38 წლის ნანა ხუნჯუა საკმაოდ სერიოზული საქმით არის დაკავებული - პროკურორია. ამავდროულად 4 შვილის დედაა და ამ ყველაფრის გათვალისწინებით კიდევ უფრო შთამბეჭდავია, რომ ასწრებს თავის პატარა ქალაქგარეთა სახლის ეზოს მოვლა-გალამაზებას ისე, რომ ჩვენი ყურადღებაც მიიპყრო.
- 4 შვილის - 4 გოგონას დედა ვარ. 11, 7, 6 წლისანი არიან და ნაბოლარა არის წლი-ნახევრის. მიუხედავად იმისა, რომ ვითვლები მრავალშვილიან დედად, ვახერხებ მუშაობასაც, საჯარო სამსახურში. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორი და საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე გახლავართ... საკმაოდ მძიმე და საპასუხისმგებლო სამსახურია, დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს,
7 წლის წინ, მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ რომ ქალაქგარეთ, თბილისთან ახლოს შეგვეძინა პატარა სახლი ეზოთი, რათა ბავშვებს ჰქონოდათ სოფლისმაგვარი გარემო დასასვენებლად. ჩვენი 2-კვირიანი შვებულებები ნამდვილად არ იყო საკმარისი ბავშვებისთვის. გვინდოდა პატარა სახლი ეზოთი, ისეთ ადგილას, საიდანაც შევძლებდით თბილისში სამსახურებში სიარულს. თავიდან მხოლოდ ზაფხულობით, არდადეგებზე გადავდიოდით ხოლმე აქ საცხოვრებლად, ახლა უკვე თითქმის მთელი წელი აქ ვართ. ვფიქრობთ საბოლოოდ გადმოსვლას საცხოვრებლად, როგორც კი მოგვარდება ტრანსპორტის პრობლემა, ბავშვების სკოლასა და ბაღში ადვილად ტარება რომ შევძლოთ. ბევრად უკეთესია ეს გარემო, ვიდრე შუაგულ თბილისში მანქანების მტვერში ცხოვრება, ქალაქისკენ გახედვაც აღარ მინდა.
- ძირითადად ვინ უვლის ძირითადად ბაღს, ვისი იდეებია რეალიზებული? როგორ გაანაწილეთ სივრცე?
- ბაღის გაშენება დავიწყე 6 წლის წინ. მანამდე აქ მხოლოდ მიტოვებული და მოუვლელი ტრიალი მინდორი იყო. თავიდან მეც ბევრი არაფერი ვიცოდი მცენარეებისა და მათი მოვლის შესახებ. მახსენდება ის მომენტი, როდესაც სულ პირველად მქონდა შეხება მიწასთან. მეზობელმა მომცა გვირილის "ოჯახი“, რომელიც ამოხშირა თავის ბაღში, რადგან გვირილებს სჭირდება ამოხშირვა პერიოდულად, წინააღმდეგ შემთხვევაში, როცა ხშირდება ოჯახი, ის უკვე პატარა და უხარისხო ყვავილს იკეთებს. ამიტომ ბარის პირით უნდა გაყო ხოლმე და გადაიტანო სხვა ადგილას. როდესაც მეტი სივრცე ეძლევა, თან ნიადაგიდან უფრო უხვად იღებს საკვებს, ბევრად ლამაზია და ორჯერ ყვავილობასაც ასწრებს. სწორედ ეს გვირილები დავრგე პირველად ჩემს ეზოში. გვირილებმა იმ წელს ისე გაიხარეს, ისეთი მსხვილი ყვავილები გაიკეთეს, ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. მერე ნელ-ნელა დავიწყეთ მე და ჩემმა ქმარმა ეზოს გალამაზება და მოვლა. ხეები ჩემი ქმრის დარგულია, მე ბუჩქების და ყვავილების მოშენება დავიწყე. ზოგადად ამბობენ, რომ ბაღი ყველაზე კარგად გამოხატავს მეპატრონის ხასიათსო. ჩვენ შემთხვევაში ორივეს სხვადასხვა გემოვნება გვაქვს და საბოლოოდ რაღაც შერწყმული გამოვიდა. მე მაგალითად უფრო მოწესრიგებულად მიყვარს დარგვა, მიყვარს ყველაფერში სიმეტრიების დაცვა და ა.შ., ხოლო ჩემს ქმარს პირიქით, უფრო ქაოსურად დარგული მოსწონს, რადგან მიაჩნია, რომ ასე უფრო გავს რეალურ ველურ ბუნებას. საბოლოო ჯამში რაღაც შერეული ვარიანტი გამოგვივიდა. მთავარი ეზოს გამწვანებაში არის ის, რომ ნებისმიერ მხარეს იყოს განაწილებული გამწვანება, ყველა კუთხეში იყოს მოსასვენებელი გარემო, ზაფხულში თითქმის მთელ დღეს გარეთ ვატარებთ და ეზო ისეთი უნდა იყოს, რომ სახლში შესვლა არც გინდებოდეს. ასევე მნიშვნელოვანია, ისე შევარჩიოთ ყვავილები, რომ გავითვალისწინოთ მათი სეზონურობა. ბაღში რაღაც მუდმივად უნდა ყვაოდეს. მე უპირატესობას ვანიჭებ, ისეთ ყვავილებს, რომლის ყვავილობის პერიოდი ხანგრძლივია და მთელი ზაფხული გრძელდება. ვარდების ყვავილობა ერთი თვე გრძელდება, მაგრამ ვარდებზეც ვერაფრით ვამბობ უარს. ასევე მომწონს მარადმწვანე ბუჩქები, რადგან ზამთარშიც ალამაზებენ ეზოს და ზაფხულშიც.
მცენარის მოვლა საკმაოდ შრომატევადი საქმეა, თუმცა ასვე ძალიან დიდი სიამოვნება. როცა დარგავ რაიმე მცენარეს, შენ იღებ უკვე პასუხისმგებლობას მასზე. თუ არ მოუვლი, არ მორწყავ, ქარის საწინააღმდეგო ჯებირს არ გაუკეთებ, არ შეწამლავ, არ გასხლავ, ის ვერ იქნება ისეთი ლამაზი, როგორიც უნდა იყოს. ვფიქრობ, რომ ბაღის გაშენებისას ისე უნდა იყოს შეწყმული ერთმანეთთან მცენარეები და მოსასვენებელი ადგილები, იქნება ეს შეზლონგი, ჰამაკი, მაგიდა თუ ა.შ., რომ ადამიანს ყველა კუთხეში ჰქონდეს სიმწვანე და სილამაზე. მწვანე ფერი თვალებს ამშვიდებს და დაღლილობას ხსნის.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ალბათ ის, რომ ყველაფერი ჩვენ გავაკეთეთ, ხელოსნების დახმარების გარეშე. ხის სამუშაოები ჩემმა ქმარმა ისწავლა. ძალიან სასიამოვნოა, როცა შენით ქმნი და თან ეკონომიასაც აკეთებ.
- რა მცენარეები გაქვთ ბაღში დარგული?
- ზოგადად მიყვარს ძალიან ერთმანეთის არამსგავსი მცენარეების დარგვა გვერდიგვერდ. პირობითად სხვადასხვა შეფერილობის ბუჩქების, სხვადასხვა ყვავილების, რადგან კონტრასტულობა უფრო კარგად უსვამს ხაზს მის კონტურებს. მთავარია გავითვალისწინოთ, რომ თითოეულ მათგანს თავისი სივრცე დავუტოვოთ. თუ ასე არ მოხდა, ისე შეიზრდებიან ერთმანეთში და აუცილებლად ერთი დაჯაბნის ბოლოს მეორეს, დაჩრდილავს და დაასუსტებს. ამ შეცდომას დამწყები მებაღეები ხშირად უშვებენ. მათ შორის მეც, სანამ პატარები იყვნენ მცენარეები, ყველაფერი ერთმანეთს მივურგე და რომ გაიზარდნენ, სივრცე აღარ ყოფნიდათ, გადარგვა მომიწია. მე უპირატესობას ვანიჭებ მარადმწვანე ბუჩქებს. განსაკუთრებით მომწონს ლავანდები. გარდა იმისა, რომ მარადმწვანეა, ძალიან ნაზი და ლამაზი იისფერი ყვავილი აქვს, მას ასევე მწერების საწინააღმდეგო ფუნქციაც აკისრია. კოღოები მის სუნს ვერ იტანენ და სადაც ლავანდები ბევრია, იქ კოღო ნაკლებია. მის ყვავილებს კრეფენ, ახმობენ და ოთახებშიც აწყობენ ხოლმე. ასევე მგონია, რომ ყველა ეზოში უნდა იყოს ერთი ნაძვი მაინც. ნაძვის და წიწვოვანის გარეშე მგონია, რომ ეზო ეზო არაა. ჩემს ბაღში მაქვს მრავალწლიანი ყვავილები და ერთწლიანებიც. უხვად არის ტიტები, ნარცისები, ზამბახები და სხვა ბოლქვის ყვავილები, რომელიც ყოველ წელს ამოდის თავისით და მათ რაიმე განსაკუთრებული მოვლა არ უნდათ. როცა მათი გადამრავლება გვინდა, უნდა ვიცოდეთ რომ წვრილ ბოლქვებად არ დავშალოთ, თორემ რამდენიმე წელი სანამ არ მოძლიერდება ბოლქვი, ყვავილებს არ მოგვცემს. ასევე ყოველ წელს მომაქვს და ვრგავ ერთწლიან ყვავილებს. ხანდახან ვიღებ თესლებს, შემდგომ გაზაფხულზე მე თვითონ გამომყავს ჩითილები და მერე გადავრგავ ხოლმე ეზოში. ერწლიანებიდან განსაკუთრებით პეტუნიები და პორტულაკები მომწონს, რადგან უხვად და ხანგრძლივად ყვავილობენ. ვარდებისთვის ცალკე კუთხე მაქვს დათმობილი, სადაც სხვადასხვა ფერის ვარდებია თავმოყრილი და ყვავილობის დროს ძალიან ფერადია იქაურობა.
- როგორ მოსწონთ ბავშვებს თქვენი ეზო - ალბათ ძირითადად მათ ინტერესებზეა ის მორგებული.
- რაც შეეხება ბავშვებს, როგორც უკვე გითხარით ბავშვებს სულ მუდმივად ვასწავლი, რომ მცენარეებს ისევე სჭირდებათ მოვლა, როგორც ადამიანს. მაგ. როგორც ადამიანს სწყურია, ისევე სწყურია მცენარეს და უნდა მორწყან. როგორც ადამიანს სტკივა თმების მოპუტვა, ისევე სტკივა მცენარეს ცოცხალ ტოტს რომ მოტეხავ და. ა.შ. ნელ-ნელა მათაც ისწავლეს ყვავილების მოფრთხილება. გარდა ამისა, ყველა შვილს აქვს თავისი საყვავილე, სადაც თვითონ რგავენ და უვლიან ყვავილებს. მათ აქვთ პასუხისმგებლობა ყველაფერზე. მეოთხე შვილი ჯერ პატარაა, მას რა თქმა უნდა ჯერ ვერ ვაგებინებთ ამ ყველაფერს და ის ერჩის ფერად-ფერად ყვავილებს - მიდის, პუტავს და თმებში იმაგრებს. ალბათ თმის სამაგრები ჰგონია, მაგრამ არა უშავს, გაიზრდება და ისიც ისწავლის. გარდა ამისა, ამ ყველაფრით ბუნების სიყვარულს სწავლობენ და სხვათა შორის არა მარტო მცენარეების სიყვარულს, სხვადასხვა ფობიებისგან თავისუფლდებიან. მაგალითად, ჩემს უფროს გოგოს ისტერიკულად ეშინოდა კალიების, ახლა კი მშვენივრად თანაცხოვრობენ კალიებთან, ხვლიკებთან, ხოჭოებთან და ა.შ.
- რას ურჩევთ მათ, ვისაც უნდა ლამაზი ბაღის მოწყობა, ეზოს გალამაზება და ფიქრობს, ეს ძალიან რთულია? რა უნდა იცოდნენ, რა გაითვალისწინონ?
- დამწყებ მებაღეებს ვურჩევდი რომ ყვავილების, ბუჩქებისა და ხეების დარვისას გაითვალისიწინონ, რამდენად ეგუება ესა თუ ის მცენარე იმ კლიმატს, სადაც რგავენ. ასევე თუ პატარა ეზო აქვთ, სივრცე ისე გადაანაწილონ, რომ კიდეებში გააკეთონ საყვავილეები, შუაში კი მოლი დატოვონ. ეს სივრცეს უფრო დიდსაც წარმოაჩენს და ბავშვები თუ ჰყავთ, მათთვისაც დარჩებათ მწვანე ხასხასა მინდორი სათამაშოდ.
- ერთია ბაღის, ეზოს ლამაზად მოწყობა და მეორეა მისი მოვლა-პატრონობა და ისევე ლამაზად შენარჩუნება, რაც ბევრს არ გამოსდის...
- კი გეთანხმებით, რომ ბაღის მარტო ლამაზად მოწყობა არ ნიშნავს, რომ ამით სრულდება ყველაფერი და ბაღი მუდმივად იქნება ლამაზი. მას მუდმივად სჭირდება ზრუნვა და მოვლა. სამუშაოები სხვადასხვა სეზონის მიხედვით სხვადასხვაა. ეს ასევე დამოკიდებული კლიმატზე და იმ გარებმოზე, სადაც ბაღი გვაქვს გაკეთებული. სხვადასხვა ადგილას მცენარეები სხვადასხვანაირად ხარობენ. პირველ რიგში ბაღის მოწყობამდე უნდა შისწავლონ ის გარემო პირობები როგორშიც ბაღის მოწყობას აპირებენ. რამდენად ქარიანი, რამდენად ცხელია ზაფხული, რამდენად ყინვიანია ზამთარი, ნესტიანი და ნოტიოა თუ არა მიწა. მაგალითისთვის დასავლეთ საქართველოს ზღვისპირეთში, რაც ხარობს იმას აღმოსავლეთში უჭირს. მე ეს ყველაფერი გზადაგზა ვისწავლე, თავდაპირველად ბრმად ვიყიდე ისეთი მცენარეები, რომლების ჩვენი ეზოს კლიმატს ვერ შეეგუვნენ. ამიტომ ვურჩევდი ყველას, რომ მოიძიონ ინფორმაცია მცენარის შესახებ ჯერ, თუნდაც გუგლში ნახოს ინფორმაცია, როგორი გარემო უყვარს და შემდეგ შეიძინონ და იზრუნონ მის გახარებაზე. პირადად მე, ძალიან მიყვარს წითელი ნეკერჩხლის ბუჩქი, რომელსაც არ უყვარს ქარიანი კლიმატი, მაშინვე ფოთლები ეჭმუჭნება და ყრის ფოთლებს, ამიტომ ორჯერ შევიძინე და ვერაფრით გავახარე.
- მრავალშვილიანი დედა ხართ. ალბათ არ არის ადვილი მათი აღზრდა, ეს დიდ დროსა და ნერვებს მოითხოვს. როგორ ახერხებთ? მით უმეტეს, რომ თან აქტიურად ხართ დაკავებული, მუშაობთ და ამ ყველაფერთან ერთად, ამ ეზოს ასე მოწყობაც მოახერხეთ. გეხმარებათ ვინმე?
- კი, გეთანხმებით, რომ ეს ყველაფერი ძალიან დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, თუმცა როგორც მოგახსენეთ, ვცდილობ დრო სწორად გადავანაწილო. ასევე ძალიან გამიმართლა, რადგან მყავს დედამთილი, რომელიც ცხოვრობს ჩვენთან ერთად და ის ძალიან მეხმარება ბავშების გაზრდაში. რომ არა ის, ალბათ ასე მარტივად ვერ შევძლებდი, რომ თან წარმატებული კარიერა მქონოდა და თან 4 შვილისთვის მიმეხედა. ვცდილობ, რომ ის დრო, რომელიც სამსახურის გამო ბავშვებთან არ ვარ, ავანაზღაურო იმით, რომ შაბათ-კვირას და საღამოს რაც კი თავისუფალი დრო მაქვს, მათ მივუძღვნა და მათთან ერთად გავატარო. ის დეფიციტი, რაც აქვთ ჩემთან მიმართებაში, შევუვსო. ასევე საოჯახო საქმეების კეთებისას, საყიდლებზე სიარულისას სულ ჩემთან არიან. მაგალითისთვის დაუთოების დროს ყოველთვის გვერდით მყვანან და თან ვასუბრობთ. ასევეა ყვავილების მოვლის დროსაც. როცა რაიმეს ვრგავ, ან ვრწყავ, მომიცუცქდებიან გვერდით და ვსაუბრობთ, რადგან არც ერთი საქმე არ არის დაკავშირებული გონების დატვირთვასთან. ასე რომ, შეგვიძლია ასეთ საქმინობას შევუთავსოთ ბავშვებთან ურთიერთობაც. თან ერთად ვართ და თან საქმეს ვაკეთებთ.
- რას ურჩევთ მათ, ვისაც აშინებთ მრავალშვილიანობა და ფიქრობენ, რომ ბევრ ბავშვს ვერ აღზრდიან? როგორ ხდება დროისა და ენერგიის განაწილება, ყურადღების განაწილება ყველაზე თანაბრად? რა არის ამ დროს ყველაზე რთული?
- ამ დროს მთავარია, რომ დრო დავუთმოთ შვილებს ყოველდღიურად, აუცილებლად. ეს დროის დათმობა არ გულისხომობს იმას, რომ თქვენ ტელეფონში იყოთ და ინფორმაციებს კითხულობდეთ და ბავშვი კალთაში გვეჯდეს უბრალოდ. ის დრო, რომელიც ბავშვისაა, აუცილებლად მთელი გულისყურით უნდა უსმინოთ და მასთან ერთად უნდა იყოთ მთლიანად. მხოლოდ ისეთი რამის გაკეთება შეგიძლიათ შეუთავსოთ, რაც ფიქრებში სხვაგან არ წაგიყვანთ და მექანიკურად შეგიძლია აკეთო.
კომენტარები