საბავშვო ბაღი თვითმფრინავში - უნიკალური პროექტი რუსთავში მცხოვრები მეცნიერისგან

ალბათ, ბევრ ბავშვს გაუყოლებია თვალი ცაში მიმავალი თვითმფრინავისთვის და მფრინაობა უოცნებია. რუსთავში მცხოვრებმა პატარებმა ეს ოცნება თითქმის აისრულეს და ისინი საბავშვო ბაღში, არც მეტი, არც ნაკლები, თვითმფრინავში დადიან.
პროექტის იდეა და განხორციელება პროფესორ გარი ჩაფიძეს ეკუთვნის. წლების წინ, მან კომპანია Georgian Airways-ისგან შეიძინა ჩამოწერილი სამგზავრო თვითმფრინავი ЯК-40, გაარემონტა, საბავშვო ბაღის ეზოში დადგა და აღსაზრდელების გასართობად აქცია. თვითმფრინავში თამაში საათობრივადაა დაგეგმილი და აღსაზრდელების დღის განრიგში შედის. თვითმფრინავში თამაშისას ბავშვებს შეუძლიათ გადართონ ბერკეტები, ატრიალონ შტურვალი, გაიკეთონ ყურსასმენები და „შეამოწმონ“ საბორტო სისტემები.


„ძალიან
ბევრს დავდივარ საზღვარგარეთ, სადაც ვკითხულობ ლექციებს. ყოველთვის თან დამყავს ჩემი მეუღლე და შვილი. ჩემი შვილი, საბა ორი წლის იყო, როცა მოვფრინავდით პარიზიდან. ფრენის დროს დაინტერესდა, რა ხდებოდა იმ ადგილას, სადაც მფრინავები იმყოფებოდნენ. დაიწყო ტირილი და აღარ გაჩერდა. ერთ-ერთმა სტიუარდესამ გამოიჩინა გულისხმიერება და შეიყვანა კაბინაში. იქიდან ძალიან ბედნიერი და დამშვიდებული გამოვიდა. დავფიქრდი, ხომ შეიძლებოდა გამეკეთებინა ისეთი რამ, სადაც, როგორც საბას, ისე სხვა ბავშვების ინტერესს დავაკმაყოფილებდით, ამათან იქნებოდა განსხვავებული და საინტერესო. იდეა ერთი იყო, მაგრამ განხორციელება ძალიან რთული. მაგრამ, გულწრფელად გეტყვით, ამ თვითმფრინავს ძალიან გაუმართლა. ყველა თვითმფრინავი ჯართში ბარდება, ეს არ ჩაბარდა ჯართში და შეიძინა მეორე სიცოცხლე, ემსახურება ისეთ VIP კლიენტებს, როგორებიც არიან ბავშვები“, - ამბობს ბატონი გარი ჩვენთან საუბრისას.
რა თქმა უნდა, თვითმფრინავის ინტერიერი ნაწილობრივ გადაკეთებულია. აქ არის მაგიდები მეცადინეობისთვის და უამრავი სათამაშო პატარებისთვის, თუმცა პილოტების ოთახი თითქმის ხელუხლებელია.
„სხვა ბაღებისგან განსხვავებით ჩვენთან პირიქით ხდება. პატარები როცა მიდიან ბაღიდან, მაშინ ტირიან (იღიმის). არ უნდათ ხოლმე ბაღიდან წასვლა. თავის უზარმაზარ, გიგანტურ სათამაშოსთან, თვითმფრინავთან განშორება უჭირთ. იქ არის 1500-ზე მეტი ღილაკი და ყველა არის მოქმედი. ბავშვებს კი ამ ღილაკებზე შეხების შესაძლებლობა აქვთ. ვერასოდეს დაჩრდილავს მას, ვერანაირი კომპიუტერული თამაში“, - ამბობს გარი ჩაფიძე.
უნდა აღინიშნოს, რომ საბავშვო ბაღმა დიდი პოპულარობა მოიპოვა, აქ 20-მდე ბავშვი სწავლობს, თუმცა მსურველი გაცილებით მეტია. მეტიც, დედები შვილებს დაბადებამდე წერენ ბაღში.





მერი ბლიაძე


იხილეთ ვრცელი ინტერვიუ ბატონ გარისთან

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები