"ჩემი აქ დამკვიდრებით ბევრი ადამიანი დამშვიდდება და დაწყნარდება, პირველ რიგში კი მე..." - სტუმრად მამა პეტრეს ახალ სახლში

არც ისე დიდი ხნის წინ, მამა პეტრე კვარაცხელიამ (კოლხმა) რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო და და თბილისიდან კასპში, ერთაწმინდაში გადავიდა საცხოვრებლად. ამბობს, რომ ეს არის მისი ფერიცვალების და თავიდან დაბადების ადგილი. რა შეიცვალა სასულიერო პირის ცხოვრებაში, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, როგორ ცხოვრობს დღეს და როგორ შექმნა მყუდრო, ფერადი გარემო, ამის შესახებ მამა პეტრე თავად მოგვიყვება.

- სახლი უნდა ჰგავდეს იმ ადამიანს, ვინც ამ სახლში ცხოვრობს. სახლი არის ის ადგილი, სადაც თავი უნდა დავიცვათ დაღლილობისა და სტრესისგან. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ თუ სახლი
შენ არ გგავს, თავს კომფორტულად ვერ იგრძნობ. შესაძლოა სახლში არ გაწვიმდეს, რა გათოვდეს, არ გციოდეს, მაგრამ ისე არ გრძნობდე თავს, როგორც შინ. როცა შენს სახლში კომფორტს ვერ პოულობ, კმაყოფილებას ვერ განიცდი, ხარ დასტრესილი და დაღლილი. ეს ეხება ძვირად ღირებულ სახლებსაც, ვილებსაც. არ არის აუცილებელი, უამრავი ფული დახარჯო ინტერიერის მოწყობაში, რომ სახლში კომფორტულად იგრძნო თავი. კომფორტის შექმნა დაბალი ბიუჯეტითაც არის შესაძლებელი. სახლი არის იმპერია, ციხე-სიმაგრე, სადაც ყველაზე დაცულად გრძნობ თავს და კარს როცა მიიხურავ, არ გაინტერესებს, იმის იქით რა ხდება. ყველა დეტალი, ყველა ნიუანსი, გნებავთ აქსესუარი, რასაც სახლში იყენებ, შენ უნდა გგავდეს, შენი უნდა იყოს. ამ შემთხვევაში ყველა პრობლემას უმკლავდები. დაღლილ-დაქანცული, საზოგადოებისგან გარიყული, შეურაცხყოფილი, იმედგაცრუებული, დამცირებული, ცილისწამებისა და ბულინგის მსხვერპლი გულში ფიქრობ, რა არის ის, რის გამოც ამ ყველაფერის დათმენა ღირს? სულის ყველაზე ღრმა კუნჭულში რომ ჩაიხედავ მიხვდები, ეს შენი სახლია, თბილი კერა, მყუდრო გარემო. ძალიან დატვირთულ რეჟიმს ვარ მიჩვეული, თუმცა უკვე იმდენად მომბეზრდა და მთრგუნავს ეს რეჟიმი, რომ ფსიქოლოგიურად ვემზადები, როცა თბილისში მიწევს წასვლა. ვცდილობ ძალა მოვიკრიბო და ყველა გამოწვევას ღირსეულად გავართვა თავი. ძალას კი მხოლოდ აქ ვიკრებ.

- გგავთ ეს სახლი? არის ეს ის ადგილი, სადაც ყველაზე მშვიდად გრძნობთ თავს?
- ვთვლი, რომ ეს სახლი მე მგავს. აქ ყველა დეტალს თავისი ისტორია, დატვირთვა და ფუნქცია აქვს. უბრალოდ ეს უნდა იგრძნოს ადამიანმა, როცა აქ შემოდის. მინდა, რომ ბევრმა ადამიანმა აქედან მაგალითი აიღოს. ბედნიერებისთვის არ არის საჭირო ძვირად ღირებული სახლები, აგარაკები და ნივთები. მთავარია დაიჭირო მომენტი შენს თავში, რა არის ის, რაც გჭირდება ამ კონკრეტულ მომენტში. მე ახლა ვხვდები, რომ ამ მომენტში ყველაზე მეტად ეს მჭირდებოდა. ეს არის ჩემი შესამოსელი. ამ ყველაფრის გარეშე მგონია, რომ შიშველი და დაუცველი ვარ.

- დიდი ხანი ფიქრობდით, რომ აქ გადმოსულიყავით საცხოვრებლად?
- ამდენი ადამიანის შექება ან ლანძღვა ცხადია მოქმედებს შენზე და როცა აცნობიერებ ამას, რაღაცები გბეზრდება. გინდა სადმე განმარტოვდე, თავი შეაფარო. დიდხანს ვფიქრობდი, ეს გადაწყვეტილება ერთ დღეში არ მიმიღია. თუმცა ვფიქრობდი - სად?
ამ დროს, სრულიად მოულოდნელად და დაუგეგმავად ღმერთი ადამიანებს გიგზავნის. ასეთი ადამიანები გამოჩნდნენ ჩემს ცხოვრებაშიც. ერთხელ მრევლთან ერთად ვიყავი მოლოცვაზე რკონის ხეობაში. როდესაც ვბრუნდებოდით მოლოცვიდან, ჩემმა სულიერმა შვილმა დავითმა, რომელიც წარმოშობით ერთაწმინდიდანაა, მითხრა, რომ დაგვეთვალიერებინა მისი მიწის ნაკვეთი. მომიყვანა აქ. როცა ეს ადგილი დავინახე, ენერგეტიკულად ვიგრძენი, რომ მე ჩემი დაბადების ადგილას ვიდექი. მთელი საქართველო მოვლილი მაქვს, მაგრამ მსგავსი რამე არსად მიგრძნია. დავითმა დამითმო ეს მიწის ნაკვეთი და მართლაც, როგორც ოთარ ჭილაძე იტყოდა, „ამ პაწაწინა მიწის ნაგლეჯზე შემაძრწუნებლად ვარ ბედნიერი“.

შემდეგ მოხდა ისე, რომ ჩემი მეგობარი პაპუნა, ოჯახთან ერთად ძალიან დამიდგა გვერდში. მისმა ბიძამ სისრულეში მოიყვანა ყველაფერი. სახლის მშენებლობა და რემონტი ოთხ თვეში დასრულდა. სულ ერთი თვეა, რაც აქ გადმოვედი საცხოვრებლად. ვთვლი, რომ ღვთის ნების და ჩარევის გარეშე არაფერი არ ხდება ამ სამყაროში.
საოცარი ადგილია, თავზე დამყურებს ერთაწმინდის საოცარი ტაძარი. პირდაპირ ჩანს კლდეში ნაკვეთი მე-6-მე-7 საუკუნის ბერების სადგომი, ცოტა ზემოთ თრიალეთის ქედი იშლება, ხელის გულის გაწვდენაზე მყინვარწვერი მოსჩანს. აქედან დაინახავთ კავკასიონის ქედს.
მინდა, კულტურულ-საგანმანათლებლო კერად იქცეს ეს ადგილი, მოვიდეს უამრავი ადამიანი. მინდა, ეს სახლი იყოს კლდე სარწმუნოებისა, სიყვარულისა და მეგობრობისა. მინდა, რომ ადგილობრივ ეპარქიასთან და ხელისუფლებასთან შეთანხმებით აღვადგინო დღესასწაული „ნოსტეობა“ და გიორგი სააკაძის რეზიდენციაში, სადაც ის ცხოვრობდა ოჯახთან ერთად, გაიმართოს ხოლმე ლექციები და შემოქმედებითი საღამოები. მსურს ძალიან აქტიური გახდეს ქართლის ეს ნაწილი, რომელიც არის გამორჩეული და ძალიან ლამაზი.

- ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას?
- მიუხედავად იმისა, რომ ყოველ კვირას აქ არიან, რა თქმა უნდა, ძალიან პრობლემურად და დაძაბულად. ოჯახს თავისი პრეტენზიები ჰქონდა და ლეგიტიმურიც იყო ეს პრეტენზიები, მაგრამ ამ ეტაპზე მე ეს მჭირდებოდა. მინდა, რომ ჩემს შვილებს გამოვადგე და ფეხზე მყარად ვიდგე. ამ სიმტკიცისთვის კი განმარტოება მჭირდებოდა. ამასთან, ვფიქრობ, რომ ჩემი აქ დამკვიდრებით ბევრი ადამიანი დამშვიდდება და დაწყნარდება, პირველ რიგში კი მე, რადგან ეს არის ჩემი ფერისცვალების ადგილი.

ბუნებით ძალიან მარტოსული ვარ, ამიტომ იმდენად მომენატრა მარტოობა, მივიღე ეს გადაწყვეტილება. კითხვა, წერა, ლოცვა - ეს არის ის ძირითადი საქმე, რასაც აქ ვაკეთებ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე შვილებს ყურადღებას არ ვაქცევ. პირიქით, უფრო მეტად მოტივირებული და უფრო მეტად ენერგიული ვარ. ანდრიას და სოფიას ძალიან უყვართ აქაურობა, ძალიან კარგად გრძნობენ აქ თავს. ერთხელ სოფიამ პროტესტი გამოთქვა, არ უნდოდა თილისში წასვლა და საწოლის ქვეშ დაიმალა. იმდენად კარგი გარემოა აქ, რომ ადამიანს ხასიათი და შეხედულებებიც კი ეცვლება სამყაროზე. დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენთაგანი იგრძნობს ამას. მინდა, რომ სამომავლოდ ბევრი ადამიანი ჩამოვიდეს ამ სახლში.

- სახლი თქვენი გემოვნებით მოაწყეთ?
- აქ რასაც ხედავთ, ყველაფერი ჩემი გემოვნებით და იდეით არის შექმნილი. სხვა შემთხვევაში ჩემი აღარ ერქმეოდა და მე არ მემგვანებოდა. ყველაზე ძალიან მინდოდა ტერასა ჰქონოდა სახლს. როცა აქ ცხოვრობ და ტერასა არ გაქვს, სულ ვხუმრობ, რომ ეს არის „კრიმინალური დანაშაული“. საოცარი ხედებია და ამას ყოველ წუთს და წამს უნდა უყურებდე. ძალიან მიყვარს ველური ბუნება.

ჩემმა მეგობარმა დევიმ დაბადების დღეზე მომართვა ჩემთვის სანუკვარი საჩუქარი, ტელესკოპი. პირველად ერთად გავხედეთ მთვარეს. ის ძალიან ახლოს მოვიდა და საოცარი სანახავი იყო. მე ძალიან გვინობამდე ვარ ხოლმე, ხან წიგნს ვკითხულობ, ხან ვწერ და როცა მთვარე ანათებს, ისეთი გარემო იქმნება, თითქოს შესაქმის დღეები დგას, ანუ ძველი აღთქმის პირველი დღეები, როცა პირველად უწოდა ღმერთმა დღეს დღე და ღამეს ღამე. თითქოს ამ საოცარი დღეების თანამონაწილე ხდები. თუ ამ ყველაფერს შეიგრძნობ, აღარ გაინტერესებს გუშინ ვისგან რა გეწყინა, რა გეტკინა, ყველას უგზავნი სიყვარულს და დადებით მუხტს.

- მრავალფეროვანი დეკორაციებით არის სახლი დატვირთული. თვლით, რომ დეკორაცია განსაკუთრებულ ხიბლს სძენს სახლს?
- დიახ, ძალიან ბევრი დეკორაცია მაქვს ინტერიერში და შესაძლოა ეს ზოგს ღლიდეს. მისაღები ოთახის კედელს ამშვენებს ამერიკიდან ჩამოტანილი რკინის საათი, რომელზეც დრო გავაჩერე, რადგან ბედნიერ ადამიანებს დრო არ სჭირდებათ. გარდა ამისა, მაქვს ძალიან ძვირფასი, უძველესი, მე-19 საუკუნის მაგიდა, რომელიც ჩემმა მეგობარმა ნანა გაგუამ მაჩუქა. აქ ნახავთ მე-17-მე-18 საუკუნის ნივთებს, სურებს, ჩაიდანს, მცირე ზომის საყვავილე ლარნაკებს, რომელიც ჰგავს დერვიშ მოცეკვავეებს. აღმოსავლეთში დერვიშები არიან სასულიერო პირები, რომლებიც ღმერთთან კავშირს ამყარებენ ცეკვის მეშვეობით. საძინელებშიც მაქვს ნახატი დერვიშის გამოსახულებით, რომელიც ასევე ჩემმა მეგობარმა, უნიჭიერესმა ონისე ჩიკვაიძემ შეასრულა ჩემი ინტერპრეტაციით.

ბუხარი, რომელიც ძალიან ამშვენებს ინტერიერს, გაკეთებულია ფიქალის ქვისგან. ეს ქვა ჩემმა მეგობარმა გელა არაბულმა ჩამოიტანა თავისი სახლიდან, ჯუთადან. გიორგი გიგაურმა მოაპირკეთა ბუხარი, სადაც ჩემი ლექსია ამოტვიფრული. ბუხარი გაფორმებულია მთის ბროლით და ამეთვისტოთი, რომელიც ასევე ჩემმა მეგობრებმა მაჩუქეს. ეს ქვები ძალიან კარგ და დადებით აურას ასხივებს სახლში.

- უცნაური და მრავალფეროვანი განათება გაქვთ. თქვენი იდეაა?
- მინდოდა ერთ ოთახში მოქცეულიყო მთელი სამყარო, როგორც აღმოსავლური, ისე დასავლური, ანტიკური, კლასიკური, მოდერნისტული და პოსტმოდერნისტული. ვინაიდან ფართობი ამის საშუალებას არ იძლეოდა, მინდოდა ისეთი რამე გამეკეთებინა, რაც ყველა სტანდარტზე იქნებოდა მორგებული. დავაყენე პროჟექტორი, როგორც სასცენო დეტალი და აქსესუარი, რომელიც ულამაზეს გარემოს ქმნის ოთახში. ჩემი იდეით ერთ-ერთ კომპანიას დავამზადებინე თორმეტფეხა ჭაღი, რომელიც ძალიან ორიგინალურია და უფრო თანამედროვე სტანდარტებზეა მორგებული. დანარჩენი ჭაღი არის სუფისტური, აღმოსავლური და ასოცირდება სიღრმესთან, მისტიკასთან. როდესაც მოსაღამოვდება და გინდა, რომ განსხვავებული, მყუდრო გარემო შექმნა, რუმის ეპოქაში გადახვიდე, სწორედ ეს ფერადი სანათები უნდა აანთო. ასეთი გარემოს შექმნას ხელს უწყობს საკმევლის სურნელი, რომელიც სულ ანთებული მაქვს.

- აგურს რატომ მიანიჭეთ უპირატესობა და არა ვთქვათ, შპალერს, ან საღებავს?
- არ მინდოდა, რომ სახლური გარემო ყოფილიყო. მომავალში ეს სახლი იქნება ყველასთვის, სადაც უმარავი ნიჭიერი ადამიანი მოიყრის თავს, გამართავენ ლიტერატურულ საღამოებს, საუბრებს, შეხვედრებს, ან უბრალოდ დაისვენებენ. ამ სახლთან დაკავშირებით წინ კიდევ ბევრი გეგმა მაქვს და იმედია, უფლის წყალობით ყველაფერი განხორციელდება.




მერი ბლიაძე

კომენტარები

მაკო 2021-05-14 22:40
მესმის რომ განმარტოება უნდა და დამშვიდება
ეს ყველაა უნდა.პირველ როგში დედას,რომელსაც ყავს ამდენი შვილი.რამდენი ყურადღებაც არ უნდა მიაქციოს ყოველდღიურობას მაინც მოწყვეტილია. მე არ მესმის და რა ვქნა. ასეთ კომფორტში კიდევ ვის არ მოუნდება აქ ცზოვრება. ჯერ მარტო აივანინაქვს იაე მოწყობილო. სულ კაი და ფულიანი მეგობრები ყოლია???????????????? ღმერთმა გაუმარჯოს.თუმცა ოჯახი მაინც მიტოვებული ყავა.
კნიაზი კოლია 2021-04-11 22:08
ნეტავი ყველა დაუბრუნდებოდეს სოფელს, ქვეყანაც ცოტა გაიმართება წელში და ეკონომიკაც. თუ ის ჯობს მიტოვებულ სოფლებს რო ურჯულოები ყიდულობენ, არაბებს და ირანელებს ვაძლევთ საშუალებას ჩვენი მიწები იყიდონ და ქართველი ამუშაონ შავ მუშად და თავის მიწაზე თავისივე ხელით მოყვანილი დოვლათი მიყიდონ 10 მაგ ფასად...
აფსუს შევარდნაძეს რა ვუთხარი. ))))
Vartolu saadettin???? 2021-04-11 22:03
ვაახ. ვკითხულობ და რამდენი რამე წერია, იმის ნაცვლად რო რა ლამაზია,რა კარგია რო ერთ ერთ ისტორიულ მაგრამ ღარიბ სოფელს კიდევ ერთი ოჯახი შეემატა... არ აქვს მნიშვნელობა, მამაოა თუ ინჟინერი,ადამიანი გადავიდა სოფლად.რაც მეტი იცხოვრებს სოფელში,მით უფრო მოძლიერდება სოფელი, საიდანაც ასე გამალებით გამორბიხართ ქართველებო. თბილისში ერთოთახიანი ბინის ფასად შეიძლება ასეთი სახლის აშენება სოფლად... რა მილიონი რის მილიონი ))))
ზუსტად იგივეს ვაკეთებ მეც, გავყიდე თბილისი და გავდივარ სოფლად. გიტოვებთ ამ მოშხამულ და ბეტონის ჯუნგლებიან ქალაქს. მშვიდობაში მოიხმარეთ.....????
პ.ს. 2021-03-17 03:07
ამისთვის თურმე ეს დაბალბიუჯეტიანი სახლი ყოფილა! არადა 10 ცხოვრება რომ იცხოვრო ასეთ სახლს ვერ ააგებ საქარტველოს ხელფასით! დაგვცინის აშკარად და გვამასახარავებს. მღვდელობა ისე რა კარგია, უცნად აყვავდები!
ანუშკა 2021-03-17 03:06
ქვეყანას სადაც მამაოებს ამდენი ფული აქვთ რომ ასეთი სახლები ააგონ გასაგებია რომ 80% შიმშილის ზღვარზეა, სულ ესენი ეზიდებიან სახლში მთავრობაზე აღარას ვამბობ

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები