ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბებულხართ, რომელი მცენარეები გააშენოთ აგარაკზე? გინდათ, ნაკვეთი ორიგინალურად გააფორმოთ? შევეცდებით, დაგეხმაროთ.
სურნელოვანი ბალახი ბაღის გაფორმების ყველზე ბიუჯეტური და ამავდროულად, ეფექტური საშუალებაა. ეს მცენარეები მოსავალს ძალიან მოკლე დროში იძლევა და ვიზუალური ეფექტიც თვალშისაცემი აქვს, აღარაფერს ვამბობთ სურნელებაზე.
ჩვენ შეგირჩიეთ 10 სახეობის ბალახი, რომელიც თქვენს აგარაკს ნამდვილად მოერგება და დაამშვენებს.
1. პიტნა
პიტნის ბევრი, 20-მდე სახეობა არსებობს, ნებისმიერი მათგანი გაალამაზებს და აასურნელებს თქვენს აგარაკს. გარდა ესთეტიური ფაქტორისა და სასიამოვნო სურნელისა, პიტნა ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვის, ის აჯანსაღებს და აფხიზლებს ორგანიზმს.
2. ხახვი
ბუნებაში ხახვის 800-მდე სახეობა არსებობს. ეს მცენარე ძალიან ადვილი მოსავლელია. არსებობს სხვადასხვა შეფერილობის. თეთრი, ვარდისფერი, იასამნისფერი, იისფერი და ა.შ.
გამომდინარე იქიდან, რომ ხახვს აქვს საკმაოდ მძაფრი და სპეციფიური სურნელი, ეცადეთ არ დათესოთ ის ფანჩატურთან ან დასასვენებელ ზონასთან ახლოს. დათესეთ ბაღის კომპოზიციის შუაგულში და არ დაგავიწდეთ მასთან მისასვლელად კომფორტული ბილიკის გაკეთება, ხახვი ხომ ზაფხულის სალათების ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია.
3. სალათი
როდესაც საუბარია საზაფხულო კერძებზე, სალათის ფურცლების გარეშე ნამდვილად ვერ გავალთ ფონს. ეს მცენარე ძალიან ადვილი მოსავლელია და ზოგი სახეობა დათესვიდან ორ-სამ თვეში იძლევა პირველ მოსავალს.
სალათას უყვარს წყალი და ამიტომ ეცადეთ, ყოველდღიურად მორწყათ. უმჯობესია, ის ბაღის კომპოზიციის კიდეში განათავსოთ, რათა ფოთლებმა სხვა მცენარეებს არ მოუჩრდილოს.
4. რეჰანი
ეს ლამაზი მცენარე გამოირჩევა თავისი ლამაზი შეფერილობით და სასიამოვნო არომატით. ის ნამდვილად დაამშვენებს ნებისმიერ ბაღს, მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ რეჰანს ძალიან უყვარს სინათლე და სითბო და ეცადეთ ისეთი მცენარის გვერდით არ მიუჩინოთ ადგილი, რომ ჩრდილში მოექცეს.
რეჰანი ძალიან ფართოდ გამოიყენება ასთმის და სასუნთქი გზების სხვა დაავადებების, ასევე ნერვული აშლილობის დროს. ჩვენ ვთვლით, რომ ეს მცენარე აუცილებლად უნდა ფიგურირებდეს ნებისმიერ აგარაკზე.
5. კამა
ამ გემრიელ მწვანილს თითქმის ყველა სალათს უმატებენ. კამას არომატული სურნელი და პიკანტური გემო აქვს. ადამიანებს კი უამრავი ვიტამინით ამარაგებს.
კამა მაღალი მცენარეა, ის 40სმ-დან 150 სმ-მდეც კი იზრდება. მრგვალი ფორმის გამო მის ყვავილს ქოლგასაც კი უწოდებენ. ლამაზი ყვითელი ყვავილი კი მზეს წააგავს და ადამიანს ყოველთვის კარგ განწყობას შეუქმნის.
6. ოხრახუში
ეს ლამაზი მწვანილიც საპატიო ადგილს იკავებს საზაფხულო მცენარეების ჩამონათვალში. ასკორბინის მჟავის შემადგენლობის მხრივ ის აბსოლუტური რეკორდსმენია. ასევე ნებისმიერი ბაღის არაჩვულებრივი დეკორატიული საშუალებაა.
7. როზმარინი
ის ხმელთაშუაზღვის სანაპიროს ერთგული ბინადარია. ხორციან კერძებს უჩვეულო, პიკანტურ გემოს სძენს და დიდი პოპულარობით სარგებლობს კულინარიაში.
ხმელთაშუა ზღის სანაპიროზე ეს მცენარე ზამთარ-ზაფხულ მწვანეა, ჩვენთან კი ზამთარში სახლში უნდა შევიტანოთ.
ასეთ ბუჩქს თქვენს ბაღში მთავარი ადგილი უნდა დაუთმოთ და უნდა დატკბეთ მისი სილამაზითა და არომატით.
8. კიტრის ბალახი
ამ ბალახს შეუძლია ჩაანაცვლოს სალათში კიტრი, ბარში კი კარტოფილი კოლორადოს ხოჭოსგან დაიცვას. ის შეიცავს ბევრ მინერალს, ორგანულ მჟავებს და ეთერზეთებსაც კი. მისი ყვავილისგან ძალიან კარგი თაფლი მზადდება. ნამდვილად მოგებული დარჩებით ამ მცენარეს თუ გამოუძებნით ადგილს თქვენს ბაღში.
9. მდოგვი
თუ მოინდომებთ და კარგად მოემზადებით, შეძლებთ საკუთარი ბაღის ნამდვილ აფთიაქად და ვიტამინების წყაროდ ქცევას. აი, მაგალითად მდოგვი, მისი ულამეზესი ყვითელი ყვავილები აუცილებლად აგიმაღლებთ განწყობას, მისი თესლით კი მშვენიერი შინაური მდოგვის დამზადებაა შესაძლებელი. ეს მცენარე ძალიან კარგად უძლებს სიცხეს.
10. კრაზანა
ეს კაშკაშა, ლამაზი ყვავილია, ასევე ძალიან სასარგებლო. ის თავისუფლად შეიძლება იქცეს თქვენი ლანდშაფტური დიზაინის ცენტრალურ ნაწილად. მას აქვს ძალიან სასიამოვნო, თუმცა ცოტა მკვეთრი სურნელი.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ლამაზი მცენარე ახარებს თვალს, გახსოვდეთ, რომ ბაღში ის შესაძლოა თქვენი შინაური ცხოველების მოწამვლის საბაბი გახდეს. ამიტომ ეცადეთ მათთვის მიუდგომელ ადგილებში განათავსოთ.
ადამიანისთვის კი კრაზანა საშიში არ არის. ის ძალიან კარგია პირის ღრუს სამკურნალოდ. კარგად შველის ხველას.