საბჭოთა პერიოდში "მადონას" სერვიზის შესახებ ყველამ იცოდა. მოოქრული ჭურჭელი, რომელზეც ნახევრადშიშველი ლამაზმანები იყვნენ გამოსახულნი, ოჯახის პრესტიჟისა და კეთილდღეობის ერთგვარ სიმბოლოს წარმოადგენდა. "მადონაზე" ყველა დიასახლისი ოცნებობდა.
გერმანული მაღალხარისხიანი ჭურჭლის შესახებ ინფორმაცია XVIII საუკუნიდანაა ცნობილი. გერმანელმა ოსტატებმა ისეთივე საუკეთესო ხარისხის ფაიფურის დამზადება ისწავლეს, როგორიც ჩინელმა ოსტატებმა იცოდნენ. გერმანული ფაიფურის ექსპორტს კი მრავალწლიანი ისტორია აქვს.
გერმანული ფაიფურის მიმართ ინტერესი საბჭოთა ჯარების გერმანიაში შესვლის შემდეგ გაჩნდა. ომის შემდეგ პირველი, რაც გერმანელებმა აღდგინეს, Kahla -ის ფაბრიკა იყო. სწორედ აქ ამზადებდნენ საქვეყნოდ ცნობილ სერვიზს. გერმანიაში წარმოებული
მადონას სერვიზი ძველებურ, დეკორის სტილში იხატებოდა. საინტერესოა მისი დამზადების ტექნიკაც, - კერამიკაზე გამოსახულება ქაღალდიდან გადაჰქონდათ და მაღალ ტემპერტურაზე გამოწვით ფიქსირდებოდა. მზა ჭურჭელი დამახასიათებელი მოოქრული ტექნიკით იხატებოდა. თავისთავად, ფაიფურიც უმაღლესი ხარისხის იყო. მზადდებოდა ჩაის, ყავისა და სასადილო სერვიზები.
მადონას სერვიზი საბჭოთა კავშირში პირველად სამხედრო ოფიცრებმა შემოიტანეს. გერმანული ფაიფური განსაკუთრებით გენერლების ცოლებმა შეიყვარეს. სწორედ მათ დაამკვიდრეს მოდა "მადონაზე". ამით სურდათ, ხაზი გაესვათ თავიანთი წარმომავლობისა და შესაძლებლობისთვის. "მადონას" პოპულარობის პიკმა გასული საუკუნის 70-80-იან წლებში მიაღწია.
გადამყიდველების გარდა "მადონას" შეძენა საკომისიო მაღაზიებშიც შეიძლებოდა. მიზერულ რაოდენობის საქონელი კოლოსალურ თანხად იყიდებოდა. მაგალითისთვის, ჩაის სერვიზი 6 პერსონაზე 180 მანეთი ღირდა. ჩაის, ყავის ან სასადილო სერვიზს 12 პერსონაზე კი 300-600 მანეთის ფარგლებში შეიძენდით. 1995 წელს "მადონას" წარმოება შეწყდა.
დღესდღეობით "მადონას" ამზადებენ პოლონეთსა და ჩეხეთში. თუმცა, ახლანდელი სერვიზი ძველებურს ხარისხით საკმაოდ ჩამორჩება.
თუმცა, "მადონაზე" მოთხოვნა დღესაც შეინიშნება. გაზეთებში ხშირად შეხვდებით განცხადებებს: "შევიძენ გედეერის მიერ დამზადებულ მადონას სერვიზს". ძალიან ბევრს სერვიზი კოლექციისთვის სჭირდება. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს იშვიათი, მუქ ლურჯ ფერში შესრულებული კობალტის სერვიზი.
პოპულარობის გამო "მადონას" წარმოება უამრავმა მცირე ფაბრიკამ დაიწყო, მაგრამ მცოდნეები ნამდვილსა და მიმსგავსებულს მარტივად არჩევდნენ ერთმანეთისგან. განსაკუთრებული დანიშნულება ჰქონდა სამარკო ნიშანს, რომელსაც ფაიფურის ფაბრიკები მე-18 საუკუნიდან იყენებდნენ.
დღესდღეობით "მადონა" ანტიკვარულ ღირებულებას არ წარმოადგენს. მხოლოდ ნოსტალგიას იწვევს, ისიც ასაკოვან დიასახლისებში, თანამდეროვე თაობისთვის მის შესახებ მცირე რამაა ცნობილი. ამის მიუხედავად, მისი ყიდვა-გაყიდვის მსურველები მაინც არიან. დღეს მადონას სერვიზის ფასი 150 ლარიდან იწყება (ყავის) და 700 დოლარამდე ადის (სადილის). ამ სერვიზის მთავარი უნიკალურობა კი იმაში მდგომარეობს, რომ მას ძალიან ბევრი ქალის ოცნება, რომანტიკა, ნოსტალგია თუ ახდენილ-აუხდენელი სურვილები უკავშირდება. არცერთ ჭურჭელს არ გამოუწვევია იმდენი ემოცია, რამდენიც "მადონას" ერგო წილად. რას ფიქრობენ დღეს მასზე ის დიასახლისები, ვისაც ისევ სახლში უდევს ეს დიდებული სერვიზი, თუმცა მისით ისე ვეღარ ამაყობს?
"ისევ სახლში მაქვს და ისევ ვიტრინაშია გამოფენილი... აბა სად წავიღო? ჩემთვის საერთოდ არაფერს ნიშნავს... გავყიდო? სანამ ჩემი დედამთილი ცოცხალია, ამას ვინ გაბედავს. მისი ნაყიდია. სახლი გაყიდა და პირველი რაც იმ ფულით შეიძინა, 2 წყვილი "მადონა" იყო - ერთი ქალიშვილისთვის, მეორე ვაჟისთვის. 500-500 მანეთი მისცა...ერთხელაც არაფერი დაგვილევია ამ სერვიზით, არ გვიხმარია, თუმცა ვიცი ოჯახები, რომლებიც იყენებდნენ ამ ჭურჭელს...რას ვუპირებ ჯერ არ ვიცი, დავცდი ალბათ სანამ ანტიკვარის ფასი დაედება და მერე გავყიდით" - გვიამბობს ერთ-ერთი დიასახლისი.
თუ რაიმე ოჯახური ან პირადი ისტორია გაგახსენდებათ ამ ჭურჭელთან დაკავშირებით, კომენტარებში გაგვიზიარეთ - რას ვიზამთ, ჩვენი ნივთები ძალაუნებურად ხდებიან ჩვენი ცხოვრების ნაწილნი და თავისი წილი ემოციაც ახლავთ. ეს კი "მადონას" საუკეთესო ნიმუშებია.
კომენტარები