანი. მოხდა ისე, რომ ვერიკო ჩემთან ახლოს დაჯდა. ბედნიერებას განვიცდიდი და არ მესმოდა, რას ნიშნავდა ეს... ჯაბადარმა ახალგაზრდა მსახიობს სთხოვა, რამე წაეკითხა. ვერიკომ სასტიკი უარი განაცხადა. სთხოვდნენ ჩვენი მსახიობებიც... “ვთხოვ, იქნებ, დამიჯეროს”, – გავიფიქრე და თითქმის ჩურჩულით ვთქვი: მეც გეხვეწებით-მეთქი. მან ერთი შემომხედა და დაუყოვნებლივ დაიწყო... რატომ დაიწყო მაინცდამაინც მაშინ, როცა მე ვთხოვე? არ ვიცი... ვერაფერს ვგრძნობდი... მე ტაში არ დავუკარი, დავიხარე და ხელზე ვაკოცე...”
იმ დღიდან მათ შორის დიდი გრძნობა გაჩნდა. თუმცა, გარკვეული დროის მერე, ერთმაც შექმნა ოჯახი და მეორემაც. ბევრს შრომობდნენ და ორივემ თავ-თავის საქმეში გაითქვა სახელი. ცალ-ცალკე ყოფნის მიუხედავად, როგორც ჩანს, მათ შორის გრძნობა არ განელებულა, თუმცა, დიდხანს ვერ ბედავდნენ ოჯახებიდან წამოსვლას... ბოლოს მაინც შეძლეს, ყურადღება არ მიექციათ ჭორების, რისხვისა და გაკიცხვისათვის და ერთად ყოფნა გადაწყვიტეს. ორი ხელოვანი ვერაზე, ფიქრის გორაზე დასახლდა. მიხეილ ჭიაურელმა სახლი იმ ადგილზე ააშენა, სადაც პირველად აკოცა ვერიკოს. მაშინ იქ არავინ ცხოვრობდა, გამწვანებული მხარე ბევრის, განსაკუთრებით კი თბილისელი შეყვარებული წყვილების ერთ-ერთი საყვარელი სასეირნო ადგილი იყო.
როგორც ცნობილია, მიხეილ ჭიაურელმა სახლის არქიტექტურული პროექტი თავად შექმნა, უშუალოდ იყო ჩართული მშენებლობის პროცესსა და შემდეგ უკვე საცხოვრებლის ინტერიერისა და დიზაინის მოწყობაში.
მიხეილ ჭიაურელმა ქართულ სცენაზე 60-ზე მეტი როლი შეასრულა და 30-მდე სპექტაკლი დადგა, პარალელურად მუშაობდა ქანდაკებასა და ფერწერაში. ქანდაკება იაკობ ნიკოლაძის ხელმძღვანელობით შეისწავლა, შემდეგ ცოდნა დრეზდენში გაიღრმავა. ამის დასტურია კედლებზე გამოფენილი მისი ნახატები და თაროებზე განთავსებული ქანდაკებები. ამავე სახლში იყო სახელოსნოც, სადაც მიხეილ ჭიაურელი დიდ დროს ატარებდა.
სამსართულიან სახლს ორი შესასვლელი აქვს, ქუჩიდან და ეზოს მხრიდან. ჭიაურელ-შენგელაიების საკუთრება პირველი და მესამე სართულია. როცა სოფიკომ და კოტემ პირველ სართულზე თეატრის გაკეთება გადაწყვიტეს, საცხოვრებელი მესამე სართულზე მოიწყვეს და სიცოცხლის ბოლო წლები იქ გაატარეს.
სახლს ჯერ ქუჩის მხრიდან ვუდგებით. როგორც კი ზღურბლს გადააბიჯებ და ხის რამდენიმე საფეხურს აუყვები, პირველი, რაც თვალში მოგხვდება, შტატივზე მდგარი ძველი კამერაა. 70 წელზე მეტი ხნისაა და ოჯახის ერთგვარ სიმბოლოდაა ქცეული. ისტორიული კამერა კინოაფიშებისა და წინაპრების ფოტოების გარემოცვაშია მოქცეული.
შემდეგ იმ ოთახში აღმოჩნდები, რომელიც უწინ მისაღები იყო, მერე თეატრის დარბაზად იქცა და ახლა კვლავ პირვანდელი სახე დაიბრუნა. ერთ-ერთ კედელზე ვერიკო ანჯაფარიძის ფოტოა, მისმა შვილიშვილმა ნიკუშა შენგელაიამ ახლახან რესტავრირებული ავეჯი კვლავ ისე განათავსა, როგორც ბებიას დროს იდგა.
ვინაიდან სახლში რემონტია, ნივთების დიდი ნაწილი სარდაფში ინახება.
პირველ სართულზე სულ ხუთი ოთახია. ოჯახის წევრების საძინებლების გარდა, აქ გამორჩეულია ორი სივრცე - მისაღები და მიხეილ ჭიაურელის კაბინეტი.
აქვე უნდა აღვნიშნო - მართალია, ვერიკო ანჯაფარიძე და მიხეილ ჭიაურელი სახლისთვის ავეჯსაც იძენდნენ და სხვა ნივთებსაც, მაგრამ ინტერიერის მდიდრული იერი, ანტიკვარული ან სხვა ფუფუნების საგნები დიდად არ აინტერესებდათ. მათი სახლი იყო ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, პრაგმატული და საჭირო ნივთებით სავსე. მოდერნი იყო ის სტილი, რომელიც ორივეს ერთნაირად იზიდავდა.
მისაღებში კედლებზე ხელოვანი ოჯახის პორტრეტების გარდა, სხვადასხვა მხატვრის ფერწერული ტილოებიცაა გამოფენილი. ხის ძველებურ მასიურ კამოდზე ლამპებს, შანდლებსა და საფერფლეებს შორის, მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო-სახელოსნო სასწავლებლის სტუდენტების საჩუქარი ცაა ხეზე ამოკვეთილი წარწერით: “სახალხო არტისტს ვერიკო ანჯაფარიძეს, მცირედი საჩუქარი შეხვედრასთან დაკავშირებით”.
მიხეილ ჭიაურელის კაბინეტის ცენტრალური “ფიგურა” როიალია. “როიალთან ყველაზე ხშირად სოფიკო იჯდა, ან მისი მეგობრები... მომდევნო წლებში მასზე დაუკრავთ საშა კორსანტიას და დათო ევგენიძეს. დიდი ხნის წინ, ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ უკრავდა ამ როიალზე რიხტერი”, - მიყვება ნიკუშა შენგელაია.
როიალზე ნიანგის ფიგურას შენიშნავთ. კოტე მახარაძეს აჩუქესო, მეუბნებიან. ადრე ნიანგი მაყურებელს თეატრის შესასვლელში “ხვდებოდა”, ახლა დროებით როიალზე გადაინაცვლა.
ეზოს მხრიდან თეატრის შესასვლელში, სადაც უწინ ბარი იყო, ახლა რემონტი მიმდინარეობს. ნიკუშა შენგელაია კედლებზე კინო და თეატრალურ აფიშებთან ერთად სოფიკოს ფოტოების გამოფენას გეგმავს. ასევე პირველ სართულზე, იქ, სადაც უწინ ვერიკოს ოთახი იყო, მოეწყობა მსახიობის ექსპოზიციაც. მიუხედავად იმისა, რომ ნიკუშამ ოჯახის კუთვნილი ნივთების ნაწილი კინოსა და თეატრის მუზეუმს გადასცა, სახლშიც უხვი მასალა დარჩა და ამიტომ სურს, ის გარემო შექმნას, რომელიც აქ ბებია-ბაბუის დროს იყო.
კაბინეტში რამდენიმე ადგილას კედლებზე ყანწები კიდია, ამგვარ ნივთებს უწინ მამაკაცებს ხშირად ჩუქნიდნენ. წიგნის თაროებს შორის გვირგვინებსაც ვხედავ, ახალგაზრდა გიორგი შენგელაიასა და სოფიკო ჭიაურელს თავზე რომ ედგათ ფილმში “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ”.
სახლის სარდაფში მიხეილ ჭიაურელის ფილმების რეკვიზიტებიც ინახება. მათ შორისაა პაატას თავი ფილმიდან “გიორგი სააკაძე”.
კაბინეტში სარკის გვერდით მაღალი ლარნაკი დგას. ზედ ფოტოა ვერიკო ანჯაფარიძის ერთ-ერთი სპექტაკლიდან. ეს ნივთი 1984 წლითაა დათარიღებული და ასეთი წარწერა აქვს: “ვერიკო ანჯაფარიძეს ზუგდიდის რაიონის მშრომელებისგან”.
სარკესთან სხვადასხვა ნივთს შორის თვლებით მოჭედილ ჩარჩოში სოფიკო ჭიაურელის ბავშვობის ფოტოა.
სახლის ეზოშიც გავდივართ, სადაც დალმატინელი ალისა გვეგებება. საკმაოდ ხანდაზმულია, 15 წლისაა უკვე. ის კოტე მახარაძეს 75 წლის იუბილეზე სტუდენტებმა აჩუქეს.
უწინ ამ ეზოში მაგიდები იდგა, აუზიც დანიშნულებისამებრ გამოიყენებოდა. სახლს, სადაც პირვანდელი მფლობელების შემდეგ სოფიკო ჭიაურელი და კოტე მახარაძე ცხოვრობდნენ, სტუმარი არასოდეს აკლდა. მიხეილ ჭიაურელის, ვერიკო ანჯაფარიძისა და მათი შთამომავლების ცხოვრებისა და მოღვაწეობის მომსწრე სახლი, რომელიც უწინ გაცილებით უფრო მსუყე, დატვირთული და ბობოქარი ცხოვრებით ცხოვრობდა, დღეს დადებით ემოციებთან ერთად, სევდანარევი ნოსტალგიით გვაცილებს...
ანა კალანდაძე