შოვის მეწყერს გადაურჩა „სტალინის სახლი“, რომელიც გერმანელებმა სწორედ სსრკ-ს ყოფილი მმართველის ბრძანებით ააშენეს და როგორც ამბობენ, მშენებლობისას არცერთი ლურსმანი არ გამოიყენეს. ამბობენ იმასაც, რომ აგარაკის აშენება თავად სტალინს ცოტა დაბლა, მდინარესთან ახლოს სურდა, თუმცა გერმანელმა ინჟინრებმა ამაზე კატეგორიული უარი განაცხადეს, რის შედეგადაც შეიცვალა პროექტი და სახლი აშენდა იქ, სადაც დღეს არის. მართალია, სტალინი იქ არასდროს ყოფილა, თუმცა დღემდე ამ სახლს სწორედ „სტალინის სახლს“ უწოდებენ.
გარდა შოვისა, სტალინს აგარაკები ჰქონდა მოსკოვში, სოხუმში, სოჭში, ყირიმში და ა.შ. ის ფლობდა სხვა სიმდიდრეებსაც.
და
2015 წელს ჟურნალმა, Time-მა მსოფლიო ისტორიაში უმდიდრესი ადამიანების სიაში მეხუთე ადგილზე სსრკ-ის ლიდერი, იოსებ სტალინი დაასახელა. ჟურნალმა „ბელადის“ სიმდიდრედ გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის 9,6%-ზე კონტროლი მიიჩნია. ამასთან, Time-ის მიერ გამოკითხული მეცნიერები აცხადებდნენ, რომ მართალია, ეს რესურსი პირადად სტალინს არ ეკუთვნოდა, მაგრამ მას დიდი ეკონომიკური ძალაუფლება ჰქონდა.
რა შეეხება სტალინის პირად ფულს, ისტორიკოს ალექსანდრ კოლესნიკის ნაშრომების მიხედვით დგინდება, რომ „ბელადის“ ე.წ. ასკეტურ ცხოვრებაზე და ქონების მიმართ უინტერესობაზე გავრცელებული ისტორიული ცნობები მხოლოდ მითია.
კერძოდ, დღემდე გასაიდუმლოებულია 1953 წლის 5 მარტს, სტალინის გარდაცვალების შემდეგ მის მოსაცდელში არსებული სეიფის გახსნის აქტი. თუმცა, ისტორიკოს კოლესნიკის ცნობით, სეიფში 3, 600 მლნ საბჭოთა რუბლი და დიდი ოდენობით უცხოური ვალუტა იპოვეს. ისტორიკოსი ამ ღონისძიებაზე დამსწრე ოფიცერთა ჩვენებებს ეყრდნობა. ირკვევა, რომ იოსებ ბესარიონის ძე სოლიდურ ჰონორარებს იღებდა და შესაძლოა, ის მართლაც იყო თავისი დროის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი. ეს მაშინ, როცა დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა ვერსია, თითქოს, მან მემკვიდრეებს დაუტოვა დაგროვებითი წიგნაკი, რომელზედაც მხოლოდ 900 რუბლი ინახებოდა.
სტალინი დანაზოგს არ ხარჯავდა და ჯიუტად ინახავდა მას, რასაც, ისტორიკოსების შეფასებით, სულ მცირე, ორი აღიარებული ფაქტი მოწმობს. კერძოდ, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ სტალინი ფულს გასცემდა იმაზე, რასაც დღეს ქველმოქმედებას ეძახიან, მაგალითად, ბავშვთა სახლისთვის ან სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე თანხის გადარიცხვა. უფრო მეტიც, ომის დროს, როცა სსრკ-ის თითქმის ყველა მცხოვრებმა ერთობლივად გაიღო თანხა თავიანთი დანაზოგით ტანკებისა და თვითმფრინავების შესაძენად, „ბელადი“ ამ ინიციატივას მხოლოდ სიტყვიერად უჭერდა მხარს და ფინანსურად მასში მონაწილეობა არ მიუღია. მეორეს მხრივ, სტალინს, უზარმაზარი შემოსავლის მიუხედავად, არასდროს უყიდია სახელმწიფო ობლიგაციები, რომლის შეძენითაც 1942 წლიდან სსრკ-ის ყველა დასაქმებული მოქალაქე დაავალდებულეს და რაზეც ჯამურად მათი ხელფასის ნახევარი იხარჯებოდა.
განაგრძეთ კითხვა