მსოფლიოში ყველაზე დიდი, "ტიტანიკზე" უფრო გრანდიოზული საკრუიზო ლაინერი, რომელსაც მცურავი ქალაქი უწოდეს - 10-ათასკაციან ლაინერზე ადგილები 2026 წლამდე დაჯავშნილია

ყველაზე დიდი საკრუიზო გემი სახელწოდებით "ზღვების ხატი" თავის პირველ საზღვაო მოგზაურობაში გაემგზავრა. 2 მილიარდი დოლარის ღირებულების ნამდვილი მცურავი ქალაქი ტურისტულ სეზონს ჯერ კიდევ ხსნის, თუმცა ყველა ადგილი, რომელიც 7,6 ათას მგზავრზეა გათვალისწინებული, უკვე დაჯავშნილია 2026 წლამდე. ეს გასაგებიც არის, რადგან მოგზაურობა დაუვიწყარ თავგადასავლებს ჰპირდება მგზავრებს, ისეთს, რომელიც სცილდება ფანტაზიის საზღვრებს.


მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საკრუიზო კომპანიის ხელმძღვანელობამ არც ძალისხმევა და არც ხარჯები დაიშურა საიმისოდ, რომ საზღვაო მოგზაურობისა და გართობის ინდუსტრია სრულიად შეეცვალა და განსხვავებულ დონეზე აეყვანა. ამის გაკეთება ულტრათანამედროვე საკრუიზო გემის დახმარებით
გადაწყვიტეს, რომელსაც საზღვაო ქალაქიც კი შეიძლება ეწოდოს, რადგან გემზე ერთდროულად შესაძლოა 7,6 ათასამდე მოგზაური იმყოფებოდეს, ამას დაუმატეთ ეკიპაჟის 2,3 ათასი წევრი და რა მასშტაბებზეა საუბარი, თავად მიხვდებით.


მდიდრულმა მცურავმა კურორტმა, რომლის მშენებლობაც 2 მილიარდი დოლარი დაჯდა, მოხსნა ტიტანიკის რეკორდი, რადგან მისი მთლიანი ტონაჟი (ტევადობა) 5-ჯერ აღემატება იმ ლაინერის გაბარიტებს, რომელმაც თავის დროზე დიდი ხმაური გამოიწვია.



მსოფლიოში ყველაზე დიდი საზღვაო ხომალდი ისეა შექმნილი, რომ მოგზაურებმა, მიუხედავად იმისა, რომ ბორტზე შესაძლოა ერთდროულად თითქმის 10 ათასი ადამიანი (ეკიპაჟის ჩათვლით) იმყოფებოდეს, არ იგრძნონ სივიწროვე.


საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ლაინერი გათვლილია არა მხოლოდ მდიდარი მგზავრებისთვის, არამედ ყველა გემოვნებისა და ბიუჯეტის მქონე ადამიანებისთვის. მათ მგზავრები 28 კატეგორიად დაყვეს, რომელთაგან 14 სულ ახალია ბრენდისთვის. პროექტის ყველაზე საინტერესო განვითარება საოჯახო კაბინებია აივნებით, ინდივიდუალური ჰიდრომასაჟის აბანოებით, ბავშვთა ოთახები "დამიწებული" ნიშებით და ორსართულიანი საწოლებით.


364 მ სიგრძისა და 65 მ სიგანის (სამი ფეხბურთის მოედნის ზომა) საკრუიზო გიგანტს აქვს 20 გემბანი და ორმოცი რესტორანი, ასევე - შვიდი აუზი, აკვაპარკი თავისი ამაღელვებელი წყლის სლაიდებით, წყლის არენა სანახაობრივი წწარმოდგენებისთვის, თეატრები, კაზინოები, სპა და ყინულის არენაც კი.

საკრუიზო მარშრუტი გემზე დაიწყება მაიამიდან და გაგრძელდება ერთი კვირა. მოგზაურობის დროს დაგეგმილია გაჩერება მექსიკაში, ჰონდურასში და საბოლოო დანიშნულება იქნება კერძო კუნძული ბაჰამის კუნძულებზე. ერთკვირიანი მოგზაურობის საფასური 1,910 დოლარი იქნება ერთ ადამიანზე სამადგილიან კაიუტაში. სასიამოვნო ბონუსები ელით ბავშვებიან ოჯახებს. ბავშვებს შეეძლებათ საბავშვო მოედნებზე თამაში, სრიალი სლაიდებიან აუზში და სხვა ბევრი საინტერესო გასართობით გართობა.

ვისაც მეტი კომფორტი და ფუფუნება უნდა, არის ორსართულიანი კაბინები, რომელთა ღირებულება 40 ათასი დოლარიდან იწყება. აღნიშნული კაიუტები განთავსებულია ექსკლუზიურ ზონაში, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ ლუქსის კლასის მგზავრებისთვის და ითვალისწინებს კერძო ლაუნჯებს, ბარებს, რესტორნებს და სხვა ძვირად ღირებულ სერვისებს.

არის კიდევ სამსართულიანი ლუქსის კაიუტები, რომელთა ღირებულება 100 ათასი დოლარიდან იწყება. ამ კაიუტას ჰყავს პირადი მომსახურე პერსონალი და შეფ-მზარეული. რაც შეეხება კვებას, გემს აქვს 40 კვების ობიექტი (რესტორნები, ბარები, კაფეები), რომელთაგან 21 უფასოა.
ტურისტებისთვის გათვალისწინებულია კულტურული პროგრამაც. ამ მიზნით დაპროექტებულია საკონცერტო დარბაზები და საცეკვაო მოედნები, სადაც ყოველ საღამოს გაიმართება მიუზიკლები, გასართობი და კომედიური შოუები, კონკურსები და საცეკვაო წარმოდგენები. დიდი შუშის გუმბათის ქვეშ დამალულ წყლის დარბაზში გაკეთებულია განსაკუთრებული ატრაქციონი - ყველაზე მაღალი ჩანჩქერი ზღვაში (17 მეტრი), წყლის შოუების მთავარი მონაწილე.

გემი აღჭურვილია ექვსი ორმაგი საწვავის ძრავით, რომელსაც შეუძლია იმუშაოს როგორც მაზუთზე, ასევე ბუნებრივ თხევად გაზზე. უპირატესობა მიენიჭება ბუნებრივი აირის გამოყენებას, რაც საგრძნობლად შეამცირებს გოგირდის დიოქსიდის გამოყოფას, ასევე შეამცირებს ნაწილაკების და აზოტის ოქსიდების რაოდენობას, რომლებიც ავსებენ მაზუთს (ტრადიციული საწვავი სარეზერვოა). გარდა ამისა, ისინი გეგმავენ ბუნებრივი აირის გამოყენებას ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად, რათა უზრუნველყონ უამრავი ადამიანი, ატრაქციონები და აღჭურვილობა საჭირო რაოდენობის ელექტროენერგიით. ფულის დაზოგვის მიზნით, გემის დაკავშირებას სანაპირო ენერგიის წყაროებთან გეგმავენ.


ლაინერი ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით არის გაფორმებული. დაინერგა ინოვაციური სისტემები ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად და ემისიების შესამცირებლად. გიგანტური გემი აღჭურვილია ულტრათანამედროვე კონდიცირების სისტემებით, გარდა ამისა, ლაინერზე დაყენებულია უახლესი აპარატურა (დესალინიზატორები), რაც საშუალებას იძლევა ბორტზე გადმოიტანონ მტკნარი წყლის 90%, რაც თითქმის სრულად დააკმაყოფილებს ლაინერის ყველა საჭიროებას. 



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები