- მხატვარმა ყველაფერი უნდა აკონტროლოს, მთელი ვიზუალური მხარე, ყოველი დეტაილი, - ასე იწყებს საუბარს საკუთარ პროფესიაზე გოგი მიქელაძე: - ბევრი კითხულობს ფილმის ტიტრებს, თუმცა ყველამ არ იცის რას აკეთებს მხატვარი კინოში. ის ნაკლებად ჩანს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ასრულებს. მხატვარმა უნდა შექმნას ყველაფერი, რასაც ვხედავთ ეკრანზე, ის რეჟისორის თანამოაზრეა, ისევე როგორც ოპერატორი. კარგ მხატვარს ზოგჯერ მსახიობის შერჩევის დროსაც ეკითხებიან აზრს. მაგალითად, ასე მუშაობს მერაბ კოკოჩაშვილი. სანამ "ცხელი ზაფხულის სამი დღის" გადაღებას დავიწყებდით, ოპერატორი გია გერსამია, სცენარისტები ერლომ ახვლედიანი და დავით
დაიბადა 1946 წელს, თბილისის ძველ უბანში, მთაწმინდაზე. ძველი თბილისის სიყვარული და ნოსტალგია დღესაც არ განელებია, - მე სულ სხვა გარემო მომწონს, ძველ თბილისზე ვგიჟდები! - გულწრფელად მიპასუხა მხატვარმა, როცა ვკითხე, თუ როგორ მოქმედებს დღევანდელი გარემო მის შემოქმედებაზე. ძველი ქალაქის მონატრება მის ფერწერულ ნამუშევრებშიც აისახება: - "ეს თბილისური ეზოა, ხედავთ, აქ სერგო ფარაჯანოვი ცხოვრობდა, ჩვენ მეზობელები ვიყავით, დღესაც მაქვს შემორჩენილი მისი ნაჩუქარი ნივთები"...
გოგი მიქელაძის შემოქმედებითი ბიოგრაფია იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში დაიწყო და სამხატვრო აკადემიაში გაგრძელდა, აკადემიის დამთავრებისთანავე ახალგაზრდა მხატვარი რეზო ჩხეიძესთან აღმოჩნდა, კოსტიუმების მხატვრად ფილმში "ნერგები".
- ჩემი პირველი ფილმია ჩხეიძის "ნერგები". აკადემია დავამთავრე თუ არა, მასთან მოვხვდი. თავიდან გამიჭირდა გარკვევა, ჯერ ასისტენტადაც არ მემუშავა და პირდაპირ დამდგმელად ამიყვანეს. ამის შემდეგ ფილმი ფილმს მიჰყვა: ლია ელიავას "მშვენიერი კოსტიუმი", კარლო ღლონტის "მყუდრო სავანე", ომარ გვასალიას "ისინი ბედნიერები იქნებიან", მერაბ კოკოჩაშვილის "ცხელი ზაფხულის სამი დღე", გია მატარაძის "შვიდი პატარა მოთხრობა პირველ სიყვარულზე", გიორგი შენგელაიას "სიყვარული ყველას უნდა", ლანა ღოღობერიძის "ერთი დღე და მთელი სიცოცხლე", თენგიზ აბულაძის "მონანიება", ნოდარ მანაგაძის "ეი მაესტრო", გიორგი ლევაშოვ თუმანიშვილის "ბედიანი", რეზო ესაძის "ჭერი" და ა. შ. ბოლო ფილმებია თეონა მღვდელაძის "ძმა" და რუსუდან გლურჯიძის "სხვისი სახლი". ამჟამად, ელდარ შენგელაიას ფილმზე ვმუშაობთ, მას "სავარძელი" ჰქვია.
დღეს გოგი მიქელაძე ორმოცზე მეტი ფილმის მხატვარია, მხოლოდ "მონანიების" დასახელებაც კი კმარა იმისთვის, რომ მის როგორც კინოს მხატვრის მეტად წარმატებულ და ნაყოფიერ შემოქმედებაზე ვისაუბროთ.
- ყველაზე გახმაურებული ფილმი "მონანიებაა", რამდენად უსაფრთხო იყო იმ დროს ფილმზე მუშაობა?
- მსგავს სიუჟეტზე მუშაობა წარმოუდგენელი იყო იმ დროს, სცენარი რომ წავიკითხე დავფიქრდი... ვიფიქრე, კარგი, ვთქვათ დავიწყეთ მუშაობა, მაგრამ რა შეიძლება მოხდეს შემდეგ? ალბათ, ერთ-ორ კვირაში დაგვიჭერენ ან რაიმე უბედურებას შეგვამთხვევენ-მეთქი – საბედნიეროდ, ასე არ მოხდა.
- დასრულებისთანავე გამოვიდა ფილმი ეკრანზე?
- არა, კარგა ხანს იყო აკრძალული. მისი გადაღება 1983 წელს დამთავრდა და მხოლოდ 1987 წელს გავიდა ეკრანზე, მანამ კი დიდი ბატალიების გავლა დასჭირდა. ამ ფილმის გამო ხალხი სამსახურიდან დაითხოვეს...
- როგორც ცნობილია, "მონანიებას" არაერთი პრიზი აქვს მიღებული. თქვენ რა ჯილდო გხვდათ ამ ფილმზე მუშაობისათვის?
- მე მივიღე "ნიკა" საუკეთესო მხატვრობისათვის. მაშინ ამ ჯილდოს საბჭოთა ოსკარს ეძახდნენ.
გოგი მიქელაძე არაერთი პრიზის მფლობელია: 1987 წელს მას მიენიჭა სახელმწიფო პრემია "ხუთწლედის მატეანე"- საუკეთესო მხატვრობისათვის, ნოდარ მანაგაძის ფილმში "ეი, მაესტრო". 1988 წელს მიიღო პროფესიული პრიზი "ნიკა" ნომინაციაში "საუკეთესო მხატვრობა", ფილმში "მონანიება". 2004 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია საუკეთესო მხატვრობისათვის სატელევიზიო მხატვრულ ფილმებში: "გზა მაცხოვრისა" და "დედაო ღმრთისა". 2007 წელს კი მართლმადიდებლური ფილმების ფესტივალზე, საუკეთესო მხატვრად დასახელდა რეჟისორ მიხო ბორაშვილის ზემოხსენებული ფილმებისათვის.
- რომელ რეჟისორთან მუშაობა იყო თქვენთვის ყველაზე საინტერესო?
- ყველასთან, ზოგთან პიროვნული, ზოგთან შემოქმედებითი თვალსაზრისით. იყვნენ რეჟისორები, რომლებთან მუშაობაც მათი პიროვნული თვისებების გამო მიხაროდა, მგრამ ფილმები გამოვიდა შედარებით სუსტი, ზოგჯერ კი კამათში, რაღაც დაძაბულ ურთიერთობაში, ძალიან ნაყოფიერი და ეფექტური სამუშაო სრულდებოდა. საინტერესო იყო თანამშრომლობა კოკოჩაშვილთან, ესაძესთან, აგრეთვე ირაკლი კვირიკაძესთან ერთად ფილმზე "ქალაქი ანარა". არასოდეს დამავიწყდება მუშაობა ნოდარ მანაგაძესთან, რადგან ის თავად იყო ძალიან კარგი რეჟისორი და თანაც, ცნობილი, თავის საქმეზი შეყვარებული, მსოფლიო დონის ოპერატორი ლევან პაატაშვილი ჰყავდა. მათთან თანამშრომლობამ მანახა, თუ რა დატვირთვა აქვს მხატვარს კინოში, - მხატვარი შეიძლება დაიკარგოს თუ მისი ნამუშევარი კარგად არ გადაიღო ოპერატორმა, კარგად არ გაანათა, არ წარმოაჩინა. პირველი პანორამა რომ გადავიღეთ სწორედ მაშინ ვიგრძენი, რას ნიშნავს მხატვრის მუშაობა კარგ ოპერატორთან ერთად. კინო ჯგუფური შემოქმედებაა, მარტო ვერაფერს მიაღწევ.
მხატვარი სახელოსნოში მუშაობას ანიჭებს უპირატესობას: "საზოგადოებაში ისეთი აზრი ჩამოყალიბდა თითქოს კინოს მხატვრობა ვიწრო სპეციალიზაციაა, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმები, მე ვარ მხატვარი და კინოში მუშაობა ჩემი გატაცებაა." გოგი მიქელაძე ფერწერულ ნამუშევრებთან ერთად მეტად ორიგინალურ საინტერესო სივრცობრივ მოცულობითი კომპოზიციებს ქმნის, რომლებიც ობიექტის სახელითაა ცნობილი.
- ბატონო გოგი, საქართველოში ვინ ქმნის მსგავს კომპოზიციებს?
- არ ვიცი, მე ის შემიძლია ვთქვა, რომ პირველმა გამოვფინე ასეთი ნამუშევრები ჯგუფურ გამოფენაზე, თუმცა მაშინ მას პოპარტი ეწოდა, რაც არ იყო სწორი.
- რომელ უცხოელ ან ქართველ მხატვრებს დაასახელებთ?
- ძალიან მომწონს რობერტ რაუშენბერგი, ჯორჯ სეგალი, შესაძლოა, სწორედ მისმა ნამუშევრაბმა მომცა რაღაც შემოქმედებითი ბიძგი. იგი ნატურალურ ფორმას ასახავდა თაბაშირში, მთელი ციკლი აქვს გაკეთებული, მისი ცნობილი ნამუშევარია "მგზავრები", ავტობუსში სხედან ნატურალური ზომის ფიგურები, რეალურ სავარძლებში, რაც მეტად შთამბეჭდავია. გარდა ამისა, არ შემიძლია არ აღვნიშნო დავით კაკაბაძის კოლაჟები."
- თქვენს კომპოზიციებში ხშირად იყენებთ ჩამოსხმულ ხელებს...
- ხელებს ადრეც ხშირად ვხატავდი, იმიტომ, რომ მომწონს... ძალიან მეტყველია ხელები, როგორც პორტრეტი, თითქმის იგივე დატვირთვა აქვს.
- საიდან და როგორ უნდა შეხედო ნამუშევარს?
- ის კომპოზიციები, სადაც მოსარკული ლინზა მაქვს გამოყენებული, თვალის სიმაღლეზე უნდა ეკიდოს, რაც უფრო შორს გადიხარ, არეკლილი ეფექტი უფრო იზრდება და კომპოზიციაც უფრო საინტერესო ხდება, ლინზას კიდევ ერთი კარგი თვისება აქვს: ერთი ნათურაც რომ ენთოს მოშორებით, ლინზა განათებულია, სხივებს იკრებს და ისე ნათდება, თითქოს შიგნიდან არის განათებული. საერთოდ, მოცულობითი ნამუშევრისათვის განათებას აქვს მნიშვნელობა, პირდაპირ მინათებული შუქი აბრტყელებს, ხოლო გვერდიდან მინათებული უფრო რელიეფურს ხდის.
- როგორ ხდება, რომ რაკურსის ცვლასთან ერთად კომპოზიცია იცვლება - რაღაც ქრება, რაღაც ჩნდება, მაგრამ კომპოზიცია არ ინგრევა?
- მოსარკული ლინზის გამო განსხვავებული წერტილები განსხვავებულ მონაკვეთში სხვადასხვაგვარად ჩანს. ეს ლინზის პრინციპია, რომელიც მე ძალიან მომწონს. ოცდათხუთმეტი წლის წინ აღმოვაჩინე, მას შემდეგ ვეღარ ვივიწყებ, დღესაც უწინდებურად მიზიდავს, იმიტომ, რომ ახალ შესაძლებლობებს ვხედავ და სხვადასხვაგვარად ვიყენებ.
- რა მასალისა და ნივთებისაგან იქმნება თქვენი კომპოზიციები?
- ვიყენებ ნაირგვარ ნივთს, რომლებსაც სხვა დატვირთვასა და მნიშვნელობას ვძენ.
პირველი პერსონალური გამოფენა გოგი მიქელაძეს გერმანიაში ჰქონდა, ბერლინში 1995 წელს, 1999 წელს, ამერიკაში, ქალაქ პიცბურგში, პენსილვანიის შტატში, შემდეგ კი, 2004 წელს, საქართველოში, გალერეა "კოპალაში": 1971 წლიდან მონაწილეობს ჯუფურ გამოფენებში როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ: პოლონეთში. რუსეთში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, გერმანიაში, 2000 წელს მონაწილეობა მიიღო ქართველ ნონკონფორმისტთა გამოფენაში ქალაქ მირლენდში, ნიუ-ჯერსის შტატი.
მხატვრის ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში: იაპონიაში, ბელგიაში, საფრანგეთში, იტალიაში, შვეიცარიაში, ავსტრიაში გერმანიასა და რუსეთში. 39 ნამუშევარი დაცულია ზიმერლის ხელოვნების მუზეუმში, ნორტონ დოჯის კოლექციაში, მირლენდში, ნიუ-ჯერსის შტატში.
ამჟამად გოგი მიქელაძე თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლის კინოს მხატვრობას:
- სხვა პროგრამით ვასწავლი, რაც მუშაობას უფრო საინტერესოს ხდის. მაკეტებს ვაკეთებთ, მიკროპავილიონებს ვაშენებთ, რისი მეშვეობითაც სტუდენტები სივრცობრივ აზროვნებას ეჩვევიან ისინი დიდი სიყვარულითა და გატაცებით მუშაობენ, მაკეტის შექმნასთან ერთად იწყებენ აზროვნებას ფერში, კომპოზიციაში, სივრცეში, მეც ძალიან მიხარია მათთან ურთიერთობა. ერთფეროვან და მომაბეზრებელ სასწავლო პროცესში ერთგვარი თამაშის მომენტიც შევიტანეთ: თამაში მიკროსამყაროში, სტუდენტები აკეთებდნენ მაკეტებს, შემდეგ ანათებენ მათ, უღებენ ფოტოებს და რეალური სივრცის შეგრძნება იქმნება...
თეა იაკობაშვილი